მთავარი » სხვადასხვა

ინოვაცია – მბრუნავი სარკმელები ეკლესიებისთვის

სტატიის ავტორი: | თარიღი: 16.07.2009 ერთი კომენტარი | 3,771 ნახვა

ვინტილაციის პრობლემის გადაწყვეტა ფრესკებს გადაარჩენს

მალე ტაძრებში აეროვინტილაციის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება. ქართველმა ყოფილმა სამხედრო ინჟინრებმა მბრუნავი სარკმელები შექმნეს, თუმცა ახლა პრობლემა ის არის, რომ ეკლესიებს მისი დამონტაჟებისთვის საჭირო ფინანსები არ გააჩნიათ.

ეკლესიების კონდიცირების პრობლემა

ინოვაცია - მბრუნავი სარკმელები ეკლესიებისთვისქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებში აეროვინტილაციის საკითხი მართლაც სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. დღეს ყველა ტაძარს საკმაოდ დიდი მრევლი ჰყავს და წირვა-ლოცვას ბევრი ადამიანი ესწრება. იმის გამო, რომ ეკლესიაში კონდიცირება ვერ ხერხდება, ხშირია, ადამიანების ცუდად გახდომის შემთხვევები, განსაკუთრებით კი საეკლესიო დღესასწაულებზე. მიზეზი კი ტაძარში არსებული უჟანგბადობაა.

მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ტაძრების სარკმელების გაღება თითქმის შეუძლებელია. განსაკუთრებით კი ჯვარგუმბათოვან ეკლესიებში, სადაც სარკმელები იმდენად მაღალაა, რომ მისი გაღება ყოვლად წარმოუდგენელია. ბაზილიკურ ეკლესიებში ეს საკითხი შედარებით მარტივად არის გადაწყვეტილი, რადგან სარკმელები უფრო დაბლაა და მისი გაღება ჭოკების საშუალებით ხდება.

გარდა იმისა, რომ ეს ჭვარტლი ცუდად მოქმედებს მლოცველებზე, პირველ რიგში, ის აზიანებს ფრესკებს, ხატებს, გუმბათს, იმჭვარტლება მინები. ეს კი საკმაოდ სერიოზული პრობლემაა.

საკონსტრუქტორო ტექნოლოგიურმა ჯგუფმა “ინფრა პლიუსმა” და ინდ. მეწარმე ოქრომჭედლიშვილმა ტაძრებში აეროვინტილაციის საკითხის გადაწყვეტისთვის მბრუნავი სარკმელები გამოიგონეს.

“იმის გამო, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიებში აეროვინტილაციის საკითხი ცუდად არის გადაწყვეტილი, ჩვენ მოვიფქრეთ, რომ მოძრავი სარკმელები გაგვეკეთებინა. ეს სარკმელები დისტანციურად იმართება და ყველა მიმართულებით თავისუფლად ტრიალებს. ეს არის იმისთვის, რომ იოლად გაიღოს სარკმელები. ეს დიდი არაფერი ტექნოლოგია არ არის, უბრალოდ ახალი იდეაა”, – აღნიშნავს “ინფრა პლიუსის” წარმომადგენელი, სამხედრო ინჟინერი მალხაზ ჩემია და დასძენს, რომ “აეროვინტილაციის საკითხი თვით სამების საკათედრო ტაძარშიც კი არ არის იდეალურად მოგვარებული. არადა, ტაძარი თანამედროვე ტექნოლოგიებით არის აშენებული. აქ კონდიცირებისთვის ცალკე სისტემებია გაკეთებული, სავინტილაციო ხვრელებია დატანებული, როცა შეიძლებოდა ეს პრობლემა მარტივად გადაწყვეტილიყო და მოძრავი სარკმელები გაკეთებულიყო”.

გარდა იმისა, რომ ასეთი სარკმელების წყალობით მლოცველები ჯანსაღ გარემოში არიან, თვით პაპანაქება სიცხეშიც კი ეკლესია კარგად ნიავდება, აგრესიული გარემო რაც არის, იგივე ჭვარტლისა და ამონასუნთქი ოხშივარის სახით, გაღებული სარკმელებიდან იოლად გადის გარეთ. ჭვარტლისგან კი ფრესკები აღარ ზიანდება.
თავად ამ სარკმელებს კი ინდ. მეწარმე თამაზ ოქრომჭედლიშვილი ამზადებს.

“სანთელის ჭვარტლისა და ადამიანების ამონასუნთქის გამო ეკლესიაში ჰაერი იხუთება. ერთადერთი ბუნებრივი ვინტალაცია მხოლოდ სარკმლის გაღებაა. ხოლო იმის გამო, რომ სარკმელი მაღლაა, მისი გაღება თითქმის შეუძლებელია. გუბმათზე უნდა ადიოდეს ადამიანი, რომ სარკმელი შეხსნას. ჩვენს მიერ დამზადებული სარკმელები დისტანციურად იმართება. ელექტროენერგიის დანახარჯიც ძალიან მცირეა. თავად სარკმელები მდგრადია იგივე სტიქიის მიმართ, იქნება ეს გრიგალი თუ სხვა”, – აღნიშნავს თამაზ ოქრომჭედლიშვილი.

ჯერჯერობით ტაძრებს არა აქვს იმის საშუალება, რომ ასეთი სარკმელები საკუთარი თანხებით დაამონტაჟონ. როგორც ამ გამოგონების ავტორები აცხადებენ, ამ სარკმელების დამზადება და მონტაჟი არც თუ იაფი სიამოვნებაა. ფასი შესაძლოა იმის მიხედვით შეიცვალოს, რამდენი სარკმელიც აქვს თავად ეკლესიას.
მალხაზ ჩემია: “ცხადია, ასეთი სარკმელები ყველა ეკლესიას სჭირდება. დაინტერესება კი არის, მაგრამ ჯერჯერობით დაკვეთები არ გვაქვს, რადგან ეკლესიებს ამ სარკმელების დამზადება-დამონტაჟებისთვის საჭირო თანხების გაღება დამოუკიდებლად არ შეუძლიათ. აქ საჭიროა ქველმოქმედება, ან სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. მით უფრო, რომ ეკლესიებში ძველი ფერწერებია შენარჩუნებული. ჭვარტლი კი მათ აზიანებს. სანთლის ჭვარტლი დამანგრეველია ეკლესიების ფრესკებისთვის, შენობისთვის, ესტეტიურ მხარეზე ხომ საუბარი აღარ არის. ამიტომ კარგი იქნება ქველმოქმედები გამოჩნდნენ და ამ სარკმელების მონტაჟი დააფინანსონ”.

“რეალური კაპიტალი” ამ თემაზე სასაუბროდ დაუკავშირდა გლდანის ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მოძღვარს, მამა დავით დათუაშვილს, რომელიც ახლა გლდანში მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის მშენებლობას ხელმძღვანელობას.

მამა დავით დათუაშვილი: “ეკლესიისთვის ვინტილაცია აუცილებელია. ბაზილიკაში სარკმელების გაღება კიდევ შესაძლებელია, მაგრამ ჯვარგუმბათოვან ტაძარში ეს თითქმის ვერ ხერხდება. ეკლესიას ასეთი მბრუნავი სარკმელების დამონტაჟების საშუალება არა აქვს, თორემ დიდი სიამოვნებით გავაკეთებდით. ახალი ტაძარი მრევლის მცირე შემოწირულობებით შენდება, მსხვილი სპონსორები არ გვყავს, კარგი იქნებოდა, რომ ვინმე ეკლესიის მშენებლობაში დაგვეხმაროს თუნდაც სამშენებლო მასალით, იგივე ასეთი სარკმელების გაკეთებით. ჩვენ ტაძარს ახლა ჩვეულებრივად გასაღებ სარკმელებს ვუკეთებთ, გრძელი ჭოკები გვექნება და იმით გავხსნით ხოლმე, მაგრამ თუ დისტანციური მართვით იქნება, ამას რა აჯობებს, ბევრად გაგვიადვილდება საქმეს”.

* * *

მბრუნავი სარკმელები ლურჯ მონასტერზე

მბრუნავი სარკმელები საქართველოში ჯერჯერობით მხოლოდ ერთადერთ ტაძარზეა დამონტაჟებული. პირველად ლურჯ მონასტერში გაკეთდა და თითქმის ქველმოქმედების ხასიათს ატარებდა, რადგან მხოლოდ ამ სარკმელების დამზადებისათვის საჭირო მასალის ხარჯი იქნა გაღებული.

“ლურჯი მონასტრის მრევლი ამ სარკმელებით ძალიან კმაყოფილია. ამბობენ, რომ მათ ტაძარში უკვე თავისუფლად სუნთქვა შეიძლება. სიცხეშიც კი ტაძარში გრილა და ამას სწორედ მბრუნავი სარკმელები უზრუნველყოფენ”, – აღნიშნავს მალხაზ ჩემია.

ლურჯი მონასტერიწმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ლურჯი მონასტერი ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლია თბილისში. ძეგლმა სახელწოდება ლურჯად მოჭიქული გადახურვის გამო მიიღო, თუმცა დღესდღეობით ჭიქურის ნაცვლად სახურავი ლურჯადაა შეღებილი.

გადმოცემის მიხედვით ამ ადგილას VII საუკუნეში წმინდა იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტერი დაარსდა. ლურჯი მონასტერი კი XII საუკუნის მიწურულში უფრო ადრინდელი ეკლესიის ადგილას აშენდა. ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ეკლესიის ცალკეული ნაწილები.

ლურჯი მონასტერი თავდაპირველად გუმბათოვანი ეკლესია იყო, უახლოვდებოდა XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართლის სხვა ტაძრებს, როგორიც არის ბეთანია, ქვათახევი. XVI ან XVII საუკუნეებში ძლიერ დაზიანებული ტაძარი უგუმბათოდ აღადგინეს და შიდა სივრცეს ბაზილიკის იერი მიანიჭეს.

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიის შემდეგ ტაძარი ძლიერ დაზიანდა, წირვა-ლოცვა შეწყდა და ნაგებობაში დენთის საწყობი განთავსდა. სამხედრო უწყებამ ნაგებობა მხოლოდ 1871 წელს გაათავისუფლა.
მალევე ტაძრის რესტავრაცია დეკანოზ იოანე ბასხაროვის ხელმძღვანელობით საეპარქიო არქიტექტორ ალექსანდრე ჩიჟოვის პროექტის მიხედვით განხორციელდა. ეკლესიას დაადგეს უცხო ფორმის, რუსული “ხახვისებრი” გუმბათი, რომელიც შეუსაბამობაში მოდიოდა ქართულ ხუროთმოძღვრულ ფორმებთან, ამასთან ახალი კედლები და აგურის ფრონტონები აუშენეს, ამან ტაძრის იერ-სახეს მთლიანად შეცვალა. 1873 წელს ეკლესია ხელმეორედ ეკურთხა და წირვა-ლოცვა აღდგა.

საბჭოთა პერიოდში, 1950-იან წლებში ტაძარში სამხერხაო იყო მოწყობილი, მოგვიანებით კი მედიცინის ისტორიის მუზეუმი. 1990 წელს ღმრთისმსახურება კვლავ აღდგა და ჩიჟოვისეული ხახვისებრი გუმბათიც კარვისებრი გადახურვით შეიცვალა.

ნინო ლოლაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • მზაღო ნინო says:

    საბჭოთა პერიოდში!…. რატომ. რატომ არ შეჩერდებით, თქვენ ხომ ორივეს ერთი ჭიშკარი გაქვთ. ხო, ხის ჭიშკარი. რომლის გაღება დაკეტვაზე გამცნობს მტერ მოყვარის შემოსვლას მისი ჭრიალი. თქვენ ხომ ორივეს ერთი ტაძარი გაქვთ, ორივე ერთ მხარეს იწერთ პირჯვარს, და ორივე ერთი ფუტკრის სანთელს ანთებთ, რიმელი ფუტკარიც ორივეს ერთი გყავთ. შეჩერდით დრო და დრო ნუ შეცვლით ერთმანეთს ისე რომ ვერ იცნოთ. მტერი მოგდგომიათ კარებზე ორივეს და დაგჭირდებათ ერთმანეთი!………. მრავალი ჭირის მატარებელი დღემდე მუხლი გავს ისევ მაგარი. უფალო. შეუნდე ყველა ქრისტიანს ერთმანეთის ცოდვები, არააქვს მნიშვნელობა გაღმითელია ის თუ გამოღმითელი.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი