მთავარი » ქრისტიანობა

„იხარეთ ღვთის ძღვენის მიღებით და შემდეგ იმარხულეთ ხორცის შესამსუბუქებლად“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.06.2020 | 717 ნახვა

საკითხავი პეტრე-პავლობის მარხვისთვის

არცთუ დიდი ხანია, რაც დასრულდა დიდი მარხვა, გაიარა აღდგომამ, ამაღლებამ, სულთმოფენობამ და აი, კვლავ მარხვა დაიწყო…

მას შემდეგ, რაც სულთმოფენობას წმინდა სული გარდამოვიდა მოციქულებზე, ისინი მარხვასა და ლოცვაში იმყოფებოდნენ, მსოფლიოსთვის სახარების საქადაგებლად ემზადებოდნენ. სამყაროსთვის ამბის მიწვდენა იმის შესახებ, თუ რა მოხდა წმინდა მიწაზე და რა იქადაგა ქრისტემ, რთული ამოცანა იყო, ამიტომ მოწაფეები ერთად შეიკრიბნენ, რათა ემსჯელათ, როგორ აღესრულებინათ თავიანთი მისია.

მოციქულთა განწესება გვაუწყებს: „სულთმოფენობის შემდეგ იდღესასწაულეთ ერთი კვირა, შემდეგ კი იმარხულეთ; სამართლიანობა მოითხოვს, იხაროთ ღვთის ძღვენის მიღების შემდეგ და მერე იმარხულოთ ხორცის შესამსუბუქებლად“.

მართლაც, პეტრე-პავლობის მარხვა სულთმოფენობის შემდეგ ორშაბათს იწყება და ის შეიძლება ერთი კვირიდან და ერთი დღიდან ექვს კვირამდე გაგრძელდეს. ეს დამოკიდებულია აღდგომის თარიღზე, რომელიც ცვალებადია.

ამასთან, პეტრე-პავლობის მარხვა დაკავშირებულია იმ მოვლენებთან, რომლებიც კონსტანტინეპოლში აღსრულდა – იმპერიის დედაქალაქში წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღეს მათივე სახელობის ტაძარი აკურთხეს; მარხვა კი, რომელიც წინ უძღვის პეტრე-პავლობას, დაწესდა, როგორც მომზადება ამ დღესასწაულისათვის…

აღდგომასა და სულთმოფენობას ყოველ წელს ვდღესასწაულობთ და ყოველწლიურად განვიცდით სახარებაში აღწერილ მოვლენებს, შინაგანად ვცხოვრობთ ყოველივე იმით, რაც მაშინ მოხდა. ჩვენ ვხელმძღვანელობთ წმინდანების სულიერი გამოცდილებით, ვბაძავთ მათ, ვიძენთ სათნოებებს და სრულქმნილებისაკენ მიმავალ გზას ვადგავართ. ამ გზაზე კი ძალიან მნიშვნელოვანია მარხვის სათნოება.

თუ მარხვა ასე მნიშვნელოვანია, რატომ არ ვმარხულობთ მთელი წლის განმავლობაში?

ცნობილია, რომ ადამიანს დროდადრო სჭირდება „ამოსუნთქვა“, მცირე შესვენება, სხვაგვარად გაუჭირდება… რაც უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანს გამუდმებული სიხარულის დატევნაც არ შეუძლია, განსაკუთრებით ისეთი ძლიერისა, როგორიც სულიერია, ამიტომ ზოგჯერ აქაც უნდა შევისვენოთ. აქედან გამომდინარე, გამოდის, რომ წელიწადის დღეები განკუთვნილია როგორც სულიერი სიხარულისთვის, ასევე სულიერი ღვაწლისთვის.

წმინდა ლეონ დიდი წერს: „…ხანგრძლივი დღესასწაულის შემდეგ მარხვა განსაკუთრებით აუცილებელია, რათა ღვაწლით განვიწმინდოთ აზრები და ღირსნი გავხდეთ წმინდა სულის ძღვენისა. სულთმოფენობის დღესასწაული, რომელსაც სულიწმინდა გაწმენდს თავისი მოსვლით, აუცილებლად მოითხოვს მარხვას… ჩვენ ეჭვიც კი არ გვეპარება, რომ მას შემდეგ, რაც მოციქულები ზეციური მადლით აღივსნენ და სულიწმინდა მათ გულებში შევიდა, სხვა საიდუმლოებებთან ერთად ზეციდან თავშეკავების შესახებაც მიეცათ სულიერი სწავლება, რათა გული, მარხვით განწმენდილი, შემძლე ყოფილიყო ღვთივბოძებული მადლის მიღებისა… განებივრეული სხეულითა და გაფაქიზებული ხორცით შეუძლებელი იქნებოდა მომავალი დევნისა და განსაცდელების გამკლავება, ვინაიდან ის, რაც ატკბობს ჩვენს გარეგან ადამიანს, არღვევს შინაგანს და, პირიქით, გონიერი სული მით მეტად განიწმინდება, რაც მეტად მოკვდინდება ხორცი“.

გამოდის, რომ მარხვა აუცილებელია არა მხოლოდ იმიტომ, რომ შევიცვალოთ უკეთესობისაკენ, არამედ იმისათვისაც, რომ დავიცვათ ის სიხარული, ის ძღვენი, რომლებსაც ისეთი დიდი დღესასწაულების დროს ვიღებთ, როგორებიცაა – აღდგომა, ამაღლება, სულთმოფენობა…

ბუნებრივია, მარხვის არსი არ არის მხოლოდ საჭმლის აკრძალვა. მარხვის მნიშვნელოვანი ნაწილია აღსარება და ზიარება. ამ საიდუმლოებებში ადამიანი განიწმენდს სულს ცოდვებისგან და უფლისაგან ვნებებთან ბრძოლის ძალას მიიღებს.

დაბოლოს, მარხვა გვასწავლის, რომ ადამიანისთვის მთავარია, მთელი არსებით ისრაფოს ღვთისკენ, ამაღლებულისკენ და განშორდეს მიწიერს, დროებითს, ცვალებადს, რათა მოიპოვოს მარადიული ნეტარება და სიხარული.

მოამზადა ნინო გაგოშაშვილმა
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, 2015 წელი, N23




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი