მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

ილია II-ის მხატვრული შემოქმედება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.08.2011 5 კომენტარი | 8,576 ნახვა

ეკლესიის ისტორიაში არის შემთხვევები, როცა ხატები უმაღლესი საეკლესიო იერარქიის წარმომადგენელთა მიერ იქმნება, მაგრამ არც ძველად და არც ახლა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის გარდა სხვა მხატვარი პატრიარქი ცნობილი არაა.

პატრიარქის ხატწერამისი უწმიდესობა ოცამდე ხატის ავტორია. ისინი თემატურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა “ყოვლადწმიდა სამება”, “ჩვენთან არს ღმერთი”, “მაცხოვარი”, “ძველთა დღეთა”, “ღვთისმშობელი ოდიგიტრია”, “ღვთისმშობელი პლატიტეტრა”, “მთავარანგელოზები”, “წმიდა დავით წინასწარმეტყველი”, “ღვთივდაცული საქართველო”, წმიდა მეფეები – დავითი, სოლომონი, ვახტანგი და თამარი. მათგან მაცხოვრის, წმიდა ვახტანგისა და წმიდა თამარის ხატები რამდენიმე ვარიანტად დაიწერა.

პატრიარქის ხატების ძირითადი ნაწილი სამების საკათედრო ტაძარსა და საპატრიარქო რეზიდენციაშია დაბრძანებული, ორი კი – “ღვთისმშობელი პლატიტეტრა” და “წმიდა ვახტანგ მეფე” მანგლისის ღვთისმშობლისა და რუსთავის წმიდა ვახტანგ გორგასლის ტაძრების კუთვნილებაა.

დასახელებული ხატებიდან ორი ფრესკულია – “ღვთივდაცული საქართველო” სიონის საკათედრო ტაძრის სიახლოვეს მდებარე ძველ საპატრიარქო რეზიდენციას ამკობს, წმიდა მეფე თამარის გამოსახულება კი დიდუბის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობის ნაწილია. გარდა ამისა, პატრიარქი სამების საკათედრო ტაძრის გუმბათში დასახატი მაცხოვრის გამოსახულების ესკიზისა და ერთი ქანდაკების (შიოლა ღუდუშაურის პორტრეტი) ავტორიცაა.

მისი უწმიდესობის ქმნილებათაგან ერთ-ერთი გამორჩეული “ყოვლადწმიდა სამების” ხატია. იგი იკონოგრაფიულადაც და მხატვრულადაც კლასიკური მიმართულებისაა. კომპოზიციის აღნაგობაში, ანგელოზთა ფიგურების წყობასა და პროპორციებში, მათ პოზებში, გამომეტყველებაში, სახეებისა და სამოსის შეფერილობასა და დამუშავებაში, ისევე, როგორც უკანა პლანის დეტალებში შუა საუკუნეების მართლმადიდებლური ხატწერის საუკეთესო ტრადიციების ცოდნა და გათვალისწინება ჩანს. წრე უსასრულობის, მარადისობის სიმბოლოა და აქედან გამომდინარე, პატრიარქის ხატში თვალნათლივაა წარმოჩენილი ყოვლადწმიდა სამების მარადიული ზეობა. წრეს ფონად სწორხუთხედი აქვს, რაც სამების ძალისა და მადლის ქვეყნიერების ოთხკუთხივ გავრცელებას მიგვანიშნებს.

სომბოლურია ხატის ფერადოვანებაც. იგი ოქროსფერი, ძოწისფერი, წითელი, ლურჯი და მწვანე ფერებისგან შედგება. პატრიარქის ხატწერა მათგან განსაკუთრებულად ჭარბად გამოყენებული ოქროსფერი, ძოწისფერი და წითელია, რითაც, ერთი მხრივ, სამოთხის უნივთო და უქრობი, ღვთაებრივი ბრწყინვალება გადმოიცემა, მეორე მხრივ კი უფლის მეორედ მოსვლას, ცეცხლით განკითხვასა და ხსნის დოგმატს ესმება ხაზი.

აღნიშნულთან ერთად ხატის ღირსება მისი წერის მაღალოსტატური მანერაცაა. მოქნილი კონტური, სახეებზე “შუქ-ჩრდილის” ფაქიზი მოდელირება, ფერების ჰარმონიული შეხამება, ტონალური სიმდიდრე, რბილი გრადაცია და გაღიავების დახვეწილი სისტემა იკონოგრაფიულად გამორჩეულ გამოსახულებას განსაკუთრებულ მხატვრობას სძენს.

ამ თვისებათა გამო, პატრიარქის ეს ხატი თანამედროვე საეკლესიო მხატვართა შორის მისაბაძ ნიმუშად იქცა.

უწმიდესის ხატებს შორის ორი დედა ღვთისას ეძღვნება. ერთი მათგანი – ბლაქერნის ღვთისმშობლის, ანუ “პლატიტეტრას”, მეორე კი ივერიის ღვთისმშობლის იკონოგრაფიული ტიპისაა. ეს უკანასკნელიც ისევე, როგორც “სამების” ხატი, გამართულია როგორც კომპოზიციურად, ისე სტილისტურად. მასში ორიგინალის – ივერიის ღვთისმშობლისთვის დამახასიათებელი ნიშნები იკვეთება. დაბალი შუბლი, ნუშისებრი თვალების ვიწრო ჭრილი, თხელი ტუჩები, დახვეწილი ხელის მტევნები, ფიგურების ცენტრისკენ მიმართება და მიღმური მზერა მნიშვნელოვნად აახლოებს ამ ხატს მის პირველნიმუშთან – კომნენოსთა სტილის ერთ-ერთ თვალსაჩინო ნაწარმოებთან.
იმავდროულად, პატრიარქის ხატი სახეთა სიმუქით იქცევს ყურადღებას და შინაგანი გამომსახველობის სიძლიერით განსაკუთრებულ ზემოქმედებას ახდენს.

პატრიარქის წმ. ვახტანგ გორგასალიასევე შთამბეჭდავია წმიდა ვახტანგ გორგასლის სრულფიგურიანი გამოსახულება. ახოვანი, აღნაგობაგამართული დგომა, სახის შეუპოვარი გამომეტყველება და ჯვრიანი ბაირაღის მტკიცედ პყრობა – ძლევამოსილ მეფე-მხედარმთავრად წარმოგვიდგენს მას. ხატზე საგულდაგულოდაა ნაწერი ლითონის აბჯარი, პატიოსანი თვლებით შემკული ხმალი და ძოწისფერი სამეფო მანტია. დაწვრილებითაა გამოყვანილი წმიდა მეფის მდიდრული შესამოსლის ყველა ცალკეული დეტალი. ფერადოვან კომპოზიციაში ძალზე ეფექტურადაა განაწილებული თეთრი ბაირაღი და გრაგნილი.

მისი უწმიდესობის მიერ დაწერილ მეფეთა ხატებს შორის რამდენიმე წმიდა თამარს ეძღვნება. ისინი, ერთი მხრივ, შუა საუკუნეების კედლის მხატვრობაში შემორჩენილ მისსავე პორტრეტებთან ჰპოვებს გარკვეულ მსგავსებას, მეორე მხრივ კი, ააშკარავებს ჩვენი პატრიარქის უდიდეს სიყვარულს წმიდა მეფე თამარის მიმართ.

ერთი სახასიათო ნიშანი, რომელიც პატრიარქის თითქმის ყველა ხატში აშკარად ვლინდება, წმიდა სახეთა განსაკუთრებით ბრძნული, არაამქვეყნიური სიმშვიდეა, რის მხილველსაც უნებურად მაცხოვრის სიტყვები – “ნეტარ არიან მშვიდნი” – გვახსენდება, თუმცა მეფეთა გამოსახულებებში ერსა და ქვეყანაზე ფიქრი და დარდიც საგრძნობია.

ცალკე უნდა ითქვას ძველი საპატრიარქო რეზიდენციის კედელზე ნახატი ფრესკული ხატის – “ღვთივდაცული საქართველოს” შესახებაც. იგი მრავალფიგურიანია და წმიდა მხედრის მიერ გველეშაპის ძლევის თემის ახალ, ეროვნულ ნიადაგზე დამყარებულ იკონოგრაფიულ რედაქციას წარმოგვიდგენს. ამ რედაქციით, ჯვარზე დასვენებული ქვეყანა ცხოვრების ოკეანეში მიცურავს, გველისებრი სატანა კი საფრთხეს უქმნის მასა და მის ეკლესიას. საქართველოს მხსნელად თეთრ ცხენზე ამხედრებული წმ. გიორგი გამოსჩენია, ვის გამარჯვებასაც ღვთაებრივ ბრძოლაში ყოვლადწმიდა სამება (მამა – “ჩვენთან არს ღმერთი”, ძე – კრავი, სულიწმიდა – მტრედი), ზეციური მხედრობა (მთავარანგელოზები), ჯვრის, ანუ რწმენის ძალა და უფლის კვართის მადლით გაბრწყინებული ჩვენი ეკლესია განაპირობებს.

პატრიარქის სამებასაინტერესოა ამ სცენის მხატვრული გადაწყვეტაც – ხალვათი კომპოზიცია, მარტივი ნახატი, სტატისტიკური ფიგურები, ლოკალური ფერების კონტრასტულობა და ხაზგასმული სიბრტყობრიობა, რაც სრულიად დემატერიალიზებულს ხდის მთელ გამოსახულებასაც და მის ცალკეულ დეტალებსაც.

წმ. გიორგის სახე და ფიგურა ისევე, როგორც თეთრი რაში ისეა დაწერილი, რომ მათშიც ფიზიკური სხეული სრულიად უარყოფილია. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ხატზე მხედარი სულიერი სხეულით წარმოგვიდგება და მამის, ძისა და სულიწმიდის მადლით სძლევს სოფლის მაცდუნებელ ბოროტებას.

ამ ხატის თავისებურებაა ისიც, რომ მისი სახისმეტყველების ამოცნობას ვრცელი ასომთავრული წარწერები ეხმარება. ესაა ტექსტები წმიდა წერილიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის მდგომარეობასაც შეესატყვისება და უფლის მხრივ მათი მფარველობისა და შეწევნის აღთქმადაც გვევლინება.

პატრიარქის ხატწერის განხილვისას რამდენიმე სიტყვა მის მიერ ნახატ საერო პორტრეტებზეც უნდა ითქვას. ისინიც ხატების მსგავსია და თან უწმიდესობის ადამიანურ გრძნობებსა და სიყვარულსაც ნათლად გამოხატავს.
ქართლოსის, შიოლა ღუდუშაურისა და დედ-მამის პორტრეტები ამ ჟანრის გამორჩეული ნიმუშებია. და ეს იმიტომ, რომ პატრიარქის ადამიანური განცდაც ჩვეულებრივისაგან განსხვავებული და, რა თქმა უნდა, მასზე აღმატებულია. ეს ცხადად ჩანს მშობლების პორტრეტებში, რომლებშიც ლაკონური და სადა მანერით დიდი დამაჯერებლობითაა გადმოცემული პიროვნული მსგავსებაც, ინდივიდუალური ხასიათიცა და მათდამი მხატვრის დამოკიდებულებაც.

ამ პორტრეტებში პატრიარქის, როგორც ფერმწერის ნიჭიც ვლინდება და ხორციელი ნათესავების მიმართ მისი უდიდესი პატივისცემაც იგრძნობა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • ლაშა says:

    ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი

  • მარინა says:

    ღმერთმა ჯანმრთელად და დიდხანს გვიმყოფოს ჩვენი პატრიარქი და მრავალ ქრისტეშობას დაასწროს უფალმა! უნიჭიერესი ადამიანია… მუსიკა, ფერწერა…ყვავილები კიდევ, ნამდვილი ედემის ბაღი გეგონება…

  • ლასჰა says:

    გმერთმა ჯანმრტელად და ბედნიაერად გვიმყოფოს ჩვენი მწყენსმთავარი ილია მეორე,გვყავს უნიჭიერესი ადამიანი რომელიც ჩემტვის ძალიან მისაბაძია ტავისი გვაწლმოსილი ცხოვრებიტ,ხატწერა კი უდიდესი რამეა ჩემტვისაც და პატრიარქი რომ წერს ხატებს ეს მე ფრო მახალისებს და სტიმულს მაძლევს რომ უკეთ მოვეკიდო ამ დიდსულოვან საქმეს და ასევე ვფიქრობ რომ ახალი ტაობისთვისაც დიდი სტიმულია რომ პატრიარქიც ხატებს წერს.

  • მარინე says:

    ის დიდი სიყვარულიუს მატარებელია და ეს სიყვარული გადმოდის ჩვენზეც,უფალმა ინებოს ჩვენი შეცვლა

  • ანა says:

    ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს ჩვენი პატრიარქი.რომელიც დიდი სიყვარულის მატარებელია და ეს სიყვარულიც გადმოდის ჩვენზეც, უფალმა ინებოს ჩვენი შეცვლა და როგორიც სურს ისეთები ვიყოთ,ამინ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი