მთავარი » ეკლესია-მონასტრები

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია – მესტიის მუნიციპალიტეტი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.02.2022 | 292 ნახვა

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესია — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ იფრარში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 800 მეტრზე, მესტიიდან 39 კილომეტრში, სოფლის განაპირას, გორაკზე.

ეკლესია თარიღდება XI საუკუნით. ნაშენია მოყვითალო შირიმის ქვის კარგად გათლილი ფილების სწორი რიგებით. აღმოსავლეთით ფასადი დარბაზის სივრცისგან გამოყოფილია სამმალიანი კანკელით. გადახურულია ნახევარცილინდრული კამარით. ეკლესია მოუხატავს მეფის მხატვარ თევდორეს (მას მოუხატავს ზემო სვანეთის ოთხი ეკლესია), რომელიც მოხსენიებულია 1096 წლით დათარიღებულ კანკელის ფრესკულ წარწერაში, რომელიც ასე იკითხება:

„სახელითა ღმრთისაითა მოიხატა და შეიმკო წმინდაი ესე ეკლესია (სალოცავად აზნაურთა) ამის ხევისა, ყოველთა დიდთა და მცირეთა, შვილთა და მომავალთა მათთა და სულისა მიცვალებულთა მათისა… მოიხატა 1096 ხელითა თევდორე მეფისა მხატვარისაითა.“

მხატვრობაში სახარების მხოლოდ სამი სცენაა წარმოდგენილი: საუფლო დღესასწაულთა ციკლის დასაწყისი სცენები – ქრისტეს ამქვეყნად მოვლინება, განკაცება (ხარება, შობა) და მისი ღვთაებრიობის გამოცხადება (ნათლისღება).

იფრარის ეკლესია მთავარანგელოზთა სახელობისაა და ამის შესაბამისად მხატვარმა განსაკუთრებული ადგილი დაუთმო მათ გამოსახულებებს. ვედრების სცენაში ორი მთავარანგელოზის ფიგურა სამეფო საზეიმო სამოსშია. კანკელზე გამოსახული არიან წმინდანები: წმინდა დედანი ბარბარე და ეკატერინე, წმინდა სტეფანე დიაკვანი და დიმიტრი, წმინდა კვირიკე და ივლიტა, აგრეთვე ღვთისმშობელი ყრმით და დედამისი, წმინდა ანა. საგულისხმოა წმინდა გიორგისა და წმინდა თევდორეს ცხენოსანი გამოსახულებანი.

ეკლესიის ფასადზე მხატვრობა შემორჩენილი არ არის, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ის უფრო გვიანდელი ხანის ოსტატს აქვს მოხატული.

იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიას 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი