მთავარი » ქრისტიანობა

ილია II-ის განცხადება 2008 წლის 9 აგვისტოს, „აგვისტოს ომის“ დროს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 08.08.2020 | 165 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის განცხადება 2008 წლის 9 აგვისტოს, „აგვისტოს ომის“ დროს

„საქართველოს ეკლესია გამოხატავს დიდ მწუხარებას ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გამო და თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს – როგორც ქართველებს, ისე ოსებს. ეს ჩვენი საერთო ტრაგედიაა, მაგრამ აუცილებლია ყველამ იცოდეს და განსაკუთრებით ცხინვალის რეგიონის მოსახლეობამ (ისევე როგორც აფხაზეთში მცხოვრებთაც), რომ მათ ქართველები არ ებრძვიან და მათი გაძევება არავის სურს.
‼️ საქართველო თავისი საზღვრების მთლიანობას იცავს. ეს სურვილი სამართლიანია და ამას საერთაშორისო ნორმებიც ითვალისწინებს.

ყველამ იცის, რომ სამხრეთ ოსეთის ავტონომია საქართველოს ძალადობრივი გასაბჭოების შედეგია, რომელიც ჩვენს ისტორიულ ტერიტორიაზე მხოლოდ 80-90 წლის წინ შეიქმნა და იგი არ უნდა იქნეს გამოყენებული სეპარატიზმის საფუძვლად.

ამ მიწა-წყალზე საუკუნეთა მანძილზე ქართველებთან ერთად ყოველთვის მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსებიც, ისევე როგორც აფხაზეთში – აფხაზები. ჩვენ კვლავაც მოსურნენი ვართ მშვიდობიანი თანაცხოვრებისა, მაგრამ ქართველი ერი ვერასოდეს შეეგუება თავისი საზღვრების ხელყოფას.

საქართველოს არასდროს მიუტაცია სხვისი ტერიტორია, მაგრამ თავისას ბოლომდე დაიცავს. ასე რომ, ეს არის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლა და არა ეთნოკონფლიქტი.

საქართველოს ეკლესია ყოველთვის იყო და არის პრობლემების სამართლიანი და მშვიდობიანი გზით გადაჭრის მომხრე, ხოლო მშვიდობა სამართლის გარეშე ვერ დამყარდება.

ამიტომაც მივმართავთ რუსეთის ხელისუფლებას – შეწყვიტონ სრულიად გაუმართლებელი აგრესიული ქმედებები საქართველოს ტერიტორიაზე და თავისი მხარდაჭერით ნუ წაახალისებენ სეპარატისტულ ძალებს.

ასევე მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და საერთაშორისო საზოგადოებას – გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა, რათა შეჩერდეს სისხლისღვრა და პოლიტიკური და სხვა გზები გამოიძებნოს სამართლიანობის აღსადგენად.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის და თუნდაც მხოლოდ კავკასიისთვის საჭირო ქმედება. აქ, ევრაზიის შესაყართან, მრავალი ქვეყნის ბედი წყდება.

საქართველოს ისტორია განსაცდელების ისტორიაა. ჩვენ შევძლებთ გავუძლოთ შექმნილ პრობლემებსაც. მთავარია, დროულად გადაიდგას სწორი ნაბიჯები, რათა სიტუაცია კიდევ უფრო არ გართულდეს…

ლოცვას დიდი ძალა აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ გააძლიეროთ ღვთისადმი ვედრება“.

გაზეთ „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივი, სპეციალური გამოშვება, 28 აგვისტო, 2008 წელი

[ფოტოკოლაჟზე ასახულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შესვლა საომარი მოქმედებების ტერიტორიაზე 2008 წელს. კოლაჟი მომზადებულია „საპატრიარქოს უწყებანის“ არქივში დაცული მასალის მიხედვით]




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი