მთავარი » ქრისტიანობა

“წმიდა ზიარება ის დიდი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის ცოდვათა სიღრმეთაგან, ჯოჯოხეთიდან ამოყვანა ძალუძს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.09.2018 | 885 ნახვა

ზიარება “წმიდა ზიარება ის დიდი საიდუმლოა, რომელსაც ადამიანის ცოდვათა სიღრმეთაგან, ჯოჯოხეთიდან ამოყვანა ძალუძს. ხშირად მორწმუნე ადამიანები იმ მიზეზით, რომ ღირსნი არ არიან ზიარების მიღებისა, იშვიათად, რამდენიმე წელიწადში ერთხელ, ეზიარებიან. რა თქმა უნდა, ადამიანი ზიარებისათვის აუცილებლად უნდა მოემზადოს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ვერასოდეს ვერ მოვემზადებით ისე, რომ იესო ქრისტეს სისხლისა და ხორცის მიღების ღირსნი ვიყოთ. მთავარია არ დავკარგოთ განცდა თვისთა ცოდვათა, უღირსობის გრძნობა და იმედი იმისა, რომ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ცოდვებს შეგვინდობს. ვისაც საკუთარი ცოდვების განცდა და ღვთის სასოება აქვს, ის უნდა მივიდეს წმ. ზიარებასთან.

წმიდა ბასილი დიდი ამბობს, რომ იგი კვირაში ოთხგზის ეზიარებოდა – შაბათს, კვირას, ოთხშაბათსა და პარასკევს. გარდა ამისა, წმ. ზიარებას დიდ დღესასწაულებზეც იღებდა. თუ ჩვენ ეკლესიის ისტორიას გავიხსენებთ, ვნახავთ, რომ პირველ საუკუნეებში ქრისტიანები იმდენად ძლიერნი იყვნენ სულით, რომ ყოველ წირვაზე ეზიარებოდნენ. ასე რომ, ჩვენც ხშირად უნდა მივიდეთ ამ ცხოველსმყოფელ საიდუმლოსთან. როცა მოძღვარი გამოდის და ამბობს „შიშითა ღვთისათა და სიყვარულით, სარწმუნოებით მოვედით“, ვისაც ღვთის შიში, სიყვარული და სარწმუნეობა აქვს, უნდა მივიდეს, რადგან ღმერთი თვითონაა სიყვარული. ამავე დროს ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ მისთვის ვინც ურწმუნოდ ან ეჭვით ეზიარება, ანუ არ წამს იმისა, რომ უფლის ხორცსა და სისხლს იღებს, წმიდა ზიარება შეიძლება დამსჯელი აღმოჩნდეს.

ჩვენ ვიცით, რომ საიდუმლო სერობაში, რომლის დროსაც იესო ქრისტემ ეს წესი პირველად აღასრულა, მონაწილეობა იუდა ისკარიოტელმაც მიიღო, ისიც ეზიარა ამ საიდუმლოს მიიღო რა სისხლი და ხორცი უფლისა, მაგრამ გავიდა და იესო ქრისტე გასცა, რადგან ბოროტი სულის ტაძარი გახდა. წმიდა მამების სწავლებით, იუდას რომ წმიდა ზიარების შემდეგ მადლობა ეთქვა მაცხოვრისათვის, ვეღარ გასცემდა მას და ვეღარ იქცეოდა მოღალატედ. მან მადლობის ნაცვლად სერობა დატოვა და წავიდა. ამიტომ, როცა ჩვენ წმიდა ზიარებას ვიღებთ, მადლიერნი უნდა ვიყოთ უფლისა. ყოველი მორწმუნე მოვალეა, რომ არა მხოლოდ ზიარების წინა ლოცვები, არამედ ზიარების შემდგომი სამადლობელი ლოცვებიც წაიკითხოს”, – უწმიდესი და უნეტარესი ილია II.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.