მთავარი » სხვადასხვა

ჰელოუინი – სულიერი და კულტურული კრიზისის გამოხატულება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 30.10.2012 17 კომენტარი | 18,609 ნახვა

ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს ამერიკასა და ევროპაშიც მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ჰელოუინის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ წარმართულ დღესასწაულს, რომელიც გარდაცვლილთა სულების “დაშინებას” და “განდევნას” ისახავს მიზნად…

ჰელოუინიყოველწლიურად ეს დღესასწაული საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ის კი არადა, ბევრი ოჯახი ამ დღისთვის ისე ემზადება, როგორც ახალი წლისთვის ან რომელიმე ტრადიციული დღესასწაულისთვის. სოციალურ საიტებს თვალს თუ გადავავლებთ, დავინახავთ, თუ როგორი წარმატებით აიტაცეს საქართველოში ეს წარმართული დღესასწაული.

პირველ ნოემბერს ამერიკასა და ევროპაში უცნაურად ჩაცმული ბავშვები ქუჩებში დადიან, სახლის კარებზე აკაკუნებენ და ყველას, ვინც ტკბილეულით არ გაუმასპინძლდება, რაიმე ცუდის გაკეთებით ემუქრებიან. “მომეცი, თორემ ინანებ!” – აშინებენ ჯადოქრებივით მორთული პატარები ოჯახის პატრონებს.

წარმართული ჰელოუინის დღესასწაული ძველ კელტთა ყოფიდან იღებს სათავეს. კელტები 1 ნოემბრისთვის, სავსემთვარობისას, “ზაფხულის დასასრულს” აღნიშნავდნენ. ეს დღე კელტური ახალი წელიც იყო. ბრიტანეთსა და ირლანდიაში ძველი წლის დასრულების ნიშნად კერაზე ცეცხლს აქრობდნენ. ანთებდნენ დიდ კოცონს და ახალი წელიც იმ წუთიდან იწყებოდა. კოცონიდან ყველა იღებდა მუგუზალს თავის ოჯახში ცეცხლის დასანთებად. ამასთან, კოცონის დანთებით კელტები ბოროტ სულებს აფრთხობდნენ, რომლებიც ცოცხლებს აშინებდნენ.

XIX ს-ში ირლანდიელმა იმიგრანტებმა ჰელოუინი ამერიკაში გაავრცელეს. ბოლო ხანს მისი აღნიშვნა ევროპის მრავალ ქვეყანაშიც დაიწყეს. გერმანიაში “სულ უფრო მეტი მოქალაქე ცდილობს, ამ შემაძრწუნებელ გართობებში მონაწილეობის მიღებას”, – წერს გაზეთი “ნორდკურიერი” ჰელოუინის შესახებ.

ჰელოუინის ნეოწარმართული დღესასწაული შეუთავსებელია ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, – მიაჩნიათ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანულ კონფესიებს. ნიცის ეპისკოპოსი ჟან ბონფისი თავის წერილში აღნიშნავს, რომ სიტყვა “ჰელოუინის” ძირი კელტურია, მასში ბოროტი სულების შელოცვისა და მათი განდევნის შინაარსია ჩადებული. სულები მიცვალებულთა სახეებს იღებენ, მოჩვენებებად გვევლინებიან, რათა ჩაასახლონ ჩვენში სიკვდილის შიში, რაც ეშმაკისგან მოდის. “დაე, ყველამ იცოდეს, რომ ჰელოუინი არის მთელი მსოფლიოს სატანისტთა უმთავრესი დღესასწაული და საერთო არაფერი აქვს ქრისტიანულ კულტურასთან”, – გვაფრთხილებს ეპისკოპოსი.

საჰელოუინოდ ტრადიციულ სამასკარადო ტანსაცმლით შემოსილი ბავშვები თავისდაუნებურად ბოროტ ძალას ემსახურებიან. როდესაც არ გვესმის იმ “დღესასწაულის” არსი, რომელშიც ვმონაწილეობთ, ამან შეიძლება მეტად მავნე და საშიშ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ჰელოუინის ოკულტური დღესასწაულის შესახებ თავიანთი უარყოფითი პოზიცია გამოხატეს კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლობა.

ჰელოუინიუკანასკნელ წლებში საქართველოში, როგორც ყველა “უცხო ხილს”, კომერციული მიზნით ჰელოუინის აღნიშვნასაც გამოუჩნდნენ ინიციატორები. შარშან, 31 ოქტომბერს, ჰელოუინის თბილისის ერთ-ერთ ღამის კლუბში აღინიშნა. ჩაბნელებულ დარბაზში მაგიდებს გოგრისგან დამზადებული ჩირაღდნები ანათებდა. სტუმართა უმრავლესობა სამასკარადო კოსტიუმებში იყო გამოწყობილი, რასაც თან ერთვოდა ელექტრონული მუსიკაც. იმ მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც ღამის კლუბში შავი სამასკარადო შესამოსლით როკავდნენ და “სულების განდევნის რიტუალში” მონაწილეობდნენ, როგორც ჩანს, წარმოდგენა არ ჰქონდათ ამ დღესასწაულის ოკულტურ ფესვებზე და უწყინარი, მხიარული გართობა ეგონათ.

საერთოდ, ბოლო ხანს საქართველოში ერთგვარ მოდად იქცა უცხოური დღესასწაულებისა თუ ტრადიციების მექანიკური გადმოტანა და საყოველთაო ზეიმებად გადაქცევა. სჯობს, სანამ  ამგვარი საქმის თაოსანნი რაიმეს გადაწყვეტდნენ, კარგად გაერკვნენ “დღესასწაულების” არსში.

სამწუხაროდ, ბოლო წლებში საქართველოში მოდური გახდა ჰელოუინის დღესასწაულის აღნიშვნა. უნდა ითქვას, რომ ამ ზეიმში მონაწილე ქართველი ახალგაზრდების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს რისი თანაზიარი ხდება.

ჰელოუინი (ინგლ. Halloween) – ძველი კელტების წარმართული ზეიმია. იგი 31 ოქტომბრის ღამეს იწყება და 1 ნოემბერსაც გრძელდება. მისი წარმომავლობა ინგლისში, ირლანდიასა და ჩრდილოეთ საფრანგეთში (გალიაში) მცხოვრებ ხალხთა წარმართულ წარმოდგენებს უკავშირდება.

მიუხედავად ევროპული წარმოშობისა, ეს დღე ფართოდ აღინიშნება აშშ-ში და მხოლოდ უკანასკნელ პერიოდში გავრცელდა ევროპაში.

ძველ კელტებს სწამდათ სიცოცხლის სიკვდილისაგან წარმოშობისა. 31 ოქტომბერს ისინი ახალ წელს აღნიშნავდნენ და მიაჩნდათ, რომ 1 ნოემბერს იწყებოდა ჟამი სიცივისა, წყვდიადისა და სიკვდილისა.

ამ ღამეს ისინი განადიდებდნენ და თაყვანს სცემდნენ სიკვდილისა და ბნელეთის წარმართ ღვთაებას – სამჰეინს (Samhain). კელტური ახალი წლის დამდეგს დრიუდები (კელტი ქურუმები) აქრობდნენ ყოველგვარ ცეცხლს და ასე წყვდიადში ეგებებოდნენ “დღესასწაულს”. მომდევნო დღის საღამოს დიდ კოცონს აჩაღებდნენ და სიკვდილისა და წყვდიადის მბრძანებელს, ბნელეთის ბოროტ სულს (იგივე სატანას) მსხვერპლს სწირავდნენ. დრუიდებს სწამდათ, რომ თუკი სამჰეინი მათი მსხვერპლშეწირვით კმაყოფილი დარჩებოდა, გარდაცვლილთა სულებს “ნებას დართავდა” ამ დღეს თავიანთ სახლებში “ესტუმრათ”. ჰელოუინის წარმართულ დღესასწაულზე ჯადოქრებისა და ბოროტი სულების კოსტუმებში გამოწყობილი ადამიანების ქუჩებში ხეტიალი – მიღმიურ სამყაროსთან და ბილწ სულებთან ურთიერთობას განასახიერებს.

დღესასწაულის ძირითადი ატრიბუტია “ჯეკის ფარანი” (ინგლ. jack-o’-lantern), იგი გოგრისგანაა დამზადებული; აქვს ადამიანის თავის ფორმა, მასში ამოჭრილი თვალებითა და პირით, შიგნიდან განათებულია სანთლით. ეს სიმბოლო უკავშირდება უძველეს ირლანდიურ ლეგენდას ერთ მოხუც ფერმერ ჯეკზე, რომელიც აზარტული თამაშების მოყვარული და ალკოჰოლიკი იყო. ლეგენდის თანახმად მან ორჯერ გააბრიყვა ეშმაკი, სიკვდილის შემდეგ კი ვერ მოხვდა ვერც სამოთხეში (თავისი მანკიერი ცხოვრების წესის გამო) და ვეღარც ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტმა სულმა შეჰფიცა, რომ არ წაიყვანდა ჯოჯოხეთში. ამიტომ მისი სული სამყაროში დახეტიალობს გოგრის თავითა და მასში ბჟუტავი ნახშირით, რომელიც ჯეკმა გზის გასანათებლად ჯოჯოხეთიდან მოიპარა. სწორედ ამ ლეგენდის გამოა ჰელოუინის ძირითადი ატრიბუტიკის შეფერილობა ნარინჯისფერი და შავი.

ჰელოუინიჰელოუინის წარმართული კულტის მნიშვნელოვანი ნაწილი არის ასევე “გართობა” – Trick-on-Treat, რომელიც წარმოადგენს სამჰეინის დემონებისადმი ძღვნის მირთმევის რიტუალიზირებულ აქტს. კელტებს მიაჩნდათ, რომ ამ დღეს გარდაცვლილთა სულები წყვდიადის სამყაროდან ცოცხალთა სამყაროს ეწვევიან და ამიტომ ისინი დაუცხრომელ შიმშილს განიცდიან და კელტები დემონებისათვის დიდ სუფრას აწყობდნენ; მათი რწმენის თანახმად, თუკი სულებს არ “დააპურებდნენ” სამჰეინის რისხვა და წყევლა-კრულვა დაატყდებოდათ თავს.

ამ დღეს ბოროტი სულის კოსტუმებში გამოწყობილი ბავშვები კარდაკარ დადიან და მოსახლეობისგან ტკბილეულს აგროვებენ (რითაც ეს რიტუალი “ალილოს” უპირისპირდება); ვისაც შეხვდებიან, შესძახებენ: (ინგლ. “trick-or-treating” – ოინი ან გამასპინძლება!) ვინც უარს ამბობს ნუგბარის გაცემაზე, მას რამე უსიამოვნო ოინს უწყობენ. ტკბილეულითა და ნუგბარით ამ რიტუალში მონაწილეთა გამასპინძლება ნიშნავს სამჰეინისთვის, ანუ თავად სატანისათვის ძღვნის მიტანას, ე.წ. ჯეკის ფარანის “Jack O’Lantern” ანთება კი ბოროტ სულთა სახელზე დანთებული გაუკუღმართებული “კანდელია”.

ამგვარად, ჰელუინში მონაწილეობა სხვა არაფერია, თუ არა წარმართობაში დაბრუნება და კერპთაყვანისმცემლობის აღიარება.

ადრექრისტიანული ეკლესიის მამებმა კელტების ამ წარმართული ტრადიციის საპირისპიროდ, ამ დღეს ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღნიშვნა დააწესეს. სიტყვა სიტყვით Halloween – All Hallows’ Even (შემოკლებით “Hallow E’En” ითარგმნება როგორც ყოველთა წმინდანთა საღამო. სამწუხაროდ, უწიგნური ადამიანების მიერ წარმართული ზეიმი გაიგივდა ყოველთა წმინდანთა დღესასწაულთან, რომელიც ერთსა და იმავე დღეს აღინიშნებოდა და ამიტომ წარმართულ ზეიმს შეცდომით Halloween ეწოდა.

ეკლესია ცდილობდა წარმართული ტრადიციების აღმოფხვრას, რასაც მტრულად შეხვდნენ ანტიქრისტიანულად განწყობილი წარმართები. ამ დღეს ისინი განზრახ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანულ სიწმინდეებს; ქრისტიანული ეკლესიის მიერ წმინდანთა თაყვანისცემის წესის შეურაცხყოფისთვის ისინი ჩონჩხის კოსტუმებში გამოწყობილნი დახტოდნენ, იპარავდნენ ჯვრებს და სიწმინდეებს ეკლესიიდან, რათა ამ “დღესასწაულზე” ისინიც დაცინვის და შეურაცხყოფის საგნად ექციათ.

ადრექრისტიანულ ეკლესიას იმედი ჰქონდა, რომ ყოველთა წმინდანთა ხსენების დღე – All Hallows’ Even – თანდათანობით განდევნიდა წარმართულ დღესასწაულს, მაგრამ მოხდა პირიქით, წარმართული დღესასნაული შეერწყა ამ დღეს, მოგვიანებით კი მის შინაარსს სრულიად განეშორა წმინდანთა ხსენება და იგი ჯადოქრების, მაგებისა და ჭინკების ზეიმად იქცა.

XIX საუკუნეში ეს ზეიმი ამერიკაში ევროპიდან ჩასულმა ირლანდიელმა და შოტლანდიელმა ემიგრანტებმა ჩაიტანეს. XX საუკუნის 20-იან წლებში ეს დღესასწაული უკვე ფართოდ აღინიშნებოდა ნიუ-იორკსა და ლოს-ანჟელესში. ზეიმში მონაწილეები ამსხვრევდნენ მინებს, სკამებს, ცეცხლს უკიდებდნენ ხეებს და ა.შ. ბიზნესმენებმა ჰელოუინში შემოსავლის წყარო დაინახეს, შეიქმნა მთელი ინდუსტრია, რომელიც ამ დღისთვის ჰელოუინის ატრიბუტიკას აწარმოებს. აშშ-ში ამ მიზნით ყოველწლიურად 2,5 მილიარდი დოლარის პროდუქცია იწარმოება.

თუმცა, უნდა ითქვას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ზეიმი აშშ-ში უკვე თითქმის საუკუნეა აღინიშნება და ძალიან პოპულარულია, იგი არ არის ოფიციალური დღესასწაული, უფრო მეტიც, უკანასკნელ პერიოდში აშშ-ს სახელმწიფო მოხელეებმა აკრძალეს მისი აღნიშვნა სკოლებში.

XX საუკუნის მიწურულს აშშ-დან ჰელოუინი კვლავ შეიჭრა ევროპაში და ახლა უკვე აღმოსავლეთ ევროპასაც მოედო.

ამერიკაში ჰელოუინის აღნიშვნას ერთი ზოგადი სცენარი აქვს. მასკარადი იწყება ე.წ. “ვამპირთა ქორწინებით”, რაც იმას გულისხმობს, რომ ნეფე-დედოფალს “ჯვარს წერს” საფლავიდან წამომდგარი დრაკულა, რაც სატანის მშობლების ქორწინებას და დედამიწაზე მის განხორციელებას გამოხატავს (მაცხოვრის მეორედ მოსვლის წინ რომ უნდა აღსრულდეს). ზეიმის მონაწილენი ვამპირების, ჯადოქრებისა და ბოროტ სულთა კოსტუმებში ეწყობიან. ამ დღისთვის საგანგებოდ მზადდება ჩონჩხის ფორმის კარამელი, მიცვალებულთა გამომსახველი მარმელადი, ექსკრემენტის ფორმისა და შესახედაობის ტკბილეული. ზეიმის მონაწილენი ერთმანეთს კვერცხებს უშენენ.

საპატრიარქომ ჰელოუინის ნეოწარმართულ დღესასწაულთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია არაერთხელ გამოხატა. გასულ წელს მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოყვანილია ცნობილი კულტუროლოგის ჯ. ფრეზერის შეფასებაც : “ეს ზეიმი განსაკუთრებით საშიშ სახეს იღებს მოზარდებისთვის. იგი არის ერთგვარი ფსიქოლოგიური წნეხი მოზარდთა სუსტ ფსიქიკაზე. ბავშვებში ირღვევა წარმოდგენა კეთილსა და ბოროტზე. ტრადიციად იქცა ამ ზეიმზე ბავშვებისა და უფროსებისთვის მანიაკების, მკვლელების, ვამპირების, ჯადოქრების, დემონების, მონსტრების  და სხვა ბილწი სულების განსახიერება. ამ დღეს ტრადიციულად დადიან და მათხოვრობენ, აწყობენ სასტიკ და ამორალურ გაშაყირებებს, აწყობენ ვანდალურ და აღვირახსნილ ორგიებს”.

ჰელოუინის აღნიშვნაში სოციოლოგები მეტად საშიშ მოვლენას ხედავენ. მათი აზრით, მსგავსი დღესასწაულები მოწმობს კულტურის კრიზისზე. ეს უკიდურესი სულიერი გამოფიტვაა, ის მდგომარეობაა, როდესაც ადამიანები ერთმანეთისგან ვეღარ არჩევენ კეთილსა და ბოროტს. ამის მტკიცებულებაა ოკულტიზმისა და მაგიისადმი გაცხოველებული ინტერესი და ამგვარი ლიტერატურის დიდი ტირაჟებით გამოცემა.

ფსიქოლოგების აზრით, ჰელოუინის გამოკვეთილი სიმბოლიკა, კონკრეტული უზნეო სახეები, არქეტიპული ხასიათის მატარებელი დღესასწაულის უაზრო არსი, ერთობლივი მოქმედების ეფექტი, ნეგატიური აღგზნება – ბავშვებში ძლიერი ფსიქოფიზიკურ, ემოციურ, სუგესტიურ ზემოქმედებას ახდენს, რასაც შედეგად მოსდევს ცნობიერების ზოგადი დემორალიზაცია. აქ ხდება კეთილისა და ბოროტის შესახებ ზოგადსაკაცობრიო წარმოდგენის ჩანაცვლება და მისი თავდაყირა დაყენება – აღრეულია ცნებები – მშვენიერება და სიმახინჯე, სიმართლე და ტყუილი, რაც უკვე თვით ამ დღესასწაულის სახელწოდებაში “ჰელუინი” – “ყოველთა წმინდანთა ხსენება” – არის გამოხატული. ამ დღისთვის წმინდანთა ხსენების დარქმევა არის ურცხვი განცხადება ვამპირებისა და მონსტრების კოსტუმებში გამოწყობილი ვანდალებისათვის. პელოუინზე ახსნილია ადამიანის ფსიქიკამი არსებული ბუნებრივი ტაბუ ყველაფერზე, დახშულია სინდისის ხმა, შინაგანი ცენზურა. ადამიანები, თამაშის ფორმით, მონაწილეობენ დიდ სიბილწეში. ისინი მიირთმევენ მსხვერპლის სისხლის კონსისტენციისა და შესახედაობის ნუგბარს, ადამიანის ექსკრემენტების ფორმისა და სხვაგვარ სიბილწის მაგვარ ტკბილეულს.

ეპისკოპოსი ალექსანდრე (მილეანტ) წერს: “ზეიმი Halloween  ძირს  უთხრის  წმინდა ეკლესიას… ეკლესიამ მკაცრი პოზიცია უნდა დაიკავოს ამგვარი მოვლენების მიმართ. ქრისტე მაცხოვარმა განგვიცხადა, რომ უფალი ღმერთია ყოველი ჩვენი საქციელისა და მრწამსის მსაჯული და ყოველი ჩვენი საქმე მიმართულია ან უფლისკენ, ან მის წინააღმდეგ! არ არსებობს რამე საშუალო და ნეიტრალური გზა!…”


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

17 კომენტარი »

  • ელისაბედი says:

    სამწუხაროა, ჩვენ საზოგადოებას იმდენად დაბრმავებული აქვს თვალები, რომ ძალზე ხშირად ყოველივე უცხოურს განსჯისა და გააზრების გარეშე ბრმად იღებს და ამით ამაყობს კიდეც. ამის ნათელი მაგალითებია ეს წარმართული დღესასწაული, ჰარი პოტერის ასეთი რეკლამირება ჩვენს საზოგადოებაში, ახლახანს მიმდინარე მშენებლობა ე.წ. ბუდა-ბარისა, რომელიც,ჩვენი პატრიარქის თხოვნის მიუხედავად კვლავ გრძელდება ყოველი ნორმალური ქართველისათვის უდიდესი სიწმინდის _ ასი ათასი ქართველი მოწამის აღსრულების ადგილის ახლოს და მრავალი სხვა. ჰელოუინის დღესასწაული უკვე ბავშვების სახელმძღვანელოებშიც შემოიჭრა უკვე. მე-4 კლასის ინგლისური ენის სახელმძღვანელოში საკმაოდ წარმატებით ,,ანათლებენ” ბავშვებს ამ კუთხით. თუ არ ვცდები, ეს ტატიანა ბუკიას სახელმძღვანელოა. მასწავლებელმაც უარი არ თქვა ამ გაკვეთილის ახსნაზე, რა ვქნა, წიგნში წერიაო და…მე ჩემს მოსწავლეს შეძლებისდაგვარად ავუხსენი, თუ რამდენად ცუდია ეს ე.წ.,,დღესასწაული” და როდესაც ბავშვმა ჰელოუინის ამსახველი ნახატები გადახაზა და შემდეგ ეს გვერდი წიგნიდან ამოხია, არც დამიშლია….მაგრამ რა ვუყოთ სხვა ასეულობით ბავშვს, რომლებსაც ჩვენი ინგლისური ენის კორიფეები ასეთი თემებით ასწავლიან უცხო ენას?…სხვა გზა არ არის, ყველა, ვისად სად მიგვიწვდება ხელი, უნდა შევებრძოლოთ ჩვენი მოზარდი თაობის (და არა მარტო მოზარდი)ასეთი მანკიერი ცნობიერების დანერგვას. ეს ძალიან სერიოზული, ფარული ბრძოლაა ჩვენი საზოგადოების სულიერი დეგრადირებისათვის.

    • თამაზ ცანკაშვილი says:

      ამხანაგებო და მეგობრებო! გაიხსენეთ ჭიაკოკონობის და ბერიკაობის დღესასწაულები. ეს დღესასწაულები ქართ-იბერთა წარმართული პერიოდის უძველეს ხანებში იღებს სათავეს და ქართულ-იბერიული ცნობიერების ღრმა კვალს ინახავს. ირლანდიელებიც და შოტლანდიელებიც კელტ-იბერთა(უფრო სწორად – კულჰა-იბერთა) შთამომავლები არიან. ჩემი აზრით, ამ დღესასწაულების სწორი გაცნობიერება და აღორძინებაა საჭირო ქართულ,ეროვნულ ნიადაგზე და არა ქარიშხლის შექმნის მცდელობა ჭიქა წყალში.

      • თიკო says:

        მერედა ჭიაკოკონას რომელი ნორმალური ქრისტიანი ანთებს? :) პირადად ჩემს ოჯახში ეს იდიოტური ტრადიცია დიდი ხანია აღარ არსებობს იმიტომ რომ 15 წელია ყველა ტაძრის მრევლი ვართ.რა საერთო უნდა ჰქონდეს ამდაგვარ სატანისტურ რიტუალებთან მაზიარებელ ადამიანს? ალაბათ ამ რიტუალებს მაშინაც და ახლაც არაეკლესიური ადამიანები მისდევდნენ და მისდევენ.

  • დავითი says:

    ღმერთმა დაგლოცოთ ქ-ნო ელისაბედ.

    სრულად გეთანხმებით თქვენს ნააზრევში. განა ისე უნდა დაუგნურდეს ერი, რომ ვერ გრძნობდეს თუ რამხელა საშიშროებებია ჩადებული ჩვენი საზოგადოების დეგრადაციისათვის.
    ასეთი ასოციაცია მიჩნდება, რომ ვზივართ გემში და აისბერგისაკენ მივექანებით, კაპიტანი და მესაჭე-მეზღვაურები ბრმები არიან, ხოლო მგზავრების მნიშვნელოვანი ნაწილი გართობა-განცხრომაშია, ხოლო ის მგზავრები, რომლებიც საშიშროებას გრძნობენ, შფოთავენ და პროტესტს გამოთქვავენ, მაგრამ ისინი მუნჯები არიან და მათი არავის ესმის ან ყურადღებას არ აქცევენ.
    დავFიქრდეთ და ხელი გავანძრიოთ, თორემ მერე გვიან იქნება, როცა გემი დაიმსხვრევა.

  • თათია says:

    გმადლობთ ასეთი კარგი სტატისსთვის,მართლაც რომ უნდა წაიკითხოს ყველა ახალგაზრდამ, რომ თავისდაუნებურად არ გაებას სატანის მახეში.ნამდვილად არ ავღნიშნავ ამ რიტუალს,თუმცა რაც ამ სტატიაში წავიკითხე აქამდე მართლაც არ გამეგო.მე იმედი მაქვს რომ თუ ახალგაზრდობას ესე დაწვრილებით მივაწვდით ინფორმაციას ჰელოუინზე,აღარ გახდებიან ამ წარმართული რიტუალის თანამონაწილეები.მე ვფიქრობ, მოზარდებს და არა მარტო მათ.ტელევიზიით ყოველ წელს უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია ჰელოუინზე,რათა თავიდან ავირიდოთ ეს უმსგავსობა.თუმცა ეს ყველაფერი მაინც მათი ოჯახებიდან უნდა მომდინარეობდეს,უფლის შიშით და სიყვარულით გაზრდილი ახალგაზრდა არ ჩაებმევა სატანის დიდებაში.

  • მინდია says:

    ნამდვილად საინტერესო და დაწვრილებით აღწერილი სტატიაა, ზოგი ამბობს რა უჭირს გავერთოთ ეს ხომ თამაშიაო. ჯერ ერთი რიტუალია და არა თამაში და მეორე სწორედ ასე თამაშ-თამაშით შეჰყავს ადამიანები ცოდვებში ეშმაკს და მერე ჯოჯოხეთში.
    იმედი მაქვს ბევრი ადამიანი წაიკითხავს ამ სტატიას და 31 ოქტომბერს ეკლესიაში წავა და არა ამ სატანისეულ რიტუალზე.

  • თემური says:

    ვისაც რა უნდა ის იზეიმოს მთავარია აიკრძალოს მისი რეკლამირება და რაც მთავარია ამისგან დავიცვათ ახალგაზრდა თაობა… ჩემი აზრით ეს შესაძლებელია უფრო უწყინარი მაგრამ ეფექტური სანახაობის შეთავაზებით

  • ნატო says:

    მართლაც, აუცილებელია ყველამ,ყველამ წაიკითხოს.

  • elisabedi says:

    ელისაბედ გაიხარეთ,ყველა მასწავლებელი თქვენნაირი უნდა იყოს და იქნებ ეშველოს საქართველოს.დიდი მადლობა ამბიონს ასეთი საინტერესო და გასათვალისწინებელი ინფორმაციებისათვის.ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ.

  • ეკატერინე says:

    მოგესალმებით,ძალიან საინტერესო სტატია,ერთი კითხვა მაქვს:ჩემმა ახლობელმა ამერიკიდან გამოუგზავნა ჩემს შვილი “ჰელოუინის”სიმბოლიკებით გაფორმებული ტანსაცმელი(დარწმუნებული ვარ მან არ იცის ამ “დღესასწაულის” არსი, თორემ არ იყიდიდა.მართლმადიდებელია)შემიძლია ჩავაცვა ეს ტანსაცმელი ბავშვს?

    ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა ეს კითხვა,თორემ ვაცმევდი რადგან არ ვიცოდი “ჰელოუინის”მნიშვნელობა.

  • მინდია says:

    ეკატერინე და-ძმურად გთხოვთ ეგ მაისური აღარასოდეს არ ჩააცვათ ბავშვს. მეტიც კარგი იქნება თუ შეელევით და გადააგდებთ. ნათქვამია არ ცოდნა არ ცოდვააო, მაგრამ ეხლა ხომ იცით, რომ ეს უწყინარი გართობა არ არის.

  • ეკატერინე says:

    მადლობა რჩევისთვის მინდია

  • ქეთევან says:

    ჰელოუნის აღნიშვნა შეიძლება ბავშვებისა და მოზარდებისათვის გართობისა და ოინბაზობის მომენტი იყოს,მათი ასაკიდან და უცოდინრობიდან გამომდინარე, მაგრამ ამ საზიზღრობას დღესასწაულის სახეს რომ აძლევს უფროსი თაობა და ისიც 60 და 70 წელს გადაცილებული ,,გოგო-ბიჭები”ამის ხილვა მართლაც ამაზრზენია.აცვიათ სუდარის მსგავსი,შიშისმომგვრელი ძონძები,სახე შეღებილი აქვთ თეთრი გრიმით,თვალები აუცილებლად შავ ორმოებს უნდა მიუგავდეთ ან ვამპირის ნიღბები უნდა ჰქონდეთ აფარებული და პირი სისხლის იმიტაციით ჰქონდეთ მოთხვრილი…ბევრი ამ სანახაობას ”ზეიმს” ეძახის” და აუცილებლად გადადის ორგიებში…
    ის ქვეყნები,სადაც ჰელოუნს აღნიშნავენ,მიდრეკილები არიან ამორალურობისკენ, მათი სულიერი სიცარიელე აშკარაა…და ამას ბევრი კუდიანი აკეთებს გამიზნულად
    რათა თავისი გავლენის ქვეშ მოიქციოს უმეცარი,გულუბრყვილო ადამიანები, შეაძულოს ჭესმარიტი რწმენა-სული წმინდა და ქრისტიანობა.

  • ქეთევან says:

    ოხ,საქართველო-შენ უძველესი რწმენისა და კულტურის სავანევ!შენ დიადი ღირსებებით შემკულო სამყაროვ!განა ისე დაეცი,რომ ჰელოუინი გაგიხდია მიმზიდველ სანახაობად?! შორს ჩვენგან ეს ვამპირებისა და ჭინკების იმიტაცია… რად გვჭირდება ჯოჯოხეთისა და სიკვდილის განსახიერება,როცა ასეთი დიდებული არტისტიზმით შეგვიძლია ჩვენი აღტაცების გამოხატვა-მართლა დიდი სულიერი, გულის გამხარებელი ზეიმები და საბედნიერო შეკვეთა გავუგზავნოთ კოსმოსს,რომელიც აუცილებლად, ერთი ასად დაგვიბრუნებს ჩვენს მიერ გულმხურვალედ აღვლენილ სითბოსს და ალერსს,სიყვარულსა და სილამაზეს!!!

  • რუსუდანი says:

    დიდი მადლობა ამ წერილისთვის. ის რომ ამ დღის მნიშვნელობა ბევრმა არ იცის ეს კიდევ უფრო ზრდის ინტერესს.ჩემის აზრით საჭიროა ტელე სივრცეში ამ ისტორიის აქტიური გაჟღერება და ნამდვილი ყოველთა წმინდანთა ხსენების დღესასწაულის აღორძინება. ვინ სად მიიღებს მონაწილეობას ამას თითოეულის არჩევანი გვიჩვენებს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ერი ჯერ ისე არ დაცემულა ქრისტეს სტანა ამჯობინოს. რაც შეეხება ყოველთა წმინდანთა ხსენების დღეს, შეიძლება ისეთ ლამაზ სანახაობრივად და შინაარსითაც დღესასწაულად აქციო,რომ ამ დღით გაიხაროს დიდმა და პატარამ.თუ მოვიძიებთ ქართულქრისტიანულ ტრადიციებს,რომელიც ესადაგება ამ დღეს და დავამატებთ თეატრალიზებულ ისტორიებს თითოეულ წმინდანზე მათ ცხოვრებასა და თავდადებაზე, შესაბამის ლოცვებსა და საგალობლებს და საყოველთაო მსვლელობას, მგონი კარგი გამოვა. მთავარია დაწყება და ხალხიც ნელ-ნელა მიიღებს მონაწილეობას.

  • ნიკოლოზი says:

    გეთანხმებით სრულიათ

  • lady.neto@mail.ru says:

    me sxva impormacia maqvs halloweenis shesaxeb rom es araa tayvanis cema borotisadmi wels pirveladd gartovis miznit gadavwyvite agnishnvaa da shesabamisad gadavwyvitee dgesaswaulis istoris shesaxeb cotaodeni rame mcodnoda me wvaikitxe rom 31 oqtokmberss adamianebis daa wvdiadis samyaroo ertiandeboda daa sulebii dawwrodnen ojaxebshii cecxltaan tbebodnnen da xalxs ashinebdnenn amitom adamianebma daiwyesss sashineli costumebis chacmaaa ketavdnenn karebebs kocons aqrobdnenn da xmamagla zeimobdnenn rata boroti sulebi daeprotxot daa vera ageqvad sadariaan admaianebis amyaroshi tu benelitis samayaroshi kargada agar maxovss es romel qveyanashi da romel kulturashi iyoo tumcaa azri gamovidatne rom halloweeni arariss tayvanis cema borotisadmi es gandeb=vinis ritualiaa tu rame mesheleba winaswar bodishitt tumcaa me darwumenuli var asec tu issecc qristianoba ar cnobs am dgeasawaulss da shesabamisadd saxiss moxvatvis daa costumebis chacmis xalisii da gartoba saxa dgesac shedzleba da davarqvat ubralod karnavali main isedacc bachebis da sayvareli arsebebis pormebs icvaven saqarveloshi amit vercborot sulebs daabrtxoven daa verc tayvans cemen iseti madis amdzvrelebi arian xolme :D:D:D:D:D:D:D:D :D:D:D

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი