მთავარი » ქრისტიანობა

იესოს ლოცვა – “მოუკლებელად ილოცევდით”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 26.06.2020 | 998 ნახვა

„მოუკლებელად ილოცევდით“
(1 თეს. 5, 17)

იყვნენ და არიან კიდეც ისეთი მლოცველები, ერთ მოკლე ლოცვას რომ შეიყვარებენ და განუწყვეტლივ იმეორებენ. წმინდა იოანე კასიანე (†435 წ.) ამბობს, რომ მის დროს ეგვიპტეში ჩვეულებრივ ყველა იმეორებდა 69-ე ფსალმუნის სიტყვებს: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ (მე-2 მუხლი). წმინდა იოანიკეს (†846 წ.) შესახებ კი წერენ, რომ ის მუდმივად იმეორებდა ამგვარ ლოცვას: „სასოებად ჩემდა მამა, შესავედრებლად ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სულიწმიდა“. ამავე ლოცვას ურთავდა ის თავისი ლოცვითი კანონის – 30 ფსალმუნის თითოეულ ტაეპსაც. სხვა მოუკლებლად ლოცულობდა ამ სიტყვებით: „მე, როგორც კაცმა, შეგცოდე, შენ, როგორც ღმერთმა, შემიწყალე“. სხვა განსხვავებულ ლოცვას ირჩევდა. „იესოს ლოცვასაც“ („უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ) უძველესი დროიდან აღავლენდნენ. ამის შესახებ აღნიშნავენ წმინდა ეფრემ ასური, წმინდა იოანე ოქროპირი, წმინდა ისააკ ასური, წმინდა ისიქი, წმინდა ბარსანუფი და იოანე, წმინდა იოანე კიბისაღმწერელი. შემდგომში ეს ლოცვა ფართოდ გავრცელდა და საეკლესიო წესდებაშიც დამკვიდრდა, რომლის მიხედვითაც „იესოს ლოცვას“ ყველა საშინაო ლოცვისა და საეკლესიო მსახურების ნაცვლად აღასრულებდნენ. ასე რომ, მოკლე ლოცვებიდან უპირატესად ეს ლოცვაა დამკვიდრებული. იგი შეიძლება უფრო მოკლედაც ითქვას: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე, ცოდვილი“ ან „უფალო, შემიწყალე მე, ცოდვილი.

როგორ უნდა იქცეს „იესოს ლოცვა“ განუწყვეტელ ლოცვად? როგორ მოვახერხოთ ეს? პირველად იმით ვიწყებთ, რომ გამუდმებით ვიმეორებთ ამ ლოცვის სიტყვებს: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“. ასეთ დროს ლოცვა ჩვეულებრივ ან დაბალ ხმაზე ან გონებაში შეიძლება წარმოვთქვათ. მალე მივხვდებით, რომ ეს არც ისე იოლი ყოფილა. ეს საქმე დიდ გულმოდგინებას მოითხოვს. კარგი იქნება, დღის გარკვეული დრო საკუთრივ „იესოს ლოცვას“ თუ დაეთმობა. იგი შეიძლება ჩავრთოთ დილა-საღამოს ლოცვებშიც. მაგალითად, თუკი ლოცვების წაკითხვამდე და წაკითხვის შემდეგ ვიტყვით რამდენიმე წუთის განმავლობაში ამ ლოცვას.
თუ ჩავრთავთ „იესოს ლოცვას“ ჩვენი ლოცვის წესში, შევამჩნევთ: მისი წარმოთქმისას ისე არ ჭირს გონების მოკრება, როგორც სხვა ლოცვების წაკითხვისას. ამ ლოცვის, და საერთოდ, ყველა მოკლე ლოცვის უპირატესობა ისაა, ხანგრძლივ მრავალსიტყვიან ლოცვასთან შედარებით, რომ ერთი სულის მოთქმით ამოდის გულიდან და ამიტომაც ადვილია ყურადღების მოკრება. უფრო მეტიც, ამ ლოცვის წარმოთქმა გვიადვილებს გულისყურის გამახვილებას სხვა ლოცვების თქმის დროს.

„იესოს ლოცვა“ სრულყოფილი ლოცვაა, რადგან შეიცავს ჩვენი ხსნის ძირითად ჭეშმარიტებას. მისი წარმოთქმისას ვაღიარებთ, რომ გვწამს განკაცება მაცხოვრისა და წმინდა ერთარსი სამება. სიტყვებით: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო“, – ვაღიარებთ მაცხოვრის ღვთაებრივსა და კაცობრივ ბუნებას. „იესო“ მას დაერქვა, როგორც ადამიანს, ხოლო სიტყვებს „უფალო“ და
„ძე ღმრთისა“ ვუწოდებთ მას, როგორც ღმერთს. მეორე ჭეშმარიტებასაც (იმას, რომ გვწამს წმინდა სამება) შეიცავს „იესოს ლოცვა“, რაკი მას მივმართავთ, როგორც ძე ღვთისას, ვახსენებთ მამა ღმერთს და ე.ი. სულიწმიდასაც. გაიხსენეთ, რას ბრძანებს მოციქული: „…გაუწყებ თქუენ, რამეთუ… არავის ჴეეწიფების თქუმად უფალი იესუ, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ. 12, 3).

ამ ლოცვას სრულყოფილი კიდევ იმიტომაც ეწოდება, რომ იგი შეიცავს ქრისტიანული ლოცვის ორ, ძირითადსა და უმნიშვნელოვანეს ასპექტს: როცა ვამბობთ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო“ – ამ სიტყვებით ვადიდებთ, თაყვანისვცემთ და აღვამაღლებთ ღმერთს, რის შემდეგაც „სული შემუსრვილი და დამდაბლებული“ სინანულით ამბობს: „შემიწყალე მე, ცოდვილი“. გარდა სინანულისა, ეს ლოცვა იმის იმედსაც შეიცავს, რომ შეგვიწყალებს მაცხოვარი. „იესოს ლოცვაში“ თითქოს სუნთქავს მოციქულის რწმენა, რომელიც მტკიცედ ამბობს:

„და ვინ არს დამსჯელ? ქრისტე იესუ, რომელი მოკუდა, უფროჲსღა აღდგა; რომელი-იგი არს მარჯუენით ღმრთისა, რომელიცა-იგი მეოხ არს ჩუენთჳს“ (რომ. 8, 34). ამასთან, „იესოს ლოცვის“ უპირატესობა ისიცაა, რომ იგი არაა განკუთვნილი დღის რომელიმე მონაკვეთისათვის ან რაღაც საგანგებო შემთხვევისათვის: „მუშაობისას, დასვენებისას, შინ თუ გარეთ, მარტო იქნები თუ სხვებთან ერთად, გულსა და გონებაში იმეორე ტკბილი სახელი უფლისა იესო ქრისტესი:

„უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.
მაგრამ ვის შეუძლია ეს? შესაძლებელია კი, საერთოდ, ამ მითითების შესრულება პრაქტიკულად?

გასაგებია, რომ მონასტრის მკვიდრთ უფრო გაუადვილდებათ განუწყვეტელი ლოცვის სწავლა: მათი ცხოვრების წესი საუკეთესო გარემოა შინაგანი ლოცვისათვის. მაგრამ ჩვეულებრივმა, ერში მცხოვრებმა ქრისტიანმა რა ქნას,

როგორ დაეუფლოს ამ საქმეს? მოდით, დავფიქრდეთ, ნუთუ ნამდვილად არა გვაქვს დრო და შესაძლებლობა „იესოს ლოცვის“ სათქმელად?

რამდენ რამეს ვაკეთებთ ისე, ჩვევის გამო, მექანიკურად: ვიბანთ, ვიცვამთ, ვჭამთ და ა.შ. ამ დროს ხომ სრულიად თავისუფალია აზრი, გონება. რა გვიშლის ხელს, რომ ვიმეოროთ „იესოს ლოცვის“ სიტყვები, ვივარჯიშოთ? ძალიან მნიშვნელოვანია, გაღვიძებისთანავე გავიხსენოთ, რომ არსებობს ყოვლისმპყრობელი და გულთამხილავი ღმერთი და მაშინვე ვთქვათ: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე, ცოდვილი“.

სამსახურში მისვლამდე, მით უმეტეს, თუ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, ეს დროც ხომ შეიძლება გამოვიყენოთ ლოცვისთვის?

თვითონ სამუშაოც ხანდახან ისეთი მექანიკურია, რომ ხელები თავისას აკეთებენ, გონება კი თავისუფალია. ხელებმა თავისი საკეთებელი ჰქნან, ხოლო გული და გონება იესო ქრისტესთან იყოს. ეს დროც ლოცვისათვის გამოვიყენოთ. და თუკი შევძლებთ ამას, ერთფეროვანი, მოსაწყენი საქმეც საინტერესო და სასიამოვნო იქნება. იმის დარდი არ უნდა გვქონდეს, რომ ვილოცებთ და საკეთებელს თავს ვერ გავართმევთ – ღმერთი შეგვაძლებინებს მოვალეობის აღსრულებას.

მაგრამ ვთქვათ, ისეთი სამუშაო გვაქვს, რომელიც გულისყურსაც მოითხოვს და გონების მოკრებასაც. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში არ მოხერხდება ლოცვა. თუმცა, აქაც გვეძლევა ლოცვის საშუალება და აი, როგორ: დაძაბული, გონებისმიერი საქმის დროს აუცილებელია შესვენება, თუნდაც რამოდენიმე წუთით. ეს მცირეოდენი დრო ლოცვას უნდა დაეთმოს და მუშაობის გაგრძელებისას უსათუოდ გაგვყვება ღმერთის ხსოვნა, რაც თავისთავად ლოცვის ტოლფასია.

რასაკვირველია, ამგვარი რამ მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუკი დაწყნარებული, მშვიდი სამუშაო გვაქვს. მაგრამ როცა საქმეს უამრავი შფოთი და საზრუნავი ახლავს თან, მაშინ რა ვქნათ? მოდით, დავფიქრდეთ, რა ხდება, რატომ ტანჯავს სულს ზოგჯერ საზრუნავ-საფიქრალი, რატომ გვეკარგება სიმშვიდე, მოსვენება? ნაწილობრივ იმიტომ ხომ არა, რომ ზოგჯერ ამ საქმეებისავე ტყვეობაში ვექცევით. და თანაც ისე, რომ გონების მოკრებასაც ვეღარ ვახერხებთ ხოლმე. თუ როგორმე გამოვიმუშავებთ რეგულარული ლოცვის ჩვევას, თუ დავეუფლებით „იესოს ლოცვას“, უკეთ შევძლებთ საზრუნავ-საკეთებლებში გარკვევას, დაფიქრებას, გრძნობა-გონების მართვას. პრობლემები და საქმეები, ცხადია, არც მაშინ დაილევა (თუკი ლოცვას დავეუფლებით), მაგრამ იმდენს მაინც მივხვდებით, თუ რისი ძალა-უნარი შეგვწევს და ამის მერე მოვეკიდებით საქმეს. იქნებ ამგვარად აგვცდეს ისეთი სერიოზული ფსიქიკური და სულიერი ტრავმა, როგორიცაა ე.წ. სტრესი, რომელიც ხშირად იმიტომ გვემართება, რომ ზოგჯერ ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებზე აღმატებულ საქმეს დამხმარის გარეშე ვეჭიდებით. საქმე კი, რომელიც სცილდება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებს, უსათუოდ ააფორიაქებს, გააწვალებს სულს.

ნუ დაგვავიწყდება სახარების სიტყვები: „…რაჲ სარგებელ ეყოს კაცსა, უკუეთუ სოფელი ყოველი შეიძინოს და სული თჳსი იზღვიოს? ანუ რაჲ მისცეს კაცმან ნაცვალად სულისა თჳსისა?“ (მათ. 16, 26).

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი