
პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.
1. შეიძლება თუ არა ჯადო გაუკეთონ ნაზიარებ პიროვნებას და როგორ შეიძლება ჯადოს მოხსნა მართლმადიდებლური წესით?
ადამიანზე, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს – აღსარებას ამბობს და ეზიარება – ჯადო არ მოქმედებს. თავისთავად ჯადოს არსებობას ეკლესია არ უარყოფს. ეს არის ეშმაკის განგებით მიყენებული ვნება. ურწმუნო ადამიანზე მას აქვს უარყოფითი გავლენა. ჯადოს მოხსნისთვის პირველ რიგში აუცილებელია ეკლესიური ცხოვრება, ხოლო კონკრეტულად ეს ხდება სათანადო ლოცვების მეოხებით, რომლებსაც კითხულობს ეპისკოპოსი, ან მისი კურთხევით, რომელიმე მღვდელმსახური.
2. შეიძლება თუ არა ტრანსპორტში მყოფმა ეკლესიის დანახვისას გადაიწეროს პირჯვარი?
პირჯვრის გამოსახვა შინაგანი ლოცვის გარეგნული გამოვლინებაა. ლოცვა კი ყველგან, ყოველთვის და ნებისმიერ მდგომარეობაში შეიძლება. წმ. ტაძართან ჩავლისას ადამიანმა უფალს უნდა შეთხოვოს ცოდვათა მიტევება, შეწევნა, ხოლო წმინდანს (ვის სახელზედაცაა ტაძარი აგებული) – მეოხება ღვთის წინაშე; პირჯვრის გადაწერა აძლიერებს ჩვენს ლოცვას და გვიცავს ბოროტისაგან (რამეთუ ჯვარი ძალაა ღვთისა). არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა, რამდენჯერ გადავიწერთ პირჯვარს.
3. რატომ არ შეიძლება, მართლმადიდებლურ ტაძრებში ვილოცოთ დამსხდრებმა ისევე, როგორც ქრისტიანობის სხვა კონფესიებში?
მართლმადიდებლობა არ კრძალავს დამჯდარ მდგომარეობაში ლოცვას. მართლმადიდებლურ ტაძრებშიც არის სკამები, რომლებზეც შეიძლება დაჯდომა ღვთისმსახურების დროს, მაგრამ მართლმადიდებლური რელიგიური ცხოვრებისათვის უცხოა დასავლურ კონფესიური კომფორტი (ასკეზის უარყოფა, უმარხულობა, ღვთისმსახურების მცირე ხანგრძლივობა, ინსტრუმენტალური მუსიკა, ჯდომა). მართლმადიდებლობა ქრისტეს მოწაფეობა, მისი მიმდევრობა, მისი ცხოვრებით ცხოვრებაა.
ნამდვილი რელიგიური ცხოვრება მორწმუნეს ქრისტესადმი სიყვარულს უნდა ასწავლიდეს, ხოლო სიყვარული ღვაწლისა და თავგანწირვის გარეშე არ არსებობს. ამიტომაც არ გვეთმობა მართლმადიდებლებს საუკუნეებში გამოტარებული ტრადიციებით გადმოცემული ღვთისმსახურების და საერთოდ, რელიგიური ცხოვრების სიმკაცრე.
მარხვით, ხანგრძლივი საეკლესიო ღვთისმსახურებით, ლიტურღიაზე (რომელიც ქრისტეს ცხოვრებაა) დგომით და დაღლით საშუალება გვეძლევა, ქრისტესადმი ერთგულება და სიყვარული გამოვხატოთ. ხოლო ჯდომა და საორღანო მუსიკის მოსმენა დარბაზებშიც შეგვიძლია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ტაძარში ლოცვა (არამარტო ტაძარში) ღმერთთან საუბარია და რატომ გვიკვირს, რომ უმჯობესია, უფალს ფეხზე წამოვუდგეთ? თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დაჯდომა (განსაკუთრებით უძლურების შემთხვევაში) არავის ეკრძალება.
4. მაინტერესებს როგორ ხდება ხატის მობრძანება ოჯახში, რომელ ტაძარს უნდა მივმართო?
ძირითადად ყველა ტაძარში არის ასეთი ხატი, რომელსაც ოჯახებში დააბრძანებენ, სადაც მრევლი იკრიბება და ლოცვებს აღავლენენ. ეს არის მრევლის ერთობის გამოხატვა, ერთად ლოცვას ენიჭება მაგიური ძალა. ეს ხდება იმისათვის რომ მრევლმა უკეთ გაიცნოს ერთმანეთი, გაიგონ ერმანეთის გასაჭირი და შემდგომ დაეხმარონ ერთმანეთს. მიბრძანდით ნებისმიერ ტაძარში და ტაძრის წინამძღვარს მიმართეთ.
5. არსებობს ღვთისმშობლის ხატი ორსულთათვის, ბარაქის ხატი, ბავშვების მფარველი, ადავმყოფების მკურნალი და ასე შემდეგ, უამრავი დასახელების ხატები.
მე ეს სწორად არ მიმაჩნია და ვეთანხმები წმ. მამებს, რომლებიც გმობდნენ ამას. მაგალითად, ბოლო დროინდელი რუსი მოღვაწე ღვთისმსახური წერდა, რომ ადამიანები არ უნდა მიმართავდნენ კონკრეტულ წმინდანებს ან მფარველობისთვის ან ჯანმრთელობისთვის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო. არამედ, მართებულია, მართლმადიდებელი ქრისტიანი ლოცვისას ცოცხალ ეკლესიას ანუ წმინდანებს მიმართავდეს, რომ მათ ევედრონ ქრისტეს ჩვენთვის. ჩვენ კი არ უნდა ვევედროთ პირადად მათ…
რა თქმა უნდა, ხატების კლასიფიკაცია არ შეიძლება, ზოგჯერ საზოგადოებაში ხდება რაღაცის დოგმატიზირება. ხატიც და ვთქვათ, წმიდანთა ნაწილებიც, რომელთაც თაყვანს ვცემთ და მათგან კურნებას და სხვა სახის წყალობას ვიღებთ, არიან ღვთიური მადლის გამტარები და ჩვენ სწორედ უფალს ვუახლოვდებით მათი საშუალებით. წმინდანები არიან ღვთაებრივი ენერგიის მატარებლები, უფლის მადლით გამსჭვალულნი და მხოლოდ უფლის ძალით შეგვეწევიან.
მთავარია, ადამიანმა წრფელი გულით ილოცოს, ხატების კლასიფიკაციის დოგმატიზირება არასწორია.
6. ბედისწერა არ არსებობს, რადგან ჩვენ თავისუფალი ნება გვაქვს მონიჭებული. ეს იმას ნიშნავს რომ ყოვლისშემძლე ღმერთმა არ იცის წინასწარ, ვინ ცხონდება და ვინ არა?
რა თქმა უნდა, უფალმა იცის ვინ ცხონდება და ვინ არა, მაგრამ ღმერთი არ განიზრახავს, ანუ უფალი გვაძლევს თავისუფალ ნებას და ჩვენზეა დამოკიდებული რომელ გზას ავირჩევთ, სულის მაცხონებელს თუ სულის დამღუპველს.
ადამიანი თვითონ არის საკუთარი ბედის მჭედელი. ადამიანს აქვს უფლისაგან ნაბოძები თავისუფლება, უფალს ყველანი ვუყვარვართ და სურს რომ ყველანი ვცხონდეთ, სწორედ ამისათვის ევნო ჯვარზე. უფალი არასოდეს ტოვებს ადამიანს, ეს თვითონ ადამიანი განეშორება ხოლმე ღმერთს.
7. თუ არის ცნობილი წმინდა ბარბარეს ასაკი, როდესაც იგი აღესრულა?
წმ. ბარბარეს გარდაცვალების ასაკად 17 წელია მითითებული. თუმცა დაზუსტებით არ ვიცით.
8. რას გვეტყვით, მამა გიორგის (ბასილაძე, ქუთაისში, მოწამეთას ტაძარში მსახური) წინასწარმეტყველების შესახებ. რა ელის ჩვენს სამშობლოს?
ეკლესია არ ცნობს მამა გიორგის წინასწარმეტყველებას; მრევლს მისი წიგნების წაკითხვას არ ვურჩევთ.
9. დამლოცეთ მამაო. მამაო, თუ შეიძლება ერთი შეკითხვა მექნება თქვენთან. ვარ 21 წლის. რაც წამოვიზარდე და უმაღლესში ჩავაბარე, პარალელურად გადავწყვიტე ზრუნვა სამსახურზეც. დავიწყე მუშაობა ავტო იმპორტში. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. მერე ხელფასს აღარ მაძლევდნენ და წამოვედი. შემდეგ მაღაზიაში დავიწყე მუშაობა გამყიდვლად და იქიდან გამათავისუფლეს. პირად ცხოვრებაში ხომ საერთოდ არ მიმართლებს. თითქოს ყველაფერი კარგადაა და უცებ ყველაფერი მთავრდება. ერთი სიტყვით, არაფერში მიმართლებს. ძალიან მაინტერესებს, რით შეიძლება ვუშველო ამ ყველაფერს? (მყავს მოძღვარი და ჩემი მამაო ახლა ქალაქში არაა და იმიტომ გაწუხებთ). წინასწარ გიხდით მადლობას.
მოთმინება და მადლიერება, – ესაა ყველაზე სათნო უფლისათვის. ყველანაირი გასაჭირი მოთმინებითა და მადლიერებით უნდა მივიღოთ. უფალმა უკეთ იცის, ჩვენთვის რაა უკეთესი. უნდა გვქონდეს უფლის იმედი, რომ მოიღებს მოწყალებას
და ღვთიური მადლით აგვავსებს. რაც უფრო მეტს დავითმენთ და მადლიერების გრძნობით ვიქნებით განმსჭვალულნი, უფალი აუცილებლად გადმოგვხედავს მოწყალე თვალით. მრავალტანჯული იობის მაგალითით უნდა ვიცხოვროთ. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ, მოთმინება და მადლიერება მოგანიჭოთ.
10. მშვიდობა! როგორ შეიძლება ავხსნათ რამოდენიმეჯერ ნანახი ერთი და იგივე სიზმარი?
არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუჯეროთ სიზმრებს. სულ რომ ერთი და იგივე სიზმარს ვხედავდეთ, არ უნდა მივაქციოთ ამას არავითარი ყურადღება. ქრისტიანმა ადამიანმა რეალური ცხოვრებით უნდა იცხოვროს და მისთვის სიზმრებს არანაირი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს.
11. როგორ უნდა მოიქცეს მართლმადიდებელი ადამიანი, რომელსაც ცოლ-შვილი ჰყავს იაღოველი? როგორ უნდა დაეხმაროს მათ, სწორ გზაზე დადგნენ?
თუ ადამიანი სიტყვით ვერაფერს ახერხებს, ანუ სიტყვით ვერ მოაქცია თავისი ოჯახის წევრები, ამ შემთხვევაში ერთადერთი, რაც მას შეუძლია, ეს არის ლოცვა. მან უნდა ილოცოს მთელი გულით, რათა უფალმა გონება გაუნათოს მათ, მოაქციოს სწორ გზაზე და ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. უნდა იკითხოს კვიპრიანე კართაგენელის დაუჯდომელი და ფსალმუნები. უფალს ევედროს. ღმერთმა გაგაძლიეროთ და შეისმინოს თქვენი ლოცვა.
12. საეკლესიო გალობის – რვახმის კანონის შემსწავლელი ჯგუფის წერილი:
ვაცხადებთ, რომ ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ქართულ სამხმიან ტრადიციულ გალობას. ჩვენი პრინციპია, არ განვიკითხოთ არც ერთი გვარის გალობა და ვფიქრობთ, რომ არც ერთი სახის გალობის აკრძალვა არ შეიძლება.
გვინდა, მოგმართოთ შეკითხვით: რას ვაშავებთ ჩვენ და რატომ უნდა დავისაჯოთ, თუ ჩვენ ყოველდღე აღვასრულებთ მსახურებას კვირის ხმის მიხედვით? რვახმის კანონს უჩვენებს ტიპიკონი და ამ კანონზეა გაწყობილი ყველა საღვთისმსახურო წიგნი. სამხმიან გალობაში რვახმის კანონი არ არის. ამას ადასტურებს ის კვლევები, რომლებიც ჩატარდა ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ 8000-ზე მეტ საგალობელზე. რვახმის კანონს აქვს ზუსტი კანონიკა: ყველა ხმას გააჩნია თავისი გამა, კილო, მელოდიური ფორმულები და სხვა ელემენტები, რომლებიც ხმებს ერთმანეთისგან განარჩევენ. სამხმიან გალობაში ესენი არ არის. რვახმის კანონი ეკლესიაში დადგენილია სულიწმიდით და წარმოადგენს ეკლესიის წმიდა გადმოცემის ნაწილს, რომელიც საყოველთაოა ყველა ადგილობრივი ეკლესიისთვის, რასაც ადასტურებს ის, რომ ყველა ადგილობრივ ეკლესიაში ყველა საღვთისმსახურო წიგნში ლოცვები ერთნაირადაა გაწყობილი რვა ხმაზე. საეკლესიო გალობას – რვახმის კანონს – უწოდებენ ბიზანტიურ გალობას. რვახმის კანონი მონოფონურია, ანუ იგალობება ერთ ხმაში. არც ერთ ადგილობრივ ეკლესიაში არ იკრძალება ერთხმიანი გალობა. უმეტეს ადგილობრივ ეკლესიებში გალობენ როგორც ეროვნული ტრადიციით, ასევე რვახმის ერთხმიანი კანონის მიხედვით. არც ერთ ეკლესიაში არ არის კამათი ამ საკითხზე. ჩვენც გთხოვთ, ნუ ავკრძალავთ ღვთის მიერ დადგენილ კანონს, შევინარჩუნოთ ორივე: სამხმიანი – ეროვნული ტრადიციის მიხედვით და ერთხმიანი – რვახმის კანონის მიხედვით; ჩავატაროთ ერთობლივი წირვა-ლოცვები, როგორც ამას ათონის მთაზე აკეთებენ; შევწყვიტოთ ამ საკითხზე ერთმანეთში კამათი და დაპირისპირება და ერთად დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესია და მისი სწავლება, რადგან დღეს ეკლესია ძლიერ ზეწოლას განიცდის.
ჩვენი სინოდის დადგენილება – ქართულ ეკლესიაში იყოს ქართული სამხმიანი გალობა – ეს არის სავალდებულო ყველასათვის. ვინც პატრიარქის ლოცვა-კურთხევას და სინოდის გადაწყვეტილებას არ ემორჩილება, ის წინააღმდეგია ეკლესიის.
13. მშვიდობა მამო, დამლოცეთ რათა გავძლიერდე უფლის წყალობით რწმენაში. ჩემი უახლოესი მეგობრის გასაჭირი მინდა მოგწეროთ და მოგიყვეთ. განეშორა იგი დედა ეკლესიას და აღდგომის მარხვის შემდგომ წირვაზეც კი აღარ წასულა,(აღსარებაზე, მარხვაზე და ზიარების მიღებაზე ხომ საერთოდ აღარ ვსაუბრობ). უმძიმეს მრუშობის ცოდვაში ჩავარდა და ვერაფრით გამოვაფხიზლე მისი დაბინდული გონება. საერთოდ არ უნდა ჩემი მოსმენა და პირიქით, ჩემი საუბარი აგრესიასაც კი იწვევს მასში. ვგრძნობ რომ ყოველდღიურად მძიმდება მისი მდგომარეობა, უმართავი ხდება, განსჯისა და რეალობის აღქმის უნარს კარგავს და იუარესებს სულიერ მდგომარეობას. მირჩიეთ მამაო როგორ მოვიქცე?
მას ებრძვის ეშმაკი და თქვენ რაც შეიძლება ბევრი უნდა ილოცოთ მისთვის, მისი სულის გადასარჩენად რათა აეხილოს თვალი და უფლის შეწევნით გაუნათდეს გონება.
14. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ისეთი წიგნის წაკითხვა სადაც მთავარი თემა ჯადოქრობაა? ძალიან მაინტერესებს ასეთი წიგნები და ვკითხულობ კიდეც (ჰარი პოტერი, ბეჭდების ბრძანებელი) ამიტომ, მაინტერესებს არის თუ არა ეს ცოდვა?
საქმე მარტო იმაში არ არის, ეს ცოდვა არის თუ არა. ამ შემთხვევაში ადამიანი ასეთი ხასიათის წიგნის კითხვის დროს დემონურ ძალებთან შედის კავშირში მისდაუნებურად და ქვეცნობიერებაზე ეს ყველაფერი მოქმედებს. ადვილი შესაძლებელია ასეთი ადამიანი გახდეს დამძიმებული, აგრესიული, საზოგადოების მიმართ გაუცხოებული და საბოლოო ჯამში ეს ყოველივე გამოიწვევს მის პიროვნულ დეგრადაციას. არსებობს ორი გზა ამგვარი წიგნების კითხვის შემდეგ: ან უნდა დაგმო და მიხვიდე ეკლესიაში, დაიწყო ეკლესიური ცხოვრება და უარყო ეს ყველაფერი. ან თუ გაყვები ამ ყოველივეს, ადამიანს გაუჩნდება ეშმაკთან სიახლოვის სურვილი. ბოროტი იმისთვის კი არ არის მოწოდებული რომ ადამიანს მეგობრად გაუხდეს, პირიქით, ის ყოველთვის იქნება და არის მისი მტერი და დარჩება მტრად. მისი მთავარი მიზანია სულის წარწყმედა და ადამიანის მოქცევა ჯოჯოხეთში.
15. გათხოვებამდე მამა დავითის (დათუაშვილი) მრევლი ვიყავი. ახლა კახეთში მიწევს ცხოვრება. ახლო-მახლო მოქმედი ეკლესია არ არის. როცა დედასთან ჩამოვდივარ ვეზიარები ხოლმე. ბოლო დროს დიდხანს ვერ ჩამოვედი. ვერ ვხვდებოდი ეს ჩემი სასჯელი იყო რომ დედა ეკლესიაში არ მეღირსა არა თუ შესვლა, არამედ დანახვაც კი, თუ როგორც მამა ისიდორემ მითხრა, შესაძლებელია ურწმუნო ხალხის გვერდით უნდა ვიყო მორწმუნე. უფალო, ამპარტავნებაში ნუ ჩამაგდებ. ეს დიდი მადლია ურწმუნოთა მოქცევა. როგორ მოვიქცე, თუ მე თვითონ ჩემი ცოდვებისთვის ვერ მომივლია?
ზოგადად თითოეული მორწმუნე ადამიანი ატარებს მოციქულეობრივ მადლს. მან უნდა ეცადოს თავისი ცხოვრების წესით აჩვენოს თუ როგორია ეკლესიური ადამიანი. ყველა ადამიანი ცოდვილია და უცოდველი ადამინი არ არსებობს.
ჩემი რჩევა იქნება რომ როცა ჩამოხვალთ და იქნებით დედასთან ან ახლობლებთან ის პერიოდი გამოიყენოთ იმისათვის, რომ აღსარება თქვათ და ეზიაროთ. (მამა დავითი დათუაშვილი)
16. მოგესალმებით, მინდა ჩემი ტკივილი გაგიზიაროთ და იქნებ დამეხმაროთ. ჩემი ყოველდღიური ცხოვრება ისეთ ბრძოლას უკავშირდება ბევრი ვერ წარმოიდგენს, რა თქმა უნდა სულიერად და არა ფიზიკურად, ბევრი კითხვა დამიგროვდა რომელმაც თავგზა ამირია. ვცდილობ, ყველაფერს ახსნა მოვუძებნო, მივხვდე ჩემი სიცოცხლის მიზეზს და ცხოვრების მიზანს, მაგრამ ტყუილია, ყველანაირი ფიქრი და ძიება ყველა კითხვას უპასუხოს ტოვებს. მიუხედავად, ჩემი არც ისე დიდი ასაკისა სულიერად დიდი ტანჯვა გადავიტანე და არც ახლა ვგრძნობ საშველს. მესმის ის რომ დავიტანჯე ჩემი ცოდვების გამო და ამიტომ არ მაქვს კარგი ცხოვრება და მადლობა ამისთვის ღმერთს თუკი აქვე საკუთარი წამებით მოხდება ჩემი სულის ხსნა. მაგრამ ეს არაა მთავარი, ისეთი კითხვები მაქვს, რომელსაც არათუ მე, არამედ ვერც რელიგია სცემს პასუხს, – რაც საბოლოოდ იწვევს იმას, რომ რწმენა მისუსტდება, მეშინია ვაითუ ჩემი აქ ამ ცხოვრებაში გდება უბრალო შემთხვევითობაა და მეტი არაფერი. არ მომწონს ეს სიცოცხლე, არათუ ცხოვრება და მინდა რწმენა გამიჩნდეს ღმერთის ისეთი რომ მიღირდეს ჩემი აქ დარჩენა და სულის წამებას რაღაც აზრი ჰქონდეს. თუკი დავინახავ რომ აზრი აქვს ამ ყველაფერს, მაშინ ვეცდები ყველაფერი გავაკეთო ჩემი მისიის შესასრულებლად. არც მოძღვარი მყავს, არც ნაზიარები ვარ და ეკლესიაშიც იშვითად დავდივარ რადგან არ მინდა შესაბამისი რწმენის გარეშე იქ მისვლა, დახმარება მჭირდება რადგან ჩემს თავს ვერ ვშველი. კითხვას დავსვამ თუ შეიძლება:
1) თუკი ღმერთმა წინასწარ იცის საბოლოოდ ჩვენი გზა საით წავა რა აზრი აქვს ჩვენ გამოცდას, შედეგი ხომ წინასწარვე იცის?
2) რატომ იტანჯება ერთი და მეორე არა, ღმერთს ხომ ყველა ერთნაირად უყვარს, რატომ არსებობს ამხელა დისბალანსი ადამიანების შესაძლებლობებში?
3)ვიცით, რომ 21-ე საუკუნეში ტექნოლოგია ძალიან განვითარებულია, რატომ არ შეილება რომ იერუსალიმში სასწაულმოქმედი ცეცხლის გადმოსვლის სასწაული, სინამდვილეში სასწაული კი არა ტექნოლოგიური მიღწევა იყოს? მაპატიეთ ყველამ თუ რამე შემეშალა, მაგრამ ეს ის დეტალებია რაც ჩემ ცხოვრებას კიდევ უფრო ძნელს ხდის.
აუცილებლად მიბრძანდით ეკლესიაში, აიყვანეთ მოძღვარი და მოძღვართან ისაუბრეთ ამ თემებზე. რაც შეეხება კითხვებს:
I – პირველი კითხვა თქვენი მხრიდან არის მატერიალისტური აზროვნების შედეგი. ღმერთმა იცის ყველა შესაძლო შემთხვევა, რაც ჩვენ შეიძლება შეგვხვდეს, მაგრამ არჩევანი ჩვენ გვრჩება.
II – რატომ დაიტანჯა თვით უფალი? ყველა ადამიანს აქვს თავისი ჯვარი, თავისი მისია მინიჭებული. უფალი ჩვენ გვეუბნება “აღიღე ჯვარი შენი და შემომიდექი”. რატომ იტვირთა უფლის ჯვარი სიმონ კვირინელმა? იმისათვის, რომ ეს ჯვარი გოლგოთამდე მიეტანა. ამით უფალმა აჩვენა რომ, მარტო თვითონ არ უნდა ზიდოს ეს ჯვარი, რომელიც ყველას ეკუთვნის.
ჯვრის ტარება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ წუთისოფელში, მოსულები სტუმრად და ამ მომენტში ჩვენ გარკვეული სიმძიმე უნდა ვიტვირთოთ. თუკი რწმენა არ გაქვს და არ იტვირთებ ჯვარს, შესაბამისად, სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს ადამიანი.
სიმძიმე გვეძლევა იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში დავიმკვიდროთ ცათა სასუფეველი.
III – უფალი სასწაულს ახდენს მორწმუნეთა გასაძლერებლად. ურწმუნოთათვის კი არც ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლაა და არც ნებისმიერი სხვა. ეს ხდება მორწმუნეთათვის. ამიტომ ტექნოლოგია იქნება თუ არა, ამას მნიშვნელობა არ აქვს.
17. გამარჯობა, 5 წელი გათხოვილი ვარ, თუმცა ორსულობა არ დამდგარა, რამოდენიმე თვის წინ გავიგეთ იერუსალემის მიწაზე მოყვანილი ზეთისხილის სასწაულმოქმედი ნაყოფის შესახებ. ახლობელმა ჩამომიტანა 2 ცალი ზეთისხილი, 2 ზეთისხილის რტო, წმიდა მიწა და მაცხოვრის საფლავიდან გადმოსული მირონი. როგორ უნდა მოვიქცე? ზოგმა მითხრა, არაფერი არ უნდა, ეგრევე უნდა შეჭამოთ ნაყოფი და რტოები ბალიშის ქვეშ დაიწყოთო, ზოგმა სპეციალური ლოცვები სჭირდებაო. გთხოვთ, დამაკვალიანოთ. მადლობა წინასწარა პასუხისათვის.
პირველ რიგში, მაინტერესებს, რა დიაგნოზი დაგისვეს ექიმებმა, რას ამბობენ, რა არის უშვილობის მიზეზი? ჩატარებული გაქვთ გამოკვლევები? თქვენ მიერ შემოთავაზებულ საშუალებას მორწმუნე ადამინმა მხოლოდ ექიმებთან მკურნალობის შემდეგ (ან პარალერულად) შეიძლება მიმართოს. (მღვდელი გიორგი წეროძე)
18. გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მომწეროთ, თბილისში სად არის ახლადაშენებული ეკლესია ღვთისმშობლის ხატის “ღირს არსის” სახელზე აგებული? ზუსტი მისამართი თუ იცით? წინასწარ გიხდით მადლობას.
სამწუხაროდ, მე არ ვიცი, სად არის ეს ტაძარი. იქნებ დარეკოთ საპატრიარქოს საინფორმაციო ცენტრში. ტელ: 2435500 (მღვდელი გიორგი წეროძე)
19. როგორ უნდა მოვექცეთ ძველ ხატებს, რომელიც წაშლილია, ან აქერცლილი? ზოგმა მითხრა, რომ დავწვა, ზოგი ამბობს, ეკლესიის ეზოში დადეო. გთხოვთ, გამარკვიეთ, როგორ მოვიქცე?
ძველი ხატები ეკლესიაში მიიტანეთ და მოძღვრის კურთხევითა და რჩევით შესაბამისად მოიქეცით.
20. შეიძლება თუ არა ბიომეტრული (ჩიპიანი) პასპორტის აღება? მირჩიეთ, როგორ მოვიქცე.
ამაზე, ზუსტი პასუხის გაცემა არ შემიძლია, უნდა დაველოდოთ ერთიანი ეკლესიის პოზიციას, სინოდის შეკრებას.
21. მაინტერესებს, რატომ ეწინააღმდეგება მარკოზის სახარება მათესა და ლუკას სახარებას შემდეგ საკითხში, კერძოდ: როდესაც პეტრემ უარყო უფალი, მარკოზის სახარებაში წერია, რომ ორივეჯერ მღვდელმთავრის ერთი და იგივე მსახურმა ამოიცნო, ხოლო დანარჩენ სახარებაში წერია, რომ სხვადასხვა მსახურმა ამოიცნო.
მარკოზის სახარება არ ეწინააღმდეგება მათესა და ლუკას სახარებას. ერთია, რომ ადამიანის გონება ვერ სწვდება ღვთის საქმეებს და არც აქვს ამის უფლება. სახარება იმდენად წმიდაა, რომ მორწმუნე ადამიანი მასში წვრილმანებს არ უნდა ეძებდეს. ყველაფერს უნდა შევხედოთ, როგორც ღმერთისგან გამომდინარეს.
22. ითვლება თუ არა ცხვირის ოპერაცია ცოდვად?
არ ითვლება ცოდვად, მაგრამ საჭიროა მიიღოთ თქვენი მოძღვრისგან კურთხევა. (მამა ლევან (კუტივაძე) – ტაბახმელის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის წინამძღვარი)
23. მაინტერესებს, რით ამტკიცებს მართლმადიდებლური ეკლესია სულების არსებობას?
მართლმადიდებლური ეკლესია სულების არსებობას ამტკიცებს სახარებიდან, სადაც ვკითხულობთ: ნუ გეშინიათ მათი, ვინც სხეულს კლავს, სულის მოკვლა კი არ ძალუძს. უფრო მეტად მისი გეშინოდეთ, ვისაც სულის დაღუპვაც ძალუძს და სხეულისაც გეენიაში. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
24. მაინტერესებს, რომელ ქვეყანაში დაიბადა მაცხოვარი და რატომ დაიბადა იმ ქვეყანაში და არა სხვაში,რით იყო ეს განპირობებული, ანუ რატომ გამოარჩია უფალმა ეს კონკრეტული ქვეყანა?
მაცხოვარი დაიბადა ისრაელში, ქალაქ ბეთლემში. ებრაელი ერი იყო ერთადერთი ერი, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ ცოდნა თვით უფალმა აუწყა მოსეს პირით, ამიტომ იყვნენ ისინი გამორჩეულნი. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
25. დამლოცეთ, მამაო. შეიძლება თუ არა დედათა წესის დროს ვნების შვიდეულში სახარების კითხვაზე დასწრება და საერთოდ, ტაძარში შესვლა?
ღმერთმა დაგლოცოთ. შეიძლება, თუმცა სიწმინდეებს ნუ შეეხებით. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
26. მონასტერში ტელევიზორი შეიძლება? ხაშურის წმიდა მარინეს მონასტერში ვნახე და გამიკვირდა.
დღევანდელი ადამიანები ინტერესდებიან, რამდენად მისაღებია რელიგიისათვის ტექნიკური მიღწევები. თუკი მათი სასიკეთოდ გამოყენება შეიძლება, იგი ხელს არ უშლის ეკლესიას. ტელევიზორის საშუალებით ჩვენთვის სასიკეთო ინფორმაციის მიღება შესაძლებელია უფლის სადიდებლად.
27. დამლოცეთ, მამაო. ჩემი მეგობარი მუშაობს ტკბილეულის სადისტრიბუციო კომპანიაში, სადაც ძირითად ასორტიმენტად წარმოდგენილია უკრაინაში წარმოებული შოკოლადები. რამოდენიმე დღის წინ უკრაინიდან მიიღეს წერილი, რომლის ავტორიც არის უკრაინის ერთ-ერთი მიტროპოლიტი. წერილში 40-მდე დასახელების შოკოლადზე მიტროპოლიტი იძლევა კურთხევას მათი, როგორც სამარხვო პროდუქციის გაყიდვაზე, არადა პროდუქტის შემცველობაში წერია, რომ შესაძლოა შეიცავდეს კვერცხის ან/და რძის ფხვნილს. გთხოვთ, გვირჩიოთ, როგორ შეიძლება მოიქცეს ჩემი მეგობარი. საპატრიარქოში იყი მისული მეუფე იაკობთან რჩევისათვის, სადაც სამდივნოში განუმარტეს, რომ მეუფეს კომპეტენციაში არ შედის აღნიშნული საკითხის გარკვევა. თუ შეგიძლიათ გვირჩიოთ, როგორ მოვიქცეთ?
უცხო ქვეყნის სასულიერო პირის კურთხევა არ მიიღება, რადგან იგი არ არის წმიდა სინოდის წევრი.
28. მამაო, მართალი სულები მეორედ მოსვლის შემდეგ სად იქნებიან? ფორმაშეცვლილ დედამიწაზე, თუ სასუფეველში?
მეორედ მოსვლის შემდეგ მოხდება განსჯა როგორც გარდაცვლილების, ასევე ცოცხლების, რის შემდეგაც მართალი სულები მარადიულ სასუფეველს დაიმკვიდრებენ, ხოლო ცოდვილები – მარადიულ სატანჯველს.
29. მაინტერესებს თქვენი აზრი დღევანდელ წინასწარმეტყველებაზე. როგორც ვიცი, წინასწარმეტყველება ცოდვაა, მაგრამ ქ-ნ ლელა კაკულიას ეკლესია არ კიცხავს და თუ სურათებით ვიმსჯელებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ პატრიარქის კურთხევაც აქვს. არ იფიქროთ, რომ მის მიმართ რაიმე საწინააღმდეგო მაქვს, უბრალოდ, მაინტერესებს მის ნიჭს ეკლესია როგორ აფასებს.
ყველაფერს ადამიანი სიფრთხილით უნდა მიუდგეს და არა მარტო იმით, რომ გამოიყენოს ეკლესია. ხშირად პატრიარქის კურთხევა მაქვს, ამბობს ადამიანი, მაგრამ პიროვნულად დალოცვა ადამიანისა არ ნიშნავს იმას, რომ კურთხევა გვაქვს. შეიძლება ადამიანს მართლაც გეუწყა, მაგრამ შენ გეუწყა და არა – სხვას. ხომ შეიძლება ბავშვი რომ დაიბადება, პურის ნაჭერი ჩაუდო პირში, კარგი საჭმელიაო პური, სახარებისეულ ლოცვაშიც წერია: “პური ჩვენი არსობისა”, მაგრამ ის პური დაახრჩობს მას და დაღუპავს. თუ ის შენ გეუწყა, შენთვის შეინახე, რადგან მე რომ მეუბნები ამას, შეიძლება ცუდად მივიღო, გავგიჟდე, გადავირიო და ქუჩაში ქვების სროლა დავიწყო. უფალი ამბობს კიდეც სახარებაში: “ბევრი გამრავლდებიან ცრუ წინასწარმეტყველნი”. რომელია მართალი და რომელი – ცრუ, ვერ გაიგებ, ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება მის წინასწარმეტყველებაზე და აქედან გამომდინარე, საიდან არის ეს წინასწარმეტყველება, უფლისაგან თუ ბოროტისგან? იქნებ მსახურს ეკლესიისას ეფარება და ისე წინასწარმეტყველებს ეს ადამიანი? პატერიკებში “წმიდა მამათა ცხოვრებაში” არის აღწერილი ერთი ესეთი ამბავი: მთელი ცხოვრება ერთ-ერთი ბერი უფალს ევედრებოდა, რომ გამოცხადებოდა. მას უფალთან შეხვედრა სურდა. მისი ვედრება შეისმინა უფალმა და გამოეცხადა. ამ ადამიანმა თვალები დახუჭა, რომ არ დაენახა უფალი. მაცხოვარმა უთხრა: მე ვარ, შევისმინე შენი ლოცვა, რასაც მთელი შენი სიცოცხლე მევედრებოდი და აქ ვარ. მან მიუგო: – მე არ ვიცი, შენ ვინ ხარ. თუ მართლა ჩემი უფალი ხარ და ის მადლი, რითაც შენ აქ გამომეცხადე, შენთან რომ მოვალ, მაშინ მომმადლე, ხოლო თუ ჩემი უფალი არ ხარ, მაშინ მის წინაშე მართალი ვიქნები. იქიდან გამომდინარე, რომ ყველასა და ყველაფერში, რაც კი ჩვენ გარშემო ხდება, უნდა დავინახოთ ღვთის არსებობა. ყველაფერს უნდა მივუდგეთ სიფრთხილით და არა ისე, კაკულიამ თქვაო. მერე რა, რომ თქვა, ეს მისი ნათქვამია და მე რა ვიცი, მართალია თუ არა, რატომ უნდა დავუჯერო მის წინასწარმეტყველებას? ხალხი ამაზე უნდა დაფიქრდეს, პირველ რიგში, თორემ ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერი შეიძლება თქვას, ამ ყველაფერს ადამიანი სიფრთხილით უნდა მიუდგეს. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
30. ძალიან გთხოვთ, იქნებ მოგვაწოდოთ ინფორმაცია, რა განსხვავებაა საბერძნეთისა და საქართველოს მარლმადიდებელ ეკლესიებს შორის? შეგვიძლია თუ არა ვიაროთ საბერძნეთის მართლმადიდებელ ეკლესიაში, რომელიც ახალი კალენდრით ფუნქციონირებს? ვიცი, რომ აქ არსებობს წმიდა პანტელეიმონის ეკლესია, სადაც ქართველი მღვდელმსახურები ატარებენ წირვას, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო არ შემიძლია იქ წასვლა… ან თუ შეგიძლიათ მიმითითოთ, სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია ძველი და ახალი კალენდრის მიმდევრებზე? ძირითადად მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე არსებითი განსხვავება, გარდა თარიღებისა? წინასწარ გიხდით მადლობას.
სიტყვა მართლმადიდებლობა მიგვანიშნებს “სიმართლის დიდებას”. მართლმადიდებლობა არის ერთი. საბერძნეთის ეკლესიაც მართლმადიდებელია, მაგრამ მის წიაღში არის რამოდენიმე განხრა და განხეთქილება: ზოგი გადავიდა ახალ სტილზე, ზოგი კი ძველის ერთგული დარჩა. კალენდრის ძველი სტილი მიჰყვება მთვარის იულიუსის კალენდარს, რაც ადრე არსებული მოგვების, ვარსკვლავთმრიცხველებისა და წინასწარმეტყველებისგან შემოვიდა. ამიტომ რომელი ეკლესიაც არ ადიდებს სიმართლეს, მწვალებლად ითვლება. ახალ სტილზეა კათოლიკური ეკლესიაც, რაც არასწორია, რადგან სარწმუნოება ერთია. “ერთითა პირითა და ერთითა რჯულითა” უნდა ვაქებდეთ და ვადიდებდეთ უფალს. არ შეიძლება სხვაობა მოხდეს. სხვადასხვა რელიგიური მიმდევრობის ეკლესიაში შესვლა შეიძლება, მხოლოდ მონაწილეობის მიღების გარეშე. *
31. მამაო, როცა ადამიანი უსაქმოდ არის, ან ტრანსპორტშია, ან კიდევ ძილის წინ… ასეთ დროს მოდის ცოდვილი აზრები, მაგალითად, დიდებისმოყვარეობაზე ფიქრი, პატივმოყვარეობაზე, ნაყროვანებაზე და სხვა… როგორ უნდა ავიცილოთ ეს აზრები? თქვენ შეიძლება მითხრათ, ლოცვითა და უფალზე ფიქრითო, ასევე სასუფეველსა და ჯოჯოხეთზე ფიქრითო, მაგრამ სხვა საშუალებები არ არსებობს, ეს აზრები რომ ავიცილოთ და ცოდვაში არ ჩავვარდეთ? ძალიან ძნელია სულ რომ ლოცულობდეს ადამიანი, მაშინ როცა ლოცვაზე 5 წუთით დგომასაც ვერ ვახერხებ ნორმალურად.
მხოლოდ ლოცვითა და აზროვნების შეცვლით. (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
32. რა არის სტიგმა? თუ მაცდურისგან არის, ჯვარი რატომ ისახება და თუ კეთილისგან, მაშინ ეკლესია რატომ არაფერს ამბობს ამის შესახებ? და საერთოდ, თუ გვეუბნებიან რაიმეს სტიგმატების შესახებ წმიდა მამები? მაინტერესებს სასულიერო პირების დამოკიდებულება ამ საკითხისადმი.
სტიგმა არის გამოსახულება სხეულზე, ტატუირება. სტიგმების შესახებ საუბარია პატერიკებში. სახარებაში წერია: “ესე სასწაულს ეძიებდეს და სასწაული არა მიეცეს.” (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
33. მაინტერესებს ეკლესიის აზრი სოციალურ ქსელებთან, კერძოდ, Facebook-თან დაკავშირებით.
კომპიუტერი და ინტერნეტი არ არის ცუდი, თუ მას ღვთის სადიდებლად და თქვენს სასარგებლოდ გამოიყენებთ. (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)
34. გთხოვთ მომცეთ ინფორმაცია წმიდა ლელას დამსახურების შესახებ და მითხრათ, როდის არის წმიდა ლელას ხსენების დღე.
წმ.ლელას შესახებ არაფერი გამიგია. მოძებნეთ საპატრიარქოს კალენდარში, თუ იქ არ არის ნახსენები წმიდა ლელა, მაშინ არ არსებულა ასეთი წმიდანი. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
35. რას ნიშნავს კლირიკოსი?
კლირიკოსი ნიშნავს სასულიერო წოდების მქონე ადამიანს. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
36. როგორ გავიგოთ,რომ ღვთის ტაძარი ვართ და სულიწმინდა დამკვიდრებულია ჩვენს შორის? როგორ უნდა გახდეს სხეული ღვთის ტაძარი?
ზედმეტი კვლევა- ძიება იმისა, ვართ თუ არა ღვთის ტაძარი, სულიწმიდა დამკვიდრებულია თუ არა ჩვენში, არ არის საჭირო. ჩვენ უნდა ვიცხოვროთ კეთილსინდისიერი სარწმუნოებრივი ცხოვრებით, გვქონდეს თვითკრიტიკა, თავმდაბლობა, მორჩილება, მოთმინება, ვაჟკაცობა, სულგრძელება, გული, გონება და სიყვარული. დანარჩენი კი ღვთის ხელთაა. როცა ადამიანი ასეთია, მაშინ მას აქვს ღვთის მადლი. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
37. მამაო, ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება. უკვე მესამე წელია მყავს შეყვარებული. ჩემმა მშობლებმა კი ამის შესახებ არაფერი იციან იმიტომ, რომ ვიცი, დამიშლიან და ამაზე საშინელი რეაქცია ექნებათ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
ის, რაც მოსახდენია, მაინც მოხდება. თუ, მაგალითად, ადამიანის გადარჩენა უნდა ანგელოზს, ვერავინ შეუშლის ხელს. თუ ადამიანის დაღუპვა აქვს გადაწყვეტილი ზეციურ ძალებს, ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება. ყველაფერი ღვთის ნებაა: “არ არს ცოდვა დამალული, რომელი არა განცხადდეს”. ამიტომ მაინც გამოჩნდება, რაც არ უნდა მალო. დროულად სჯობს ეს საკითხი მოაგვარო და შეათანხმო მშობლებთან. *
38. დამლოცე, მამაო. ძალიან დაბნეული და თითქოს ამ ცხოვრებაში დაკარგულიც ვარ. ბოლო დროს უამრავი პრობლემა გამიჩნდა და თავს ვერაფერს ვერ ვაბამ. თითქოს არ ვარ უნიჭო და თუ მოვინდომებ, ვაღწევ მიზანს, მაგრამ არაფერი გამომდის. უამრავი დრო მეკარგება უაზროდ, ვთვლი, რომ ძალიან ზარმაცი ვარ და ვცდილობ ვებრძოლო, მაგრამ არაფერი გამომდის. ტაძარში სიარული დავიწყე და წირვა – ლოცვებსაც შეძლებისდაგვარად ვესწრები, ვინახავ მარხვას. ცხოვრება მიდის და მე ერთ ადგილას გავიყინე თითქოს. არ ვიცი, როგორ ვებრძოლო საკუთარ თავს.
ადამიანი, როგორც ბრუნავს ცხოვრების ბორბალი, ისე მიჰყვება მას. ამიტომ ზედმეტი ილუზიაა, რომ ამბობ – ცხოვრება მიდის და მე გავიყინე. ახლა ბავშვები რომ იბადებიან , სულ პატარებმა უკვე კომპიუტერი იციან, ეს ცხოვრებაა, გენეალოგია შეიცვალა. რატომ არის, რომ ფეხმძიმე ქალი, მორწმუნე ადამიანი უნდა ეზიაროს?! რადგან ნაყოფიც ნაზიარებია მუცელში და სიკეთის მქმნელი გამოვა. ფეხმძიმე დედა, მშობელი კომპიუტერთან რომ ზის და მეტს არაფერს აკეთებს, შვილიც ასეთი გამოდის, ეს გენში რჩება. რატომ არის, მაგალითად, “ქალიშვილობის ინსტიტუტი”, რასაც მართლმადიდებლობაში დიდი ყურადღება ექცევა, რომ დაქორწინება უნდა იყოს უბიწო? იმიტომ, რომ კაცი და ქალი ერთმანეთს რომ შეერწყმიან, იქ კოდი რჩება ადამიანის. ეს დაშვება ზეციდან მოდის. არ შეიძლება, რომ ამბობ, ზარმაცი ვარო. შენ თვითონ გინდა იყო ზარმაცი, ალბათ და ამიტომაც ადასტურებ ამას. ადამიანი ზარმაცად არ იბადება, ის თვითონ ზარმაცდება. იმ სიზარმაცით აჭმევს ვიღაცა. მშიერი თუ დარჩი, იზარმაცებ?! ასე ჩამოყალიბდები ზარმაცად, არ შეიძლება. რუსების ერთადერთი წესი, რაც ძალიან მომწონს, არის ის, რომ ზრდასრულ ადამიანს მშობელი უშვებს უკვე დამოუკიდებლად. საქართველოში ასე არ არის, რადგან ჩვენ ძალიან პატივისმცემელი ხალხი ვართ. ბრძოლით უნდა იბრძოლო. იბრძვის ყველა ცოცხალი არსება, ჭიანჭველაც კი. ჯერ უნდა ებრძოლო საკუთარ გრძნობებს, გააანალიზო, რა გრძნობის ადამიანი ხარ და რას ეძებ ცხოვრებაში? შემდეგ მიხვდები, რას უნდა ებრძოლო საკუთარ თავში. *
39. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს მოციქულებზე სულიწმიდის გადმოსვლის შემდეგ ვინ რისი ნიჭი მიიღო? მადლობას გიხდით პასუხისთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ. სულიწმიდის გარდამოსვლა სულთმოფენობას მოხდა. მოციქულები იყვნენ უბრალო გაუნათლებელი ხალხი-მეთევზეები, მაგრამ სამი წლის განმავლობაში მათთან ცხოვრობდა უფალი, ერთად ეძინათ, ერთად ჭამდნენ, ერთად მოგზაურობდნენ, ერთად ქადაგებდნენ და მადლი გადმოვიდა უკვე. სამი წელი ცოტა დრო არ არის, თორემ მადლი შეიძლება წამიერად გადმოვიდეს. როდესაც მოციქულები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაიფანტნენ, ერთი ენა იცოდნენ, სულიწმიდის მადლით კი ისინი განათლდნენ და რომელ ქვეყანაშიც შევიდნენ, იმ ენაზე ისაუბრეს. თავად ამბობს ქრისტე სახარებაში: მე არც მეორედ მოსვლის ჟამი ვიცი, არც ანგელოზმა იცის, ეს მარტო მამამ უწყისო. ასევე ამბობს: მამა და მე ერთი ვართო. მან განა არ იცის, მაგრამ გაცხადების უფლება არ ჰქონდა. *
40. დამლოცეთ, მამაო. მამაო, მინდა მაცხოვრის გზას შევუდგე, ყველაფერი დავთმო ამქვეყნიური და მონასტერში წავიდე ჯერ მორჩილად და თუ უფალი შემაძლებინებს ბერად აღვიკვეცო. ვარ 40 წლის, მყავს მეუღლე და 2 შვილი. მართალია, მეუღლე წინააღმდეგია, მაგრამ ავუხსნი და გამიგებს. იქნებ მირჩიოთ, როგორ მივიდე მონასტერში, ჩემი ნებით თუ მოძღვარს შევეკითხო და ის მირჩევს, რომელ მონასტერში მივიდე? შემინდეთ, თუ არასწორად დავსვი კითხვა.
რომელი მოძღვარიც გირჩევს მონასტერში წასვლას, ის არ არის მოძღვარი. შენი მონასტერი შენი ოჯახია. ჯერ ოჯახი უნდა დააყენო ფეხზე, შვილები გამართო, დააოჯახო და მერე წახვიდე. მონასტერი ის არაა, აუცილებლად რომ სადმე სამრეკლო იდგეს და ზარს რეკდნენ. სადაც ილოცებ, შენი მონასტერიც იქ არის. ოჯახურ პირობებში ცხონება უფრო ძნელია, ვიდრე მონასტერში. ვინც სულიერად დაითმინოს, ის ცხონდესო, წერია წმიდა წერილში. დათმენაზეა აქ საუბარი. მეუღლე გაგიგებს რას ჰქვია? თვითონ ვერ გაგიგიათ, როგორც ჩანს. თუ გნებავთ, ჩემთან მობრძანდით და გაგესაუბრებით. *
41. გამარჯობა. ხშირად მსმენია, როცა ღმერთს რაღაცას თხოვ, უფრო ხდება თხოვნა, ვიდრე მაშინ, როცა ეუბნები, მაგალითად: ღმერთო, გთხოვ, ეს გამოვიდეს და თუ გამოვა, ეკლესიაში წავალ, სანთელს დავანთებ, ან სიგარეტს თავს დავანებებ, ან რაღაც ცუდს არ გავაკეთებ და ა.შ. მართალია?
შეგახსენებთ ფსალმუნის სიტყვებს: აღუსრულე უფალსა აღნათქვამი შენი. ეს აღთქმა, რომელზეც თქვენ საუბრობთ, ანუ დაპირება ხდება უფრო ემოციურ ფონზე, ვიდრე გააზრებულად. თუკი გაიაზრებ, უფალს არ სჭირდება ჩვენი აღთქმა. ღმერთს ჩვენგან სურს ერთადერთი: სული შემუსვრილი და გული შემუსვრილი. მაგრამ თუ მაინცდამაინც რამეს შეპირდებით ღმერთს, ის აუცილებლად უნდა შეასრულოთ. უფალთან მიმართებაში ვაჭრული დამოკიდებულება არ უნდა გვქონდეს. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
42. დამლოცეთ, მამაო! მყავს კათოლიკე ბაბუები. მაინტერესებს, რა შეიძლება გავაკეთო მათთვის, როგორ მოვაქციო? თუმცა არც კათოლიკეობაში არიან დიდად მორწუნეები.
შეგიძლიათ რამდენჯერმე მოიყვანოთ მართლმადიდებლურ ტაძარში. არ უთხრათ, რომ მონათლავთ, არ დაემუქროთ. სიყვარულით მოიყვანეთ და ყველაფერი უფალს მიანდეთ. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
43. დაგვლოცეთ, მამაო. მე და ჩემმა მეგობრებმა ინტერნეტ-საიტ “facebook.com”-ზე გავაკეთეთ გვერდი “მათ თქვენი დახმარება სჭირდებათ”. ეს გვერდი იმისთვის გაიხსნა, რომ ყველანი ერთად დავეხმაროთ გაჭირვებულებს… მაგრამ დაფარულად იმიტომ, რომ არ მიყვარს, როდესაც ჩემ საქმეებს ვამხელ… მამაო, სწორედ ვიქცევი? იქნებ მირჩიოთ რამე…
თუ დაფარულად გინდათ კეთილი საქმის კეთება, ამას ყველა მიესალმება. მითუმეტეს, ეკლესია და უფალი. ამისთვის facebook-ი არ გახლავთ საჭირო. ეს უკვე დაფარული არ არის. კარგი იქნებოდა, კონკრეტულად გეთქვათ, რა საქმეზეა აქ საუბარი. საერთოდ, სიკეთე დაფარულად უნდა კეთდებოდეს. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
44. შეიძლება თუ არა მართლმადიდებელი შევიდეს მეჩეთის დასათვალიერებლად?
მარტო დასათვალიერებლად შეიძლება. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
45. გამარჯობა. რა აზრის ხართ იმაზე, რომ დღევანდელ პერიოდში მონასტრებში იგრძნობა თანამედროვეობა, მაგალითად, ძვირადღირებული ტექნიკის არსებობა (მაცივარი, სარეცხი მანქანა და ა.შ.), ასევე გარემონტებული კელიები, ძალიან გამიკვირდა, როცა ვნახე მეტლახით გაკეთებული აბანო. თავი სასტუმროში მეგონა. იქაურებს რომ ვკითხე, მითხრეს, ეს სტუმრებისთვის არისო, არადა თვითონაც სარგებლობდნენ. რას ფიქრობთ ამაზე? არ მითხრათ ზოგიერთი გაუნათლებელი მოძღვარივით, ტექნიკა ღვთის სადიდებლადაც შეიძლება გამოიყენოს ადამიანმაო. გამეცით ნორმალური პასუხი. ფუფუნებისკენ სწრაფვა ცოდვაა და ამას ბერი ყველაზე მეტად უნდა გაურბოდეს.
მინდა გკითხოთ: განსაკითხად შეხვედით მონასტერში თუ თქვენი სულის გადასარჩენად? თუ სულის გადარჩენა გინდათ და ასეთ სიმაღლეზე ხართ, შეგიძლიათ გამოქვაბულში წახვიდეთ ისე, როგორც თავის დროზე ანტონ დიდი მოიქცა. როგორი სულიერი სიმაღლისაც არის ერი, იმ სიმაღლისაა ბერიც. რა თქმა უნდა, ბერს უფრო მეტი მოეკითხება. რაც შეეხება მაღალ ტექნიკას,მე, პირადად, არ მივესალმები ამას იმიტომ, რომ ბერი და მონაზონი მკვდარი არის ამ სოფლისთვის. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
46. გამარჯობა. მაინტერესებს, როგორ უნდა მოიქცეს მონასტერში წასვლის მსურველი, თუ მშობლებისგან არ ექნება თანხმობა, ანუ როცა მშობლები უშლიან შვილს მონასტერში ცხოვრებას, საუბარია არა რამოდენიმე დღით, არამედ მთელი ცხოვრება იქ დარჩენაზე. თქვენ, პირადად, რომელ მონასტერში ურჩევდით მსურველებს წასვლას და რის მიხედვით უნდა ავარჩიოთ მონასტერი?
მონასტერში ადამიანი უნდა მიდიოდეს ღვთის დიდი სიყვარულით. არის შემთხვევები, როცა ამ გადაწყვეტილებას ოჯახზე განაწყენებულნი, ან შეყვარებულთან განშორების გამო იღებენ. ეს არასწორი ფორმაა. ყოველთვის ჯობს, როცა ადამიანი ღვთის სიყვარულით მიდის მონასტერში. მას რაც არ უნდა ბარიერი შეხვდეს, ყველაფერს გადალახავს, თუნდაც მშობლებისგან. რაც შეეხება მონასტერს, სამონასტრო კომპლექსები არის ძამის ხეობაში მეუფე იობთან და თუ გნებავთ, იქ მიდით. *
47. გთხოვთ განმიმარტოთ შემდეგი სიტყვები: ლავსაიკონი, ეკონომოსი, მესენაკე, მოსაგრე.
ლავსაიკონი ბერძნული სიტყვაა და წმიდა მამათა ცხოვრებას ნიშნავს, წმიდა მამათა ცხოვრების კრებულია. ეკონომოსიც ბერძნული სიტყვაა, დღევანდელი ტერმინოლოგიით – ეკონომისტი-ეკლესიის, მონასტრის ფინანსური საქმის გამგებელი. მესენაკე ნიშნავს ამა თუ იმ სენაკში განმარტოებით მყოფი ბერის, თუნდაც პატრიარქის, ეპისკოპოსის დაახლოებულ პირს, ვისაც შეაქვს საკვები მასთან. მოსაგრე – დაყუდებული ბერი, გამოქვაბულში მყოფი. *
48. თუ შეიძლება, მიპასუხეთ. ჩემი მეუღლე ხატავს საფლავის ქვაზე. ხშირად სახლშიც მოაქვს გარდაცვლილის ფოტოები და საფლავის ქვები. მაინტერესებს, ოჯახისთვის ცუდი არ არის?
არა, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, უფრო მადლია. ადამიანის გონებაა სუსტი ურწმუნოების გამო, თორემ რამდენ სიკეთესაც გააკეთებ, მეტი მადლია. იმან რა თქვას ვინც კუბოებს აკეთებს სახლში?! *
49. დამლოცეთ, მამაო, 1 კვირის წინ დამეღუპა მამა. 1 წელი უნდა ვატარო შავი ტანსაცმელი და ასე მითხრეს, ამ პერიოდში არ შეიძლება ახალი შავი სამოსის ყიდვაო. მთელი წელი ძველი შავი ტანსაცმელი უნდა გეცვასო და მაინტერესებს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს? წინასწარ გიხდით მადლობას.
ღმერთმა დაგლოცოთ. ადამიანის გარდაცვალება ქრისტიანულად არის ერთი ცხოვრებიდან მეორეში გადასვლა, ამიტომ შავი ტანსაცმლის ტარება მას არაფერს უკეთებს. წლისთავამდე შეიძლება ძაძის ტარება. თუ გაქვს საშუალება ახალი შეიძინო, როგორ არ შეიძლება?! *
50. პირადი განსაცდელისას (მაგალითად, უმუშევრობისას) რომელ წმიდანებს უნდა ვევედროთ?
წმიდანებს კი არ უნდა ვედრება, უნდა იმუშაო. ვედრება კარგია. წმიდანი ყველასთვის წმიდანია. ღმერთს უნდა ევედრო, იესოს ლოცვაა ყველაზე კარგი: „უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ადამიანი თუ მშრომელია, მაინც იშოვის საშრომელს მიწაზე, აგარაკზე და სხვ. *
51. მამაო, დამლოცეთ.გთხოვთ განმიმარტოთ, რატომ შეიცვალა უქმე – შაბათი (მოსვენება) კვირა დღით,ანუ ამით კიდევ ხომ არ დავიმძიმეთ ჩვენი ცოდვანი? არ შეიძლება შეიცვალოს უფლის ნებისამებრ? გმადლობთ.
საერთოდ, “შაბაშ” ებრაული სიტყვაა და ნიშნავს გათავებას . ვინაიდან აღდგომა მოხდა კვირას, ამიტომ გახდა კვირა უქმე დღე, შეიცვალა ძველი აღთქმა ახალი აღთქმით. შაბათი საღამოც უქმეა, როდესაც მზე ჩასვლას აპირებს, მთელი კვირა დღით. *
52. რომელიმე მონასტერში მინდა წასვლა, რომ მორჩილებაში ვიყო, დავეხმარო შიდა საქმეებში, რემონტში, მშენებლობასა და დასუფთავებაში, როგორ წავიდე, ვის მივმართო?
მონასტერში წასვლის მსურველს მოძღვარი უწევს რეკომენდაციას იმ მონასტრის წინამძღვართან, სადაც უნდა მივიდეს და აძლევს ლოცვა-კურთხევას. თუ არ გყავთ მოძღვარი, თავად უნდა აირჩიოთ რომელიმე მონასტერი, ამ მოტივაციით მიხვიდეთ წინამძღვართან და უთხრათ ეს ყველაფერი. მინდა აღვნიშნო, რომ ბევრი მონასტერია როგორც თბილისის გარშემო, ასევე ქალაქგარეთ ყველა ეპარქიაში. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
53. დამლოცეთ, მამაო! მამაო, რატომ გვტკენენ გულს ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანები? რატომ გვაშორებს უფალი ჩვენთვის ძვირფას ადამიანს? ასევე მაინტერესებს, როგორ შეიძლება გავუმკლავდე სევდას, ტკივილს, რომელიც ჩემთვის საყვარელმა ადამიანმა მომაყენა? როგორ უნდა შევძლო ცხოვრების სხვა თვალით დანახვა და როგორ შევეგუო განშორებასთან დაკავშირებულ ტკივილს, სულიერ სიცარიელეს. წინასწარ გიხდით მადლობას!
უფალი არავის არ გვაშორებს. ეს ჩვენ თვითონ ვშორდებით ჩვენივე ცოდვებიდან გამომდინარე. უფალი ყველას აერთიანებს და კრავს ერთად, მაგრამ ჩვენ უფლის წინაშე როგორ ვდგავართ, ეს მდგომარეობა უნდა გავაანალიზოთ. როცა პიროვნება ღმერთთან არაა ახლოს, მაცხოვრისგან ითხოვს, იყოს მასთან. ადამიანი, რომელიც ეკლესიურად არ ცხოვრობს, მოძღვარი არ ჰყავს, აღსარებას არ აბარებს, არ ეზიარება, ის ღვთის წყალობის ქვეშ ვერ იქნება, ამიტომ ამ სევდას, დეპრესიას შეიძლება მხოლოდ მოვერიოთ ჩვენი ეკლესიური ცხოვრებით. სასოებით უფლის წინაშე. რაც შეეხება სევდას, ტკივილს, წუთისოფელი ხომ ამის გარეშე არ არსებობს?! განუზომელი სიხარული და უსასრულო სიყვარული მხოლოდდამხოლოდ სასუფეველშია, რომლამდეც საჭიროა მივიდეთ და იქამდე კი ერთადერთი მისასვლელი გზა ეკლესიაა. ხშირად ჩვენ ცალმხრივად განვიხილავთ ფაქტს, როცა ვამბობთ, რომ ვიღაცამ მიგვატოვა. იქნებ ჩვენც მივატოვეთ? უფალი სამართლიანია და ამ განსაცდელს იმიტომ გვივლენს, რომ ჩვენი ცოდვები გავაანალიზოთ. იქნებ ჩვენც ჩაგვიდენია ანალოგიური ვინმეს წინაშე და არ გვახსოვს?! როდესაც “მამაო ჩვენოში“ უფალს ვევედრებით: იყავ, უფალო, ნება შენიო, იქნებ უფალი უკეთესს გვიმზადებს, ამიტომ არ შეიძლება ადამიანი ღმერთზე მაღლა დავაყენოთ. ყველაზე მეტად უფალი უნდა გვიყვარდეს, რომ ამ სიყვარულის განაწილება შევძლოთ. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
54. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს ერთი რამ ფულთან დაკავშირებით: ქართულ კუპიურაზე რომ არის გამოსახული წმ. თამარ მეფე, ილია მართალი და ა.შ., შეიძლება? ეს ხომ ფულია, რომელსაც საფულეში ვინახავთ და ხშირად მამაკაცები უკანა ჯიბეში იდებენ და მთელი დღე თუ საჭესთან სხედან, გამოდის, რომ ზედ აზიან… ცოტა უხერხულად გამომდის, მაგრამ ფაქტია. კიდევ მაინტერესებს საფულით რომელიმე ხატის ტარება თუ შეიძლება?
თუ ამდენს ფიქრობთ, რომ წმიდანები არიან გამოსახულნი, მაშინ ნუ ჩავიდებთ უკანა ჯიბეში, მოვექცეთ სათანადოდ და რა თქმა უნდა, იმის გარდა, რომ წმიდანები არიან, ისინი სახელმწიფო მოღვაწენი გახლდნენ. ხატის ჩადებაც შეიძლება საფულეში, თუ, რა თქმა უნდა, სათანადო ადგილას გვიდევს. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
55. მაინტერესებს, რამდენი მონასტერია მარტყოფში? გთხოვთ მათი სახელები მითხრათ.
მარტყოფის მონასტერი, რომელიც არის ღვთისმშობლის შობის სახელობის, ღვთაების სახელწოდებითაა ცნობილი ის ძირითადი მონასტერი, რომელიც ანტონ მარტომყოფელის მეშვეობით დაარსდა. ასევე თვითონ სოფელ მარტყოფში გახლავთ დედათა მონასტერი. რა თქმა უნდა, ეკლესიებიც არის მარტყოფში, მაგრამ მონასტერი მხოლოდ ეს ორი გახლავთ. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
56. დამლოცეთ, მამაო. მაინტერსებს, რა კანონი მიიღო მთავრობამ და რას ეხება ის (რედ. რელიგიური გაერთიანებისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატუსის მინიჭების შესახებ)? არის თუ არა ეკლესიის საწინააღმდეგოდ მიმართული? იქნებ გაგვარკვიოთ და გვითხრათ. ხალხი სხვადასხვა აზრს გამოთქვამს და მეც ერთ – ერთ იმ ადამიანთაგანი ვარ, ვისაც აინტერსებს, რამე საფრთხე ხომ არ ემუქრება ჩვენს ეკლესიებს, ან მართლმადიდებლობის საკითხს ამ კანონით? დიდ გაურკვევლობაში ვართ. მადლობას გიხდით პასუხისთვის.
ჩვენთვის სათაყვანებელი ჩვენი სარწმუნოებაა, რომელსაც საუკუნო ისტორია გააჩნია. სწორედ მან გადაგვარჩინა, ამიტომ მეტი სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ. რა თქმა უნდა, რაღაც უკმაყოფილება არის ხალხშიც, სამღვდელოებაშიც, რომ გაიგივება მოხდა ჩვენი დიდი რწმენისა იმ სხვადასხვა კონფესიასთან, რომლებიც ჩვენთან დღესდღეისობით არ არის აკრძალული. ჩემი აზრით, ამას სამომავლოდ შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს. გული გვეტკინა, რადგან შეუთანხმებლად მოხდა ყოველივე ეს, მაგრამ ეკლესია, სამღვდელოება გამოირჩევა მორჩილებით. ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ მრევლის. ჩვენი უწმიდესი როგორც გვაკურთხებს, ისე მოვიქცევით. მოგვცა ლოცვა-კურთხევა, ვილოცოთ ჩვენი მრევლის, ეკლესიისა და ქვეყნისათვის. გვჯერა, რომ უფალი ჩვენთან არს და არ გაგვწირავს. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
57. სხვა ქვეყანაში რომ მოვიპარო ჩემი ქვეყნის ეკლესიის სიწმინდე და დავუბრუნო სამშობლოს, როგორ შეაფასებს ჩემს საქციელს ეკლესია?
ქურდობა, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა. ეს ყველაფერი ეკლესიის პრეროგატივაა და თქვენ ნუ ჩაერევით. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
58. რამდენად ეკლესიურია ე.წ “წმ.მატრონას პურის” გაკეთება? ახლობელმა მომიტანა ცომი, რომელსაც თან ახლავს ინსტრუქცია, როგორ უნდა გავაკეთო. თან მითხრეს, იერუსალიმიდანაა ჩამოტანილიო. რას მირჩევთ, გადავაგდო, თუ შევასრულო ინსტრუქცია? დიდი მადლობა.
წმიდა მატრონა ყველასათვის სათაყვანებელი წმიდანია და უნდა მივმართოთ დახმარებისათვის, მაგრამ რაც შეეხება “წმ. მატრონას პურს“, მე ზედმეტად მიმაჩნია. ეს არაქრისტიანული რიტუალია. ჩვენ გვაქვს სეფისკვერი და ტარიგი ღვთისა, რომელსაც ვიღებთ საკურნებლად სულისა და ხორცისა. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
59. მოგესალმებით. გავიგე, ღვთისმშობლის სარტყლის ასლები იყიდება საეკლესიო მაღაზიაში, თან მოჰყვება ლოცვებიც. თუ შეიძლება ნებისმიერმა მსურველმა იყიდოს და ატაროს მოძღვრის კურთხევის გარეშე? წინასწარ გიხდით მადლობას.
მე ზედმეტად მიმაჩნია, რადგან რწმენა და უფლის სიყვარული გულით უნდა ვატაროთ. როცა სამებაში ვმსახურობდი, მახსოვს, მამა ილიამ კვიპროსიდან ჩამოაბრძანა კიკოსის ღვთისმშობლის ხატის ასლი თავისი სარტყლით. ის მართლაც არის უშვილოებისათვის და პირადად მე, მქონდა კურთხევა, ლოცვები წამეკითხა. სარტყელს ვუკეთებდით უშვილო ქალბატონებს, მეუღლეები საეკლესიო წესს აღასრულებდნენ და ბევრი შემთხვევაც იყო, რომ შვილი ეყოლათ. რა რწმენითაც მიიღებ, იმით მოგეცემა. შეიძლება არც გაიკეთო სარტყელი, მიხვიდე ხატთან, სანთელი აანთო და შეევედრო, რადგან: “დიდ ხარ შენ, უფალო და საკვირველ არიან საქმენი შენნი“. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
60. მშვიდობა… მამაო, მაინტერესებს, რა შეიძლება ვაჩუქო მონაზონს? მინდა, რომ ჩემი სიყვარული რაიმე საჩუქრით გამოვხატო… რა ვაჩუქო რაიმე ისეთი მცირე, რომელზეც უარს არ მეტყვის? გმადლობთ.
მე დიდ პატივს ვცემ მონაზვნურ ინსტიტუტს და ძალიან მიყვარს ეს ადამიანები, რომლებმაც თავისი მიწიერი ცხოვრება უკუაგდეს, რათა უფლისთვის შეეწირათ დარჩნეილი სიცოცხლე. ისინი ძალიან მოსიყვარულე ადამიანები არიან. ვფიქრობ, ჩვენი საჩუქარი მათთვის დიდ რამეს არ უნდა წარმოადგენდეს. მათი სიხარული არის ის, რომ ტაძარში მივალთ, ვილოცებთ მათთან ერთად და ლოცვებში მოვიხსენიებთ. რაც შეეხება საჩუქარს, შეიძლება წიგნი აჩუქო, თუნდაც ლოცვების, ლამაზად შესრულებული, სანთელიც, ან სამოსი, რაც კარგი იქნება. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
61. დამლოცეთ, მამაო! მაინტერესებს, მხატვრული ლიტერატურა თუ უნდა ვიკითხოთ სასულიეროსთან ერთად და რა კრიტერიუმით უნდა ავარჩიოთ, თუ რა წავიკითხოთ? მაგ.: ისტორიული რომანების წაკითხვა შეიძლება? მე არ მსურს და არც მაინტერესებს რომანები. მშობელი მაძალებს, სირცხვილია, ეს რომ არ გექნება წაკითხულიო… მირჩიეთ, რა უნდა გავაკეთო? გმადლობთ.
ადამიანისათვის, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს და ფიქრობს, რომ მართლმადიდებელია, საეკლესიო ლიტერატურის წაკითხვა აუცილებელია. ასევე, საჭიროა მხატვრული ლიტერატურის კითხვა თუნდაც იმისთვის, რომ თავი დავაღწიოთ კომპიუტერიზაციას, რაშიც უქმად კარგავენ დროს ახალგაზრდები. ჩემს მრევლს სულ ვარიგებ ამის შესახებ. საკვებიდან ის უნდა მივიღოთ, რაც გენებში გვაქვს, რასაც ახლა ვიღებთ, ჩვენს გენებში არ გახლავთ, ამიტომ არის ამდენი ავადმყოფი. ჯერ ჩვენი უნდა შევისწავლოთ და შევიყვაროთ, თუნდაც რომანები. სიყვარული ღვთის სიყვარულიდან მოდის. თუ ადამიანს უფალი არ უყვარს, ვერც ვერავის შეიყვარებს და თუ ვინმე გიყვარს, ღვთის მადლია. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
62. რა არის მართლმადიდებლობა? მინდა, ღვთის გზაზე დავდგე და ბევრი რამ ვიცოდე სარწმუნოების შესახებ.
თვითონ სიტყვა მიგვანიშნებს, რომ მართლმადიდებლობა სიმართლის მადიდებლობაა. მართლმადიდებლური სარწმუნოება – ეს არის სარწმუნოება, რომელიც ქრისტეს აღდგომიდან დღემდე ცოცხალია. მართლმადიდებლობა გახლავთ მართალი სარწმუნოების დიდება. *
63. დამლოცეთ, მამაო! ადამიანი, რომელიც გარდაიცვალა 20 წლის, არ იყო მორწმუნე, არ უთქვამს აღსარება, უყვარდა გართობა, რა მოელის მას? როგორ უნდა ვინუგეშოთ თავი?… ღმერთმა რომ ახალგაზრდა წაიყვანა, ამ შემთხვევაში ეს ხომ სანუგეშო და სამადლობელია? ცხონება რომ არ სურდეს უფალს, ხომ არ წაიყვანდა ამქვეყნიდან?
20 წლის ადამიანი გარდაიცვალა, რომელსაც არ უთქვამს აღსარება… ცხადია, ეს ძალიან ცუდია, რადგან არ უცხოვრია სწორი გზით. მშობლებმა შვილები ქრისტიანებად უნდა აღვზარდოთ, აღსარება ვათქმევინოთ, ეკლესიურ ცხოვრებას მივაჩვიოთ. ადამიანი, რომელიც მხოლოდ გართობაზე ფიქრობს, ეს ძალიან ცუდია მისთვის, რამეთუ დროს კარგავს. სიკეთე მხოლოდ უფალთან სიახლოვით შეიძლება გააკეთო. რა ელის მას და როგორ, ეს არავინ იცის, როგორც უფალი ბრძანებს: საქმემან შენმან გამოგაჩინოსო. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, ამ გართობა-დროსტარებაში ბოლოს მან რა სიტყვები თქვა, რადგან პატერიკებში – წმიდა მამათა ცხოვრებაში აღწერილია, რომ არასწორი ცხოვრებით მცხოვრები ადამიანი ბოლო ორმა სიტყვამ აცხოვნა, ცათა სასუფეველი დაუმკვიდრა მას. კარგი იყო, არ წაეყვანა უფალს იმქვეყნად , მაგრამ სანუგეშოდ ისღა დაგვრჩენია, რომ ვიზრუნოთ მისი სულის კეთილდღეობისათვის. ადამიანის სულს პატივი იმით მივაგოთ, რაც დაწესებულია ეკლესიის მიერ: ლოცვით, მოწყალებით, წირვა-ლოცვაზე მოხსენიებით, პანაშვიდებით. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
64. გამარჯობა. ამ გვერდზე რომ შემოვედი, ერთ-ერთი პრობლემა ძალიან ახლოს იდგა ჩემთან. მეც ვხვდები, რომ ძალიან დავშორდი ეკლესიას, უფალს, სწორ გზას. ახლა 20 წლის ვარ და ბოლოს 11 წლის ვიყავი, როდესაც აღსარება ჩავაბარე. ეკლესიაში მხოლოდ მაშინ მივდივარ, როდესაც მთელი ოჯახი წავალთ. ეს ხშირად არ ხდება, დღესასწაულებზეც კი აღარ დავდივარ. იმასაც ვამჩნევ, რომ უფალი თხოვნებს აღარ მისრულებს. ადრე მის იმედად ვიყავი მხოლოდ. ეკლესიაში ვეღარ შევდივარ, მრცხვენია, ჩემი ცოდვები მახსენდება პირდაპირ. ისეთ რაღაცებს ვაკეთებ, რაც ადრე ჩემთვის წარმოუდგენელი კი არა, ცნობილიც არ იყო და საკვირველი მეგონა. მოძღვარი აღარ მყავს იმის გამო, რომ სხვა ქალაქში ვცხოვრობდი და აქ ვეღარ მოვახერხე მოძღვართან მისვლა, მხოლოდ ეკლესიაში დავდიოდი ყოველ შაბათ-კვირას, დღესდღეობით კი, როგორც გითხარით, ამასაც აღარ ვაკეთებ. ძალიან მინდა, მყავდეს მოძღვარი, მსურს მასთან საუბარი, ცოდვების მონანიება, იმ ცოდვებისა, რომლებიც უფროდაუფრო მაწუხებს და მეტსაც ჩავდივარ. მინდა, ისეთ მამაოსთან მივიდე, რომელთანაც არ გამიჭირდება ჩემი ცოდვების თქმა და ბოლომდე ვიტყვი ყველაფერს. რა ვქნა არ ვიცი, ვეცადე მსუბუქად დამეწერა ის, რაც მჭირს. არ მინდა ვაღიარო, მაგრამ ჩემი პრობლემაც ახლოს არის იმასთან, რაც ერთ-ერთ შეკითხვაში წავიკითხე. ხანდახან მომდის თავში აზრი, სწორია თუ არა, რასაც გვიქადაგებენ და უკვე იმაშიც მეპარება ეჭვი, რასაც ადრე დიდი ყურადღებით მივდევდი და ვითვალისწინებდი. წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.
კითხვიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ დაბნეული ხარ და გახსოვდეს „ცათა სასუფეველი იიძულების და რომელმან არ იიძულის, მან ვერ მიიტაცოს იგი“. ადამიანი უნდა აიძულებდეს საკუთარ თავს, რომ შეასრულოს ყოველივე ის, რაც დადგენილია უფლისგან. შენი ეჭვი, რასაც აღნიშნავ, გამომდინარეა იქიდან, რომ ბოროტი ცდილობს, ადამიანი გადაიყვანოს ღვთისაკენ სავალი გზიდან. ეკლესიაში არ არსებობს შუალედური მდგომარეობა. ან ხარ უფალთან, ან არ ხარ, ამიტომ როდესაც ადამიანი უფალს დასცილდა, ძალაუნებურად ბოროტს დაუახლოვდა. ჩემი რჩევა იქნება, საკუთარი ამპარტავნება დაახშე და მოძღვარი მონახე, მოძღვარი, რომელიც განახებს გზას ცათა სასუფევლისაკენ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
65. ჩემი სახელია მანანა. გთხოვთ მითხრათ, დილის ლოცვებში რომელი მფარველი წმიდანის ლოცვა უნდა წავიკითხო? ყოველთვის ვტოვებ მაგ ლოცვას, რადგან არ ვიცი, რა წავიკითხო. წინასწარ გიხდით მადლობას.
საკუთარ მოძღვარს უთხარით და იქნებ სახელი შეგიცვალოთ, თუ ეს პრობლემა გაწუხებთ. რომელ წმიდანსაც გეტყვით მოძღვარი, იმის სახელს მოიხსენიებთ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
66. დამლოცეთ, მამაო… მაინტერესებს, მარხვის დროს თუ შეიძლება საზღვაო კურორტზე ყოფნა (ვგულისხმობ მოკრძალებულ დასვენებას), ან პირიქით, თუ ადამიანი ზღვაზეა, ხომ შეიძლება იმარხულოს?
შეიძლება, რა თქმა უნდა. საერთოდ, გართობა მარხვის დროს არ შეიძლება, მაგრამ მოკრძალებული – კი. თან მარხულობდე და დისკოტეკებზე დადიოდე, არ შეიძლება, ამას თავადვე ხვდებით. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
67. დამლოცეთ, მამაო. მქვია თინათინი. ვიცი, რომ არის თინათინობა, მაინტერესებს, როდის აღინიშნება ეს დღე და არის თუ არა ის იგივე ჩემი მფარველი ანგელოზის დღეც?
წმიდა თინათინის ხსენების დღე არის 24 დეკემბერს, საქართველოში წამებულთა ყოველთა წმიდათა ხსენების დღესასწაულზე და რა თქმა უნდა, ის გახლავთ თქვენი მფარველი წმიდანი. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
68. დამლოცეთ, მამაო. მაინტერსებს, რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვი გახდეს სტიქაროსანი, რა არის საჭირო ამისთვის? ან ვის უნდა მივმართოთ, ეკლესიის წინამძღვარს, თუ მოძღვარს ჩვეულებრივ?
მოძღვარს მიმართეთ და როგორც დაგარიგებთ, ისე მოიქეცით. ზოგ ბავშვს შეიძლება 8 წლის ასაკიდან ჩააცვა სტიქარი. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მომზადებულია ამისთვის, რამდენად ესმის ამის არსი. მშობელი ნუ დააძალებს ამას, მან, უბრალოდ, ატაროს ეკლესიაში. ბავშვი შეხედავს და მერწმუნეთ, თავად გაუჩნდება მას ეს სურვილი. შემდეგ უკვე მოძღვარი გადაწყვეტს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
69. გამარჯობა. მაინტერესებს ერთი რამ … ვთქვათ, ახალგაზრდა დაინტერესებულია გოგონათი და მოსწონს ის, სანამ გაიცნობს. შეუძლია თუ არა მას, დაუშვას ის ფიქრები და ოცნებები, რაც მოსდის მის შესახებ, თუ ეს ცოდვად ითვლება და თავი უნდა შეიკავო ამისგან? წინასწარ გიხდით დიდ მადლობას.
ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ მარტო ფიქრებითა და ოცნებებით არაფერი გამოდის. წესიერებას უნდა მოუხმო. სჯობს, რეალურად იცხოვრო და არა ილუზიებით. ეს ამაო ფიქრია და ეკლესიურად, რა თქმა უნდა, ცოდვაა, მაგრამ არა მომაკვდინებელი ცოდვა. უკეთესია, მალე გამოფხიზლდე და რეალურად შეხედო ყველაფერს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
70. დამლოცეთ, მამაო. ერთი კითხვა მაქვს თქვენთან. მყავს შეყვარებული (ვაჟი გახლავართ). ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ტაძარში დავდივარ და არ მინდა, ჩემს მეორე ნახევარს, ადამიანს, რომელიც ჩემი შვილების დედა უნდა იყოს, ეცვას ისე, როგორც არ ეკადრება ქართველ ქრისტიან ქალს (მოკლე კაბა(თუნდაც ზღვაზე) და შარვალი. ავუხსენი, რომ უნდა შეძლოს ამის გადალახვა და ისე ჩაიცვას, როგორც საჭიროა. ასევე ვუთხარი, აუცლებლად მიდი ტაძარში და მოძღვარი იყოლიე მეთქი. ამას ვერ ასრულებს. მუშაობს ყოველ დღე და დრო არ აქვს საერთოდ. არც მისი მეგობრები მომწონს, თანამედროვე ადამიანები არიან და აზროვნებაც მასეთივე აქვთ. ამ ერთი კვირის წინ შვებულება აიღო და ზღვაზე მივდივარო, მითხრა (ვერც ვერაფერი ვუთხარი). ვთხოვე, ნორმალურად ჩაიცვი იქ-მეთქი და ასეთი პასუხი გამცა: მე ჩემი მშობლები არ მიკრძალავენ და შენ ვინ ხარო. მეწყინა ძალიან და აღარც დამირეკავს იმის მერე, არც ვპასუხობ ტელეფონს. რამდენიმე დღის წინ მომწერა, ჩვენ შორის დასრულდა ყველაფერიო… ჩემი მოძღვარი შეუძლოდ არის ორი კვირაა და ვერ ვახერხებ დალაპარაკებას და დამეხმარეთ რა, მამაო, თუ არასწორად ვიქცევი, მითხარით.
თავიდანვე არ უნდა მოექცე ასეთი ადამიანის ტყვეობაში. თუ შენ ხარ ჭეშმარიტი ქრისტიანი, ცხოვრება უნდა დაუკავშირო ისეთ პიროვნებას, რომელიც მორწმუნეა და არ აცვია კაცივით. *
71. მამაო, ძალიან მომერიდა ჩემი მოძღვრისთვის მეკითხა და აქ დავწერ თუ შეიძლება. ერთი ბიჭი მომწონს (მგონი მიყვარს). ჩვენ დიდი ხანია ვმეგობრობთ. ვერ ვხვდები, მას მოვწონვარ თუ არა. მგონი, თვითონაც დაბნეულია. არ ვიცი, შეიძლება თუ არა ღმერთს ვთხოვო, რომ მანაც შემიყვაროს, თუ არაფერი გავაკეთო და უფალს მივენდო? ასეთ დროს როგორ მოვიქცე?
უფალს ასეთი რამ არ უნდა სთხოვო. ეს არის მკრეხელობა. უფალს უნდა სთხოვო, რომ მოგცეს რწმენა, სამშობლო და მოყვასი გყავდეს კარგად და ა.შ. იმის თხოვნა, რომ ვიღაცამ შეგიყვაროს, არ შეიძლება. *
72. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, სულ რატომ მაქვს პრობლემები? უპრობლემოდ ვერასდროს ვერაფერს ვაკეთებ. მარხვას ვინახავ, ეკლესიაშიც დავდივარ, ლოცვებსაც ვესწრები, ბოროტიც არ ვარ, მაგრამ სულ პრობლემები მაქვს და შეგიძლიათ მიპასუხოთ, რატომ? მადლობა.
პრობლემები ყველას აქვს. ისეთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც არ შეიძლება, არ არსებობს. უნდა გაძლიერდეთ და ყველა პრობლემას მოაგვარებთ. *
73. დამლოცეთ, მამაო. თუ შეგიძლიათ როგორმე, რაიმე ალეგორიით ამიხსნათ, რამდენად დიდი მადლია დაფარულად სიკეთის კეთება (ისე, რომ ღმერთისა და გამკეთებლის გარდა ვერავინ ვერასოდეს გაიგოს ამის შესახებ) გაცხადებულთან შედარებით? კონკრეტულად კი ტაძრის აშენება?
სიკეთის აფიშირება არ შეიძლება. ნათქვამია, რომ რაც მარჯვენამ გააკეთოს, მარცხენამ არ უნდა დაინახოსო. თუ სიკეთეს აკეთებ, უნდა გააკეთო ჩუმად და დაფარულად, მითუმეტეს, ტაძრის მშენებლობა. ეს დიდი საქმე და მადლია. *
74. დამლოცეთ, მამაო. მამაო, მაქვს საზღვარგარეთ კარგი განათლების მიღების დიდი სურვილი (კონკრეტულად 2012-2015 წლებში). მაინტერესებს, რამდენად დასაშვებია ეს რელიგიური თვალსაზრისით, თან თუკი ბიომეტრული პასპორტის გარეშე ქვეყნიდან ვერ გავალ? გმადლობთ.
მე, პირადად, არ ავიღებ ბიომეტრულ პასპორტს და არც ჩემს ახლობლებს ვურჩევ მის აღებას. განა რა განათლება უნდა მიიღო საზღვარგარეთ, რისი მიღებაც აქ არ შეიძლება? *
75. მაინტერესებს, რა ერქვა იმ პიროვნებას, ვინც ისრაელის ერი აღთქმულ მიწაზე შეიყვანა.
ამ პიროვნებას ერქვა მოსე. *
76. დამლოცეთ, მამაო. ცოტა ხნით მინდა მონასტერში წასვლა. ჩემს მოძღვარს ვუთხარი და კურთხევა მომცა, მაგრამ მომერიდა მეთქვა, თვითონ შეერჩია ადგილი. იქნებ დამეხმაროთ და მომწეროთ, თბილისთან ახლოს რომელიმე დედათა მონასტერში თუ შეიძლება წავიდე და როგორ?
ასე ვერ გეტყვით, რომელ მონასტერში წახვიდეთ, თვითონ მონასტერში უნდა მიხვიდეთ და იკითხოთ, თუ არის ადგილი. დიდი მონასტრებიც არსებობს და პატარაც. წასვლა სასურველია პატარა მონასტერში *
77. დაგვლოცეთ, მამაო. დაბადების დღეს ხშირად შევსწრებივარ მომენტს, როდესაც საჩუქრად ხატებს ჩუქნიან. მაინტერესებს თქვენი მიდგომა ამ საკითხის მიმართ.
დღეს ქუჩაში ბევრი ხატი იყიდება, უბრალოდ გადაღებული და ლამინირებული. ხატის დაწერა დიდი საქმეა. ყველა ოჯახშია ხატები, მაგრამ იქიდან შეიძლება ზოგი დაწერილი არ იყოს. ცუდი სურათის ჩუქებას, ჯობს, ისევ ხატი აჩუქოთ. *
78. მამაო, სახელად გოჩას მატარებელს რომელი მფარველი ჰყავს?
გააჩნია, რომელი სახელით არის ეს პიროვნება მონათლული. გოჩას ხსენება კი 24 დეკემბერს, ყოველთა წმიდანთა დღესასწაულზე აღინიშნება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
79. დამლოცეთ, მამაო. ვსწავლობ ტურიზმის მართვის სპეციალობაზე. წელს ვასრულებ მაგისტრატურის კურსს საბერძნეთში გაცვლითი პროგრამის მეშვეობით. აქ სწავლის პერიოდში, ინტერნეტის საშუალებით, ვეცნობოდი სტატიებს მართლმადიდებლობის შესახებ. ასევე ვუსმენდი მამათა ქადაგებებს. რაც დრო გადის, სულ უფროდაუფრო არ მიზიდავს ჩემი პროფესია, ასე მგონია, რომ ეს ის არ არის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება და რომ ჩემი მომავალი საქმიანობა ჩემთვისაც საზიანო იქნება. ამავდროულად, უნდა ვიმუშავო დისერტაციაზე და გულს ვერ ვუდებ. ყველაფერი, რაც ბიზნესთანაა დაკავშირებული, უარყოფითად მეჩვენება და დროის ტყუილად დაკარგვად, არადა უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მაქვს. უკვე 6 წელიწადია ამას ვსწავლობ. სანამ აქ ვარ, სხვა საქმე არ გამაჩნია და გამოდის, რომ ვზარმაცობ. ბოდიშს გიხდით, რომ ამდენ დროს გართმევთ ჩემი წერილის წასაკითხად. მაინტერესებს, სულიერი თვალთახედვით, ტურიზმის განვითარება საქართველოში ზიანს მიაყენებს ქართველ ხალხს თუ არა? ჩემი უარყოფითი აზრები შეიძლება თუ არა იყოს მართლმადიდებლობაში თვითგანათლების შედეგი თუ სიზარმაცის? უღრმესი მადლობა.
არანაირი სწავლა არ არის უარყოფითის მომტანი, თუკი ამ სწავლასთან ერთად ცხოვრების წესად მიღებული იქნება მოძღვრის მიერ დაკანონებული მართლმადიდებლური ცხოვრება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
80. შველას ვითხოვ. გევედრებით მირჩიეთ, როგორ მოვიქცე. ჩემი ოჯახის წევრები იაღოველები გახდნენ და ვერაფერი შევაგნებინე. ბოლოს გავწყვიტე კავშირი მათთან. საზღვარგარეთ ვცხოვრობ და მათ ვარჩენდი, ახლა კი დახმარებაც შევუწყვიტე. რა გავაკეთო? რომ არ გავუგზავნო ფული, მშივრები იქნებიან და იმ სექტიდან გამოსვლას კი არ აპირებენ. ტვინები აქვთ გადაბრუნებული. სწორად ვიქცევი, რომ აღარ ვეხმარები და კავშირი გავწყვიტე? რა გავაკეთო?
ოჯახის წევრებს დახმარება მაინც არ უნდა შეუწყვიტოთ. თქვენ კი უნდა იცხოვროთ ქრისტიანულად, ილოცოთ და მიენდოთ უფალს. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
81. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, დედათა წესის დასრულების შემდეგ მერამდენე დღეს შემიძლია ტაძარში მისვლა?
ეს ხდება მოძღვრის პირადი კურთხევით. მე ჩემ მრევლს ვეუბნები, რომ დედათა წესის დროს არ უნდა მოვიდნენ ეკლესიაში. ტაძარში უნდა შემოვიდნენ დედათა წესის დასრულებიდან ერთი დღის შემდეგ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
82. შემიძლია თუ არა მართლმადიდებლური ღვთისმშობლის ხატი ვაჩუქო კათოლიკე ადამიანს? გმადლობთ.
არ შეიძლება. ის მას დაუწყებს ყურებას, როგორც სურათს და არა – როგორც ხატს. თუ მოინათლება მართლმადიდებლურად, მაშინ შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
83. გთხოვთ მიპასუხოთ, მრავლდება თუ არა 14 აგვისტოს ნაკურთხი წყალი?
დიახ, მრავლდება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
84. დღესდღეობით მაცხოვრის უამრავი ხატი არსებობს. მაინტერესებს, რომელ მათგანზეა მაცხოვრის ნამდვილი სახე გამოსახული?
მაცხოვრის ყველა ხატი ერთი და იგივე წყაროდან, პირველწყაროდან მოდის და არსებობს. უფლის ხატები მის ამქვეყნიურ სიცოცხლეშივე შეიქმნა. ზოგი მათგანი ტილოზე აღიბეჭდა სასწაულებრივად, ზოგი კი ფიცარზე დაიწერა მოწაფეების მიერ. საქართველოში არსებობს ტილოზე აღბეჭდილი ხატის ახალი, ე.წ პირიღვთისას ანჩისხატი, რომელიც დაცულია ხელოვნების მუზეუმში. მაცხოვრის ყველა ხატი, რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებულია, ჩვენთვის მისაღები და სათაყვანებელია. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
85. მაინტერესებს, რისი ჭამა გვეკრძალება მძიმე მარხვისას… როგორც ვიცი, მარტო პური და წყალია დასაშვები და ეს სწორია?
მძიმე მარხვისას, უპირველეს ყოვლისა, “გვეკრძალება” ბევრი ჭამა. გარდა ამისა, არ შეიძლება თევზი. იჭმევა ყველა სხვა სამარხვო საკვები ზეთით, ან უზეთოთ. მძიმე მარხვა ზოგისთვის – თევზის, ზოგისთვის კი უცხიმოდ დამზადებული საკვების აკრძალვაა, სხვისთვის მხოლოდ პურსა და წყალზე ყოფნაა, ვიღაცისთვის (რაც იშვიათია) მხოლოდ წყლის მიღებაა დასაშვები და დროგამოშვებით – პურიც. ეს ყველაფერი მოძღვართან შეთანხმებითა და კურთხევით ხდება, ადამიანის სულიერ-ფიზიკური შესაძლებლობების ფარგლებში. თვითნებურად მარხვის დამძიმება კარგს არაფერს მოგცემთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
86. გამარჯობა! ხშირად დამმართნია ისე, რომ რაც მითქვამს, აუცილებლად მისი საპირისპირო მომხდარა. ამის მერე ცოტა დაშინებულივით ვარ და რაღაცეებს წინასწარ აღარ ვამბობ. დაახლოებით იგივე მემართება განკითხვის დროსაც. თავს ვიკავებ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს უფლისთვის არასათნოა და ამით მას ვაწყენინებ, არამედ იმის შიშით, რომ იგივე არ დამემართოს, ისევ მე არ ჩავვარდე ცუდ მდგომარეობაში. რომ ვიცოდე, განკითხვისთვის არ დავისჯები, ალბათ, არც კი დავფიქრდებოდი, ისე განვიკითხავდი ყველას. რამდენად გამართლებულია ეს შიში და რამდენად სწორი ასეთი მდგომარეობა? გმადლობთ წინასწარ.
ეს შიში გამართლებულია საწყის პერიოდში, როცა ადამიანი სარწმუნოებაში განმტკიცებული და რწმენის საკითხებში გათვითცნობიერებული ჯერ კიდევ არ არის. ამ მდგომარეობაში დარჩენა თორმეტწლიანი სასწავლო პროგრამის პირობებში მუდმივად პირველ კლასში ყოფნას ნიშნავს. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
87. ძალიან გთხოვთ, მიპასუხოთ… მამაო, რა იგულისხმება “ხორცთა განხურვებაში”? წინასწარ დიდ მადლობას გიხდით!
“ხორცთა განხურვება” იწყება გონებაში ვნებიანი, ბილწი, გარყვნილი აზრების მიღებითა და მოწონებით, შემდეგ მათი წარმოდგენით აღსრულების სურვილით და ამის შედეგად სხეულში არსებული “ცვლილებები” იწოდება ხორცთა განხურვებად. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
88. მამაო, დამლოცეთ. ხშირად მიწევს ბინის შეცვლა, რადგან ქირით ვართ, სალოცავი კუთხე ყოველთვის ისე არაა მოწყობილი, როგორც შეეფერება. რამდენად მიუღებელია წმიდა ნივთების შენახვა ყუთში? ძალიან ბევრი მაქვს, ღმერთმაც ბევრი შემაძენინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერ ვათავსებ. რომელი ხატებია აუცილებელი, რომ კედელზე იყოს განთავსებული?
თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, შეიძლება ხატების შენახვა ყუთში სუფთად. აუცილებლად უნდა გვქონდეს წმიდა სამების, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. დანარჩენები – შეძლებისდაგვარად. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
89. მამაო, დამლოცეთ. შეიძლება ჩემი მფარველი წმიდანის ხატი გულზე მივიდო და ისე დავიძინო? გულის მხარეზე ვერ ვწვები, ძლიერი ტკივილი მეწყება, ხატთან კი ტკბილად დამეძინა. მადლობა.
თუ ხატი გაწყნარებთ, შეიძლება მიიხუტოთ გულზე და ისე დაიძინოთ, ოღონდ ფრთხილად იყავით, უნებლიედ არ შეურაცხყოთ. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
90. მამაო, გთხოვთ მიპასუხეთ, შეიძლება თუ არა, რომ მამაოს კურთხევის გარეშე სოციალურ ქსელზე დავდო მართლმადიდებლური სურათები ეკლესიებისა და ხატები წმიდანთა გამოსახულებით? წინასწარ დიდი მადლობა.
სოციალურ ქსელზე, ზოგადად, შეიძლება დაიდოს ტაძრებისა და ხატების სურათები, მაგრამ მაინც, ჯობს, მოძღვარს ჰკითხოთ, რაიმე უხერხულობა რომ არ შეიქმნას. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
91. მაინტერესებს, დედათა წესის დროს თუ შეიძლება ლოცვების წიგნის ხელში დაჭერა, ან სახარების კითხვა?
სახლში შეიძლება ლოცვაცა და სახარების კითხვაც. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
92. დამლოცეთ, მამაო. როცა მრევლთა შორის ბიჭი და გოგო ერთმანეთს მოწონების ნიშნად უმზერს, ეთვლებათ თუ არა მათ ეს ცოდვად?
უნდა შეხედონ, მაგრამ ეს ტაძარში ყოფნის დროს არ უნდა მოხდეს. მოწონება როგორ არ შეიძლება?! მოწონებით ბევრი რამ შეიძლება მოგწონდეს, მთავარია სხვა – ქვენა გრძნობები არ გამოძრავებდეს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
93. გამარჯობა. 2 კვირის წინ სიზმაში ვნახე უფალი იესო ქრისტე, ვითომ რაღაც მტკიოდა, მიჭირდა და მეხმარებოდა. კარგად მახსოვს, როგორი იყო, რა ეცვა, რას უნდა ნიშნავდეს?
ეკლესია სიზმარს არ ხსნის. სიზმარი შეიძლება იყოს ღვთისაგან, შენი ემოციებისაგან, ან ბოროტისაგან. თუ ღვთაებრივი ნიშნები არ აქვს, არ არის მიღებული. რა და როგორ – ეს მარჩიელობაა, ასე რომ, სიზმრებს ნუ დაუჯერებ, წესიერად იცხოვრე, ღვთის სათნო საქმეები აკეთე და მერწმუნე, ყველაფერი კარგად იქნება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
94. მაინტერესებს დღევანდელობაში თუ არიან ცოცხალი წმიდანები? როგორ შეიძლება ვიცნოთ ისინი? შეიძლება თუ არა ვილოცოთ მათ წინაშე?
ადამიანი უნდა გარდაიცვალოს და წლების შემდგომ ხდება კანონიზაცია წმიდანად შერაცხვისა. რაც შეეხება წმინდად მაცხოვრებელ პიროვნებას, ეს სხვა გაგებაა. ცოცხლების წინაშე არასოდეს ლოცულობენ. წმიდანთა დასს უნდა შეუერთდეს პიროვნება, შემდეგ იქნება მის წინაშე გამართლებული ლოცვა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
95. დამლოცეთ, მამაო! მყავს მოძღვარი და დავდივარ აღსარებაზე, მაგრამ ამ ბოლო დროს ერთი საფიქრალი გამიჩნდა და მას ამ თემაზე რჩევას ვერ ვეკითხები! შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ჩემზე 27 წლით უფროსია, ცოლს გაცილებული და ჩემზე უფროსი შვილიც კი ჰყავს… როდესაც ვხედავ, ძალიან ხშირად მის მიმართ საშინელ ლტოლვას ვგრძნობ, ხანდახან მესიზმრება კიდეც და ამის გამო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, განვიცდი და ბევრს ვფიქრობ! იქნებ დამეხმაროთ და მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
შეიძლება ყველაფერი მოხდეს, მაგრამ არამგონია, ეს სწორი საქციელი იყოს. აქ სიბრიყვესთან ხომ არ გვაქვს საქმე?! ეს არ არის სიყვარული. მისკენ ლტოლვა და შენი განცდები, ცოტა მეეჭვება, ჭეშმარიტ სიყვარულზე იყოს დაფუძნებული. საკუთარ მოძღვარს დაელაპარაკეთ და მოუყევით ამის შესახებ, დაგარიგებს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
96. დამლოცეთ, მამაო. აღარ მახსოვს, რომელი მამაოსგან მოვისმინე, ერთ–ერთი წმიდანი თუ ღირსი დედა იყო. მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გაიგეს, რომ სინამდვილეში ქალი გახლდათ და მამაკაცი ეგონათ. მინდა მისი ცხოვრება წავიკითხო და არ მახსოვს წმიდანის სახელი. შეგიძლიათ დამეხმაროთ?
თქვენ წმიდა თეოდორა ალექსანდრიელზე საუბრობთ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
96. მოგესალმებით, ხომ ვერ მეტყვით, ძუძუს წყაროზე როგორ უნდა მივიდე, ან სადაა? იქნებ დამაკვალიანოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.
ძუძუს წყარო არის მცხეთაში. ჯვრის მონასტრის მახლობლად. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
97. მოგესალმებით, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მიყვარს მუსიკალური ჯგუფების – ENIGMA, GREGORIAN და ასეთი სტილის მოსმენა. წყნარი მუსიკაა და მამშვიდებს. მეუბნებიან, რომ ეს ქრისტიანმა ადამიანმა არ უნდა მოისმინოს. გთხოვთ, ამიხსნათ, შეიძლება თუ არა ამ სიმღერების მოსმენა? და თუ არ შეიძლება, რატომ? დიდი მადლობა წინასწარ.
ეს მუსიკა არის მწვალებლური, აქედან გამომდინარე, თქვენი დამშვიდება ამ მუსიკის მოსმენისას იქნება მოჩვენებითი. ჭეშმარიტი ქრისტიანი კი მოჩვენებითობისაგან შორს უნდა იდგეს. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
98. ძალიან მაინტერესებს, არსებობს თუ არა წმიდა თინათინი და არის თუ არა მისი ხატი? გმადლობთ წინასწარ.
არსებობს. იგი შედის ყოველთა წმიდათა საქართველოში წამებულთა შორის, რომელთა ხსენება არის 24(11) დეკემბერს. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
99. გამარჯობა! ჩემი აზრით, სიყვარული (ქალ-ვაჟურს ვგულისხმობ) უფლის საჩუქარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ. როცა გრძნობა ცალმხრივია, ან სხვა რაიმე მიზეზის გამო ამ გრძნობას უარყოფ და ეწინააღმდეგები, არის თუ არა ეს უმადურობა უფლისადმი?
ჩვენ უნდა გავიგოთ ეს ჭეშმარიტი სიყვარულია, თუ ცრუ. ცრუ დროებითია,ხოლო ჭეშმარიტი სიყვარული – მარადიული. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
100. გთხოვთ მიპასუხოთ, ყოველთვის, შვილის შექების შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში უარყოფითად იცვლება ყველა ჩემ მიერ შვილის მისამართით ნათქვამი. აი, მაგალითად,ჩემს გოგონას ჰქონდა ულამაზესი და ჯანმრთელი თმა, არაჩვეულებრივი კანი,სწორი ზურგი. დაახლოებით შექებიდან ერთ თვეში შვილს დაეწყო საშინელი თმის ცვენა და გაუჩნდა ფსორიაზი, ზურგი გაუხდა არასიმეტრიული, დაეწია ცალი მხარი. მეორე გოგონაზე გავიფიქრე, კიდევ კარგი ეს მაინც მყავს-მეთქი ჯანმრთელი, რომ დაახლოებით ერთ თვეში ბავშვს ტვინზე აღმოაჩნდა ლიპომა. აუცილებლად ცუდი უნდა ვიფიქრო, რომ ყველაფერი კარგად იყოს? ლოცვებს ვკითხულობ ყოველ დღე. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეშმაკი მართავს ჩემს ცხოვრებას. სულ ვლოცულობ, მაგრამ შველას ვერ ვხედავ ღმერთთან. ძალიან ძნელია, ადამიანმა წლების მანძილზე იცხოვრო უიმედოდ. რას მირჩევთ?
იყოლიეთ პირადი მოძღვარი, რომელსაც გულწრფელ აღსარებას ეტყვით რეგულარულად, თვეში ერთხელ მაინც. რაც შეეხება ლოცვას, თქვენ არ ლოცულობთ, ვინაიდან ლოცვა გონებით გულის ღმერთამდე ამაღლებაა და მოაქვს ძალიან დიდი სიკეთე. რაც შეეხება თქვენს შვილს, გირჩევთ, აჩვენოთ ექიმ-იმუნოლოგს. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
101. დამლოცეთ, მამაო. ვუყვარვარ ჩემი სიძის მამიდაშვილს და შეიძლება თუ არა? დიდი მადლობა წინასწარ.
თავდაპირველად მინდა გითხრათ, რომ საპატრიარქოში არსებობს სპეციალური ორგანო, სადაც ასეთი საორჭოფო საკითხების გადაწყვეტა ხდება. მე მოგახსენებთ ჩემს აზრს თემასთან დაკავშირებით. თქვენს შემთხვევაში გამოდის მეექვსე ხაზის ნათესაობა, მაგრამ გვერდითი, ანუ არაპირდაპირი, სწორედ ამიტომ ვფიქრობ, დასაშვებია. ზუსტი და ამომწურავი პასუხისთვის გთხოვთ, დაუკავშირდეთ ზემოთ აღნიშნულ ინსტანციას. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
102. ძალიან მერიდება ჩემს მოძღვართან ამ თემაზე საუბარი და რადგან ვირტუალური კავშირი იძლევა ამის საშუალებას, გავბედავ და გკითხავთ… 17 წლის ვარ… არ ვარ ქალიშვილი… ეს მხოლოდ ერთხელ მოხდა და ძალადობით. როგორ მოვიქცე? ღირს სიცოცხლე ჩემთვის თუ არა? თავი რომც არ მოვიკლა, მაინც ჯოჯოხეთში მოვხვდები. ხომ ასეა? ისედაც ჯოჯოხეთად მექცა ამქვეყნიური სიცოცხლე… მესამე წელია ვყოყმანობ, მოვიკლა თავი, თუ რომ გავიზრდები და ვიმუშავებ, ოპერაცია გავიკეთო და ვიღაც მოვატყუო… ეს ჩემი წერილი, ალბათ, სასაცილოა მამაკაცებისთვის და საერთოდ, იმ ადამიანებისთვის, ვისაც თავად არ განუცდიათ ის, რასაც მე 3 წელია ვებრძვი! მოძღვარი მყავს, მაგრამ ძალიან მრცხვენია ამაზე საუბარი მასთან… ამას სიკვდილი მირჩევნია… როგორ მოვიქცე? თავის მოკვლა უკვე ჩემთვის დიდი შვებაა.
თავის მოკვლა გამოსავალი არც ერთი სიტუაციიდან არ არის, პირიქით, ეს უფრო დაამძიმებს თქვენს სულს და საშინელ ცოდვას ჩაიდენთ. ნუ გერიდებათ ამაზე საუბარი, აუცილებლად თქვით თქვენს მამაოსთან, თუ მასთან ვერ იხსნებით, უმჯობესია, მოძღვარი შეიცვალოთ. დამერწმუნეთ, თქვენი პრობლემა აუცილებლად მოგვარდება სწორი მიდგომით, წრფელი სინანულითა და აღსარებით. მითუმეტეს, რომ ძალადობის მსხვერპლი ხართ. ყველაფერი უფლის დაშვებით ხდება, განსაცდელში ღმერთი არ მიგატოვებთ. მეორე საკითხია, რომ დიდი ფსიქიკური სტრესი განიცადეთ, ფიქრობთ, ალბათ, თქვენი მომავალი ცხოვრება როგორ წარიმართება. სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ადამიანი ხართ (მოგეხსენებათ, დღესდღეობით ბევრისთვის არაფერს არ ნიშნავს ის, რაც თქვენთვის ასე მძიმე ასატანია), აუცილებლად გამოჩნდება პიროვნება, რომელიც გაგიგებთ და შეგიყვარებთ. კიდევ ერთხელ გთხოვთ, მიდით მოძღვართან და რაც გაწუხებთ, ყველაფერი მოუყევით. ნუ ვარდებით პანიკაში ამის გამო. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
103. გამარჯობა. დამლოცეთ, მამაო. ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს: მათეს სახარების მეცხრამეტე თავში წერია, რომ მაცხოვართან მიდის ერთი ახალგაზრდა ჭაბუკი, რომელიც ეკითხება იესოს, თუ რა უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მოიპოვოს საუკუნო ცხონება. მაცხოვარი კი მიუთითებს ათ მცნებაზე და ეუბნება, რომ თუ სურს შევიდეს საუკუნო ცხოვრებაში, უნდა დაიცვას ეს მცნებები. ამაზე ჭაბუკი პასუხობს, რომ სიყრმიდან ცხოვრობდა რჯულის მიხედვით და იცავდა ყველა მცნებას. მაშინ მაცხოვარი ეუბნება, ერთიღა გაკლია, შენი ქონება მიეც გლახაკებს, შემომიდექ მე და გექნება საუნჯე ცაშიო. მაგრამ როდესაც დამწუხრებული ჭაბუკი მიდის მისგან, ქრისტე მოწაფეებს ეუნება, რომ უმალ აქლემი გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა სასუფეველშიო. ამის წაკითხვის შემდეგ გამიჩნდა კითხვა. ფაქტია, რომ ამ ჭაბუკს ქონება მიტაცებული არ ჰქონდა, მან თავისი შრომით მოაგროვა ყველაფერი (რადგან ის ამბობს, რომ ყველა მცნებას იცავდა, შესაბამისად გამოდის, რომ არც უქურდია, არც წაუგლეჯია ვინმესთვის, არც მოყვასი სძულებია და არც სხვისი შურის გამო დაუგროვებია ქონება), მაგრამ ღმერთი მაინც ამბობს, მდიდარი ძნელად შევა სასუფეველშიო. რატომ ამბობს ამას? ანუ ადამიანი არ შეიძლება, რომ გამდიდრდეს? მამაო, წინასწარ დიდი მადლობა პასუხისთვის.
რა თქმა უნდა, რომ ეს ასე არ არის. ბევრი მდიდარი ადამიანია, რომელიც ღირსეულად და უანგაროდ ცხოვრობს. პრობლემა სიმდიდრეში კი არა, სიმდიდრის მოყვარებაშია. სხვადასხვა განმარტებაა სახარების ამ მუხლთან დაკავშირებით, მაგრამ ძირითადად სწორედ ზემოთ აღნიშნულ აზრზე ჯერდებიან. ჭაბუკმა თავისი საქციელით გამოხატა ის, რომ მისთვის ქონება ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
104. გთხოვთ, მამაო, დამეხმარეთ, შველას ვსაჭიროებ. მესამედ მოგწერეთ ისე, თითქოს ზერელე ცოდნა მაინტერესებდა. დავაშავე, რომ თავიდანვე არ გამოვტყდი. მეშინოდა და ახლაც მეშინია, მაგრამ გავბედე მეთქვა, რადგანაც უკვე ვგრძნობ, თუ როგორ გასაჭირშია ჩემი სული. არის წამები, როცა ჩემი ფიქრები მე არ მეკუთვნის, ჩემში ვიღაც სხვა ზის და საზიზღარ რამეებს ჩამძახის. ცდილობს, ვიფიქრო, რომ ღმერთი არ არსებობს და შეურაცხყოს იგი. ამას ვერავის ვეუბნები, ძალიან მეშინია. ვგრძნობ, ეშმაკი მყავს ჩასახლებული. რამდენჯერაც დავაპირე მამაოსთან მისვლა, ან თქვენთვის სიმართლის მოწერა, იმდენჯერ გამიქრა შეტევები და ამ დროს ვფიქრობდი, რომ ეშმაკი კი არ მყავდა შემოჩენილი, უბრალოდ, მე ვიყავი საბოლოოდ წარწყმედილი და აზრი აღარ ჰქონდა მამაოს შველას. რა ვქნა, არ ვიცი, ვერავის ვეუბნები ამას, დედაჩემი ასაკიანია და გული აწუხებს. რომ გაიგოს, შეიძლება ვერ გაუძლოს, მამაც ძალიან ასაკიანია და ვერც იმას ვეუბნები, წამიყვანოს და მიშველოს. გთხოვთ, მითხრათ, თუ შეიძლება ჩემნაირი დაცემული სულის პატრონი ადამიანის გადარჩენა? არ მიმატოვოთ. თუ ვერ გადავჩები, მითხარით და ამასაც მივიღებ. დიდი ბოდიში და მადლობა.
ყველა ადამიანს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა დოზით აქვს ასეთი ფიქრები, ამიტომ ჩემი რჩევაა, დიდ ყურადღებას ნუ დაუთმობთ და ამის გამო პანიკაში ნუ ჩავარდებით, რადგან ბოროტი ძალის სურვილიც სწორედ ეს არის. თქვით აღსარება, მოძღვარს გაესაუბრეთ და ერთად დაგეგმეთ ამ ფიქრებთან ბრძოლის ტაქტიკა. მითუმეტეს, თუ თქვენ ამ აზრებს არ ეთანხმებით, ცოდვის მასშტაბურობა მცირდება და გაგიადვილდებათ მათი საბოლოოდ დაძლევა. არაფერია საშიში, რაც უფრო ძლიერად განიცდით, ეშმაკიც მეტად შემოგიტევთ. ამიტომ კიდევ ერთხელ გიმეორებთ, შეეცადეთ ნაკლებად იფიქროთ ამ საკითხზე, ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანეთ და თანდათან ეკლესიური, სწორი ცხოვრების წესის დახმარებით ყველაფერი გაივლის. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
105. დამლოცეთ, მამაო! ოთხი წელია შევქმენი ოჯახი, არ გვყავს შვილი, პრობლემა მეუღლეს აქვს. შეიძლება ხელოვნური განაყოფიერების გაკეთება, თუ ეს ცოდვაა (მკურნალობამ შედეგი ვერ გამოიღო)? რას გვირჩევთ?
ამ შემთხვევაში, გააჩნია, როგორ ჩაერევა მედიცინა. მე როგორც ვიცი, ორი გზა არსებობს. თუ განაყოფიერება მოხდა, ორგანიზმის გარეთ ერთდროულად ბევრი უჯრედი აქტიურდება, მათგან ზოგს კლავენ და მხოლოდ საუკეთესოებს ტოვებენ, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ განაყოფიერებული ორგანიზმი უკვე ცოცხალი არსებაა, მას აქვს სული და ხორცი. უბრალოდ ჯერ ძალიან პატარაა. ამიტომ აბორტის ტოლფასი ცოდვაა. თქვენს მოძღვარს გაესაუბრეთ, ოთხი წელი ძალიან ცოტა დროა, ამ გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ვხედავ. ყველაფერი უფლის ნებაა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
106. დამლოცეთ, მამაო. არ მომწონს, როდესაც სილამაზის გამო ქალს და ბავშვებს ანგელოზს ადარებენ. ეს მკრეხელობად მიმაჩნია. არის თუ არა ეს ასე და როგორ მოვიქცე, როდესაც მესმის სხვისგან? უფალმა გაგაძლიეროთ, გმადლობთ.
ანგელოზი ყველა ამქვეყნიურ არსებასთან შედარებით აღმატებულია, მაგრამ ამას ადამიანები, ალბათ, უფრო დიდი სიყვარულის გამო აკეთებენ და მკრეხელობაში არ უნდა ჩავუთვალოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
107. დამლოცეთ, მამაო. გამიტყდა ნათლობის ჯვარი და ძალიან განვიცდი ამას, მივიტანე შესაკეთებლად, მაგრამ იმდენად თხელი ნაკეთობაა, შეუძლებელი გახდა აღდგენა. შეიძლება თუ არა გადავადნო, კიდევ მივამატო ოქრო და ახლიდან გავაკეთებინო? ექნება თუ არა მას ნათლისღების მადლი? წინასწარ გიხდით მადლობას პასუხისათვის.
ნამდვილად ექნება მას ნათლისღების მადლი. გააკეთებინეთ ახლიდან, ოღონდ მიიტანეთ ეკლესიაში და აკურთხებინეთ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
108. მამაო, ბოდიშს გიხდით წინსაწარ, რომ ცოტა გრძელი შეკითხვა მაქვს. მეორე წელია შევქმენით ოჯახი, შეგვეძინა გოგონა დ უკვე 1 წელზე მეტისაა. ოჯახის შექმნა რომ გვინდოდა და საუბრები გვქონდა შეყვარებულობის დროს, სულ გვინდოდა მრავალი შვილის ყოლა, არადა რაც ეს პირველი გოგონა გაგვიჩნდა, მის მერე ჩემმა ცოლმა დიდი უარი განმიცხადა სხვა ბავშვების ყოლაზე. ვმუშაობ საზღვარგარეთ და ისეთი სამსახური მაქვს, რომ ერთი თვე მივდივარ, ერთი თვე კი სახლში ვარ, ანუ წელიწადში მიწევს 6 თვე წასვლა. მაქვს რამოდენიმე ათასი შემოსავალი ყოველთვე, მაშინაც კი, როცა სახლში ვარ და არ ვმუშაობ, ფულს მიხდიან, ჩემს ცოლსაც კარგი სამსახური აქვს და არანაირად დატვირთული გრაფიკი არ გააჩნია. ამ ერთ ბავშვზე თავისი დაჟინებული თხოვნით ავუყვანე ძიძა, რომელიც დილიდან საღამომდე ეხმარება, ასევე მთელი ზაფხული ბავშვი ჩემს მშობლებთან გვყავდა. ეს ყველაფერი იმიტომ მოვყევი, რომ მატერიალურად ყველანაირად უზრუნველყოფილები ვართ, ახლახან ვიყიდეთ ძვირადღირებული ბინა, ცოტა ვალი გვაქვს, მაგრამ მალე გავისტუმრებთ. ბოდიში, მამაო, ასე დეტალურად რომ ვსაუბრობ ფინანსურ მდგომარეობაზე, მაგრამ გული არ მითმენს, არ ვთქვა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია რამოდენიმე შვილის ყოლა და მათი გაზრდა, რაც ჩემი ცხოვრების ოცნებაა, მაგრამ ჩემი ცოლი ძალიან წინააღმდეგია. არ უნდა შვილი და ბოლოს მეუბნება, აღარ წახვიდე, აქ იშოვე ფული და მერე ვიყოლიოთ შვილებიო. მირჩიეთ, რა ვქნა, მამაო? ნამდვილად ფული და ეკონომიური მდგომარეობა არ არის ყველაფერი – ეს ამაოებაა, გინდაც არაფერი გვქონდეს, მაინც უნდა გვყავდეს შვილები, მაგრამ ჩემი ცოლი მარტო მაგით საზღვრავს და რადგან არ უნდა ბავშვი, მაიძულებს, თავდაცვის საშუალებების გამოყენებას ურთიერთობის დროს. ეკლესიაში სადაც დავდივარ, იქ მამაოს ჩემთვის არ სცალია, ჩემი ბრალიც არის. რომ მივდივარ, ერთი თვით ვაცდენ წირვა-ლოცვას და მოძღვარი ისე ახლოს არ არის ჩემთან. ვლოცულობ, მეუღლე მოვიდეს იმ ჭკუაზე, რომ ბავშვები ვიყოლიოთ, დარწმუნებული ვარ, რომ დავანებო სამუშაოს თავი და მართლა თბილისში ვიშოვო ფული, მაინც რაღაცას მოიგონებს კიდევ. იქნებ თქვენთან მოვიყვანო და ერთად რამე დარიგება მოგვცეთ. ძალიან გამწარებული ვარ და მთელი ცხოვრება აზრს კარგავს, აღარც შრომის ხალისი მაქვს. თუ ნებას მომცემთ, მოვალთ თქვენთან, როგორც კი ჩამოვალ თბილისში, ძალიან გთხოვთ, მითხრათ რამე, თორემ შეიძლება ოჯახს ცუდი დასასრული ჰქონდეს. მადლობა და დიდი ბოდიში, რომ მოგაბეზრეთ თავი, პატიებას გთხოვთ, მამაო.
მოძღვარი ჯვრისწერის დროს კითხულობს: “და მოეცა ამას მორჩილებაი ქმრისა თვისისა”; ხოლო სამოციქულოში კი ვკითხულობთ: “ხოლო ცოლსა მას, რათა ეშინოდეს ქმრისა”. ახლა კი წარმოიდგინეთ მამაკაცი, რომელსაც შვილები უნდა და ცოლი წინააღმდეგია. ქალი იმიტომ არის დედამიწაზე გაჩენილი, რომ მან შვილები გააჩინოს. ქალს, რომელსაც არ უნდა შვილი, მას არც ქმარი სურს. ძალიან რთულია ასე პასუხი, იქნებ საზღვარგარეთ მუშაობა ქმნის ქალისთვის პრობლემას, მას ეშინია მარტო დარჩენის, თუნდაც რაიმე განსაცდელის ჟამს, კაცი ყოვლთვის დიდი იმედია ოჯახისთვის. რა გითხრათ, თუ მოიყვანთ, მოგისმენთ, დაგარიგებთ, მაგრამ შეიძლება ადამიანი შეგპირდეს და არ შეასრულოს. ქალი ასეთ საქმეში ხელს უნდა უწყობდეს ქმარს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
109. დამლოცეთ, მამაო. მყავდა საქმრო. ყველაზე ახლობელი ადამიანი ცხოვრებაში როგორც სულიერად, ასევე ფიზიკურად, ჯვრისწერა გადაწყვეტილი გვქონდა, მაგრამ ისე გარდაიცვალა, ეს ვერ მოვასწარით. მაინტერესებს, საიქიო ცხოვრებაში რა განსხვავებაა ჯვარდაწერილ წყვილებსა და ჯვარდაუწერლებს შორის?
ვერ მოასწარით ქორწინება, ამიტომ თქვენ ერთმანეთის არაფერი ხართ. არ გაქვთ კავშირი, შესაბამისად, არც საიქიოში არ გექნებათ. ნურავის ეგონება, რომ საიქიოში ცოლქმრობაა, იქ სულ სხვა რამეა, იქ მარტო სულია. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
110. მამაო, მითხარით… შეიძლება თუ არა, რომ ადამიანის სული ეშმაკს ჰყავდეს შეპყრობილი, ანუ კვეთებული იყოს, მაგრამ გარეგნულად სხვები ამას ვერ ამჩნევდნენ. ანუ ხომ შეიძლება, რომ ბრძოლები ჰქონდეს და ეს მაშინ ემართებოდეს, როცა მარტოა? შეიძლება ასეთ დროს ადამიანს ისეთი ფიქრები უტრიალებდეს თავში, რომელთა გაფიქრებაც არ სურს?
ეშმაკი ყოველთვის იბრძვის, რომ ადამიანი ჩაიგდოს ხელში და ძალიან ხშირად ახერხებს კიდეც. უნდა ებრძოლო ამას. ერთადერთი გამოსავალი არის ის, რომ მაშინვე დაუდგეს ეკლესიას, შეუტრიალდეს ღმერთს, მივიდეს ეკლესიაში და მოძღვარს წააკითხოს ლოცვები. ასეთ განსაცდელში მყოფ ადამიანს სჭირდება კვეთებულის ლოცვები, ძალიან ძლიერი ლოცვაა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
111. გამარჯობა. ასე მგონია, ღმერთმა მიმატოვა, ჩემი არ ესმის და ამის გამო ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ეკლესიაში დავდივარ, ნაზიარებიც ვარ. მინდა, რომ ჩემი რწმენა უფრო გაღრმავდეს, მაგრამ თითქოს რაღაც მებრძვის. ძალიან გთხოვთ, მირჩიოთ, რა ლოცვები წავიკითხო.
უამრავი ლოცვაა, რომლის წაკითხვაც შეგიძლიათ, მაგრამ ჯერ მიდით მოძღვართან, ის წაგიკითხავთ გახსნის ლოცვას. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
112. დამლოცეთ, მამაო, ჩემი უიღბლობა ძირითადად სამსახურს უკავშირდება. სადაც არ უნდა შევიტანო განაცხადი, ის საწარმო ან გაკოტრდება, ან რაღაც აუცილებლად დაემართება, ასეთივე უიღბლოა ამ საკითხში მამაჩემიც. ორივენი ვცდილობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის, თითქოს გათვალულები ვართ. ძალიან მინდა მუშაობა და შრომა არ მეზარება. როგორ მოვიქცე, მირჩიეთ.
თქვენ ყოველთვის უნდა ეცადოთ და უკან არ დაიხიოთ. ღმერთმა უკეთ იცის ვისთვის, როდის და სად არის მუშაობა საჭირო. ღმერთს სთხოვეთ, ხელი მოგიმართოთ და თქვენც შეეცადეთ, რომ ღვთის სათნოდ იცხოვროთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
113. დამლოცეთ, მამაო… მაინტერესებს, როცა რაღაც გულით გინდა აგისრულდეს და ამისთვის მოწყალებას სთხოვ უფალს და თითქოს იღებ ამ წყალობას, მაგრამ უფრო განსაცდელად, ვიდრე ბედნიერებისთვის, ამ დროს როგორ უნდა მოვიქცე?
ღმერთს ყველასთვის საუკეთესო უნდა. ალბათ, მაგ დროს ასეა საჭირო. ჩვენ იმედი არ უნდა მოვიშალოთ და უნდა გვწამდეს, რომ უფალი უკეთესს აგვისრულებს შემდგომში. ხშირად ის, რაც ჩვენთვის კარგი გვგონია, შეიძლება საზიანო იყოს და ამას ვერ ვხვდებოდეთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
114. დამლოცეთ, მამაო, 12 წლის ასაკში გარდამეცვალა მამა, ამან ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. ერთ მეგობარს ავყევი და ბიჭებს ტელეფონზე ცუდ თემაზე ვესაუბრებოდით. მე ამას ხუმრობით ვაკეთებდი (იმ დროს ეს ხუმრობა მეგონა ) და შემდეგ თითქმის ყველაფერი დამბრალდა მე. 5 წელი გავიდა ამ ამბიდან. არ ვიცი, რა ვქნა? ეს ტკივილი არ მასვენებს, მეშინია, რომ როდესაც ოჯახს შევქნი, ყველაფერი გამოაშკარავდება. არ მინდა, ვინმეს ცუდი შთაბეჭდილება ჰქონდეს ჩემზე, მირჩიეთ, რა გავაკეთო? ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი საიტი არსებობს.
თუ ეს გაწუხებთ, უმჯობესია, აღსარებაში მოინანიოთ ღმერთის წინაშე, ანუ მოძღვართან მიხვიდეთ. თუ სწორად იცხოვრებთ და მოძღვარსა და მის რჩევებს დაემორჩილებით, ყველაფერი კარგად იქნება. წინასწარი შიშები კარგ შედეგს ვერ მოგიტანთ. მოძღვარს ყველაფერი გულახდილად მოუყევით. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
115. ცხოვრებაში რაღაცის მიღწევა მინდა და თავად ვერ გამიგია, რა ვაკეთო… სპორტსმენი ვიყავი და ყველას სჯეროდა ჩემი წარმატების, მაგრამ ვერ გავამართლე. დაბნეული ადამიანი ვარ და ამის გამო უმადურიც ვხდები იმისიც, რაც მაქვს. მგონია, რომ ბევრი რამის გაკეთება შემიძლია და მინდა კიდეც, რომ გავაკეთო და წარმოვადგენდე რაღაცას, მსურს, ჩემი საქმე დროულად ვიპოვო. ეს დრო კი მიდის და გულნატკენი ვრჩები. რა უნდა ვქნა, მამაო? და კიდევ, ცოდვაა ის, რომ მინდა მეც ვიყო “ვიღაც” და ვიგრძნო თავი მნიშვნელოვნად, გამოსადეგად, საინტერესოდ?
წარმატებების მისაღწევად თავი არ უნდა დაზოგოთ. ღმერთს შემწეობა უნდა სთხოვო და თავის დროზე ყველაფერი გამოგივათ, რაც შეეხება მეორე კითხვას, გააჩნია, რისთვის გინდათ წარმატება. თუ იმიტომ, რომ ქვეყანას და ოჯახს გამოადგეთ, რა თქმა უნდა, ცოდვა არ არის, მაგრამ თუ იმიტომ, რომ სხვების თვალში გამორჩეული იყოთ და გაფასებდნენ, ეს უკვე ცოტა გაუკუღმართებაა. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
116. მამაო, ამ ბოლო დროს მრევლში ადამიანები ერთმანეთს ეუბნებიან, ღმერთმა დაგლოცოსო, სწორია ეს საქციელი? მე როგორც ვიცი, მხოლოდ მოძღვარს აქვს უფლება, დალოცოს ადამიანი.
ერის კაცსაც შეუძლია დალოცოს ვინმე, მაგრამ უმჯობესია, დალოცვის ინიციატივა სხვისგან მოდიოდეს. თუ ვინმე გთხოვთ დალოცვას, შეგიძლიათ დალოცოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
117. მამაო, ერთი წლის იუბილის გადახდა მიზანშეწონილია? რატომ ამბობენ, რომ არ შეიძლება?
ერთი წლის იუბილის გადახდა ჩვეულებრივად შეიძლება. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
118. მამაო, ჩემი ნამდვილი სახელი არის ჟენია, ნათლობის სახელი კი – ჟანი. რამდენად შეიძლება ვიყო მონათლული მეორე სახელით ჟანად, რომელი სახელი შემიძლია ჩავწერო ჯვრისწერის შემთვევაში და როდესაც ნათლია ვარ?
ჟენია, საერთოდ, ევგენიასგან წარმოსდგება. მოძღვარს რომ სთხოვოთ, ამ სახელს დაგარქმევთ. რაც შეეხება ჟანის, ამ სახელის მქონე წმიდანი არ გამიგია. ადამიანს აუცილებლად უნდა ერქვას რომელიმე წმიდანის სახელი. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
119. დამლოცეთ, მამაო, რამდენიმე წელია ეკლესიურად ცხოვრებას ვცდილობ. დავდივარ ეკლესიაში, ვაბარებ აღსარებას და ვეზიარები, მაგრამ მაქვს სიკვდილის პანიკური შიში, რის გამოც დამემართა ნევროზი. სულ ცუდად ვარ. ეს ყველაფერი გამოიწვია სიზმარმა, თითქოს ჩემი გარდაცვლილი ნათესავი მეუბნეოდა, რომ წამიყვანდა. ვიცი, რომ სიზმრების დაჯერება ცოდვაა, მაგრამ მეშინია, მართლა არ ამიხდეს. გამოვალ ამ მდგომარეობიდან? მყავს ძალიან გულისხმიერი მამაო, რომელიც ყველანაირად ცდილობს, გამომიყვანოს ამ ვითარებიდან და ვგძნობ, რომ უკეთესად ვარ, მაგრამ მაინც არ მასვენებს ეს ფიქრები.
ღმერთის ნების გარეშე ერთი ფოთოლი არ ჩამოვარდება ხიდან. ყველაფერი უფლის ნებაა, თქვენი სიცოცხლის ხანგრძლივობაც. ეს აზრები უფრო ბოროტისგან მოდის, რომ აღგაშფოთონ და სიმშვიდე დაგაკარგვინონ. უმჯობესია, საკუთარი ცოდვების გამოსწორებაზე იფიქროთ და სწორად იცხოვროთ. ბოროტს სწორედ ის უნდა, რომ რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იმ საქმეს მოგვწყვიტოს. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
120. მამაო, შესაძლებელია უფლისთვის დადებული პირობის დარღვევა მოძღვრის კურთხევის გარეშე, თუ ეს არც ისე მნიშვნელოვან საკითხს შეეხება?
ჯობს, როგორი პირობაც არ უნდა იყოს, მაინც შეასრულოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
121. გარდამეცვალა მეუღლე და ჯვარი არ გვქონდა დაწერილი, ამას ძალიან განვიცდი. დავდივარ ეკლესიაში, მყავს მოძღვარი. ყოველ დილა-საღამოს ვკითხულობ ლოცვებს, ასევე, ვკითხულობ ქვრივი მამაკაცის ლოცვას. ვიცავ მარხვას, ყოველ მარხვაში ვეზიარები. მაინტერესებს, მე რასაც ვაკეთებ, მის სულს თუ მიუვა?
რა თქმა უნდა, თქვენი ლოცვა-ვედრება და კარგი საქციელი მისი სულისთვის სასარგებლო იქნება. ღმერთმა ხომ იცის, რომ ის თქვენი მეუღლეა და მასზე გული შეგტკივათ. მართალია, ჯვარი არ გქონდათ დაწერილი (ანუ თქვენი ქორწინება ნაკურთხი არ იყო), მაგრამ თქვენ მაინც ცოლ-ქმრად ითვლებით. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
122. ვცხოვრობ საზღვარგარეთ. დავდივარ ბერძნულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში. სამსახურში უფროსი აზერბაიჯანელი მუსულმანი ქალია. თვითონაც ზოგჯერ ეკლესიაშიც შედის, როცა გზად შეხვდება. მე როცა დღესასწაულებზე ეკლესიიდან მომაქვს აღდგომის კვერცხი, სულთმოფენობის ფოთლები, ბზობისას – ბზა, ნათლისღებისას – ნაკურთხი წყალი, ზეთისცხებისას – ზეთი, მეუბნება, მეც წამომიღეო და მომაქვს და ვაძლევ, უხარია, იტოვებს და იყენებს. ვაძლევ იმიტომ, რომ მას სურს. რომ არ მოვუტანო, უხერხულია, რა ვუთხრა? მეთვლება თუ არა ცოდვად, რომ არა მართლმადიდებელს ვჩუქნი ეკლესიურ სიწმიდეებს (თავისივე თხოვნით)? როგორ მოვიქცე?
ცოდვა ნამდვილად არ არის. უთხარით, მოინათლოს, ეს ყველაზე კარგი რჩევა იქნება, რადგან ასეა დაინტერესებული ქრისტიანული ცხოვრებით. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
123. შეიძლება თუ არა, ადამიანი დაკავდეს იოგით, თუ ის ქრისტიანია? შეუძლია იოგას ადამიანის სულისთვის რაიმე ზიანის მიყენება?
თუ ჩვეულებრივ ჯანმრთელობის ვარჯიშებს შეასრულებთ, ძალიან კარგია, აქ უარსაყოფი არაფერია, მაგრამ თუ მედიტაციაში გადავარდებით, ეს სულსაც ვნებს და ხორცსაც. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
124. მამაო, დამლოცეთ! მამაო, ბებიაჩემს დაესიზმრა 10 წლის წინ, რომ ღვთისმშობელმა მითხრა, უნდა წაგიყვანოო, ბებიას უთქვამს, მე ჩემს ოჯახს ვერ მივატოვებო, კარგი, მაშინ 10 წლის შემდეგ მოვალ და წაგიყვანო და სწორედ წელს შეუსრულდა 10 წელი. ვგრძნობ, რომ ამის გამო სულ დათრგუნულია და ელის სიკვდილს. როგორ გავამხნევო?
ეშმაკი ყველანაირ სახეს ღებულობს ღვთიმშობლის გარდა, მაგრამ როგორ ეტყოდა ღვთისმშობელი მას, ჩემთან წამოდიო?! მოხუცებულია, ამ დროს ათასნაირი მოლანდებები აწუხებთ. ან რატომ ეშინია, ღვთისმშობელი მივიდა, ეშმაკი ხომ არა, უნდა უხაროდეს კიდეც. ბებიას უთხარით, ნუ ეშინია, შიში ეშმაკისეულია. (წმ.სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
125. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს, ჰყავდა თუ არა ღვთისმშობელს ქრისტეს გარდა თავისი ბიოლოგიური შვილებიც?
რა თქმა უნდა, არა. იესო ქრისტე იშვა და ქალწულად დარჩა ისევე მარიამი. (წმ.სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
126. რამდენად გულწრფელია და სწორი ადამიანის თხოვნა უფლისადმი, დაიცვას ის ცდუნებისაგან, როდესაც გონებით სრულად აცნობიერებს იგი ამ ქმედების სიმძიმეს, მაგრამ მეორეს მხრივ, სურვილი აქვს ამის გაკეთების. აქედან გამომდინარე, თითქოს ეს თხოვნა ვერ იქნება გულწრფელი, რადგან გამოდის, რომ გულის სიღრმეში ადამიანს აქვს ამ ცოდვის ჩადენის სურვილი.
ადამიანს თუ სურვილი აქვს, მაინც გააკეთებს იმას, რაც უნდა, ამიტომ უნდა ჰყავდეს გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც არ გადაადგმევინებს ამ ნაბიჯს. ცხოვრებაში ცდუნება ბევრია. კეთილ საქმეზე კი ცდუნება არ არსებობს. ეკლესიურ ცხოვრებაში არის მხოლოდ ხსნა, თქვით აღსარება, ეზიარეთ. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
127. მამაო, ძალიან მჭირდება თქვენი რჩევა, უკვე 4 წელია მიყვარს ერთი ადამიანი და მასაც ძალიან ვუყვარვარ, დარწმუნებულები ვართ იმაში, რომ მთელი ცხოვრება ერთან გვინდა ყოფნა, მაგრამ არსებობს ერთი პრობლემა, იმის გამო, რომ ჯერ 19 წლის სტუდენტები ვართ, ვერ ვდგამთ ისეთ სერიოზულ ნაბიჯს, რასაც ოჯახის შექმნა ჰქვია. ვიცი, ამისათვის შესაბამისი ასაკი არ გვაქვს, მაგრამ ძალიან გვიჭირს უკვე ამ ყველაფრის ატანა, არასდროს 4 წლის განმავლობაში არაფერზე გვიჩხუბია, ახლა კი ყველაფერი შეიცვალა და ვგრძნობთ, უარესად ვიქნებით, თუ ისევ ცალ-ცალკე მოგვიწევს რამოდენიმე წლის გატარება, ეს წლები აისახა ჩვენს ფსიქიკაზე და უბრალო რამეც კი გვაღიზიანებს. მამაო, ვცდილობთ, ვიყოთ ძალიან ეკლესიურები, ვკითხულობთ ლოცვებს და დავდივართ ტაძარში, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ძალიან გვეხმარება, 4 წლის განმავლობაში უფალს ერთი თხოვნის ასრულებას ვთხოვ, რომ ჩვენ მალე ვიყოთ ერთად და გვქონდეს კარგი ოჯახი. გვაფერხებს ის, რომ ასაკი არ გვიწყობს ხელს და შეიძლება მშობლების უარიც მივიღო, ასევე ის, რომ გვინდა, გვქონდეს ჩვენი შემოსავალი, რომ სხვა არ შევაწუხოთ, უფლის დახმარებით ასეც იქნება, ალბათ. ვიცი, რომ ოცნება ცოდვაა და მე ძალიან ცოდვილი ვარ, გამუდმებით, დღესა და ღამეს ოცნებაში ვატარებ. როგორ მოვიქცეთ? გვირჩიეთ რამე.
თქვენი ასაკი დასაბრკოლებელი ნამდვილად არ არის. თუ ასე ძალიან გიყვართ ერთმანეთი, სჯობს, ერთად იყოთ, მიდით ეკლესიაში და დაიწერეთ ჯვარი, ოღონდ მშობლების ლოცვა-კურთხევაა საჭირო. მშობლების თანხმობის გარეშე ეკლესია არ დაგწერთ ჯვარს. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
127. მაინტერესებს, ავადმყოფური და უკიდურესი ეჭვები (მეგობრების, ზოგადად ყველასა და ყველაფრის მიმართ, თუნდაც ვაცნობიერებდეთ, რომ უსაფუძვლოა) არის თუ არა ადამიანის ინდივიდუალური თვისება მხოლოდ, თუ ეს ეშმაკისგან მომდინარეობს? განსაკუთრებით, როდესაც ეს ეჭვები მოსვენებას არ გვაძლევს, გვაგიჟებს, სულიერ სიმშვიდეს გვაკარგვინებს და გონებაში გვებრძვის. როგორ დავძლიოთ ეს?
არ უნდა იფიქრო ასეთ სისულელეებზე, ეს ეშმაკისგან არის. ილოცე და იარე ეკლესიაში. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
128. დამლოცე, მამაო. მამაო, ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავარ. ჩემი ნაცნობი შეპყრობილივით იქცევა, ისეთ საშინელებებს აკეთებს… ამბობს, რომ ბოროტის კეთების მეტი არაფერი აღარ უნდა, რომ სატანაა და მისი მოციქული, რომ ამქვეყნად არაფერი აღარ აინტერესებს. დასცინის ჩემს აღსარებებს და ეკლესიაში სიარულის სურვილს, შეგნებულად მაიძულებს დაშინებით, ჩავიდინო ისევ ცოდვა აღსარების შემდეგ. მოიხსნა ჯვარი. თვალები საშინელი აქვს. შეპყრობილია, ალბათ, მამაო? რა შეიძლება გავაკეთო ამ დროს მე? ვთხოვ, მამაოს დაელაპარაკოს, დაურეკოს და არ ეკარება. მამაოც არ ურეკავს რატომღაც თავად, თუმცა ვთხოვე, დალაპარაკებოდა. აღარ ვიცი რა გავაკეთო. თუ არსებობს რაიმე ლოცვები, ან საშუალება განსაკურნებლად? როგორ იქცევიან ასეთ დროს? ეკლესიის კართან მისული არ შედის. შევიდა, როგორც სადღაც ჩვეულებრივ ოთახში და იქაც არ მოერიდა ჩხუბს. რა გავაკეთო, მამაო?
მას ესაჭიროება კვეთებულის ლოცვები, შემდეგ უნდა ეზიაროს. როგორმე წაიყვანეთ ეკლესიაში. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
129. დამლოცეთ, მამაო. ბავშვობიდან მიყვარს ეკლესიების ხატვა და ხშირადაც ვხატავდი. ბევრისგან გამიგონია, რომ ეკლესიის ხატვას კურთხევა უნდაო, მაგრამ რამდენიმე მამაოს ვკითხე და მათგან ორაზროვანი პასუხი მივიღე, ზოგი ამბობს კის, ზოგი – არას. მაინტერესებს, აუცილებელია კურთხევა? რამდენიმე წლის წინ ეკლესიის მაკეტი გავაკეთე და არ არის ნაკურთხი, რადგან არ ვიცი მამაო აკურთხებს თუ არა და თქვენი რჩევა მჭირდება. როგორ მოვიქცე?
კარგი ნიჭი გქონიათ არქიტექტურული, ხატეთ და აკეთეთ კიდეც, კურთხევა არ არის საჭირო. შეიძლება მომავალში კარგი არქიტექტორიც გახდეთ. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
130. განსაცდელში ყოფნისას (მძიმე ემოციურ ფონზე) შევპირდი ღმერთს, რომ შევეცდებოდი მსგავსი ქმედებისგან თავის შეკავებას, შესაბამისად, ვცდილობ ამ მთავარი პირობის შესრულებას, მაგრამ საშინლად მტანჯავს ფიქრი იმაზე, რომ ვერ ვიხსენებ სხვა დანარჩენ დეტალებს და მეშინია, მათი შეუსრულებლობით არ დამსაჯოს უფალმა. როგორ მოვიქცე?
კონკრეტულად რა ცოდვაზეა საუბარი? ასე ძნელია პასუხის გაცემა. ღმერთი კი არა, ადამიანი თავად სჯის საკუთარ თავს (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)
131. მამაო, დამლოცეთ! ვიცი, ფიქრებით სხვასთან ყოფნა დიდი ცოდვაა, ძალიან მაწუხებს, რომ თითქმის სულ ასე ვარ. ვცდილობ, არ ვიფიქრო ასეთ რაღაცებზე, მაგრამ არ გამომდის. მირჩიეთ რამე…
ცოდვილი აზრების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალებაა ლოცვა. თვითკმაყოფილებისა და ცუდმედიდობის წინააღმდეგ საჭიროა, გავიხსენოთ ხრწნადობა ჩვენი სხეულისა, სიამაყის წინააღმდეგ – ის, რომ მცირედი სიამაყეც კი შთანთქავს ყველა კეთილ ნაღვაწს, გულბოროტების წინააღმდეგ საჭიროა ვილოცოთ მტრისათვის. ამაო ფიქრების წინააღმდეგ -ვიკითხოთ წმიდა წერილი. ბილწ აზრებთან საბრძოლველად გაიხსენე უფლის სამსჯავრო და მარადიული სატანჯველი. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
132. დამლოცეთ, მამაო. მაინტერესებს თუ შეიძლება მარხვაში ცოლ-ქმრის ურთიერთობა? წინასწარ დიდი მადლობა.
მარხვაში ადამიანმა უნდა გამოიჩინოს განსაკუთრებული თავშეკავება და თავი დაიმარხოს ამა სოფლის სიამეებისაგან, აქედან გამომდინარე, არ შეიძლება. თუმცა, თუ ამის გამო პრობლემა იქმნება, ჯობს საკუთარ მოძღვარს გაესაუბროთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
133. ძალიან მინდა, რამოდენიმე დღე დედათა მონასტერს ვესტუმრო და ვიცხოვრო იმ სულიერი სიმშვიდით, როგორითაც ისინი ცხოვრობენ. მამაო, თუ არის რამე წინაპირობა მოსამზადებელი, რაც წასვლამდე უნდა გავაკეთო? როგორ უნდა მოვიქცე?
მონასტერში მიდიან (თუნდაც მცირე დროით) აუცილებლად პირადი მოძღვრის, სულიერი მამის კურთხევით. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
134. დამლოცეთ, მამაო. მყავს ერთი თვის შვილი. ახლა ვაპირებთ მონათვლას და უკვე მინდა სიმღერა მოვასმენინო. მაინტერესებს თუ შეიძლება გალობა ჩავურთო ხოლმე და რომელი გუნდის?
ძალიან კარგი იქნება საეკლესიო საგალობლების მოსმენა (არ აქვს მნიშვნელობა, რომელი). შეგიძლიათ კლასიკური მუსიკაც ჩაურთოთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
135. დამლოცეთ, მამაო. ძალიან გთხოვთ, მიპასუხეთ, ჯვრისწერის ბეჭედის ტარება მნიშვნელოვანია თუ არა ჯვარდაწერილი მეუღლეებისათვის? და თუ დიდი ხნის განმავლობაში ბეჭდები სახლს გარეთ იყო (ბანკში), ხომ არ ჭირდებათ მათ რაიმე ლოცვა დაბრუნების შემდეგ? თუ შეიძლება ფორმის შეცვლა ბეჭდისთვის გადადნობით, ან ამის გარეშე, თუ იგივე ბეჭდად დავტოვებთ?
ჯვარდაწერილმა მეუღლეებმა აუცილებლად უნდა ატარონ ჯვრისწერის ბეჭდები, დაბრუნებულ ბეჭედს არაფერი ლოცვა არ უნდა, გადადნობა და ფორმის შეცვლა არ შეიძლება. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
136. რა ლოცვას წარმოთქვამს ეპისკოპოსი, როდესაც იკურთხება სტიქაროსანი?
ხდება მხოლოდ სტიქარის კურთხევა და მღვდელმთავრის მიერ ლოცვა-კურთხევის მიცემა, რათა სტიქაროსანმა იმსახუროს საკურთხეველში. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
137. დამლოცეთ, მამაო. შვილი როცა მშობელს ეურჩება, დედის ლოცვების გარდა კიდევ რა შეიძლება, რომ მშობელმა გააკეთოს?
მარტო დედის ლოცვები არ კმარა. საჭიროა გყავდეს სულიერი მოძღვარი და შეასრულო მისი დარიგებები. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
138. გამარჯობა! დამლოცეთ, მამაო. ვიცი, რომ სიზმარს ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ასეც ვცდილობ, მაგრამ რამდენჯერმე მიცვალებული დამესიზმრა და ცოტა არ იყოს, ჩავფიქრდი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?
მის სახელზე შეაგზავნე კვირის წირვაზე სეფისკვერი. გადაუხადე პანაშვიდი. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
139. დამლოცე, მამაო! მაინტერესებს, როგორ ავირჩიო სწორად პროფესია, ამჟამად მაქვს ერთი სფერო არჩეული, რაზეც მინდა ჩავაბარო,მაგრამ როგორ მივხვდე, სწორი არჩევანი გავაკეთე თუ არა? იქნებ ვცდები?! გმადლობთ წინასწარ.
საითაც გული მიგიწევს და გინდა, იმ სფეროში გაიღრმავო ცოდნა, იქ უნდა ჩააბარო. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
140. ადამიანმა ბედნიერად რომ შეძლოს ცხოვრება, ის უნდა თქვას, რასაც გრძნობს, თუ ის, რასაც ფიქრობს?
ადამიანს თვითონ არ შეუძლია, იყოს ბედნიერი, თუ მას უფალი არ შეეწია, ბედნიერების წყარო არის მაცხოვარი. ამიტომ ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, მან უნდა გამოიძიოს უფლის წმიდა ნება და მიჰყვეს მას, რაც დედა ეკლესიის გარეშე შეუძლებელია. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
141. ბებია გარდაიცვალა 8 წლის წინ და წესი არ აქვს აგებული. მოძღვარი საერთოდ არ მოსულა, რადგან სოფელში მაშინ წყალდიდობა იყო და ყველანაირი გზა ჩახერგილი გახლდათ. თუ შეიძლება მირჩიოთ, ახლა როგორ მოვიქცეთ?
აუცილებლად უნდა აუგოს წესი მოძღვარმა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
142. დამლოცეთ, მამაო. შეიძლება ჩემს გაუნათლებლობასა და უმეცრებას ვამჟღავნებ, მაგრამ უნდა გკითხოთ, რატომ გვეკრძალება დედათა წესის დროს ეკლესიის მსახურებაში მონაწილეობის მიღება? გული მწდება, როცა განსაკუთრებულ დღესასწაულზე ამის გამო არ შემიძლია ის მადლი მივიღო, რაც ამა თუ იმ დღესასწაულს ახლავს თან.
თქვენ არავინ გეუბნებათ იმას, რომ მადლს ვერ მიიღებთ. მადლს უფალი ყოველთვის მოგცემთ, თუ ხართ ღირსი. ქალი ამ დროს განწმენდის პროცესშია, ამიტომ არ შეიძლება სიწმინდის მიახლება. მოძღვრის კურთხევა თუ გაქვთ, შეგიძლიათ სტოაში დადგეთ, ტაძარში უკანა მხარეს და არ მიეახლოთ სიწმინდეებს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
143. ვიცი, რომ აზარტული თამაშები ცოდვაა. მაინტერესებს, არის თუ არა ცოდვა ისეთი თამაში, მაგალითად, როგორიცაა “ფერმა”? გმადლობთ.
ეს სხვა ცოდვაა და დროის ფუჭად კარგვა ჰქვია. რას გაძლევთ ეს თამაში? სასარგებლოს არაფერს, ამიტომაა ცოდვა. მარტო აზარტზე არ არის. თამაშია, რომლითაც აზრი ეკარგება ცხოვრებას. ჯობს, ეს დრო ფსალმუნის კითხვასა და სიკეთის კეთებას დაუთმოთ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
144. მყავს სამი შვილი. ბავშვობიდან დამყავს ეკლესიაში, მარხულობენ, ეზიარებიან და ლოცულობენ, მაგრამ რაც ზრდასრულ ასაკს მიაღწიეს, რატომღაც ლოცვასაც მოუკლეს და ეკლესიაშიც იშვიათად დადიან. მარხულობენ, მაგრამ ზიარებას იშვიათად იღებენ. რაღაც შუალედურ მდგომარეობაში არიან, აღარ ვიცი, როგორ დავეხმარო მათ. ყოველდღე ვმოძღვრავ, მაგრამ, პირიქით, მიეჩვივნენ ამას და ყურადღებას აღარ აქცევენ. ვლოცულობ როგორც შემიძლია. როგორ ვუშველო შვილებს?
ამ შემთხვევაში შველა იმაში გამოიხატება, რომ მიხვიდეთ მათ მოძღვართან და დაელაპარაკოთ. მოძღვარი მიხედავს, დაარიგებს, თუ როგორ მოიქცნენ. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
145. რას ნიშნავს დაფარულმცოდნეობა? როგორ ადამიანებს ეძლევათ ეს ნიჭი? სალოსები და დაფარულმცოდნეები იგივეა, თუ მათ შორის სხვაობაა?
სალოსი ქრისტიანობას გამოხატავს დაფარულად, ისე, ვითომ ჭკუათმყოფელი არ არის. დაფარულმცოდნეებიდან ზოგიერთს წინასწარჭვრეტის უნარი აქვს ბოძებული, ასევე არიან სალოსებიც. ქრისტიანები არიან და ყველა ის საქმე, რაც ღვთის სადიდებლად გამოიყენება, უფლისაა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
146. თუ სურვილი, რომელსაც უფალს გულმხურვალედ და რწმენით შევთხოვთ, არ არის ჩვენთვის სასარგებლო, შეიძლება რომ აგვიხდეს? რწმენასა და გულმხურვალე ლოცვას ხომ დიდი ძალა აქვს?
რა თქმა უნდა, გულმხურვალე ლოცვას დიდი ძალა აქვს. მაგალითად, ზოგიერთი საკუთარ შვილს რომ წყევლის, როგორც ლოცვა, ისე წყევლა შეიძლება შეასრულოს უფალმა. იმის მაგივრად, რომ გადაირჩინო საკუთარი თავი, უფალს შენთვის საზიანოს რატომ ევედრები? გადაირჩინე საკუთარი თავი და შენ გარშემო ათები და ასები გადარჩებიანო, – ბრძანებს უფალი და რითი უნდა გადაირჩინო თავი, რომ ცუდი უსურვო?! არ არის ეს სწორი მიდგომა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
147. ჩემი სახელია ლამარა. მაინტერესებს, რომელი წმიდანის სახელიდან მომდინარეობს და ვის სახელზე უნდა ვილოცო დილის ლოცვებში?
ამ სახელით ცნობილი წმიდანი არ არსებობს. თქვენი სახელი უნდა თქვათ ლოცვისას, ან მიდით თქვენს მოძღვართან და მას კითხეთ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
148. მამაო, მასაჟებს მიკეთებდა რუსი ქალი, ასაკიანი იყო, ბოლო მასაჟი რომ გამიკეთა, მერე რაღაც სეანსი ჩამიტარა. ამ სეანსის დროს ჩამეძინა. ბუნდოვნად მახსოვს, როგორ ამზადებდა ამ ყველაფერს სანთლებით, სანთლის წვეთები ესხა მის ბლოკნოტზე, რომელშიც ხელით რაღაცები ეწერა. სანთლები დაანთო და დამაწვინა, შემდეგ აღარაფერი მახსოვს. არ მასვენებს ეს შემთხვევა, ასე მგონია, რაღაც გამიკეთა. რას მირჩევთ? მაშინ უნდა მეკითხა ყველაფერი, მაგრამ ვერ ვიფიქრე ამაზე, შედარებით ბავშვურ ასაკში ვიყავი.
მოძღვრის კურთხევის გარეშე არ უნდა მისულიყავით. საერთოდ, ყველაფერი უნდა დაეკითხოთ მოძღვარს, სავალალო შედეგამდე რომ არ მიხვიდეთ. აუცილებლად მიდით მოძღვართან და უთხარით ამის შესახებ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
149. მყავს ორი პატარა შვილი. ძალიან ხშირად ავადმყოფობენ. ექიმიც კი შეწუხებულია მათი მდგომარეობით. ზამთრამდე ყოველ კვირას ეზიარებოდნენ, ახლა კი დიდი ხანია ეკლესიაში არ ვყოფილვართ. უფროსი მეხვეწება, რომ ზიარებაზე წავიყვანო. როგორც კი გამოჯანმრთელდებიან და დავაპირებ ეკლესიაში წაყვანას, მეორე დღეს ცუდად ხდება ერთ-ერთი. აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას ჩემს თავს ვაბრალებ. ვმარხულობ, მაგრამ ლოცვებს არ ვკითხულობ, მიზეზი დილით დროის უქონლობაა, საღამოს დაღლა, მოკლე ლოცვების წაკითხვა ხომ შეიძლება და რეგულარულად ამასაც არ ვაკეთებ. შეიძლება ჩემი ცოდვების გამო შვილების ავადმყოფობით ვისჯებოდე?
დიახ, ნამდვილად მასეა. ეს ყველაფერი ბოროტისაგან არის. ზიარება იმისთვისაა, რომ როგორც სულიერად, ისე ხორციელად კარგად იყოს ადამიანი, განიკურნოს, მიეცეს სიყვარული. აუცილებლად მიდით ეკლესიაში და აზიარეთ ბავშვები, თქვენც ეცადეთ, შეინახოთ მარხვა და ეზიაროთ. მოკლე ლოცვა მშრალია, არის ლოცვები მამისა, ძისა, სულიწმიდისა და შენი მფარველი ანგელოზის, რაც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. ეს არა მარტო ფიზიკური, არამედ გონებრივი სიზარმაცეა. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
150. დაახლოებით 17 დღის წინ სოფელში ყოფნისას სახლში, რომელშიც ამჟამად არავინ ცხოვრობს და რომელიც დედაჩემის მშობლებს ეკუთვნოდა (ოჯახი ჩავდივართ ხოლმე ზაფხულობით), საღამოს დაწოლისას ბალიშის ქვეშ ვნახეთ ჩვეულებრივი მოუხარშავი კვერცხი, ლოგინი ზემოდან გასწორებული იყო, ანუ იმას გამოვრიცხავთ, რომ რამენაირად მეზობლის ბავშვი მოხვდა სახლში და ითამაშა (გასაღები მეზობლისთვისაც გვაქვს დატოვებული). თავიდან ვერ მივხვდით, რა შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგრამ რამოდენიმე ადამიანმა გვითხრა, რომ კვერცხზე კეთდება ე.წ. ჯადო, თან საკმაოდ საშიშია და სიკვდილს ნიშნავსო. ძალიან შეგვეშინდა და გადავაგდეთ კვერცხი. მართლმადიდებელი მორწმუნეები ვართ, მაგრამ რატომღაც ეკლესიური ცხოვრებით ნაკლებად ვცხოვრობთ. გთხოვთ მითხარით, რას ნიშნავს ეს ყოველივე, მართლა ასეთი საშიშია? და რაიმე საფრთხე გარდაუვალია? რა შეიძლება რომ მოვიმოქმედოთ?
ჯადოს არსებობას ეკლესიაც აღიარებს, ის მოქმედებს, ამიტომაც უნდა ვერიდოთ. პატრიარქმა დანიშნა, რომ დილით ყველა ოჯახში ნაკურთხი წყალი მოასხან. ყველაზე საუკეთესო სტუმარიც რომ გეწვიოს, რომელსაც ენდობი, თვალი მაინც არსებობს. განსაცდელები აუცილებლად გექნებათ, ამიტომ უნდა მიხვიდეთ ეკლესიაში და პარაკლისი გადაახდევინოთ მოძღვარს. იკითხეთ ლოცვები, შეინახეთ მარხვა, ეზიარეთ და ვერც ერთი ჯადო ვერ იმოქმედებს თქვენზე, მერწმუნეთ. უფალზე დიდი არაფერია. სწორედ ჩვენი ურწმუნოების გამოა, რომ მოქმედებს ის. საპატრიარქოშია მეუფე თეოდორე, რომელიც საუბრობს ამ საკითხებზე და ჯობს, მას მიაკითხოთ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
151. როგორ უნდა მოექცე სწორად იმ ადამიანს, ვისაც უყვარხარ, შენ კი – არა (ქალ-ვაჟურ სიყვარულს ვგულისხმობ). ძალიან არ მინდა ვაწყენინო და უხეშად მოვექცე, მაგრამ ყოველთვის არ გამომდის. რაც ყველაზე ცუდია, მისდამი თითქოს რაღაც უპირატესობას ვგრძნობ, ეს მსიამოვნებს და შეიძლება ითქვას, ქვეცნობიერად ვეპრანჭები კიდეც. როგორ ახსნით ამ მდგომარეობას და რას მირჩევთ? ამპარტავნების ბრალია?
უფალს უნდა მიენდო და უფალი დაგანახებს ყველაფერს. იმეგობრე მასთან, გამოსცადე ყველგან და იქნებ ძალიანაც მოგეწონოს. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
152. ჩემი ცხოვრება სიხარულით სავსე არასოდეს ყოფილა. მართალია ჩემ გარშემო ყოველთვის არიან ადამიანები, რომლებიც კარგად იცნობენ ამ გრძნობას და შეუძლიათ ერთმანეთი სიხარულით აავსონ და სიყვარული აგრძნობინონ, მაგრამ მე ამის უნარი არასოდეს მქონია ღრმა ბავშვობის შემდეგ. დღეს აღმოვაჩინე და სრულიად დავრწმუნდი, რომ საშინლად ამპარტავანი ადამიანი ვარ. ამის გამო, თანდათან სულ უფრო მარტო ვრჩები და კიდევ უფრო საშინელ რაღაცებს ვაკეთებ ყოველდღიურად. მინდა, შევიცვალო და ნორმალური ცხოვრება დავიწყო, მაგრამ მთელი ჩემი მონდომებითა და სურვილით ვერ ვახერხებ ბრძოლას. რომ დავფიქრდები ხოლმე, ზედმეტად დაგვიანებული მგონია ყველაფერი და ისევ იგივეს ვიმეორებ, რაც ადრე გავაკეთე ცუდი. მერე საზიზღრად ვგრძნობ ხოლმე თავს და საკუთარი თავი მეზიზღება. ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს ამ ცხოვრების ფსკერზე დავღოღავ და წელში გამართვა არ შემიძლია, არ შემიძლია სხვებისთვის ბედნიერების მინიჭება და ვერც მათგან ვიღებ სითბოს. დიდი ხანი ვეძებ კითხვაზე პასუხს, რატომ მაქვს ასეთი ცხოვრება?! ხან მშობლებს ვაბრალებდი, ხან გარემოს, ხან – რას და ხან – რას. ბოლო დროს მივხვდი, რომ ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული და სხვებში არ უნდა ვეძებდე პრობლემებსა და ნაკლს. მივხვდი, მაგრამ ვაი ამ მიხვედრას. არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მგონია, ყველას ვეზიზღები და არავინ მიმიღებს, დახმარებაზე არაფერს ვამბობ. ეკლესიური არასდროს ვყიფილვარ და ახლაც ვერ ვბედავ ტაძარში მივიდე და მოძღვარს დაველაპარაკო. ბევრს ვფიქრობ და ბოლოს საშინლად ვიბნევი ხოლმე. რა მოვუხერხო ამ ამპარტავნებას? როგორც იტყვიან, ძვალსა და რბილში მაქვს გამჯდარი და ვერც წარმომიდგენია, სხვაგვარად ცხოვრება თუ შემიძლია. ნეტა ჩემნაირ ადამიანს თუ შეუძლია ამპარტავნების სენთან დაპირისპირება? 17 წლის ვარ და ჯერ არაფერი გამიკეთებია ღირებული, არც რამე მისწავლია ადამიანური. სხვები ყოველდღიურად ახალ რამეს სწავლობენ, თავიანთ სამყაროს იმდიდრებენ, მე კი სწავლის უნარიც დავკარგე მგონი. სულ უკან-უკან მივიდივარ. ალბათ, ბოლოს უფსკრულიც იქნება და ჩავვარდები შიგნით. შეიძლება უკეთესიც იყოს, სხვებს მაინც აღარ დავტანჯავ ჩემი არსებობით.
შენი უფლება არ არის სიკვდილ-სიცოცხლე, ეს უფლის ნებაა და ნუ წახვალ უფლის ნების წინააღმდეგ. რადგან ამაზე ლაპარაკობ, ე.ი. ცოდვების მონანიების უნარი გაქვს, რაც ძალიან კარგია. ამპარტავნებას ებრძოლე იესოს ლოცვით: “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”. იფიქრე მოყვასის სიყვარულზე და აპარტავნებისაგან გათავისუფლდები. გარდამავალი პერიოდი გაქვს და ამ დროს უჩნდებათ ახალგაზრდებს ასეთი განცდები. ამიტომ ახლავე დაიწყე ამისგან განკურნება, უნდა მიხვიდე ეკლესიაში და ნახო მოძღვარი, რომელიც გაგიგებს. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)
153. რა არის საჭირო ჭეშმარიტი ბედნიერებისათვის და როგორ მოვიპოვოთ იგი?
გონიერება და სიბრძნეა ამისთვის საჭირო. სწავლა, მეტი მუშაობა საკუთარ თავზე. როცა ადამიანი მუშაობს, უფალიც მასთან არის და ეხმარება მას. შრომით დაფასდები. შენზეა დამოკიდებული ბედნიერების მოპოვება: იშრომე, იღვაწე, გქონდეს სიყვარული, იცხოვრე უფლის მცნებებით. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
154. მაინტერესებს, როდის და რა შემთხვევებში უნდა დავანთოთ 12 სახარებისა და 7 სახარების მოსმენის დროს ანთებული სანთლები?
შეგიძლიათ დაანთოთ, როცა გაგიჭირდებათ, ან გონებაში ცუდი აზრები მოგივათ, ან ცუდად იქნებით. ვურჩევ ყველას, პატრიარქისგან ნაკურთხი 26-ე, 50-ე და 90-ე ფსალმუნები იკითხოთ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
155. 12 წელია გათხოვილი ვარ. მეუღლემ მითხრა, რომ გაშორებულია ყოფილ ცოლს. საერთო შვილი არ გვეყოლა. ახლახან გავიგე, რომ ჩვეულებრივად ცხოვრობს პირველ მეუღლესთან. იმ ქალმა დამირეკა და მითხრა. თვითონ ყველაფერს უარყოფს, თქვა, მოძღვართან ვიყავი, ეკლესიური ცხოვრება უნდა დავიწყო და ტყუილს როგორ ვიტყვიო, მაგრამ გუშინ ტელეფონში იმ ქალთან გაგზავნილი წერილები წავიკითხე, სადაც პატიებასა და შერიგებას სთხოვდა, მე ეკლესიურად ვცხოვრობ, მოძღვარიც მყავს, მაგრამ მასთან მერიდება ამის მოყოლა, თან ჩემთვისაც მეორე ქორწინებაა და ხალხის მრცხვენია. ვფიქრობდი, კიდევ ერთ შანსს მივცემ-მეთქი, მაგრამ რამდენჯერაც ვაპატიე, იგივე გაიმეორა. იქნებ თქვენ მირჩიოთ, როგორ მოვიქცე?
თუ ჯვრისწერით არის შექმნილი თქვენი ოჯახი, როგორმე უნდა მოაგვაროთ ეს პრობლემა. უნდა მიხვიდეთ მოძღვართან, ის დაგარიგებთ. მრუშობა დიდი ცოდვაა, თუმცა რა გულისთქმები აქვს თქვენს მეუღლეს, უცნობია, ამიტომ მოძღვართან მისვლაა საჭირო. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
156. მაქვს შიშები, ფაქტობრივად, მმართავს შიში, რის გამოც არარეალურად ვფიქრობ და ვუშვებ შეცდომებს. სავალალო შედეგამდეც კი მივედი. როგორ გავუმკლავდე, არ ვიცი. მე მაინც ვფიქრობ, რომ ფსიქიკაში მოხდა რაღაც დარღვევა. მირჩიეთ რამე…
როცა ბევრს ფიქრობს ადამიანი, ის აუცილებლად ფსიქიური დაავადებისკენ მიდის. შიშები გონების სიზარმაცით გაქვს, გონება თავისუფალია და ბოროტი იქ ადვილად აღწევს. ღვთისმშობლის ტროპარი იკითხე, იესოს ლოცვა იმეორე, უფლის მცნებებით დააკავე და არ დატოვო გონება თავისუფლად. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
157. დიდი ხანია რაღაც მაწუხებს და აღარ ვიცი, რა გავაკეთო. დაახლოებით ერთი წლის წინ ვუყურე გადაცემას და იმის მერე ძალიან ცუდად ვარ. თავიდან ბილწი ფიქრები მიჩნდებოდა, მერე კიდევ დამჩემდა საშინელი შიში. სულ მეშინია, რომ ეშმაკი ჩამისახლდება და ამის გამო ძალიან ცუდად ვარ. ეს მარტო ბებიასა და ჩემს მეგობარს ვუთხარი (მასაც დაახლოებით იგივე პრობლემა აქვს). გევედრებით, დამეხმარეთ…
შიშები ურწმუნო ადამიანს ემართება. თუ რწმენა გაქვს, რატომ უნდა გეშინოდეს?! იესოს ლოცვები იმეორე და მოგეხსნება შიშები. მიდი მოძღვართან აუცილებლად. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)
158. მამაო, მარხვა არასოდეს დამიცავს, არც ეკლესიაში დავდივარ ხშირად. ბოლო დროს ბევრი რამ გადავიტანე და მინდა, რომ ეკლესიურ გზას დავადგე, მაგრამ მიჭირს პირველი ნაბიჯების გადადგმა. არადა, თითქოს შინაგანი ხმა მეუბნება, რომ ეს მე და ჩემს ოჯახს სიმშვიდეს მოგვიტანს.
პირველი ნაბიჯის გადადგმა, რა თქმა უნდა, არის ეკლესიაში მისვლა, მოძღვართან გასაუბრება, მისი ლოცვა-დარიგების მიღება. შემდეგ ვიწყებთ ეკლესიურ ცხოვრებასა და ვეზიარებით საღმრთო ჭეშმარიტებას. როგორც ჩვილი ბავშვი იდგამს ფეხს, იწყებს სიარულს და ბოლოს სირბილიც შეუძლია, ამგვარად არის ადამიანიც. მოდის ეკლესიაში, ეცნობა ეკლესიურ ცხოვრებას, შემდეგ იწყებს სრულფასოვან ცხოვრებას და ეს არის მარადიული წინსვლის პროცესი, საკუთარი თავის მარადიული სრულყოფა. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
159. მაინტერესებს, სხვა რელიგიის წარმომადგენლები თუ ხვდებიან სამოთხეში?
მაცხოვნებელი გახლავთ მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება, წმიდა მამათა სწავლება. ამაში იგულისხმება მართალი რწმენა. ადამიანი კი სამოთხეში მხოლოდ მართალი რწმენითა და კეთილი საქმეებით შეაბიჯებს. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
160. რამდენიმე წელია დავდივარ ეკლესიაში. როცა ვახერხებ, ვლოცულობ, აღსარებასაც ვაბარებ, მაგრამ არ ვიცი, რა ხდება. ყველა მარხვაში განსაცდელი მევლინება. დიდი ძალისხმევა მჭირდება ამ ყველაფრის გადასატანად. ხშირად იმ ზომამდეც მივდივარ, რომ თვითმკვლელობაზე ვფიქრობ.
ამ შემთხვევაში რაც უნდა გიპასუხოთ, იქნება ზოგადი. უნდა მიმართოთ მოძღვარს, რომ გაიგოს, რა სახისაა პრობლემა. ადამიანის ცხოვრება განსაცდელია და მისი დათმენა მართებს. ქრისტიანი ამ განსაცდელს თავისივე ცხოვრებისა და რწმენისათვის დაითმენს. თუ დადიხართ ეკლესიაში, ე.ი. ქრისტესი გწამთ და აქედან გამომდინარე, მკრეხელური აზრები არ უნდა გაივლოთ თავში. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
161. მამაო, ათი წლის წინ შემიყვარდა ადამიანი, რომელიც დღემდე მიყვარს. ის დღეს დაოჯახებულია. მიუხედავად ამისა, ღმერთს ხშირად ვთხოვ მის დაბრუნებას. ვიცი, რომ ეს არასწორია, მაგრამ შესაძლოა ეს თხოვნა ამისრულდეს?
ღმერთი ადამიანს ყველაფერს შეუსრულებს, თუ ის რწმენით შესთხოვს რაიმეს და ეს იქნება მარგებელი. როგორ შეიძლება სთხოვო ღმერთს სხვისი ოჯახის დანგრევა?! სიყვარული უნდა გვქონდეს ჯერ ღვთისა და შემდეგ ყველა დანარჩენის. თუ გვიყვარს ღმერთი, ამ ხორციელი სიყვარულით არ შემოზღუდავ შენს ცხოვრებასა და სულის ცხონებას. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
162. ხშირად მომდის მკრეხელური აზრები და ბოროტი ფიქრები. როგორ ვებრძოლო ამ ყველაფერს?
ლოცვითა და მარხვით. ანუ ეკლესიური ცხოვრება ერთადერთი იარაღია ამ ბოროტების წინააღმდეგ. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
163. რამდენიმე კვირის წინ დამეღუპა საქმრო. ძალიან ცუდად ვარ. რაც დღეები გადის, თავს უარესად ვგრძნობ. მირჩიეთ, რა გავაკეთო.
უპირველეს ყოვლისა, იმ ჯვარს უნდა შევეგუოთ, რაც ღმერთმა მოგვცა. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველაფერი უფლის ნებაა. ეს სიყვარული უნდა გადაიტანოთ ლოცვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, სხვა ფიქრებით ღვთის გმობაში ჩავარდებით, რაც ჩვენთვის დამღუპველია. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
164. ვიცი, რომ სიზმრის დაჯერება ცოდვაა და არ შეიძლება, მაგრამ ეს არ გამომდის. მთელი ცხოვრებაა გამაწამა სიზმრებმა. თუ ვნახე ეკლესია, ჯვარი, ხატი, მოძღვარი ან სხვა რამ, რაც ეკლესიას უკავშირდება, იმ პერიოდში წამოწყებული არც ერთი საქმე არ გამომდის. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე, იქნებ არსებობს რაიმე ლოცვა, რაც დამეხმარება.
საერთოდ, ჯვარს, ეკლესიასა და მოძღვარს უნდა დავუჯეროთ ცხოვრებაში. ზოგჯერ ეშმაკი ცდილობს, სიზმარი მოგვაჩვენოს ლამაზად. ჩვენ ამ ყველაფერს ვიჯერებთ და ვმშვიდდებით. ღმერთს უნდა ვემსახუროთ რწმენით, ეკლესიისა და ჯვრის მორჩილი უნდა ვიყოთ რეალობაში. სიზმრების შეწყნარებით შესაძლოა ეშმაკმა დიდ მოწყენილობაში ჩაგვაგდოს, რადგან მისი გვჯერა. სიზმარი რაც უნდა კარგი, ან ცუდი იყოს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავიჯეროთ, რადგან არარსებული, ილუზიაა. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
165. სამი და-ძმა ვართ და მამის ქცევას ახსნას ვერ ვუძებნით. ყველასთან ლაპარაკობს, რომ ჩვენთვის ყველაფერი გააკეთა და პატივისცემა მაინც ვერ დაიმსახურა. გვწყევლის, აგრესია განსაკუთრებით დედაზე აქვს. იმუქრება, რომ სახლს სხვას აჩუქებს. ბოლოს ეკლესიაში დაიწყო სიარული. ცდილობს, აღარ გვაგინოს. უნდა, რომ მისი სიტყვა და ქმედება მოვიწონოთ. თავისი საქციელის გამო ახლობლები გაურბიან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მათ ეხმარებოდა. მე ის მაინც მიყვარს, ყველაფერს ვპატიობ. მეცოდება სახლში რომ მოდის და ამდენ ხალხში მაინც მარტოა. მირჩიეთ, მამაო, როგორ დავეხმაროთ.
უნდა ვილოცოთ მისთვის, რადგან სხვა გზა არ დაგვრჩენია და რწმენით გავიმაგროთ გული. მშობელს პატივი მარტო იმიტომ არ უნდა ვცეთ, რომ მან რაღაც კარგი გაგვიკეთა. ადამიანი არის ღვთის ხატი. მშობელმა მოგვავლინა ქვეყანას და მარტო ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მეხუთე მცნება, რომელიც დედისა და მამის პატივისცემას მოგვიწოდებს. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
166. რამდენად სწორია, რომ უფალს რაიმეს შევთხოვთ და სანაცვლოდ რაიმე აღთქმას ვდებთ?
არ არის სწორი. აღთქმა ჩვენ დავდეთ, როცა მოვინათლეთ, რომ ვიცხოვრებთ ქრისტიანულად. უფალს ჩვენგან მხოლოდ ორი რამ სჭირდება – თავმდაბლობა და მორჩილება. მაცხოვარი ყოველთვის გვისრულებს თხოვნას, მაგრამ ისე, როგორც ჩვენთვის უკეთესია. ჩვენ კი ჩვენი ურწმუნოების გამო გვგონია, რომ არ გვისრულებს. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
167. ძალიან გთხოვთ, მესაუბრეთ ტოტალიზატორებზე. მინდა ჩემს მეუღლეს წავაკითხო.
ტოტალიზატორი არის აზარტული თამაში. როცა ადამიანი ცოდვაში ვარდება, ამას ყურადღებას არ აქცევს. თანდათანობით ეს ცოდვა მასზე მეფდება. ტოტალიზატორში სიარული, პირველ რიგში, იწვევს მატერიალურ ზარალს. ადამიანი ტოტალიზატორში მიდის მოსაგებად. მოგება კი სიკეთის კეთებით შეიძლება. ის, ვინც იმავე შემართებით სიკეთეს აკეთებს, ყველა ვარიანტში მოგებულია. ტოტალიზატორი ვნებაა, ვნებაზე დამოკიდებული ადამიანი ყოველთვის დამარცხებულია. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
168. იმ შემთხვევაში, თუ მეუღლე სამკურნალოა და არ შეიძლება ორსულად დარჩენა, მისაღებია მეუღლესთან კონტაქტი თავდაცვის საშუალებით?
უპრიანი იქნებოდა ამ კითხვით ექიმისათვის მიგემართათ, მაგრამ რადგან საუბარია იმ მომენტზე, რაც ეკლესიის მხრიდან იკრძალება, შვილოსნობის შეწყვეტის საშუალებები ცოდვად ითვლება, ამიტომ გიპასუხებთ, რომ სასურველია ჯერ იმკურნალოთ და თავი შეიკავოთ, ხოლო შემდეგ განაგრძოთ ცოლ-ქმრული ურთიერთობა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
169. გადმოცემით ვიცი, რომ როდესაც ჩემი მეუღლის ბაბუა კვდებოდა, ოჯახს წყევლიდა. მითხრეს, ოჯახს გამოლოცვა სჭირდებაო. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ უნდა მოვიქცე? ოჯახში სულ უბარაქობასა და უკუსვლას განვიცდით. სახლი ნაკურთხი გვაქვს, ოჯახის წევრები ეკლესიაშიც დავდივართ და ხატის კუთხეც გვაქვს.
პირველ რიგში, მაინტერესებს, გყავთ თუ არა მოძღვარი? რადგან მოძღვარი რომ გყავდეთ, ალბათ, ეს პრობლემები მოხსნილი იქნებოდა. მოძღვარი გასწავლიდათ, თუ როგორ მოქცეულიყავით. სათანადო ლოცვაც არსებობს, წყევლის განქარვების, წაგიკითხავდათ ამას მოძღვარი და ამით მორჩებოდა ეს პრობლემა. მაგრამ აქ არის კიდევ ერთი საკითხი, რომ ჩვენ ეკლესიაში დავდივართ არა იმისთვის, რომ ბარაქა მივიღოთ და პრობლემები მოვაგვაროთ, არამედ სულის საცხოვნებლად, უპირველესად ამაზე უნდა ფიქრობდეს ადამიანი. დანარჩენი უკვე ღვთის მიერ დაიშვება. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავიხსენოთ მრავალტანჯული იობის მაგალითი ძველი აღთქმიდან. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
170. რატომ სძულდათ იესო იუდეველებს?
ამის განმარტება ცოტა რთულია იმ თვალსაზრისით, რომ ამას ბევრი წინაპირობა აქვს, მაგრამ მოკლედ თუ ვიტყვით, მიუღებელი გახდა იესო ქრისტეს ახალი აღთქმის სწავლება იუდეველებისათვის, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მხოლოდ ძველი აღთქმით უნდა ეცხოვრათ. ასევე, უფალი, რომელიც ქადაგებდა სულის უკვდავებას, გარკვეული ადამიანების მხრიდან მიუღებელი გახდა იმის გამო, რომ თვითონ იესო ქრისტე, როგორც ძე ღვთისა და ძე კაცისა, მათთვის მიუღებელი იყო. ისინი ელოდებოდნენ მესიას, რომელიც მათ სიმდიდრეს მოუტანდა. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
171. უაზროდ აკვიატებულ ფიქრებს როგორ უნდა ვებრძოლოთ? 90-ე ფსალმუნს ვკითხულობ ხოლმე და უფალო, შეგვიწყალენსაც, მაგრამ ვერ მშორდება, რაც ძალიან ცუდად მოქმედებს. აღსარების ჩაბარება ჯერ ვერ მოვახერხე და მანამდე იქნებ მირჩიოთ რამე.
რაც შეიძლება ხშირი აღსარებები უნდა თქვათ, რადგან მოძღვარს ექნება საშუალება იმისა, რომ სულიერი კორექცია მოახდინოს. გახსნილი, გულახდილი საუბარი უნდა გქონდეთ მოძღვართან, ამის საფუძველზე ის დაგარიგებთ, რა უნდა გააკეთოთ. ყურადღება არ უნდა მიაქციოთ აკვიატებულ აზრებს, მეტი ყურადღება დაუთმეთ ფიზიკურ და გონებრივ შრომას, რაც დაგეხმარებათ აკვიატებული ფიქრების დაძლევაში. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
172. წმიდა ღვთისმშობლის გულსაკიდი მაქვს, რომელიც ძველი კათოლიკური ნაკეთობაა. ცოდვაა თუ არა მისი გაკეთება, რადგან მართლმადიდებელი ვარ?
მართლმადიდებლური ხატწერის კანონიკით განსაზღვრულია გარკვეული წესები, თუ როგორ უნდა იყოს დამზადებული მართლმადიდებლური ხატი, კერძოდ, ამ შემთხვევაში ღვთისმშობლის გამოსახულებიანი გულსაკიდი. სამწუხაროდ, კათოლიკურ ეკლესიას არ აქვს ასეთი წესები და კანონიკური დარღვევით ხდება ასეთი ნივთების დამზადება. აქედან გამომდინარე, მართლმადიდებლური თვალსაზრისით, ასეთი ნივთის ტარება არ არის სასურველი, ამიტომ ჯობს, შეინახოთ და თუ გაქვთ გულსაკიდის ტარების სურვილი, უკეთესია, ის მართლმადიდებლური იყოს. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
173. შეიძლება ადამიანს ერთი ჯვარი ეკეთოს, ნაკურთხი და შეცვალოს მეორეთი ისე, რომ პირველი არც გაფუჭებულა, არც დაუკარგავს, ანუ უბრალოდ შეცვალოს?
რა თქმა უნდა, შეიძლება. დასაშვებია, რომ გქონდეთ რამდენიმე ნაკურთხი ჯვარი, რომელსაც მონაცვლეობით ატარებთ. მხოლოდ სასურველი არ არის მათი ერთდროულად ტარება. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
174. ასეთი კითხვა მაქვს: ხომ არიან ადამიანები, რომლებიც გულის, ან სხვა სასიცოცხლო ორგანოების გადანერგვას საჭიროებენ სიცოცხლის შესანარჩუნებლად. ბევრს არ აქვს ამისი საშუალება და ბევრი ადამიანი ამ მიზეზით იღუპება. თუ ქრისტიანი თავისი სიცოცხლის ფასად გადაარჩენს ადამიანს და გადაუნერგავს გულს, ცხონდება თუ არა ასეთი ადამიანი და არის თუ არა საერთოდ გამართლებული ასეთი საქციელი?
საქართველოში კანონი კრძალავს ასეთი სახის ოპერაციებს, სხვა ქვეყნებში კი ჩვეულებრივად ტარდება. მაგ.: ათონის მთაზე იყო ბერი, რომელსაც გული ჰქონდა დაავადებული და კინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადანერგვა მომხდარიყო. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა ამერიკაში და იგი დღესაც ცოცხალია. საქართველოში, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ამას თავისი გამართლება აქვს და ვეთანხმები, რადგან კანონი რომ არ არსებობდეს მოხდებოდა მკვლელობები და სხვა უამრავი დანაშაული. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
175. მე და ჩემი ოჯახი ახალი მრევლი ვართ. ექვსი წლის ბიჭი მყავს და მინდა სტიქაროსანი გახდეს. მაინტერესებს, როგორ ხდება ეს ყოველივე?
ბიჭი, რომელიც სტიქაროსნობაზე ფიქრობს, უნდა დადიოდეს ტაძარში, ჰყავდეს მოძღვარი. უნდა იყო ზრდილობიანი, მშვიდი, მოწესრიგებული, რომ ვინმეს შეურაცხყოფა არ მიაყენოს, ან რამე არ გააფუჭოს. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
176. მახათას მთაზე არსებული პატარა მონასტერი ვისი სახელობისაა?
მონასტერი არის ივერიის ღვთისმშობლის სახელობის. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
177. მორჩილი (ქალი) რამდენი წელი შეიძლება იყოს მორჩილებაში? თან ერში ყოფნის კურთხევა აქვს. არის თუ არა ამასთან დაკავშირებით კანონები?
ჩვენ მთელი ცხოვრება ვართ მორჩილებაში. არ აქვს მნიშვნელობა, მონაზონი იქნები თუ ბერი. დრო არ არის აქ განსაზღვრული. მონაზონი ბერძნული სიტყვაა და მონო “მარტოდ მყოფს” ნიშნავს. მონაზვნობის დროს ხდება აღთქმის დადება, მაგრამ შეიძლება 10 წელი ცხოვრობდე მონაზვნად და აღთქმა არ გქონდეს დადებული. ერში ყოფნა ხდება კურთხევით. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
178. ჩემი სახელია მაია. მაინტერესებს, რომელია ჩემი სახელობის წმიდანი?
არსებობს წმიდანი მაია. 24 დეკემბრის დღესასწაულზე შეგიძლია მოძებნო მისი სახელი. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)
179. მაინტერესებს, თუ შეიძლება მოხდეს ისე, რომ ჯადოს გამკეთებელზე გადმოვიდეს იმ ადამიანის ფიზიკური და სულიერი სისუსტეები, ვისაც ჯადო გაუკეთა?
ჯადო ისეთი ფენომენია და ისე ამძიმებს იმ ადამიანის სულს, ვინც ამ საქმითაა დაკავებული (და ამგვარად ადიდებს ბოროტ სულს), რომ მას უფლის დაშვებით შეიძლება უამრავი განსაცდელი და ხიფათი დაატყდეს. მათ შორის არაა გამორიცხული, რომ ისეთივე სუსტი ხასიათი გაუხდეს, ან ისევე დაუძლურდეს ფიზიკურად, როგორც მისი მაგიური ქმედების ობიექტია დაუძლურებული. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
180. როგორ უნდა მივხვდე, რომ ჩემი ნება შეესაბამება უფლის ნებას? ან როგორ უნდა მოვიქცე, რომ ჩემი თითოეული გადაწყვეტილება უფლის ნების შესაბამისი იყოს? მე, პირადად, ძალიან მინდა, რომ ასე იყოს და საამისოდ რა უნდა გავაკეთო?
თუ ადამიანი იცხოვრებს უფლის მცნებების მიხედვით, შეიყვარებს უფალს მთელი გულით, სულითა და გონებით და საკუთარი თავივით ეყვარება მოყვასი, მაშინ თავისთავად მოხდება ისე, რომ უფლისა და ადამიანის ნებას შორის დამყარდება სინერგია. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
181. ხშირად ვგრძნობ უნებლიე, ჩემთვის გაუგებარ შიშს. ვლოცულობ, დავდივარ ეკლესიაშიც, მაგრამ ამ შიშის გამო სული მიფორიაქდება. შეიძლება, რომ ეს სულიერ ბრძოლას დავაბრალო?
შიში, როგორც წმ. იოანე სინელი ამბობს, ამპარტავნების ნიშანია. გვეშინია იმიტომ, რომ ბოლომდე არ ვენდობით უფალს, სამაგიეროდ, ვენდობით საკუთარ თავს და როცა ვდგებით ფაქტის წინაშე, რომ ვართ სუსტები, რაღა თქმა უნდა, შიში გვძლევს. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
182. ვიცი, რომ სიზმრებს არ უნდა დავუჯეროთ. თუ არსებობს გამონაკლისი შემთხვევები?
სიზმრებს არ უნდა დავუჯეროთ. სიზმრისეული ხილვები ეძლევათ განსაკუთრებული საღმრთო ნიჭით დაჯილდოებულ ადამიანებს, რომლებსაც “ზეცისა კაცებს და ქუეყანისა ანგელოზებს” უწოდებენ და არა ჩვენ. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
183. ძალიან ხშირად მაწუხებს უხილავი ბრძოლები. ეს რატომ ხდება და მე რატომ ვგრძნობ ამას ასე მძაფრად?
“უხილავი ბრძოლები” არ არის ის, რაც თქვენ გაწუხებთ. თუ გინდათ გაიგოთ, სინამდვილეში რაშია საქმე, შეეცადეთ შეებრძოლოთ საკუთარი თავის გამორჩეულობის სინდრომს. დაიმდაბლეთ თავი და მოძღვარს გულწრფელი აღსარება ჩააბარეთ. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
184. რამდენად სწორია უფალს შევთხოვო, არ განმაშოროს იმ ადამიანთან, რომელიც ძალიან მომწონს, სიყვარულად მომივლინოს და ჩემი ცხოვრების თანამგზავრად აქციოს? ეს თხოვნა უფლისადმი ცოდვაში მეთვლება?
არავითარ შემთხვევაში არ ჩაგეთვლება ცოდვად. თუ ისურვებ, რომ ვინც გიყვარს, მას მთელი სულითა და გულით უყვარდე, ამაში ცოდვას ვერ ვხედავ. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
185. ჩემს მეუღლეს გაუკეთდა საკეისრო და ექიმებმა გვითხრეს, არ შეიძლება 2 წელი შვილის გაჩენაო. თუ შეიძლება ამ შემთხვევაში დამცავი საშუალებების გამოყენება?
ეს არ არის კითხვა, რომელზეც მოძღვარმა უნდა უპასუხოს. რომელი მოძღვარი გეტყვით ამაზე თანხმობას?! პრობლემის მოგვარებამდე უნდა მოთოკოთ ვნებები. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
186. მაინტერესებს ID ბარათებზე წამოჭრილი პრობლემები. ვარ ფეხმძიმე და მშობიარობას ვერ ვახერხებ, თუ ID ბარათს არ ავიღებ, რადგან პირადობას ვადა აქვს გასული. ამას გარდა, ვერც ექიმის კონსულტაცია მოხერხდება პირადობის გარეშე, დაზღვევით ვგულისხმობ. უნივერსიტეტის თანხასაც ვერ ვიხდი და სწავლასაც ვერ შევძლებ. რა ვქნა, როგორ მოვიქცე?
წმინდა სინოდის განჩინებით, სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები. ამიტომ როგორც საერო ცხოვრება გიკარნახებთ, ისე მოიქეცით. თუ პრობლემებს გიქმნით ამ ბარათის არ ქონა, მაშასადამე, უნდა აიღოთ. თქვენს მოძღვარსაც მიმართეთ ამ კითხვით. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
187. რამდენიმე წლის წინ “მიყვარდა” ბიჭი, რომლის გახსენებაც მზარავს. ამას სიყვარული არა, ამას შიში ერქვა. ეს ბიჭი ათასნაირი ხერხით ცდილობდა ჩემთან დაახლოებას და მუდმივად მისი ძალადობის მსხვერპლი ვიყავი: მცემდა, მემუქრებოდა და მაიძულებდა ათასგვარი სისაძაგლე გამეკეთებინა. მაიძულებდა ფიზიკურ ურთიერთობას, რაზეც არ დავთანხმებულვარ და ამის გამო ვუცემივარ კიდეც. არ მყოფნიდა გამბედაობა დახმარება მეთხოვა ვინმესთვის იმის შიშით, რომ უნივერსიტეტში მომადგებოდა და შემარცხვენდა. 2 წელი ამას ვითმენდი, მაგრამ მერე, ღვთის შეწევნით, მას თავი დავაღწიე, ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ნამდვილი ვაჟკაცი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა. დღეს მისი მეუღლე ვარ, ძალიან მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ. ჩემ შესახებ ყველაფერი მოვუყევი, მხოლოდ იმ სისაძაგლეზე ვერ ვეუბნები, რასაც ცემის მერე მაკეთებინებდა. ამ თემაზე ვერავისთან ვსაუბრობ, ვერც მოძღვართან, გამბედაობა არ მყოფნის. რა ვქნა, არ ვიცი. მირჩიეთ რამე…
მოძღვართან როდესაც მიდიხართ აღსარებაზე, ეშმაკი დაგყვებათ, შთაგაგონებთ, რომ ბოლომდე არ თქვათ აღსარება. აუცილებლად უნდა უთხრათ მოძღვარს ყველაფერი, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოთ ეს ლაქა და თქვენც დამშვიდდებით, დაწყნარდებით. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
188. რამდენიმე წლის წინ ბზის ჯვარი, რომელსაც მე ვატარებდი, ვაჩუქე იტალიელ მეგობარს, რომელიც კათოლიკეა. რამდენჯერაც მოვიკითხე, მითხრა, რომ უკეთია. რაღაცნაირად ვერ ვისვენებ და ხშირად მახსენდება ეს ფაქტი. თან სამი წელია გათხოვილი ვარ და შვილი არ მყავს. მგონია, რომ არასწორად მოვიქეცი, რადგან მამაოსთვის ჯერ კიდევ არ მითქვამს. როგორ მოვიქცე?
ეს ძალიან არასწორი საქციელია, იმიტომ რომ, ჯვარი იკურთხება ჩვენს სახელზე, ანუ მას ადგება ანგელოზი ჩვენი სახელობისა და ეს ანგელოზი მფარველობს ჯვარს, ჯვარი კი – ადამიანს. როცა ჯვარი იკურთხება მის სახელზე, იგი არის მისი მფარველი და შემწე. თავისთავად, ჩუქება ასეთი სახის ჯვრისა არ შეიძლება, მნიშვნელობა არ აქვს, კათოლიკეს აჩუქებ თუ სხვას. მეორე მხრივ, სხვა სარწმუნოების ადამიანს მართლმადიდებელი რომ ჩუქნის ნაკურთხ ჯვარს, არ არის სასურველი. გამოსავალი აქედან არის ის, რომ მოძღვართან მიხვიდე, აღსარება ჩააბარო, მოინანიო შენი საქციელი, შენდობა მიიღო და გააგრძელო ქრისტიანული გზით ცხოვრება. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
189. მაინტერესებს, ჯვარდაწერილ ცოლ-ქმარს შორის შეიძლება თუ არა მარხვაში ინტიმური ურთიერთობა?
მარხვის პერიოდში ცოლ-ქმარი მაქსიმალურად უნდა შეეცადოს, რომ “საწოლის მარხვაც” დაიცვას. ეს ინდივიდუალური საკითხია, ერთმნიშვნელოვნად არ შეიძლება ამ თემაზე საუბარი. ჯობს, რომ მივიდნენ სულიერ მოძღვართან, შეატყობინონ თავიანთი მდგომარეობა და თუ ახალი ცოლ-ქმარია, შეიძლება შეღავათის დაშვება. მაგრამ როგორც წესი, მარხვაში არ შეიძლება ხორციელი ურთიერთობა. ეს თუ მაინც ხდება, მოძღვარი უნდა ჩააყენოთ საქმის კურსში და მისი ლოცვა-კურთხევით, როგორც ის იტყვის, ისე უნდა მოიქცეთ. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
190. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი დავით გარეჯში შეყვარებულთან ერთად. აქამდე სულ ვერიდებოდი მასთან ერთად ტაძარში შესვლას, რადგან გაგონილი მქონდა, რომ ჯვარდაუწერელი წყვილის შესვლა ტაძარში არ შეიძლებაო. იმ წამს ძალიან მოგვინდა შესვლა და ერთად შევედით. მგონი სწორად მოვიქეცი, მამაო, თქვენ რას იტყვით? ცრურწმენაა თუ სინამდვილეშიც არ შეიძლება ჯვარდაუწერელი წყვილის ტაძარში შესვლა?
თუ ადამიანები აპირებენ ჯვისწერას და მათ თანაცხოვრება არ აქვთ, მაშინ არანაირი პრობლემა არ არის. თუ გინდა ტაძარში შევიდნენ და გინდა ეზიარონ ერთად, მაგრამ თუ ჯვარდაუწერელ ხორციელ თანაცხოვრებაში არიან, ეს უკვე ცოდვაა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
191. მაინტერესებს, შეიძლება თუ არა, რომ ქალი იყოს სალოსი. როგორ უნდა მიხვდეს იგი, რომ ეს მისი ხვედრია, ან უფლის ნება?
სალოსობა არ არის რაღაც განსაკუთრებული ნიჭი. სალოსობა არის ადამიანის გადაწყვეტილება, იცხოვროს საზოგადოებისთვის სულელად და ღვთისათვის მლოცველად. ის უნდა მოეჩვენოს ადამიანებს, საზოგადოებას სულელად და გიჟად სარწმუნოებისათვის. აქედან გამომდინარე, მე არ მახსენდება, ეკლესიის ისტორიაში იყო თუ არა ქალი სალოსი, მაგრამ მამაკაცი სალოსები ეკლესიური ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე გადაწყვეტდნენ, რომ აეღოთ სალოსობის ღვაწლი. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
ახალი კომენტარები