მთავარი » ჯანმრთელობა

ჰიპერტენზია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.07.2012 11 კომენტარი | 17,626 ნახვა

არტერიული ჰიპერტენზია არის დაავადება, რომლის დროსაც ადგილი აქვს სისხლის წნევის მომატებას რამდენიმე ათეულით წნევის ნორმალური მაჩვენებლიდან.

წნევის აპარატი წნევა მთელ მსოფლიოში 1 მილიარდამდე ადამიანს აღენიშნება. ავადმყოფობით გამოწვეული გლობალური ხარჯის 4.5% სწორედ ამ დაავადებაზე მოდის. რა სიმპტომები ახასიათებს ჰიპერტენზიას და როგორ მკურნალობენ მას? ამ თემებზე “ამბიონს” კარდიოლოგიური კლინიკა “გული”-ის ექიმი–კარდიოლოგი თეა თოდუა ესაუბრება:

– როგორ ვითარდება ჰიპერტენზია, რა სიმპტომები ახასიათებს მას და რა იწვევს ჰიპერტონიის განვითარებას?

არტერიული ჰიპერტენზია საწყის ეტაპზე, ხანგრძლივი დროის მანძილზე, შესაძლოა ჩივილებისა და ყოველგვარი გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობდეს. დაავადების პირველმა ნიშნებმა შესაძლოა თავი იჩინოს გართულებების განვითარების შემდეგ. ჰიპერტენზიას რაიმე სპეციფიური ჩივილი არ ახასიათებს. იგი ხშირად წნევის შემთხვევითი გასინჯვისას ვლინდება და შესაძლოა ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ადვილად დაღლა. როდესაც წნევა ხშირად მატულობს და მაღალ ციფრებს აღწევს, ადამიანს უვითარდება ქოშინი, ჰაერის უკმარისობა, გულის ფრიალი ფიზიკური დატვირთვის დროს, ტკივილი გულის არეში, ზოგჯერ, ცხვირიდან სისხლდენა, პულსაციის შეგრძნება კეფის მიდამოში, კანის სიწითლე.

– ვის ემუქრება ჰიპერტენზია, ვინ განეკუთვნება ე.წ. რისკ ჯგუფებს?

არტერიული ჰიპერტენზიის გამომწვევი მიზეზები უცნობია, თუმცა დადგენილია ის რისკ–ფაქტორები, რომელთა არსებობა ხელს უწყობს ამ დაავადების განვითარებას. ეს ფაქტორებია:
1. მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა,
2. ფიზიკური აქტივობის შეზღუდვა (ჰიპოდინამია),
3. სიმსუქნე,
4. სუფრის მარილის ჭარბი მოხმარება,
5. ჰიპერლიპიდემია,
6. ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება,
7. თამბაქოს მოწევა,
8. ასაკი >60 წელზე.
ჰიპერტონიით დაავადებულ პაციენტთა 90%–ს აქვს ესენციური არტერიული ჰიპერტენზია, ყველა დანარჩენს – მეორადი, ანუ სიმპტომური ჰიპერტენზია, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დაავადებას და განიხილება, როგორც სხვა პათოლოგიების გამოვლინება.

– როგორ გამოიყურება საქართველოში სტატისტიკა ჰიპერტენზიის გავრცელების კუთხით?

სტატისტიკურად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევების მონაცემებით, არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს ყველაზე მეტად გავრცელებულ დაავადებას ქართულ პოპულაციაში. 2002 წლის მონაცემებით, საქართველოში არტერიული ჰიპერტონიით დაავადებულთა ხვედრითი წილი, სიკვდილობის მიზეზთა შორის, 48,8%–ია. ბოლო წლებში, საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული კვლევების საფუძველზე, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით არტერიული ჰიპერტონია აღენიშნება 600000 პირზე მეტს.

პროფილაქტიკა
1. არტერიული ჰიპერტენზიის პროფილაქტიკა გულისხმობს:
1. წონის კონტროლს,
2. რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას (მაგ.: 30–40წთ. სიარული, ან ძუნძულით სიარული კვირაში 3–5–ჯერ),
3. ალკოჰოლის მიღების შეზღუდვას,
4. სუფრის მარილის მოხმარების შეზღუდვას,
5. თამბაქოს მოწევის შეწყვეტას.

პროფილაქტიკური ღონისძიებები დაავადების საწყის ეტაპზე, პრაქტიკულად, წარმოადგენს არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობასაც. თუ აღნიშნული ფაქტორების დაცვა და განხორციელება უშედეგოა, არტერიული წნევის ციფრების დასარეგულირებლად საჭიროა დაიწყოს მედიკამენტური მკურნალობა.

არტერიული ჰიპერტენზიის სამკურნალოდ არსებული მედიკამენტების არჩევანი საკმაოდ დიდია, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი სწორად შერჩევა ყველა კონკრეტულ შემთხვევაში.

მკურნალობის მნიშვნელოვანი პრინციპია წამლის ხანგრძლივი და შეუწყვეტელი მიღება მინიმალური, ეფექტური დოზით. შემდეგ ექიმი თანდათანობით ზრდის წამლის დოზას. ამ დროს შესაძლოა გახანგრძლივდეს წნევის ნორმალიზაციის პროცესი.
გასათვალისწინებელია, რომ მკურნალობის შედეგად პაციენტი არ იკურნება. ხდება არტერიული წნევის მაჩვენებლების “შებოჭვა” სამიზნე ნორმამდე (120/80მმ.ვწყ.სვ.).

მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა იწყება ერთი პრეპარატის დანიშვნით, ძირითადად შარდმდენებით, საშუალო და მძიმე ფორმის შემთხვევაში – ორი, ან მეტი პრეპარატის კომბინაციით. არაეფექტურობის დროს ზრდიან დოზებს.
დაუშვებელია დანიშნული წამლის არარეგულარული მიღება, მხოლოდ წნევის მომატების დროს. ასეთმა მიდგომამ შეიძლება გამოიწვიოს გართულებები. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პაციენტს მაღალი წნევა არ აწუხებს და თავს კარგად გრძნობს, წამალი მცირე დოზით მაინც უნდა მიიღოს. შესაძლებელია, ზაფხულის პერიოდში, საჭირო გახდეს წამლის დოზის შემცირება იმის გამო, რომ თბილ ამინდში სისხლძარღვები თავისთავად ფართოვდება და წნევაც იკლებს.

მათთვის, ვისაც წნევა 160/100მმ.ვწყ.სვ. აქვს, მკურნალობა აუცილებელია. მართალია, ზოგიერთი 240მმ.ვწყ.სვ–ზეც არაფერს უჩივის, მაგრამ ასეთი მდგომარეობა უფრო საშიშია: გართულებები მალევე იჩენს თავს.

ხშირად წნევის დაქვეითება მკურნალობის ფონზე იწვევს სისუსტეს, შრომის უნარის დაქვეითებას, ძილიანობას, თუმცა ასეთი დისკომფორტი დაახლოებით 10 დღეში გაივლის.

არტერიული ჰიპერტენზიისთვის ზოგჯერ დამახასიათებელია წნევის უეცარი, მკვეთრი მომატება ხანმოკლე ვადით – ჰიპერტონული კრიზი, რომლის დროსაც საჭირო ხდება სასწრაფო ჩარევა. არტერიული წნევა უნდა დაქვეითდეს თანდათანობით, ვინაიდან წნევის სწრაფმა დაწევამ შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტვინის, გულისა და თირკმლების სისხლმომარაგების დარღვევა. გასათვალისწინებელია, რომ დაბალი წნევის მქონე პირებს კრიზი ემართებათ 130–140 მმვწყსვ–ზე. ამდენად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რამდენია ადამიანის წნევის საწყისი მაჩვენებელი.

არტერიული ჰიპერტენზია წარმოადგენს გულის, თავის ტვინისა და თირკმლების სისხლძარღვოვანი დაავადებების განვითარების უმთავრეს რისკ–ფაქტორს ორივე სქესის, სხვადასხვა ასაკისა და რასობრივი ჯგუფებისათვის. დადასტურებულია, რომ არტერიული წნევის ადექვატური კონტროლი მნიშვნელოვნად ამცირებს თავის ტვინის ინსულტისა და გულის კორონარული დაავადების განვითარებას. ამიტომ აუცილებელია პროფილაქტიკური რეკომენდაციების გათვალისწინება და დანიშნული მედიკამენტების მიღება შეუწყვეტლივ.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

11 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"სიყვარული გამოულეველი საუნჯეა, ვინც ამ საუნჯეს ფლობს, მდიდარია, ვინც არა - ღარიბი,"- წმ. იოანე ოქროპირი.