Home » წირვა-ლოცვა

წირვა-ლოცვა

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

ღმერთმა დაგლოცოთ შვილო. კვეთებულის ლოცვა ნიშნავს, როცა ადამიანში ბოროტია შესული და სასულიერო პირი, ვინც ამ ლოცვებს კითხულობს, ებრძვის მას. კვეთებულის ლოცვები ლახვრით იკითხება და ყველა ღვთისმსახურს არ შეუძლია ამ ლოცვების წაკითხვა, მას ბერ-მონაზონი კითხულობს ან რომელიმე მღვდელი, ვისაც კურთხევა აქვს.
რაც შეეხება თქვენს პრობლემას, პირველ რიგში, უნდა გყავდეთ მოძღვარი და იყოთ მაზიარებელი, უნდა გახდეთ ეკლესიის წევრი. თქვენ თვითონ უნდა მოინდომოთ საკუთარი თავის დახმარება, მხოლოდ კვეთებულის ლოცვები არ გიშველით, ისედაც თუ მოძღვარი არ გეყოლებათ, კვეთებულის ლოცვებსაც ვერ წაგიკითხავენ, რადგან საკუთარი მოძღვრისგან უნდა აიღოთ ამაზე კურთხევა.
რაც შეეხება ლოცვებს, პირველ რიგში, დილა–საღამოს ლოცვები იკითხეთ და 90–ე ფსალმუნი. ეშმაკი იდევნება ლოცვითა და მარხვით, ამიტომ აიყვანეთ მოძღვარი და ის დაგეხმარებათ სირთულეების დაძლევაში. ღმერთმა გაგაძლიეროთ. მღვდელი ვახტანგ ნიკოლაიშვილი (სამთავისისა და გორის ეპარქია)

შეგიძლიათ განაგრძოთ კითხვა, არ არის საჭირო კურთხევა.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ!
თქვენ თქვით რომ ლოცულობთ და მარხულობთ, ეს იმას ნიშნავს რომ მოძღვარიც გყავთ, საჭიროა ხშირად თქვათ აღსარება და ხშირად ეზიაროთ. ამასთანავე აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. ადამიანმა უნდა ისარგებლოს იმით რაც უფლისგანაა, ანუ ექიმიც და წამალიც უფლისგანაა.
მოძღვარი დაგეხმარებათ სულიერად გაძლიერდეთ, თუ საჭირო იქნება კვეთებულის ლოცვასაც წაგიკითხავენ, მაგრამ ხშირად გარდა იმისა რომ ადამიანში ეშმაკია ჩასახლებული, მას აქვს ასევე ჯანმრთელობის პრობლემაც. ამიტომ არის საჭირო რომ ექიმსაც მიაკითხოთ აუცილებლად. მოძღვრისა და ექიმის დახმარებით უფალი განგკურნავთ და მოგანიჭებთ როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ სიმშვიდესა და ჯანმრთელობას.

კვეთებულის ლოცვა ტარდება მაშინ როცა ადამიანს სატანა ეუფლება, ამ ლოცვას ყველა მღვდელი არ კითხულობს, კვეთებულზე დასწრებას მოძღვრის კურთხევის გარეშე არ გირჩევთ. კვეთებულს კითხულობს მეტეხის ტაძარში მამა აკაკი.

მედავითნეები კითხულობენ ხუცურით.

უნდა გამოვისახოთ პირჯვარი და ვთქვათ იესოს ლოცვა “ უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო შემოწყალე მე ცოდვილი”.

ლოცვები ღმერთთან, როგორც სიკეთესთან, ძალასთან, სიხარულთან მიახლოების საშუალებაა. არსებობს ამდაგვარი უამრავი საშუალება, როგორიცაა ფსალმუნების გასაგები, გააზრებული კითხვა, წმ. წერილზე, მოციქულთა საქმეებსა და წერილებზე “ინტელექტუალური მუშაობა”. კეთილი სიტყვა და საქმე, ღმერთზე ფიქრი და საკუთარ თავთან განმარტოება და მრავალი, მრავალი სხვა, რომელთა შორისაც გამოირჩევა წირვაში მონაწილეობა და ზიარება. (მღვდელი გიორგი წეროძე)

თუკი კათოლიკეა, სხვა სარწმუნოების მიმდევარია, არ შეიძლება მართლმადიდებელმა სასულიერმა პირმა აუგოს ანდერძი და თუ აუგო, მისი ცოდვაა. ლოცვა და მოხსენიება შეიძლება. *

უპირველეს ყოვლისა, უნდა აღადგინოთ კავშირი მოძღვართან, თქვათ აღსარება და ეზიაროთ. ეზიაროთ არა ერთხელ, არამედ ხშირად. ამის შემდეგ ყველაფერი დარეგულირდება. შიში საჭირო არ არის, მითუმეტეს, ლოცვის დროს. ერთადერთი შიში, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს, არის ღმერთის შიში. დანარჩენი შიში არ არის სასარგებლო. თუ ადამიანი არ არის ჩართული საეკლესიო ცხოვრებაში, არ მარხულობს, არ ამბობს აღსარებას, არ ეზიარება და ამათ გარეშე ლოცულობს სახლში, ის, შეიძლება ითქვას, სახიფათო გზაზე დგას და შეიძლება ხშირად შეცდეს, ან შეითვისოს ლოცვის ისეთი სახე (რჩევა,წესი), რომელიც არასწორ შედეგამდე მიიყვანს, რაც არის ხიბლი, ჰალუცინაციები, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა. ან პირიქით, არასწორი თვითგაგება და სინანული იმედის გარეშე. მიმართეთ მოძღვარს და მისი რჩევებით იხელმძღვანელეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

დედათა წესის დროს მოსარიდებელია ტაძარში შესვლა, სიწმინდეებთან მიახლება. მაგრამ თუ მაინც მიხვალთ, შორს დადექით და უშუალო მონაწილეობას ნუ მიიღებთ ღვთისმსახურებაში. სახლში შეგიძლიათ ილოცოთ ჩვეულებრივად. სიწმინდეების მიღებას მოერიდეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

უნდა ვილოცოთ ისე, როგორც შეგვიძლია, თუნდაც პირველკლასელივით. ლოცვისას რაოდენობა არ არის მთავარი, მთავარია გულით და გონებით ვილოცოთ. გულწრფელობა, რწმენა, სინანული, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოდ ლოცვის დროს. ამიტომ გულდამშვიდებულად ილოცეთ პირველკლასელივით. ილოცეთ ცოტ-ცოტა და ყურადღებით. გაანაწილეთ ლოცვის კანონი. თუ ზეპირად ისწავლით და საშინაო საქმეების დროს პარალელურად ილოცებთ, ყველაფერს მოასწრებთ. მაგალითად: საჭმელს ამზადებთ? ილოცეთ, აუთოვებთ? ილოცეთ და ასე შემდეგ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ცოდვას არ ჩადიხართ, მაგრამ უფრო მეტი ყურადღებით იყავით. ეს საუკეთესოა თქვენი სულიერი ცხოვრებისთვის. საერთოდ, სულიერი ცხოვრება მეტ ყურადღებას და სიფაქიზეს მოითხოვს. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)

გარდაცვლილისთვის აუცილებელია პირველ, მესამე, მეცხრე და მეორმოცე დღეს პანაშვიდების გადახდა. პირად ლოცვებს რაც შეეხება, უნდა კითხულობდეთ აუცილებლად ფსალმუნებს. ფსალმუნი უნდა ილოცებოდეს ორმოცი დღე ყოველმიზეზგარეშე. უნდა შეუკვეთოთ პანაშვიდები ხშირად. აუცილებელია წირვის გადახდა მეორმოცე დღეს. აგრეთვე უნდა გავცეთ მოწყალება მიცვალებულის სახელზე. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)

თუ არ შეგიძლია ფეხზე დგომა (ან ფეხი გაწუხებს, ან დაღლილი ხარ), მაშინ შეიძლება, სხვა შემთხვევაში, არ არის სწორი საქციელი. *

მიცვალებულთათვის გახლავთ არა პარაკლისი, არამედ პანაშვიდი. არის სულის შაბათი, რომელიც აღინიშნება მიცვალებულთა მოსახსენიებლად. ამ დროს ეკლესია მიცვალებულთათვის განსაკუთრებულად ლოცულობს. შეგიძლიათ მიბრძანდეთ ეკლესიაში, როცა მოგინდებათ და მოძღვარს მიცვალებულის მოსახსენიებელი პანაშვიდის გადახდა სთხოვოთ. სასურველია მიცვალებულისათვის, თუ წაიკითხავთ ფსალმუნებს. ეს მეფე დავითის ლოცვებია და ძალზე შეეწევა მის სულს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ერთი თავი აუცილებლად, ამის კურთხევა ჩვენმა უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ მისცა ერს. თუ ორს წაიკითხავ, შენი ნებაა. სასურველია, რა თქმა უნდა, ხატების წინ ფეხზე მდგომმა, თუ შეგიძლიათ და ჯანმრთელობა არ გიშლით ხელს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

მიცვალებულისთვის პატიების თხოვნა არ შეიძლება. პატიება უნდა სთხოვოთ სიცოცხლეშივე. ბევრი უნდა ილოცოთ მიცვალებულთათვის, იკითხოთ ფსალმუნები. რაც ხშირად მოიხსენიებთ გარდაცვლილებს ლოცვებში, უფრო უკეთესია მათი სულებისათვის. *

არ შეიძლება ღმერთი იმის გულისთვის შევაწუხოთ, რომ რამე სურვილი შეგვისრულოს. დაუშვებელია უფალს ვთხოვოთ, რომ ბევრი ფული ან ოქრო მოგვცეს, ეს მკრეხელობაა. *

ყველა ზიარებას წინ უნდა უძღოდეს ლოცვითი ღვაწლი. თავი უნდა აიყვანოთ ხელში. ეს ნელ-ნელა მოვა და მიეჩვევით. ზიარების წინ აუცილებლად აღსარება უნდა თქვათ. რაც შეეხება მეორე კითხვას, ეგ არის ბოროტი ფიქრი, მაგის თქმა არ შეიძლება. მაინც უნდა წახვიდეთ ეკლესიაში, ნახოთ მამაო და შეასრულოთ ლოცვა-კურთხევა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

ეკლესიური ადამიანი კითხულობს, ან უნდა წაიკითხოს დილისა და საღამოს ლოცვები, ფსალმუნები და წმ. წერილი, უფრო მეტად – სახარების თავები. მოძღვართან შეთანხმებით შეიძლება გაიზარდოს, ან შემცირდეს საკითხავების რაოდენობა. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ადამიანი თუ მონათლული იყო და თვითმკვლელობით არ დაასრულა სიცოცხლე, ამ დროს ჯოჯოხეთშიც რომ მოხვდეს, შეიძლება მისი დახსნა. მაგრამ თავის მოკვლის შემთხვევაში, არის რაღაც გარემოებები, რითაც ეპატიება ან არ ეპატიება. თუ ეპატიება, მაშინ შესაძლებელია მისი სულის დახსნა, თუმცა აუცილებელია მონათლული იყოს. პირად ლოცვებში მისი მოხსენიება შეიძლება, ეკლესიაში – არა, რადგან ეს მისი სულისთვის უარესი იქნება. მისთვის წესის აგება მღვდელმთავრის კომპეტენციაა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ეშმაკს ყველაფერი შეუძლია კეთილი საქმის გარდა. კვეთებულის ლოცვაზე დასწრება არ შეიძლება სულიერი მამის კურთხევის გარეშე. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

რა თქმა უნდა, ნებისმიერი ფსალმუნის წაკითხვა შეიძლება გაცნობის მიზნით, ინფორმაციის მისაღებად, მაგრამ თუ გსურთ, ამას სისტემატიური ხასიათი და ლოცვითი კანონის სახე მისცეთ, მაშინ მოძღვრის კურთხევა აუცილებელია. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

კვეთებულის ლოცვები სჭირდებათ მხოლოდ განსაკუთრებულად მძიმე სულიერ მდგომარეობაში მყოფთ და ისიც ეპისკოპოსის კურთხევით. რაც შეეხება ჯადოებს, არასწორია, როცა ყველა განსაცდელს ამ სახელწოდებას ანიჭებენ. ბოროტ ძალას ადამიანი ხშირად თავად აძლევს მასზე ზემოქმედების მოხდენის საშუალებას. თუ ამ კითხვის ავტორი აღმსარებელი, მაზიარებელი იქნება და სწორად, ქრისტიანულად იცხოვრებს, “მთელი ქვეყნის ჯადოქრებიც” კი ვერაფერს დააკლებენ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთია: შორტების ჩაცმით უფლის მიმართ უპატივცემულობა არ გამოიხატება. უმჯობესია გრილად იყო და ლოცვაზე იფიქრო, ვიდრე იმაზე გეფანტებოდეს ყურადღება, თუ როგორ გცხელა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

შეიძლება, ამით, უბრალოდ, დიდ სიყვარულს გამოხატავთ მათ მიმართ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

არანაირი პრობლემა არ არის ამაში. შეიძლება. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ადამიანში არსებობს გონება და გრძნობა. ეს ორი ფაქტორი უნდა იყოს ურთიერთკავშირში. ადამიანს მიდრეკილება აქვს სხვადასხვა ცოდვისკენ, დავუშვათ, ლოთობისკენ, სასმელ-საჭმლისკენ, მრუშობისკენ და ყველაფერი ეს გრძნობის კარნახით რომ წარიმართოს, მგონი კარგი არ იქნება. ის, რაც გრძნობიდან მომდინარეობს, უნდა იმართებოდეს გონებით. ამისათვის კი აუცილებელი ქრისტიანული ცხოვრებაა. ქრისტიანული ცხოვრება და ათი მცნება გვასწავლის ყოველივე იმას, რაც ადამიანს ყოველდღიურად სჭირდება. პიროვნება, რომელიც დადის ტაძარში, აბარებს აღსარებას, იცის, რომ ყველა გრძნობა გონებით უნდა იმართებოდეს, ასეთ ცოდვაში არ ჩავარდება. ამიტომ გონებისა და გრძნობის დამოკიდებულება ძალიან კარგად უნდა აისახებოდეს ადამიანის ცხოვრებაში, რომ არ გაასწროს გრძნობამ გონებას, თორემ ადამიანი ყოველთვის ჭაობში აღმოჩნდება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)

მისი ლოცვებში მოხსენიება შეიძლება, რომ დავეხმაროთ, თავი დააღწიოს ამ ჯოჯოხეთურ საქმეს. ამ კუთხით შეიძლება ვილოცოთ მისთვის. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)

თუ ინფორმაციული თვალსაზრისით კითხულობთ, შეგიძლიათ წაიკითხოთ, მჯდომარემაც კი. საერთოდ კი ლოცვა-კურთხევა უნდა აიღოთ სასულიერო პირისგან. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ოჯახის წევრებს რთავენ ხოლმე უფლებას, პირად ლოცვებში მოიხსენიონ. განსაკუთრებული ლოცვები არ არსებობს, შეგიძლიათ ფსალმუნებში მოიხსენიოთ, მაგრამ მოძღვრისგან მაინც აიღეთ ნებართვა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

პატრიარქის ლოცვა-კურთხევაა, შვიდგზის ლოცვები ვიკითხოთ ყოველდღიურად და რას ჰქვია, როცა მოესურვება?! დაზარება კიდევ სხვა რამეა, კი არ ეზარება, არ უნდა. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)

დილა-საღამოს ლოცვები იკითხება სახლში ხატების წინ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

იქონიე მჭიდრო კავშირი დედა ეკლესიასთან, შვიდგზის ლოცვები შეასრულე ადგილობრივი დროით. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

1-2 ჭიქის შემდეგ როგორ არ შეიძლება?! უბრალოდ, არ უნდა დათვრე, ეს არ შეიძლება არც მარხვასა და არც ხსნილში. გააჩნია ადამიანსაც. ზოგიერთი 3 ჭიქითაც შეიძლება დათვრეს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ეკლესიაში საუბარი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, მით უმეტეს, წირვა-ლოცვის დროს, როცა მთელი ყურადღება იქით უნდა იყოს მიმართული. თუ საუბარი უნდა ადამიანს, გარეთ გამოვიდეს და იქ ისაუბროს. თვითონ სცოდავს და სხვასაც ცოდვაში ადგებს. აუცილებლად უნდა მიუთითოთ ამაზე, თქვენ თუ ვერ შეძლებთ, სტიქაროსანს უთხარით და ის ეტყვის. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)

შეიძლება კი არა, ვალდებულნიც ვართ ასე მოვიქცეთ. ჩვენ მაცხოვარი მტრისთვის ლოცვას და მაწყევარის დალოცვას გვიბარებს. არა იმისთვის, რომ მტერი გაძლიერდეს თავის უგუნურებაში, არამედ მათ მოსაქცევად, ქრისტეს გზაზე დასაყენებლად. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)

ყოფითი საქმიანობა იმდენად არ უნდა გადავიტვირთოთ, რომ ლოცვისთვის ძალა არ შეგვრჩეს. მთავარია ზომიერება და ლოცვასაც შეძლებთ და თქვენს ლოცვას მადლიც ექნება. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)

სჯულის კანონის მიხედვით, კვირა დღე არის აღდგომის სწორი. აღდგომის დღესასწაულზე რადგან მუხლმოდრეკა დაუშვებელია, ამიტომ განაჩინებს საეკლესიო კანონიკა იმას, რომ კვირაობით მუხლმოდრეკა არ შეიძლება. შესაბამისად, კვირაობითა და საუფლო დღესასწაულებზე არ უნდა ვასრულებდეთ მუხლმოდრეკას. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)

სინანულის კანონი ტიპიკონის (საეკლესიო განრიგი) მიხედვით, დიდ მარხვებში იკითხება. თუ გინდა, შეგიძლია ისე წაიკითხო, ამით არაფერი დაშავდება. თუმცა ჯობს, მოძღვრისგან აიღოთ კურთხევა. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

ლოცვის წაკითხვა ყოველთვის შეიძლება და ყველას შეუძლია. სასურველია, რომ ადამიანს ჰყავდეს მოძღვარი და მისგან აიღოს კურთხევა. კითხოს, რომელი ლოცვა წაიკითხოს. თუმცა კურთხევის გარეშეც შეგიძლია წაიკითხო. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

აბორტი, რა თქმა უნდა, ყველას გვესმის, რომ ყოვლად მიუღებელი რამ არის. იგი მკვლელობასთან ასოცირდება, რადგან ნაყოფიც ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ სრულად არ არის ჩამოყალიბებული. ყველაზე კარგი იქნება, მოძღვართან მიხვიდეთ, აღსარება ჩააბაროთ და იგი გირჩევთ, რა ლოცვები უნდა წაიკითხოთ ამ შემთხვევაში. შეგიძლიათ წაიკითხოთ ღვთისმშობლის დაუჯდომელი, ან რომელიმე სხვა წმიდანის ლოცვები, არიან ქალწული წმიდანებიც. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

პირად ლოცვებში შეგვიძლია მოხსენიება სხვა სარწმუნოების ადამიანისაც. ლიტურგიის დროს, როდესაც იწირება ქრისტეს სისხლი და ხორცი, მოიხსენიებენ მხოლოდ მათ, ვინც უშუალოდ მართლმადიდებელი და ეკლესიის წევრია, ხოლო ეკლესიის წევრი ვხდებით ნათლობის საშუალებით, ანუ მირონცხებით. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

ძალიან კარგია, როდესაც ადამიანს უკმარისობის გრძნობა აქვს და ფიქრობს, რომ ისეთი მლოცველი არ არის, როგორიც საჭიროა. როცა ასეთი უკმარისობაა ადამიანში, ის უფრო მეტს ლოცულობს, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს თავის თავს და ლოცვაც თავისთავად უკეთესი გამოვა. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)