მთავარი » ქრისტიანობა

“და ესე იყოს თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 07.01.2020 | 273 ნახვა

“ნუ გეშინინ, – ახარებს ქვეყანას ანგელოზი: – ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა, ესერა გახარებ თქვენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშვა დღეს თქვენდა მაცხოვარი… და ესე იყოს თქვენდა სასწაულად: ჰპოვოთ ყრმა იგი, შეხვეული და მწოლარე ბაგასა”.

რა დიდებული სახეა, რა დიდებული ხატია!.. ღმერთი, მოვლინებული ცხონებად და ხსნად ქვეყნისა, ღმერთი ახალის აღთქმისა, რომელმან უნდა “აღიხვნეს ცოდვანი სოფლისანი”, ძე ღვთისა და კაცისა, რომელმან უნდა ნუგეშისცეს ქვეყანას, – “მოვედინ, მაშვრალნო და ტვირთ-მძიმენო, და მე განგისვენო თქვენ”, ღმერთი, რომელმან უნდა ნათელ-სცეს ბნელს ქვეყანას სულითა წმიდითა – იშვა ვითა ღარიბი ღარიბ საფარქვეშ და არის “შეხვეული და მწოლარე ბაგასა”!.. მარტო ერთი ვარსკვლავიღაა აღმომხდარი აღმოსავლეთით და იგი დაჰნათის ზედ ადგილსა მას შობისასა ნიშნად იმისად, თუ რა სხივოსანი მადლი მოეფინა ქვეყანას დედისაგან, რომელიც ამიტომ “კურთხეულ არს დედათა შორის!” ყრმა-ღმერთი “შეხვეული და მწოლარე ბაგასა!” არისღა სადმე სხვა ხატი, რომ დიდებამ ასე ადიდოს სიღარიბე და სიღარიბემ ასე ადიდოს დიდება?! ყველაზე უწინარეს ამ ხატისა ითქვა შობიდანვე უმალ იგი თავმდაბლობა კაცთმოყვარე ქრისტე-ღმერთისა, რომელმაც მერე გააოცა ცრუდიდობით გარყვნილი ძველი ქვეყანა.

იშვა იგი, ვინც გაჭირვებულს და ძირით თხემამდე შერყეულს ქვეყანას მოაცალა ულმობელი საძირკველი “თვალი თვალისა წილ, კბილი კბილისა წილ” და ამის მაგიერ შთაუდგა “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი” და ამაზედ ხელახლა დაადგინა დასარღვევად გამზადებული ქვეყანა, ვითარცა კლდეზედ, რომელსაც ვერა ჟამი და ვერა დრო ვერ შეჰმუსრავს და ვერ შეარყევს. ამ კლდეზედ დაანთხია მან თვისი ღვთაებური სისხლი და ზედ გადაატეხა თვისი უბიწო ხორცი. კაცთმოყვარე ძე კაცისა, ქვეყნის ხსნად მოვლინებული, კაცმავე ჯვარს აცვა და ჯვარცმული მაინც ჯვარმცმელთათვის ჰღაღადებდა ღვთის მიმართ: ღმერთო, შეუნდევ, რამეთუ არ უწყიან, რას იქმან! აი, რა სულგრძელი, რა კაცთმოყვარე, რა ყოვლადმოწყალე ღმერთი იშვა დღეს და ამას სამართლიანად ჰხარობს და დღესასწაულობს მთელი ქრისტიანობა.

წმინდა ილია მართალი




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი