მთავარი » ჯანმრთელობა

როგორ დავიცვათ თავი B და C ჰეპატიტისგან?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.08.2011 36 კომენტარი | 64,160 ნახვა

ჰეპატიტი ერთ-ერთი ყველაზე საშიში და გავრცელებული ინფექციური დაავადებაა მსოფლიოში. სამედიცინო ექსპერტთა გამოკვლევებით, სხვადასხვა ჯგუფის ჰეპატიტებით დედამიწის მოსახლეობის თითქმის მესამედია ინფიცირებული. ამ დაავადებით ან მისი გართულებებით ყოველწლიურად 2 მლნ-მდე ადამიანი იღუპება. მათ შორის ყველაზე მძიმე C და B ჰეპატიტებია. თავისი მასშტაბურობით ჰეპატიტი მთელი მსოფლიოს პრობლემად არის ქცეული.

ჰეპატიტიპირდაპირი მნიშვნელობით, ჰეპატიტი ღვიძლის ანთებას ნიშნავს. იგი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან “ჰეპარ”, რაც ნიშნავს ღვიძლს და სუფიქსისგან – “იტის” – ანთება.

ჰეპატიტებზე დაწვრილებით “ამბიონი” ინფექციურ სნეულებათა ექიმს ეკატერინა დოლმაზაშვილს ესაუბრა.

როგორი დაავადებაა ჰეპატიტი?

ამ დაავადებას აქვს მწვავე ფორმა, რომელიც შეიძლება იყოს თვითგანკურნებადი და ქრონიკული ფორმა, რომლის შედეგადაც შესაძლოა განვითარდეს ღვიძლის ფიბროზი და ციროზი.

ჰეპატიტის რა სახეები არსებობს?

გამომწვევი მიზეზის მიხედვით, არსებობს ჰეპატიტის შემდეგი სახეები: 1. ჰეპატიტის სპეციფიკური ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტები: A, B, C, D, E ჰეპატიტი; 2. სხვა ვირუსებით გამოწვეული ჰეპატიტები: ეპშტეინ ბარის ვირუსით, ციტომეგალოვირუსით, მარტივი ჰერპესის ვირუსით და სხვ.; 3. აუტოიმუნური ჰეპატიტი; 4. ალკოჰოლური ჰეპატიტი; 5. არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტი; 6. ტოქსიური ჰეპატიტი და ა. შ.

ყველაზე მეტად რა სახის ჰეპატიტია გავრცელებული მსოფლიოსა და საქართველოში?

მსოფლიოსა და საქართველოშიც ყველაზე გავრცელებულია B და C ჰეპატიტები. მსოფლიოში C ჰეპატიტის ვირუსით (HCV) ინფიცირებულია დაახლოებით 200 მილიონი, ხოლო B ჰეპატიტის ვირუსით (HBV) – 350 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ჩატარებული ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემებით, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულია მოზრდილი მოსახლეობის 6.7%, ქრონიკული B ჰეპატიტის გავრცელება კი – 1.4%-ია.

B და C ჰეპატიტების პრევალენტობა გაცილებით მაღალია რისკ-ჯგუფებში. მაგალითად, ჩვენს ქვეყანაში ნარკოტიკების ინიექციური გზით მომხმარებლებში HCV-ს გავრცელება 68%-ს შეადგენს.

რაც შეეხება A ჰეპატიტს, რომელიც მოსახლეობაში “ბოტკინის” დაავადების სახელით უფროა ცნობილი, იგი, როგორც წესი, სრული გამოჯანმრთელებით მთავრდება; ამიტომ ქრონიკული A ჰეპატიტი პრაქტიკულად არ გვხვდება.

რა გზებით გადაეცემა B და C ჰეპატიტი?

B და C ჰეპატიტის ვირუსები ვირუსით ინფიცირებული სისხლის ან მისი ცალკეული კომპონენტების გადასხმით გადაეცემა ინფიცირებული სისხლით დაბინძურებული შპრიცის, ნემსისა და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებით, ვირუსით ინფიცირებული დონორების ორგანოთა და ქსოვილთა ტრანსპლანტაციით, სისხლთან პროფესიული კონტაქტისას. ასევე გადადის სქესობრივი კავშირითა და დაავადებული დედიდან ნაყოფზე ორსულობისა და მშობიარობის დროს.

ამ ვირუსების გადაცემის პოტენციური წყაროა აგრეთვე პირსინგი და ტატუირება ინფიცირებული ხელსაწყოების და/ან ინსტრუმენტების გამოყენებისას; გადაცემის დამატებითი რისკ-ფაქტორი შესაძლოა იყოს ის საყოფაცხოვრებო ნივთებიც, რომელთა სისხლით დაბინძურების ალბათობა არსებობს. მაგ.: სამართებელი, კბილის ჯაგრისი და სხვ.

განსხვავებით B და C ჰეპატიტის ვირუსებისგან, A და E ჰეპატიტის ვირუსების გადაცემის გზა ფეკალურ-ორალურია.

როგორ ხდება B და C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა?

B და C ჰეპატიტის სადიაგნოსტიკოდ გამოიყენება სისხლის შრატში B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენისა (HBsAg) და C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულების განსაზღვრა.

ეს მეთოდები იყოფა პირველად, ანუ სკრინინგულ და დამადასტურებელ, ანუ კონფირმაციულ მეთოდებად. სკრინინგულ მეთოდებს მიუკუთვნება სწრაფი/მარტივი და იმუნოფერმენტული ანალიზი.

დამადასტურებელი, ანუ კონფირმაციული მეთოდია ე.წ. იმუნობლოტინგის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს ანტისხეულები ჩ ჰეპატიტის ვირუსის ცალკეული ანტიგენების მიმართ.

სადღეისოდ ყველაზე მაღალი სიზუსტითა და მგრძნობელობით გამოირჩევა პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდით (პჯრ) სისხლში ვირუსის გენეტიკური მასალის (რნმ-ის ან დნმ-ის) გამოსავლენი მეთოდი, რომელიც, თავის მხრივ, შესაძლოა იყოს თვისობრივი ან რაოდენობრივი.

ბოლო დროს HCV რნმ-ის და HBV დნმ-ის რაოდენობრივი განსაზღვრისთვის დიდი წარმატებით გამოიყენება ე.წ. რეალური დროის (მყისიერი) პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის მეთოდი (Real time-PCR), რომელიც ტრადიციულ პჯრ მეთოდთან შედარებით ხასიათდება გაცილებით უფრო მაღალი მგრძნობელობით, დეტექციის დაბალი ზღვრითა და რნმ/დნმ–ის რაოდენობრივი განსაზღვრის ძალზე დიდი დიაპაზონით.

დაავადების სწორი მენეჯმენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა. არსებობს HCV-ს 6 გენოტიპი. მათგან საქართველოში პირველი სამი გვხვდება. არსებული მონაცემებით, HCV გენოტიპსა და დაავადების ბუნებრივ მიმდინარეობას, მაგალითად, დაავადების სიმძიმეს შორის კავშირი არ არსებობს. სამაგიეროდ, მჭიდრო კავშირია HCV გენოტიპსა და მკურნალობის ეფექტურობას შორის.

აშშ-ში, ევროპის ქვეყნებსა და ჩვენს ქვეყანაში ჭარბობს HCV 1 გენოტიპი.
C ჰეპატიტის ვირუსთან შედარებით ნაკლები, მაგრამ მნიშვნელოვანი ღირებულება გააჩნია ასევე B ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპის განსაზღვრას. დღეისათვის აღმოჩენილია HBV 8 გენოტიპი: A, B, C, D, E, F, G და H.

C ჰეპატიტის დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვანი სიახლეა ე.წ. ინტერლეიკინ 28B-ს გენეტიკური პოლიმორფიზმის (გენოტიპის) განსაზღვრა, რაც, განსაკუთრებით HCV 1 გენოტიპით პაციენტებში, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ანტივირუსული მკურნალობის გამოსავალს.

შესაძლებელია თუ არა B და C ჰეპატიტისგან განკურნება, ან მისი პროგრესირების შეჩერება?

C ჰეპატიტიდღეისათვის C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის მიზანია ვირუსის სრული ერადიკაცია, დაავადების პროგრესირების შეჩერება და მოსალოდნელი გართულებების (ღვიძლის ციროზი, ღვიძლის პირველადი კიბო, ღვიძლის უკმარისობა) თავიდან აცილება. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ანტივირუსული მკურნალობის შედეგი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული HCV გენოტიპზე. მაგალითად, HCV 1 გენოტიპით ავადმყოფები ცუდად პასუხობენ ინტერფერონთერაპიას (სრული განკურნების ალბათობა დაახლოებით 40-45%-ია) და ესაჭიროებათ მკურნალობის ხანგრძლივი კურსი (48-72 კვირა) მაშინ, როდესაც HCV 2 და 3 გენოტიპით ავადმყოფებში მკურნალობის ეფექტურობა მნიშვნელოვნად მაღალია და, ამასთან, ეს ავადმყოფები მკურნალობის გაცილებით ნაკლები ხანგრძლივობის კურსს საჭიროებენ.

C ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობა შედეგიანად ითვლება, თუ ანტივირუსული თერაპიის დასრულებიდან 24 კვირის შემდეგ სისხლში HCV რნმ პჯრ მეთოდით რჩება არაგანსაზღვრადი. აღნიშნულს “მყარი ვირუსული პასუხი” ჰქვია და ის, პრაქტიკულად, სრული განკურნების ტოლფასია.

რაც შეეხება B ჰეპატიტს, C ჰეპატიტისგან განსხვავებით, სადღეისოდ არსებული ანტივირუსული მკურნალობით უმრავლეს შემთხვევაში ვირუსის სრული ერადიკაცია შეუძლებელია, მაგრამ სავსებით რეალურია დაავადების მიმდინარეობის წარმატებით მართვა.

ანტი-HBV თერაპიის მიზანია სისხლში HBV დნმ-ის არაგანსაზღვრადი კონცენტრაციის მიღწევა (ვირუსოლოგიური პასუხი), ანთებითი აქტივობის შემცირება, დაავადების პროგრესირების შეჩერება და მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილება. სისხლის შრატში HBsAg-ის გაქრობა მისი საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარებით B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მკურნალობის ყველაზე სასურველი, მაგრამ ძალზედ იშვიათი შედეგია.

რა სამკურნალო საშუალებები არსებობს B და C ჰეპატიტის წინააღმდეგ საბრძოლველად?

C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება ალფა ინტერფერონის პრეპარატები: როგორც სტანდარტული, ანუ არამოდიფიცირებული, ასევე პეგილირებული, ანუ მოდიფიცირებული ინტერფერონი რიბავირინთან კომბინაციაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა და განკურნების ალბათობა დამოკიდებულია HCV გენოტიპზე. მაგალითად, HCV 1 გენოტიპით პაციენტებში ანტივირუსული მკურნალობის ხანგრძლივობა 48-72 კვირაა, ხოლო სრული განკურნების ალბათობა საშუალოდ 40-45%-ია მაშინ, როდესაც HCV 2 და 3 გენოტიპით პაციენტებში ანტივირუსული მკურნალობა ძირითადად 24 კვირა გრძელდება, ხოლო სრული განკურნების ალბათობა 70-80%-ს აღწევს.

რამდენადაც დღევანდელი მკურნალობა ყოველთვის არ იძლევა სრული განკურნების გარანტიას, ამიტომ მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ინტენსიური კვლევები ახალი უფრო ეფექტური მედიკამენტების შესაქმნელად. მაგალითად, უახლოეს პერიოდში C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების არსენალს დაემატება 2 ახალი მედიკამენტი: ბოცეპრევირი (Victrelis) და ტელაპრევირი (Incivek), რომელთა კვლევა უკვე დასრულებულია და პრეპარატები ევროპის კომისიისა და ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ უკვე რეკომენდებულია C ჰეპატიტის სამკურნალოდ პეგილირებულ ინტერფერონთან და რიბავირინთან კომბინაციაში. ახალ პრეპარატებს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ექნებათ HCV 1 გენოტიპით პაციენტების სამკურნალოდ, რომელთა სრული განკურნების ალბათობა, როგორც იმედოვნებენ, დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება და 80%-ს მიაღწევს.
რაც შეეხება B ჰეპატიტის მკურნალობას, რეკომენდებულია როგორც ინტერფერონით მონოთერაპია, ასევე სხვა ანტივირუსული პრეპარატები, როგორიცაა: ტენოფოვირი, ადეფოვირი, ენტეკავირი, ლამივუდინი და ტელბივუდინი.

რამდენად საშიშია B და C ჰეპატიტი ორსულობის დროს? რა საფრთხე შეიძლება შეუქმნას მან ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას და როდის იზრდება ბავშვის დაინფიცირების რისკი?

თუ ორსულ ქალს აქვს ქრონიკული C ჰეპატიტი, ვირუსის ე.წ. ვერტიკალური (დედიდან შვილზე) გადაცემის რისკი 5-7%-ია; ქრონიკული B ჰეპატიტის დროს კი, დაავადების აქტივობიდან გამომდინარე, აღნიშნულმა მაჩვენებელმა შეიძლება 90%-ს მიაღწიოს.

ნაყოფზე ვირუსის გადაცემის რისკი იზრდება დედის ორგანიზმში HCV რნმ-ის, ან HBV დნმ-ის მაღალი კონცენტრაციის შემთხვევაში.
B და C ჰეპატიტის ვირუსები ნაყოფის სრულფასოვან განვითარებას საფრთხეს არ უქმნიან.

თუ ქალს აქვს ქრონიკული B ან C ჰეპატიტი, საშიშია თუ არა ახალშობილის ძუძუთი კვება?

დღევანდელი მონაცემებით, ჩ ჰეპატიტის ვირუსის ძუძუთი კვებით გადაცემის რისკი, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ამიტომ თანამედროვე გაიდლაინების მიხედვით, HჩV ინფიცირებულ ქალს არ ეკრძალება ახალშობილის ძუძუთი კვება.

რაც შეეხება B ჰეპატიტს, ვირუსის ძუძუთი კვებით გადაცემის თეორიული რისკი არსებობს, მაგრამ თუ HBV ინფიცირებული ქალის ახალშობილს ჩატარებული აქვს აქტიურ-პასიური იმუნიზაცია და მიღწეულია B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების პროტექტორული ტიტრი, მისი ძუძუთი კვება არ იკრძალება.

როგორ დავიცვათ თავი B და C ჰეპატიტისგან? რა პროფილაქტიკური ღონისძიებები არსებობს?

B ჰეპატიტის პროფილაქტიკის მიზნით მოწოდებულია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო რეკომბინანტული ვაქცინა და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინი.

B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა რეკომენდებულია ყველა ახალშობილისთვის, ასევე ბავშვებისა და მოზარდებისთვის, რომელთაც ახალშობილობის პერიოდში არ ჩატარებიათ HBV ვაქცინაცია, მედიცინის მუშაკებისთვის, ნარკოტიკის ინიექციური გზით მომხმარებლებისთვის, B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული პირების სქესობრივი პარტნიორებისთვის, C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულებისთვის, ჰემოდიალიზზე მყოფი პირებისთვის, HBV მაღალი გავრცელების ქვეყნებში წამსვლელთათვის და სხვ.

B ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული ქალების ახალშობილებში ვირუსის გადაცემის პრევენციის მიზნით, ვაქცინასთან ერთად აუცილებელია B ჰეპატიტის საწინააღმდეგო იმუნოგლობულინის გამოყენება. აღნიშნული კომბინირებული აქტიურ-პასიური იმუნიზაციის დაბადებისთანავე პირველივე საათებში ჩატარება უზრუნველყოფს ახალშობილთა დაცვას HBV ინფიცირებისგან დაახლოებით 95%-ში.

HBV ვერტიკალური გადაცემის პრევენციის მიზნით მიმართავენ ასევე პროფილაქტიკურ ანტივირუსულ მკურნალობას ორსულობის მესამე ტრიმესტრში.

რაც შეეხება C ჰეპატიტს, მისი პროფილაქტიკური ვაქცინა და იმუნოგლობულინი არ არსებობს.

B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების პრევენციის მიზნით მსოფლიოსა და საქართველოშიც ხდება დონორის სისხლის გამოკვლევა HBV-სა და HCV-ზე.

B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირების პრევენცია არაერთჯერადი მოხმარების სამედიცინო ინსტრუმენტების სათანადო სტერილიზაციას გულისხმობს.

B და C ჰეპატიტის ვირუსების პრევენციის გზას მიეკუთვნება ასევე მოსახლეობის ინფორმირება დაავადების გადაცემის გზების შესახებ.

რა რჩევას მისცემდით B და C ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებულებს?

B და C ჰეპატიტის ვირუსებით ინფიცირებულმა პირებმა აუცილებლად უნდა მიმართონ კვალიფიციურ სამედიცინო დაწესებულებას, უმჯობესია სპეციალიზირებულ კლინიკას და ჩაიტარონ სრულყოფილი ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა, რათა გაირკვეს, თუ როგორია დაავადების ფორმა და სტადია, სახეზეა თუ არა გართულებები (ღვიძლის ფიბროზი, ციროზი და სხვ.), საჭიროა თუ არა მოცემულ ეტაპზე ანტივირუსული მკურნალობა და ა. შ.

იმ პაციენტებმა, რომელთაც ანტივირუსული მკურნალობა კონკრეტულ ეტაპზე არ სჭირდებათ, ან მათთვის არ არის ხელმისაწვდომი, პერიოდულად (სასურველია 6 თვეში ერთჯერ) უნდა ჩაიტარონ საკონტროლო ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან B და C ჰეპატიტი და გარკვეულ სტადიამდე მათი გართულებებიც (ღვიძლის ფიბროზი/ციროზი) ხშირად ასიმპტომურად მიმდინარეობს და შესაძლებელია დაავადების პროგრესირება შეუმჩეველი დარჩეს.

რაც შეეხება სპეციფიურ დიეტურ რეკომენდაციებს (ალკოჰოლის შეზღუდვის გარდა), ღვიძლის დაავადების პროგრესირებაზე მათი მნიშვნელოვანი ეფექტი არ დასტურდება, თუმცა პაციენტები უნდა მოერიდონ განსაკუთრებით ცხიმიან საკვებს (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი), შეეცადონ, არ ჰქონდეთ ჭარბი წონა. ცალკე უნდა აღინიშნოს ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მოხმარების ნეგატიური გავლენა ღვიძლის დაავადების მიმდინარეობაზე. არსებული ინფორმაციით, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება (> 20გ/დღეში ქალებისათვის და >30გ/დღეში მამაკაცებისათვის) ღვიძლის ციროზის განვითარების/პროგრესირების სერიოზული რისკ-ფაქტორია.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

36 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი