მთავარი » ქრისტიანობა

იესოს მოძღვრება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.08.2011 5 კომენტარი | 3,329 ნახვა

ბევრს იესოს მოძღვრებად ესმის, უწინარესად, მთაზე წარმოთქმული ქადაგება და მისი შემაჯამებელი “ოქროს წესი”- “როგორც თქვენ გსურთ მოგექცნენ კაცნი, თქვენც ასევე მოექეცით მათ”.

სანთელიმაგრამ თავად იესოსათვის, მისი მოწაფეებისა და მსმენელთათვის მისი ქადაგების გულის-გულს წარმოადგენდა იმის განცხადება, რომ “ღვთის სასუფეველი” უკვე მოსულია.

აი, რას გულისხმობს იესოს მოძღვრება:

“ღვთის სასუფეველი” ნიშნავს ადამიანის ცხოვრებაში ღვთის ნამდვილ ბატონ-პატრონობას. სასუფეველი დგება მაშინ, როცა ადამიანები შეიგნებენ, რომ სამყაროს ღმერთი განაგებს. ღვთის სასუფეველი – ეს არის სამყარო, სადაც ღვთის ბრძანება სრულდება.

იმისათვის, რომ ადამიანებს თვალსაჩინოდ განუმარტოს, თუ რას წარმოადგენს ღვთის სასუფეველი, იესო ხშირად იყენებს იგავებს. ღვთის სასუფევლის იდეა ამ წუთისოფლის ღირებულებებს თავდაყირა აყენებს. ნეტარ არიან გლახაკნი, მგლოვარენი და თვინიერნი, ღვთის სასუფეველი მათი კუთვნილებაა. მდიდრებისთვის სიმდიდრე დაბრკოლება გახდა სასუფეველში შესასვლელად.

იესოს ერთი ყველაზე ცნობილი იგავთაგანი მთესველზე:

ნაწილი თესლი გზაზე ცვივა, ნაწილი – ქვებსა და ეკალ-ბარდებში, ხოლო ნაწილიც – ნოყიერ ნიადაგზე და ნაყოფსაც გამოიღებს.

იესოს იგავები გვიჩვენებენ, რომ ღმერთი წუთისოფელში, წყნარად და შეუმჩნევლად მოქმედებს, თითქმის ფარულად, მაგრამ მიუხედავად ამისა, ღვთის სასუფეველი უფრო და უფრო იზრდება და ვრცელდება. ის მდოგვის პაწაწინა მარცვალს გვაგონებს, რომელიც დიდი ხედ გადაიქცევა.

“მთესველი” მიემგზავრება და გზად ყველგან ღვთის მოძღვრებას უქადაგებს ადამიანებს. მრავალი მარცვალი ტყუილად იკარგება. ადამიანებს არ სურთ ჩაწვდნენ იმას, რაც ესმით, რადგანაც სხვა რამის დევნაში მთავარი ავიწყდებათ. მაგრამ ზოგიერთს ესმის ჭეშმარიტი სიტყვა და მათი ცხოვრებაც იცვლება. თესლი ნაყოფს იძლევა.

“მოინანიეთ და ირწმუნეთ” “მოახლოებულია სასუფეველი ღვთისა”, – თქვა იესომ. “მოინანიეთ და ირწმუნეთ სახარებისა”.
თუ ადამიანებმა ნამდვილად მიიღეს ღმერთი, როგორც თავისი ცხოვრების უფალი, მათ უნდა მოინანიონ, სრულებით გარდაიქმნან გულით და ირწმუნონ სახარება.

ღმერთი ყველა მორწმუნეს, ვინც მიატოვა ცხოვრების ძველი წესი და მას შეუდგა, ახალ ცხოვრებას სთავაზობს. ეს გაცილებით ძვირფასია ყოველივე იმაზე, რაც ადამიანს აქვს.

ღვთის სასუფევლის პოვნა, ყანაში დამარხული განძის ტოლფასია. მისი გულისათვის ღირს ადამიანმა ყველაფერი გაყიდოს და ყანა იყიდოს.

იპოვო ცათა სასუფეველი, ნიშნავს უარი თქვა ყველაფერზე, რასაც აქამდე ემყარებოდი და მთლიანად მიენდო ღმერთს. ცათა სასუფეველში შესვლა ნიშნავს შეგრცხვეს შენი ცოდვებისა და მოინანიო ისინი.

მაგრამ ყოველივე ამას შენი საკუთარი ძალებით ვერ მიაღწევ. სინამდვილეში ცოდვილს თავად ღმერთი პოულობს. დაკარგული ცხვრისა და დაკარგული ძის იგავებით იესო გვეუბნება, რა უდიდესი სიხარული ელის იმ კაცს, ვისაც ღმერთი იპოვის.

რას გვასწავლის იესო თავის თავზე…

იესო შეაგონებდა თავის მოწაფეებს, რომ ღმერთისათვის მამა ეწოდებინათ, მაგრამ თავად იესო ღვთის ძე იყო სრულიად უნიკალური თვალსაზრისით. იესოს მოძღვრების ეს მხარე განსაკუთრებით მკაფიოდ არის წარმოდგენილი იოანეს სახარებაში. იესო იმასაც კი ამბობს, “მე და მამა ჩემი ერთი ვართო”.

ამგვარად, ღვთის რწმენა იმავდროულად, იესოს რწმენასაც ნიშნავს. მაგრამ იგი თავის თავს ღმერთზე წინ არასოდეს აყენებს. ის ღმერთთან მიმავალი გზაა. იესო მხოლოდ იმას ლაპარაკობს, რაც მას მამამ უბრძანა. ის არის “პური” ცხოვრებისა, რომელიც მამამ გამოგვიგზავნა ციდან.

გზა “მარადიული ცხოვრებისაკენ” – იმ ცხოვრებისაკენ, რომლითაც ცხოვრობს ღმერთი და რომლელიც მასთან ერთად ადამიანებმაც შეიძლება გაიზიარონ, – ეს სასოება იესო ქრისტეზე, ღვთის ძეზეა დამყარებული. მას გადაჰყავს ადამიანი “სიკვდილიდან” “სიცოცხლეში”.

სიხარული

სიხარულის მოტივი იესოს მოძღვრებას თავიდან ბოლომდე გასდევს. ღვთის სასუფეველი ათავისუფლებს ადამიანებს და საშუალებას აძლევს მათ იცხოვრონ სავსე ცხოვრებით. იესო ასწავლის თავის მოწაფეებს, რომ მათ თვით მარხვაც დღესასწაულად უნდა აქციონ და არა პირიქით – დაღვრემილებმა იარონ მარხვის დღეებში.

ებრაულთა რელიგიური წინამძღოლები , პირიქით, თვლიდნენ, რომ ქველის მოქმედება და რჯულის აღსრულება მკაცრი და ხშირ შემთხვევაში უსიამოვნო მოვალეობაა. მათ აშფოთებდათ იესოს მხიარულება, აღიზიანებდათ იერუსალიმელი ხალხი, რომელიც მაცხოვარს მხიარული შეძახილებით ხვდებოდა. მათ ისე ეჭირათ თავი, როგორც გულქვა უფროს ძმას დაკარგული ძმის იგავიდან. მაგრამ მამა მას ეუბნება: “ვჭამოთ და ვიმხიარულოთ, რადგან ეს ჩემი ძე მკვდარი იყო და გაცოცხლდა, დაკარგული იყო და გამოჩნდა”.

თავად ღმერთი გახარებულია ყოველი მასთან მიბრუნებული ადამიანის, “მონანიე ცოდვილის” გამო.

“ნეტარებანი”

მათ, ვინც თავის სულიერ სიღატაკეს აღიარებს, ვინც ამა თუ იმ სახით უქონელი და დამცირებულია, – სულით გლახაკნი, მგლოვიარენი, თვინიერნი, სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი, მოწყალენი, გულით წმიდანი, სიმართლისათვის დევნილნი და ა.შ. – იესო აუწყებს, რომ სწორედ ისინი იქნებიან საბოლოოდ ბედნიერნი, ისინი დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ამ ქვეყნიდან მათ არაფერი გააჩნიათ, მაგრამ ღვთისაგან მიიღებენ ყოველივეს.

“სიმართლისათვის მშიერ-მწყურვალნი” – ეს ის ხალხია, ვისაც უდიდესი სურვილი აქვს, რომ აღსრულდეს ღვთის მცნებები, ვისი გულისთქმაც მთლიანად ღვთისკენაა მიპყრობილი.

“მოწყალენი” სხვა ადამიანებს ისე ექცევიან, როგორც ღმერთი ექცევა მათ.

“სიმართლისათვის დევნილნი” ღვთის სიყვარულისათვის თვით ადამიანთა შორის ცხოვრების უფლებასაც კარგავენ.
მაგრამ მხოლოდ ასეთ ადამიანებს ეკუთვნით ღვთის სასუფეველი. სწორედ მათ დააჯილდოვებს ღმერთი იმ ნაკლულოვანებისათვის, რომელსაც ისინი ახლა განიცდიან. სწორედ ისინი იმსახურებენ მაცხოვრის ქება-დიდებას. ამიტომაა, რომ მცნებები ნეტარებათა შესახებ თავდაყირა აყენებს ამქვეყნიურ წარმოდგენებს ბედნიერების შესახებ.
იმავდროულად, ეს მცნებები იმ ნორმებსაც აყალიბებენ, რომელსაც უნდა მისდიონ მაცხოვრის მოწაფეებმა.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

  • თათია says:

    ღმერთმა დაიფაროს სრულიად საქართველო.

  • ლაშა says:

    საოცარი რელიგიაა მართმადიდებლობა,მართლაც რომ სიყვარულის რელიგიაა,ჩემთვის ეკლესიური სწავლების თითოეული სიტყვა ყველა მატერიალურ სიმდიდრეზე ძვირფასია

  • ლია says:

    kargi statia.ghmertma hqnas da yvelani sheicvalnen,ai mashin ayvavdeboda saqartvelo.marto eklesiashi siaruli ar aris unda shinaganadac sheicvalo.tu ar icvlebi shinaganad tyuilad dadixar eklesiashi. “moaxloebulia sasufeveli cisa”,netarni arian visac sheedzlebat shesvla.

  • ნუცი says:

    დიდება შენდა უფალო.. ერთადერთი სარწმუნოება სადაც თავმოყრილია : სათნოება,შემწყნარებლობა, სიყვარული, მიმტევებლობა და კიდევ რამდენს მოთვლის კაცი…
    ორად ორი რამ მაქვს საამაყო.. მეამაყება ის რომ პირველ რიგში ქართველი ვარ და თან მართლმადიდებელი…
    და აი კიდევ რა, მეამაყებით ყველა ასე გულ-ანთებულნი რომ ხართ, ღვთის მადლი და წყალობა ნუ მოგკლებოდეთ…

  • მანანა says:

    მადლობა უფალს, ერთხმად ვითხოვოთ, სულიერი თვალი აგვხელოდეს და სული წმინდის მადლის მომხვეჭელნი გაგვხადოს უფალმა!…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.