მთავარი » ქრისტიანობა

ილორის წმინდა გიორგის ხატი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 23.11.2020 2 კომენტარი | 6,699 ნახვა

ილორის წმ. გიორგი აფხაზეთში, ოჩამჩირის რაიონის სოფ. ილორში მდებარეობს წმ. გიორგის ეკლესია. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, “ზღვის კიდეზედ… არს ილორს ეკლესია წმიდის გიორგისა… უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული”.

ილორის წმ გიორგის ეკლესია XI საუკუნის I მეოთხედშია აგებული ოდიშის საერისთავოში. ეკლესია დარბაზული ტიპისაა. ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზე ჩასმულ ქვის ფილებზე შემორჩენილი იყო ხუთი ქართული ლაპიდარული (ქვაზე ამოკვეთილი) წარწერა:

,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი”.

,,ქ. წმიდაო გიორგი, შეიწყალე მთავარეპისკოპოზი გიორგი”.

წარწერის ფრაგმენტი: ,,ქ. წმიდაო გიორგი ილორისაო შეიწყალე…”

,,წმიდაო გიორგი ილორისაო, შეიწყალე გიორგი გურგენის ძე”.

,,წმიდაო გიორგი, შეიწყალე გიორგი ქოჩოლავა მღვდელი; წმიდაო გიორგი მფარველ მექმენ დიდსა ამას დღესა”.
მეექვსე წარწერა, რომელიც ასევე ტაძრის აღმოსავლეთ ფასადზეა ამოკვეთილი, სამსტრიქონიანია, თუმცა არ იკითხება.

საგულისხმოა, რომ ილორის წმ. გიორგის ეკლესიის წარწერებში წარმოდგენილია ქართული დამწერლობის განვითარების სამივე საფეხური: ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული. წარწერები ტაძრის მშენებლობის პერიოდით, XI საუკუნის I მეოთხედით თარიღდება და საინტერესოა იმ მხრივ, რომ დამწერლობის სამივე სახე ერთი და იმავე დროით თარიღდება; ერთი და იგივე პირი ჩანს ამ წარწერების ამომკვეთიც.

ილორის წმ. გიორგის ეკლესიის უმთავრეს სარწმუნოებრივ რელიკვიას წმ. გიორგის ხატი წარმოადგენდა. ილორის წმ. გიორგის კარედი ხატი წარმოადგენს ვერცხლის დასაკეც, სამფრთიან, ძეწკვით შემკობილ ხატს, რომლის წინა ნაწილზე გამოსახულია წმ. თევდორე და წმ. დიმიტრი განმარტებითი წარწერებითურთ. ხატი იხსნება და შიგნით გამოსახულია ფეხზე მდგომი, საომარ სამოსელში წმინდა გიორგი, რომლის მარჯვნივ ვედრების პოზაში გამოსახულია ბედიელი მიტროპოლიტი კირილე ჟუანისძე. ყველა გამოსახულებას განმარტებითი წარწერა ახლავს. გარდა ამისა, ხატის ლუსკუმაზე მოთავსებულია 15 სტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერა, რომელიც მოგვითხრობს ბედიელი მიტროპოლიტის კირილე ჟუანისძის მიერ ილორის ტაძრისადმი წმინდა გიორ¬გის ხატის შეწირვის ამბავს.

წარწერაში კირილე ჟუანისძესთან ერთად დასახელებული არიან ოდიშის მთავარი გიორგი III დადიანი, რომელიც ოდიშის სამთავროს განაგებდა 1572-1582 წლებში და მისი თანამეცხედრე დედოფალი თამარი. სიუჟეტური თემა – წმ. გიორგი და სასწაულმოქმედი ხარი სრულიად ორიგინალურია ქრისტიანულ ხელოვნებაში. ის ქართული სინამდვილიდან არის გადმოტანილი და უკავშირდება საკულტო ცერემონიალს, რომელიც გიორგობა დღეს ილორში იმართებოდა. ხატი დაცულია ზუგდიდის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

წყარო: ბეჟან ხორავა, ილორის წმ. გიორგის ეკლესია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი