მთავარი » ქრისტიანობა

“იმის ხაზგასმა, რომ მარხვაზე ხარ, მორწმუნისგან მიუღებელია”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.12.2022 | 15,351 ნახვა

ხშირია შემთხვევა, როდესაც მარხვაზე მყოფი ადამიანი საზოგადოებაში ხაზგასმით მიუთითებს, რომ მარხვას ინახავს და თითქოს ამით ცდილობს, საკუთარი თავი სხვაზე უპირატესად წარმოაჩინოს. რამდენად მიზანშეწონილია მორწმუნე ადამიანისგან ამგვარი საქციელი და როგორ უნდა მოვიქცეთ, მრევლი თუ მარხვაზე მყოფებს სხვადასხვა თავშეყრის ადგილზე არასამარხვო საკვების მიღებისგან თავის შეკავება გვიწევს? გვესაუბრება თბილისის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი:

„საეკლესიო ცხოვრებიდან ვიცით, რომ მარხვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მორწმუნე ადამიანის სულისთვის. სახარებაში, იესო ქრისტე გვეუბნება, რომ მხოლოდ და მხოლოდ მარხვითა და ლოცვით შეგვიძლია განვაგდოთ ჩვენგან ეშმაკი. ზოგჯერ, როდესაც ადამიანი იწყებს მარხვის შენახვას, თითქოს ცდილობს, მის გარშემო მყოფ საზოგადოებაში დაიმსახუროს განსაკუთრებული ყურადღება. ყველა სიტუაციაში ამბობს, რომ მარხულობს და საკუთარ თავზე ასეთ ღვაწლს იღებს. ასე ცდილობს, თავი სხვებისგან გამორჩეულად წარმოაჩინოს.

ამგვარი მდგომარეობის შესახებ წმ. ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი ამბობენ: „მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.“ თუ ამ სიტყვებს კარგად დავუკვირდებით, წმინდა მამები პირდაპირ მიგვითითებენ, რომ არ შეიძლება ადამიანი მხოლოდ გარეგნულად მარხულობდეს. აუცილებელია შინაგანი მარხვა, რაც გულისხმობს ცოდვებისგან, უკეთური საქმეებისგან თავშეკავებას. თავისთავად ცხადია, ადამიანი, რომელიც მარხვის გამო „რეკლამირებას“ უკეთებს თავის თავს, ვარდება ხიბლის, მეორე მხრივ, ამპარტავნების ცოდვაში. ადამიანი, პირველ რიგში, მარხვაში ამ ცოდვებს უნდა განეშოროს. ამდენად, იმის ხაზგასმა, რომ მარხვაზე ხარ, ეკლესიური ადამიანისგან მიუღებელია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ მარხვის დაცვის შესახებ აქტიურად ვსაუბრობთ იმ ადამიანებთან, რომლებიც მარხვას არ ინახავენ, გარკვეულწილად, ისინი ალბათ განიკითხავენ მარხვაში მყოფ ასეთ ადამიანებს, რადგან ისინი თითქოს თავის უპირატესობას აჩვენებენ. მარხვისას კი, ეკლესია გვასწავლის, რომ ვიყოთ თავმდაბლები, მიმტევებლები, სათნონი და ადამიანების მიმართ უპირატესობის გრძნობა არასოდეს უნდა გაგვაჩნდეს.

გავიხსენოთ იესოს ლოცვა: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ეს ლოცვა გვასწავლის, ვაღიაროთ უფლის წინაშე, რომ ცოდვილები ვართ და გავითავისოთ ცოდვილი მდგომარეობა, არ გაგვიჩნდეს უპირატესობის გრძნობა, რომ ვიყოთ თავმდაბალნი და თავი სხვაზე უკეთესად არ მივიჩნიოთ.

ასევე, მახსენდება ერთი პატერიკი, რომლის მიხედვითაც, როდესაც იესო შევიდა ერთ-ერთ ქალაქში ითხოვა მასთან მიეყვანათ ერთ-ერთი პიროვნება, რომელსაც ამ ქალაქში ყველაზე დიდ მორწმუნე ადამიანად მიიჩნევდა. მოიყვანეს მეწაღე, მოციქულები დაინტერესდნენ და კითხეს, თუ რას აკეთებდა და როგორ ლოცულობდა. მამა დავით დათუაშვილი მან კი თქვა, რომ ამბობდა ლოცვას, რომლის დროსაც ამ ქალაქში მცხოვრებ ყველა ცოდვილს ავედრებდა უფალს და მათ შორის ყველაზე ცოდვილად საკუთარ თავს ასახელებდა. ანუ, ამ მეწაღეს გათავისებული ჰქონდა, რომ სხვაზე უკეთესი არ იყო და პირიქით, ცდილობდა, როგორც შეეძლო, ყველასთვის სიკეთე გაეკეთებინა, სათნოდ მოქცეულიყო.”

როგორ უნდა მოიქცეს მარხვაზე მყოფი ადამიანი, თუ თავშეყრის ადგილზე საკვების მიღებისგან თავშეკავებისას, უხდება იმის თქმა, რომ მარხვაზეა?

ასეთი შემთხვევების შესახებ ეკლესიის სწავლება გვაქვს. მარხვის პერიოდში თავი უნდა შევიკავოთ წვეულებებსა და მსგავსი ტიპის თავშეყრის ადგილებზე სიარულისგან. მარხვა ნიშნავს არა მხოლოდ გარკვეული საკვებისგან შეზღუდვას, არამედ იმ მდგომარეობისგან განშორებას, რაც სულიერ მარხვისგან განგვაშორებს. თუ მარხვაში მყოფი ადამიანი ამ მდგომარეობაში ხვდება, მას უხდება თქმა, რომ მარხვას ინახავს და არ შეუძლია არასამარხვო საკვების მიღება, ან უწევს მარხვის დარღვევა. თუ აცილებელია ასეთ დროს თქვენი სტუმრობა, ჯობს გაიხმოთ მასპინძელი და თავმდაბლობით ავუხსნათ, რომ ვართ მარხვაზე და არ მოხდეს არასამარხვო საკვების შეთავაზება. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ საკვების მიღებისგან თავშეკავება არ იქნება საკმარისი, თუ თავს ზედმეტად გართობის, სიმღერისა და ცეკვის უფლებას მივცემთ. სწორედ ამიტომ, ეკლესია გვირჩევს, მარხვის პერიოდში ამა სოფლის სიამოვნებას განვეშოროთ.

მომარხულე ადამიანებს ვურჩევთ, სევდიანი სახე მოიშორონ, ღიმილით იყვნენ მარხვის პერიოდში და მარხვა განასრულონ სულიერი სიმხნევით, თავისი თავისა და ცოდვების განხილვით, სხვას არ აჩვენონ თავი მარხულად.

თეონა ნოზაძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი