მთავარი » ჯანმრთელობა

რა იწვევს ჰემოგლობინის დაქვეითებას?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 10.12.2011 17 კომენტარი | 83,757 ნახვა

ჰემოგლობინ–ი [ბერძ. haima – სისხლი და ლათ. globus – ბირთვი] – სისხლის წითელი სხეულაკების (ერითროციტების) შემადგენელი ნაწილია.

ჰემოგლობინი ჰემოგლობინი არის ცილოვანი სტუქტურა, რომლის მთავარი ფუნქციაა ე.წ. გაზების ტრანსპორტირება. კერძოდ, ფილტვებში ხდება ჰემოგლობინის ჟანგბადით გაჯერება, შემდეგ ჟანგბადით გაჯერებული სისხლი უზრუნველყოფს სხეულის ყველა ქსოვილის მომარაგებას ჟანგბადით. პარალელურად ქსოვილებში ჰემოგლობინი იერთებს ნახშირორჟანგს და აბრუნებს ამ უკანასკნელს ფილტვებში.

ჰემოგლობინის დონე ქვეითდება და იმატებს სხვადასხვა მიზეზით. ჰემოგლობინის შესახებ მედ.აკად.დოქტორი, ჰემატოლოგი ირინა დათიკაშვილი-დავიდი გვესაუბრა:

– რა შემთხვევაში ხდება ჰემოგლობინის მომატება და დაქვეითება?

ჰემოგლობინის დონის მომატება შესაძლოა იყოს:
ა) შეფარდებითი. მაგ.: გაუწყლოვნების დროს, ან მწეველებში;
ბ) აბსოლუტური პირველადი (ჭეშმარიტი პოლიციტემია, ან ერითრემია), ან მეორადი (მაგ.: გულ-ფილტვის, თირკმლის ან ღვიძლის დაავადებების დროს და ა.შ.)

ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას, ანუ სისხლნაკლებობას უწოდებენ. ანემიაც, ასევე, შესაძლოა იყოს შეფარდებითი (მაგ.: ორსულობის დროს), ან აბსოლუტური, რაც თან სდევს ერითროციტების წარმოქმნის შემცირებას, ან ერითროციტების ჭარბად დაშლას ან კარგვას (სიხლდენის დროს), ან განპირობებულია ზემოხსენებული ფაქტორების ერთობლიობით. მაგ.: ქრონიკული დაავადებების დროს.

– რა იწვევს ჰემოგლობინის დაქვეითებას?

ანემია შესაძლოა იყოს გამოწვეული ერითროციტების წარმოქმნის დეფექტით, კერძოდ, სუბსტრატის დეფიციტით. მაგ.: რკინის, ფოლიუმის, ვიტამინი B12-ის დეფიციტით, ან ღეროვანი უჯრედის დისფუნქციით, მაგ.: მიელოდისპლაზიური სინდრომი, აპლასტიური ანემია; ან ძვლის ტვინის ინფილტრაციით, მაგ.: სიმსივნის დროს. ასევე, ერითროციტების კარგვით (სისხლენის შემდგომი ანემია), ან დესტრუქციით, ე.წ. ჰემოლიზური ანემია.

– რამდენად საშიშია და რას იწვევს ჰემოგლობინის დაქვეითება?

ანემიის კლინიკური გამოვლინება მრავალგვარია და დამოკიდებულია განვითარების სიჩქარეზე. სხვა არსებულმა (თანმხლებმა, ან ფონურმა) დაავადებამ, მაგალითად, გულ-ფილტვის დაავადებამ შესაძლოა დაამძიმოს ანემიის სიმპტომები. მძიმე ანემია შესაძლოა კარგად ასატანი იყოს, თუ იგი ვითარდება თანდათანობით, თუმცა პაციენტს, რომელსაც ჰემოგლობინი აქვს 70გ/ლ, როგორც წესი, აღენიშნება ქსოვილოვანი ჰიპოქსიის სიმპტომები (სისუსტე, თავის ტკივილი, ქოშინი, თავბრუსხვევა, სტენოკარდია).

– ჰემოგლობინის დაქვეითების შემთხვევაში როგორ ავწიოთ ჰემოგლობინის დონე?

ანემიის მკურნალობის დაწყებამდე აუცილებლად უნდა დადგინდეს გამომწვევი მიზეზი, რადგან სწორედ ამ შემთხვევაში იქნება მკურნალობა შედეგიანი, ამიტომ დაუშვებელია ე.წ. თვითმკურნალობა. მხოლოდ ექიმს შეუძლია განსაზღვროს როგორც ანემიის განვითარების მექანიზმი, ასევე მკურნალობის მოცულობა.

მკურნალობის შედეგიანობისთვის საჭიროა პაციენტმა ზედმიწევნით შეასრულოს ექიმის დანიშნულება და რეკომენდაციები.

-ექიმის რჩევა

ყველა შემთხვევაში, როდესაც პაციენტი იგრძნობს საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ყურებში შუილს, გემოს გაუკუღმართებას, თმებისა და ფრჩხილების ადვილად მტვრევადობას, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს სპეციალისტს.

დავით დანელია


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი