მთავარი » ქრისტიანობა

იმისათვის, რომ სნეული გამოჯანმრთელდეს, რამენაირი მსხვერპლი უნდა გაიღოს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 03.09.2018 | 1,139 ნახვა

ბერი პაისი მთაწმინდელი “თუ ღვთისაგან რაიმეს ვითხოვთ და თავად მსხვერპლად არაფერს ვიღებთ, მაშინ ჩვენს ვედრებას დიდი ფასი არა აქვს. თუ გულხელდაკრეფილი ვზივარ და ვამბობ: „ღმერთო ჩემო, გევედრები, განკურნე ესა და ეს ავადმყოფი!“ თავად მე კი ამ დროს არანაირ მსხვერპლზე არ მივდივარ, ეს იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ ჩემს კეთილ სურვილებს გამოვთქვამ (ანუ სიტყვებს ქარს ვატან). ხოლო, თუკი სიყვარული მაქვს, თუკი მე მაქვს მსხვერპლის გაღების უნარი, მაშინ ქრსსტე, როდესაც ამას დაინახავს, შეასრულებს ჩემს თხოვნას, რა თქმა უნდა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ეს სხვას წაადგება. ამიტომ, როდესაც ადამიანები სნეული ახლობლებისათვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით მათ, რომ თავადაც ილოცონ, ანდა, ეცადონ, რომ საკუთარი ნაკლოვანებებისაგან გათავისუფლდნენ.

მოვა ჩემთან ზოგიერთი და მთხოვს: „განმკურნე, შევიტყვე, რომ ჩემი დახმარება შენ შეგიძლია“. თუმცა, ეს ადამიანები ყოველგვარი პირადი ძალისხმევის გარეშე ცდილობენ, დახმარება მიიღონ. მაგალითად, შენ ეუბნები ადამიანს: „ტკბილს ნუღარ ჭამ, გაიღე ღვთის წინაშე ეს მსხვერპლი, რომ იგი დაგეხმაროს“. ის კი გპასუხობს: „რატომ, განა ღმერთს დახმარება უმსხვერპლოდ კი არ შეუძლია?“ ამგვარად, ასეთ ადმაინებს არ შეუძლიათ, მსხვერპლი თუნდაც საკუთარი თავისათვის გაიღონ. აბა, სხვისთვის როგორღა გაწირავენ თავს?! მაგრამ არიან ისეთებიც, ტკბილს რომ არ ჭამენ მხოლოდ იმისათვის, რომ ღმერთი შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს დაეხმაროს, ან – საერთოდ რომ არ იძინებს, რათა ქრისტემ ცოტაოდენი ძილი უწყალობს უძილობისაგან გატანჯულ ადამიანებს. ამგვარი ქმედებით ასეთი კაცი ღმერთის მონათესავე ხდება. და მაშინ ღმერთი ადამიანებს თავის მადლს ანიჭებს.

როდესაც ადამიანი მეუბნება, რომ რომელიმე ავადმყოფი ახლობლისათვის ლოცვა არ შეუძლია, ვურჩევ, რომ ამ ავადმყოფი ახლობლისთვის მსხვერპლი გაიღოს, გაიღოს მსხვერპლად რაღაც ისეთი, რაც პირადად მის ჯანმრთელობას ავნებს.

ერთხელ ჩემთან სენაკში ერთი ადამიანი გერმანიიდან მოვიდა. მას ჰყავდა ქალიშვილი, რომელიც თანდათანობით პარალიზებული ხდებოდა. ექიმებმა მასზე ხელი აიღეს. საბრალო მამა სრულ სასოწარკვეთილებას განიცდიდა. „შენი შვილის ჯანმრთელობისათვის რამენაირი მსხვერპლი გაიღე. მეტანიების აღსრულება შენ არ შეგიძლია, ლოცვა შენ არ შეგიძლია, აბა, სხვა რა უნდა გააკეთო?!. კარგი: რამდენ ღერ სიგარეტს ეწევი დღეში?“ „ოთხ-ნახევარ კოლოფს“. მიპასუხა მან. „დღეში ერთი კოლოფი მოსწიე, ხოლო ის ფული, რომელსაც სამ-ნახევარ კოლოფზე ხარჯავდი, რომელიმე ღატაკს უწყალობე“, – ვუთხარი მას. „მამაო, ოღონდაც ჩემი შვილი გამოჯანმრთელდეს და მოწევას საერთოდ დავანებებ თავს“, – მითხრა ამ კაცმა. „არა, როდესაც ის გამოჯანმრთელდება, ამას უკვე ფასი აღარ ექნება, მოწევა ახლავე უნდა მიატოვო. დაანებე თავი სიგარეტს, ნუთუ შვილი არ გიყვარს?!“, – შევეპასუხე მე. „ჩემი შვილი არ მიყვარს? მე ხომ მისი გულისათვის შემიძლია, მეექვსე სართულიდან გადავხტე“, – მომიგო მან. „იმას კი არ გეუბნები, მეექვსე სართულიდან გადახტი მეთქი, ასე ხომ შენს შვილს უპატრონოდ დატოვებ და თვითონაც სულს წააგებ, არამედ გირჩევ, რომ მოწევა მიატოვო და მიატოვო პირდაპირ ახლავე“ – ვეუბნებოდი მე. მაგრამ მას მოწევაზე უარის თქმა არაფრით არ სურდა და ბოლოს და ბოლოს ჩემგან ატირებული წავიდა. აბა, ასეთი ადამიანის დახმარებას როგორ შეძლებ? მაგრამ ისინი, ვინც მისმენენ, შეწევნას აუცილებლად იღებენ.

მეორედ კიდევ ერთი ადამიანი მოვიდა, რომელსაც ფეხით სიარულისაგან სული ეხუთებოდა. მივხვდი, რომ ბევრს ეწეოდა და ვუთხარი: „ახირებული კაცი ხარ, ამდენს რატომ ეწევი?! ასე ხომ ავად გახდები?!“ ცოტა რომ დაისვენა, მითხრა. ჩემი ცოლი ძალიან ავადაა და შეიძლება მოკვდეს, გევედრები, ილოცე, რომ სასწაული მოხდეს, ექიმებმა თავიანთი უძლურება აღიარეს. „გიყვარს შენი ცოლი?“ ვკითხე მე. „მიყვარს“, – მიპასუხა. „მაშ რატომ არ გინდა, რომ თავად შენ დაეხმარო მას. თვითონ გააკეთა ყველაფერი, რაც კი შეეძლო, ექიმებმაც ყველაფერი იღონეს. შენ ახლა მოხვედი ჩემთან და მთხოვ, რომ მეც გავაკეთო ყველაფერი ის, რაც შემიძლია ანუ, ვილოცო, რომ ღმერთი დაეხმაროს. მაგრამ, შენ რა გააკეთე იმისათვის, რომ დახმარებოდი?!“ „მე რისი გაკეთება შემიძლია, წმიდაო მამაო?“ გაუკვირდა მას. „თუ მოწევას თავს დაანებებ, შენი ცოლი გამოჯანმრთელდება“. ამ დროს ვფიქრობდი: თუკი ღმერთი დაინახავს, რომ მისი ცოლისთვის გამოჯანმთელება სულიერად სასარგებლო ვერ იქნება და ამიტომ მას არ განკურნავს, ეს კაცი ხომ მაინც მიატოვებს მოწევას და ყველა იმ ბოროტებისაგან გათავისუფლდება, რაც თამბაქოს მოაქვს. გავიდა ერთი თვე და ეს ადამიანი ჩემთან გახარებული, მადლობის სათქმელად მოვიდა. „წმიდაო მამაო, მოწევა მივატოვე და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდა“, – მახარა მან. ცოტა ხნის შემდეგ მან კვლავ მომნახა. ძალიან აღელვებული იყო და მიამბო, რომ ნელ-ნელა კვლავ დაიწყო მოწევა და ცოლი ისევ მძიმედ ჰყავდა ავად. მაშინ ვუთხარი: „ახლა უკვე თავად იცი წამალი, თავი ანებე მოწევას” – მამა პაისი მთაწმინდელი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.