კიევის ლავრის მიძინების ტაძარში იმყოფება იგორევის ღვთისმშობლის ხატი. ის იოანე ღვთისმეტყველის ეკვდერში, სამხრეთით, სამეუფო კარის ახლოსაა მოთავსებული.
ამ ხატის წინაშე სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში ლოცულობდა კიევის დიდი მთავარი იგორი, რომელსაც ამ დროისთვის წმიდა თეოდორეს სავანეში უკვე სქემა ჰქონდა შემოსილი. აქვე იყო მაშინ ეს ხატიც. დიდი მთავარი იგორი, სვიატოსლავის შვილიშვილი, ამბოხებულმა კიეველებმა 1147 წლის 19 სექტემბერს მოკლეს და სვიატოსლავ იაროსლავის ძის მიერ დაარსებულ წმიდა სვიმეონის ტაძრაშია დაკრძალული.
იგორევის ხატი ძველი ბერძნული სტილითაა შესრულებული. ვერცხლის მოოქროვილი პერანგითაა შემოსილი, ბოლოში ამოკვეთილია წარწერა, რომლის მიხედვითაც იგი იგორს ეკუთვნოდა. ასევე მოხსენიებულია მისი ტრაგიკული აღსასრულის ამბავი.
იგორევის ხატს განსაკუთრებული მხურვალებით მიმართავენ ისინი, ვისაც უბედურება შეემთხვევა. მის წინაშე ლოცვით მწუხარების შემსუბუქებას ეძებენ.
დიდი მთავარი იგორი (ოლგას ძე) წმიდა მთავრების ბორისისა და გლების მსგავსად მოიხსენიება, როგორც ტანჯვათა დამთმენელი. ხსენება 5 ივნისს აღესრულება. მისი ლოცვითი სიმტკიცის ძეგლად დღემდე შემორჩა ღვთისმშობლის ხატი, რომელსაც მისი სახელის მიხედვით იგორევისა ეწოდება.
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები