მთავარი » ახალი თაობის აღზრდა, საზოგადოება

ინკლუზიური განათლების დანერგვის პროცესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.07.2018 | 223 ნახვა

ინკლუზია2005 წლამდე საქართველოში განათლების სისტემა არ იცნობდა ინკლუზიური განათლების პრინციპებს, და შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობისა თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ნებისმიერი მოსწავლის განათლების ერთადერთ ალტერნატივას სპეციალიზებული სკოლები წარმოადგენდა. არ არსებობდა განათლების ისეთი ფორმა, რომელიც სხვადასხვა დარღვევის მქონე პირებს სავალდებულო საშუალო განათლების მიღების საშუალებას მისცემდა.

მხოლოდ 2005 წელს სცადა სახელმწიფომ დაეწყო ფიქრი ინკლუზიური განათლების დანერგვაზე, რასაც ექვსი წელი დასჭირდა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მხოლოდ 2012 წელს აღიარა ინკლუზიური განათლება განათლების სისტემის ნაწილად და დაიწყო ინკლუზიური განათლების მოდელის განვითარება.

ინკლუზიური განათლება – გულისხმობს ყველა ტიპის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეების ჩართვას ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესში თანატოლებთან ერთად. ინკლუზიური განათლება ასევე გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების ინდივიდუალური და/ან მოდიფიცირებული სასწავლო გეგმებით სწავლებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ინკლუზიური განათლება არ გულისხმობს სსმ მოსწავლის საკლასო ოთახში ყოფნას და თანატოლებთან ერთად გარკვეული დროის გატარებას. ინკლუზიური განათლება მოითხოვს პირველ რიგში მშობლების, სკოლის, დირექციის, სპეც-მასწავლებლის, ფსიქოლოგის, საგნის მასწავლებლის ერთობლივ მუშაობას, რათა გააძლიეროს, განავითაროს და გააუმჯობესოს სსმ და შშმ მოსწავლის აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევები. მოამზადოს მოსწავლე დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, აუცილებელია, ყველამ ერთად შეუწყოთ ხელი მოსწავლის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებას.

ჩემი, როგორც ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის როლი ინკლუზიურ განათლებაში, შემდეგნაირად წარმომიდგენია:

1. პირველ რიგში, ვიზრუნებდი იმაზე, რომ სკოლის ყველა პედაგოგისათვის აუცილებელი ყოფილიყო 120 კრედიტიანი ინკლუზიური განათლების ტრენინგი. ამის საჭიროება ნამდვილად არის, რადგან თვითონ მასწავლებლებმაც არ იციან ინდივიდუალური მიდგომები ასეთ მოსწავლეებთან და ცდილობენ სსმ და შშმ მოსწავლეს დაახატვინონ ან გააფერადებინონ გაკვეთილზე. ამას ისინი მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩართვას ეძახიან, არადა ინკლუზიური განათლება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ჩართვა; არაფერს ვამბობ ინდივიდუალერ გეგმაზე, გეგმის შედგენა მასწავლებლის მოვალეობაა, დღეს კი ხშირ შემთხვევაში ამას სპეც-მასწავლებელი აკეთებს. სპეც-მასწავლებელი არ არის ყველა საგნის მასწავლებელი და გეგმას ის ვერ დაწერს, ან შეიძლება დაწეროს, თუმცა სრულყოფილი ვერ იქნება;

2. შემდეგ ვიზრუნებდი მშობლების ცნობიერების ამაღლებაზე, დავბეჭდავდი საინფორმაციო ხასიათის ბუკლეტებს, სადაც ამომწურავი ინფორმაცია იქნებოდა ინკლუზიურ განათლებაზე, ეს გაზრდიდა მშობლების პასუხისმგებლობას. ასევე სისტემატურად გავმართავდი საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მშობლებთან;

3. შემდეგი ეტაპი იქნებოდა კეთილგანწყობილი გარემოს შექმნა სკოლაში მოსწავლეებსა და მშობლებს შორის. დავგეგმავდი ქალაქგარეთ ლაშქრობებს, ასე მათ მიეცემოდათ შესაძლებლობა გაეცნოთ ერთმანეთი და ემპათიის უნარი გასჩენოდათ;

4. სსმ და შშმ მოსწავლეებისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილის დასაგეგმად საჭიროა რესურსები, იქნება ეს კომპიუტერი, ფერადი ფურცლები, ადაპტირებული ლიტერატურა თუ სხვ. დღევანდელი სკოლის პედაგოგები თავს იმით იმართლებენ, რომ არ არსებობს სკოლაში ფურცლები და ელემენტარული რამ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, სკოლის ადმინისტრაციას ვთხოვდი ყოველთვიურად ბიუჯეტიდან გამოეყო თანხა და ზემოთ ჩამოთვლილით მოემარაგებინა სკოლა;

5. შემდეგ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტული იქნებოდა სსმ და შშმ მოსწავლეებისათვის სასწავლო პროგრამის გამარტივება. მივმართავდი თვალსაჩინოებას, ვიზუალიზაციას. გაკვეთილის თემას მივაწვდიდი არა ნაწერის სახით, არამედ სიუჟეტური სურათის სახით, რომელიც შეუძლია ვიზუალურად დაინახოს, დაათვალიეროს და აღწეროს;

6. გაკვეთილებს წინასწარ დავგეგმავდი, ის მორგებული იქნებოდა სსმ მოსწავლეების საჭიროებებზე, თუ სსმ მოსწავლეს კომუნიკაციის პრობლემა ექნებოდა, შევთავაზებდი ალტერნატიულ გზებს, მივცემდი საშუალებას სიუჟეტი დაეხატა, ან კომპიუტერზე აეკრიფა და ისე ნაწერის სახით ჩაებარებინა, ან ინდივიდუალურად თხრობით. თავდაპირველად, სიუჟეტური სურათის აღწერისას დავეხმარებოდი, დავუსვამდი კითხვებს, რათა აღეწერა სურათი.

7. არა მარტო ტიპური, არამედ სსმ და შშმ მოსწავლეებისათვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება მასწავლებლის შეფასებას, ეს მოსწავლეებისათვის სტიმულისა და მოტივაციისათვის აუცილებელია. ასეთ მოსწავლეს შევაფასებდი სიტყვიერად, შევაქებდი მთელი კლასის წინაშე, ჩავუკრავდი ვარსკვლავს და სმაილებს რვეულში.

ამდენად, ინკლუზიური განათლების განვითარებისათვის და ხელშესაწყობად უმნიშვნელოვანესია მშობლის, სკოლის, პედაგოგების, თანატოლებისა და საზოგადოების როლი, ჩვენი ერთობა. ჩვენ, ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ მათი ცხოვრება და დავეხმაროთ თავიანთი ადგილის პოვნაში.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. სტატია „როგორ იღებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები განათლებას საქართველოში?“. ავტორი: ქეთი კვიტატიანი. ჟურნალი „NAEC.GE”, N3 2014 წელი.
2. http://www.mes.gov.ge/content.php?id=289&lang=geo საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდი.
3. http://inclusion.ge
4. გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკლუზიური განათლება). 2009 წ.
5. გზამკვლევი მასწავლებლებისათვის (ინკლუზიური განათლება). 2011წ.

მოამზადა ტყებუჩავა ანამ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.