
პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.
1. მყავს მოძღვარი. ჩემს ცოდვებს შორის ზოგი ისეთიც ურევია, რომ მოძღვრისთვის მათი თქმა მეუხერხულება, რათა მეტისმეტად არ შევრცხვე. მირჩევნია, ეს ცოდვები გარეშე, სულ უცხო მღვდელს გავუმხილო, რომელსაც სხვა დროს არასოდეს ვნახავ. ხომ არაფერს დავაშავებ ჩემი საქციელით?
ვინც თავისი მოძღვრისგან სხვა მღვდელმსახურთან მიდის საკუთარი ცოდვების დასაფარავად და მალულად მოსანანიებლად, იგი თვით სინანულისა და აღსარების საიდუმლოს შეურაცხყოფს. ჩვენ აღსარებას ვეუბნებით ღმერთს და არა მღვდელს. არსებობს ცრუ სირცხვილი, რომელიც წინ ეღობება ადამიანის გულახდილობას. ამიტომ ჩვენ თავს უნდა ვუთხრათ, რომ მივდივართ არა ადამიანის წინაშე ცოდვების საღიარებლად, არამედ უფლის წინაშე. რადგან მოძღვარი ის ადამიანია, ვინც ჩვენს სწორ რელიგიურ ცხოვრებას წარმართავს, მას უნდა ვუთხრათ ყოველივე დაუფარავად, რათა სწორი მკურნალობა მივიღოთ მისგან. სწორედ ის ცოდვები, რომლებიც სასირცხვილოდ მიგვაჩნია, შეიძლება აღმოჩნდეს ამ მკურნალობის უმთავრესი ორიენტირი.
2. მინდა, ასეთი რამ ვიკითხო: როგორ უყურებთ იმ ფაქტს, როდესაც სასულიერო პირები ნათლობაში, ხატის კურთხევაში, წესის აგებაში და ა.შ. ფულს ითხოვენ?
ძველ აღთქმაში, მოსეს სჯულში ეწერა, რომ ადამიანს თავისი ქონების მეათედი ეკლესიისათვის უნდა შეეწირა. ამის შესახებ ახალ აღთქმაშიც არის მითითებული. როდესაც 10 განკურნებული კეთროვნიდან მხოლოდ ერთ-ერთმა იკითხა, თუ ვისი მადლობელი უნდა ყოფილიყო განკურნების გამო, უფალი იესო ქრისტე მას ეუბნება, სამადლობელი როგორც დაწესებულია, მღვდლისთვის შეეწირა. ანუ შესაწირი არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება ღვთის მიმართ. სასულიერო პირი მხოლოდ შემოწირულობაზეა დამოკიდებული, სხვა არავითარი მატერიალური შემოსავალი არ გააჩნია.
თვით პავლე მოციქული, როცა ამ თემას ეხება, ამბობს: ნუ აუკრავთ მუშა ხარებს პირს, რამეთუ ისინი იმუშავებენ, იმუშავებენ და ბოლოს დავარდებიან, უნდა ვაჭამოთ მათ, მივცეთ საკვებიო. ის ასევე ამბობს, მუშა კი ღირს არს სასყიდლისათვის. ანუ თუ ჩვენ ვიღებთ სულიერს მოძღვრისაგან, რაც ბევრად აღმატებულია ხორციელზე, რადგან მადლს უფლისგან ვიღებთ, ამაში დამაკავშირებელი რგოლი სწორედ სასულიერო პირია.
შესაწირის არც გაღება, არც მიღება არ არის სათაკილო. რადგან ეს არის ღვთისაგან დაწესებული. ბოლო დროს აქტიურად დაიწყეს მოძღვრების განკითხვა, თუ რატომ იღებენ შესაწირს. სახარებაში ნათქვამი სიტყვები, უსასყიდლოდ მიიღებდე და უსასყიდლოდ გასცემდე, ბევრს არასწორად ესმის. როდესაც წირვა-ლოცვას აღვავლენთ, იქ ვინ გეტყვის, რადგან ეზიარე, ფული უნდა გადაიხადოო. ეს გამორიცხულია. მაგრამ როდესაც მოძღვარი საღვთისმსახურო საზოგადო მოღვაწეობაში გვეხმარება, მაშინ უფლისადმი მადლიერება შესაწირის გაღებით უნდა გამოვხატოთ. როგორც დეკანოზი ლევან მათეშვილი ამბობს, როდესაც მოძღვარი შესაწირს ითხოვს, ეს მისი ანგარებიანობის გამო კი არ ხდება, არამედ იმიტომ, რომ მრევლმა არ იზრუნა და მისი ვერცხლისმოყვარეობის გამო მოძღვარი იძულებული ხდება, ეს თქვას.
როდესაც ჩვენ მივდივართ ეკლესიაში, ვიღებთ მონაწილეობას საზოგადო მსახურებაში, ეს იქნება პანაშვიდი, ქორწინება, ნათლობა და ა.შ. ჩვენ, ჩვენი ინიციატივით, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე უნდა გავიღოთ შესაწირი. ეს არის დიდი მადლი ღვთის წინაშე და აღსრულებული დიდი სიკეთე უფლის მიმართ.
მოძღვარი უნდა ფიქრობდეს მრევლზე, მის სულიერ ცხოვრებასა და მათ სულიერ გადარჩენაზე.
3. მამა დავით (დათუაშვილი), მამა ისიდორეს ვურეკავ ხოლმე, მინდა ჩემი გოგონა მონათლოს. ვიდრე ბერად აღიკვეცებოდა, ძალიან კარგი მასწავლებელი და მეგობარი, ცოცხალი წიგნი იყო ჩემთვის. შემდეგ აღარ მქონდა ურთიერთობა. შემთხვევით ტელევიზიით ვნახე, სასწაულმოქმედ კალმახებზე იყო გადაცემა, დავუკავშირდი და ურთიერთობა გვაქვს. მამა ისიდორე ძალიან მიყვარს. როცა მეგობრის თანადგომა, რჩევა ან საღი აზრი მჭირდება ვურეკავ. რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონდეს ერის კაცს (ქალს) ბერ-მონაზონთან. შეიძება თუ არა ხშირად დავურეკო?
ერის კაცს უნდა ჰყავდეს აუცილებლად მოძღვარი და მოძღვრის ლოცვა-კურთხევის გათვალისწინებით უნდა წარმართოს ურთიერთობა ბერ-მონაზონთან. (მამა დავითი დათუაშვილი)
4. შეიძება თუ არა, მოძღვარს დავუმალო ცოდვა? მართლა გულით ვინანიებ და შეიძლება თუ არა ეს ცოდვა მოძღვრის უთქმელად შემენდოს?
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მოძღვარს დავუმალოთ ცოდვა. დამალული ცოდვა არის ეშმაკის, დაუმალავი ცოდვა არის ღმერთის წინაშე აღსრულებული საიდუმლოების შესრულება სინანულისა. არც ერთი ცოდვის დამალვას არ აქვს აზრი, პასუხი ყველა ცოდვაზე მოგვეკითხება როცა წარვსდგებით უფლის წინაშე. დამალული ცოდვა არ იქნება დამალული, იქნება უფლის წინაშე აღიარებული. ეშმაკი არ შეგვარჩენს არც ერთ ცოდვას, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოს ადამიანი რომ ამ ცხოვრებაში მოინანიოს თავის ცოდვები. ადამიანს არ უნდა შეეშინდეს ცოდვის თქმის, უნდა შეეშინდეს ცოდვის ჩადენის.
5. მაინტერესებს შავი სამღვდელოების იერარქია. გთხოვთ, მითხრათ.
მსურველი პიროვნება მიდის მონასტერში და ხდება მორჩილი, გადის მორჩილებას, რის პირნათლად შესრულების შემდეგაც წინამძღვარი მას ბერად აღკვეცს და დებს აღთქმას, რომ არასოდეს არ დაუბრუნდება ერისკაცულ ცხოვრებას. შემდეგ ხდება (თუ არის ამისთვის მზად) სამღვდელო-დიაკონი, მღვდელ-მონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი და ბოლოს ეპისკოპოსი. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))
6. მაინტერესებს, რატომ ატარებს სასულიერო პირი წვერს? საიდან იღებს სათავეს წვერის ტარება და რასთან არის დაკავშირებული?
წვერის ტარება ძველი აღთქმიდან მომდინარეობს. ის ადამიანის სამკაულია, აგრეთვე, წვერი სიძლიერეს ნიშნავს. თმა და წვერი მოწესრიგებული უნდა იყოს. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება ფიქრობდეს, რომ თმა არ უნდა შეიჭრას, ეს ბერული და მონასტრული მიდგომაა. ქალაქის ეკლესიაში მღვდელს წვერი მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს, რადგან ეკლესიაში ხალხი შედის და თუ მოძღვარს თმა და წვერი მოწესრიგებული არ ექნება, შეიძლება ადამიანს არ გაუჩნდეს სურვილი მასთან მისვლისა და დალაპარაკების, შესაძლებელია იფიქროს, რომ ამას თავისი თავისთვის ვერ მოუვლია და როგორ შეძლებს მე რამე დამარიგოს. პირდაპირ წერია მღვდლების განჩინებაში, რომ გზისპირა ეკლესიაში, სადაც მრევლი არის მომსვლელი, მოძღვარს სასურველია თმა და წვერი მოწესრიგებული ჰქონდეს, რადგან წვერი გამომხატველია სიწმინდისა და უმწიკვლოების. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
7. ბავშვობიდან დავდივარ ეკლესიაში, მყავს მოძღვარი, მაგრამ მას ყველაფერს ვერ ვეუბნებოდი. ერთადერთი გამოსავალი მოძღვრის გამოცვლა მგონია. ეს რომ მამაოს გავუმხილე, მითხრა: კარგი, მაგრამ კიდევ დაფიქრდი და თუ გინდა ცალკე დავილაპარაკოთო აღსარების გარეშეო. დავფიქრდები-მეთქი და წამოვედი, მაგრამ მასთან აღარ მივსულვარ. მეორე დღეს სხვას ჩავაბარე აღსარება და ვეზიარე, მაგრამ მივხვდი, რომ პრობლემა ჩემში იყო და დაუფიქრებლად მოვიქეცი, რასაც ძალიან ვნანობ, ჩემი მამაოსთვის უნდა დამეჯერებინა და მასთან მელაპარაკა, ვიცი, მასთან საუბარი მიშველიდა. ახლა აღარ ვიცი, როგორ მოვიქცე, შეიძლება, რომ ჩემს მამაოსთან დავბრუნდე, თუ აღარ მაქვს უფლება?
უნდა მიხვიდეთ აუცილებლად თქვენს მამაოსთან, აუწყოთ ყველაფერი და პატიება სთხოვოთ. მოძღვარი უსათუოდ გაგიგებთ და როგორც შეცდომილს, ისე მოგეპყრობათ. უნდა გაითვალისწინოს ყველა ადამიანმა, რომ მამაოც ადამიანია, რომელიც ცდილობს, ყველაფერი ისე წარმართოს, როგორც ყველაზე საუკეთესო და კარგი იქნება თავისი მრევლისთვის: ისმენს, იგებს, ითვალისწინებს, ფიქრობს, გაძლევს კურთხევას, გითითებს. შეიძლება, დღეს სხვა გამოიცვალო, მაზეგ – სხვა და ა.შ., მაგრამ შესაძლებელია ვერ იპოვოთ ის, ვისაც ეძებთ. ია და ვარდით არ არის მოფენილი ეს გზა. ცათა სასუფეველი იიძულების. ღვთისკენ სავალი გზა ეკლებით არის სავსე და ძნელად სავალია. ეს საცდურებია, რომელიც ბოროტისგან მოდის. ის ცდილობს, რამენაირად ადამიანს ღვთისკენ სავალი გზიდან გადაახვევინოს, აბა, იმ ადამიანს რად უნდა ბრძოლა, რომელიც ხელჩაკიდებული ეშმაკთან ჯოჯოხეთისაკენ მიდის. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)
8. ბერებზე ამბობენ: ბერი უნდა იყოს მოთმინების უფსკრული და თავმდაბლობის ოკეანეო. რა იგულისხმება მოთმინების უფსკრულში? რას ითმენს ბერი? რატომ არის ბერისთვის მოთმინება აუცილებელი?
არსებობს თეთრი და შავი სამღვდელოება. როდესაც ბერად აღიკვეცება ადამიანი, ის დებს აღთქმას, რომ განეშორება ყველაფერს ამქვეყნიურს. ის მხოლოდ ზეცისთვის არის. სულიერებაში უნდა იყოს. “არა ხელეწიფების ორთავ უფალთა ყმობა”, – წერია წმიდა წერილში, ამიტომ ადამიანი ან უნდა იყოს ღვთის, ან – ბოროტის. ბერმა ყველაფერი უნდა დაითმინოს – შიმშილი, ლანძღვა, ყვედრება, ამქვეყნიური ყველაფერი. მოთმინების სამკაულად ღმერთი აძლევს მას დიდ ჯილდოსა და ძალას. *
9. გამარჯობა. მაინტერესებს, რატომ ჰქვია ილია II-ეს საქართველოს “კათოლიკოს-პატრიარქი” და არა “მართლმადიდებელი” პატრიარქი?
საქართველო ეკლესიის ოფიციალური სახელწოდებაა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია. მისი პატრიარქი არ იქნება არჩეული არც სომხური მონოფიზიტური ეკლესიის, არც კოპტური, არც რომის კათოლიკური და არც ინგლისის ანგლიკანური ეკლესიების წიაღიდან. საქართველოს ეკლესიის პატრიარქად ირჩევენ მართლმადიდებელ მღვდელმთავარს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღიდან. აქედან გამომდინარე, ხაზგასმა იმისა, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი მართლმადიდებელია, ზედმეტია. ეს ისედაც ნათელია, რადგან სხვა აღმსარებლობის ადამიანი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობელი ვერ გახდება. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
10. დღესდღეობით არის შემთხვევები, როდესაც მონასტერში მიდის ახალგაზრდა თაობა, რომელსაც საღვთისმეტყველო განათლება არ აქვს მიღებული. შემდეგ ისინი ხდებიან მორჩილები, ბერები და ა.შ. მაინტერესებს, რამდენად მნიშვნელოვანია ბერისათვის საღვთისმეტყველო განათლება, თუნდაც ის, რომ ბევრს არა აქვს სასულიერო სემინარია დამთავრებული. ცოდნის დეფიციტი რამდენად აისახება სულიერებაში და მრევლთან ურთიერთობაში? ვგულისხმობ შავ სამღვდელოებას.
ეს რთული საკითხია და ჩემი აზრით, ამ კითხვას ცალსახა პასუხი არა აქვს. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის პიროვნება, რომელიც მონასტერში მიდის საცხოვრებლად, როგორი მონასტერია, ვინ არის წინამძღვარი, ან მოძღვარი? ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ მონასტერში მცხოვრებ ყველა ბერს სჭირდება აკადემიური განათლება, არ შეიძლება, არ არის სწორი. შეუძლებელია, რომ ყველა ბერს, ან ყველა მღვდელს ჰქონდეს აკადემიური საღვთისმეტყველო განათლება, რადგანაც ბერად აღკვეცა და ბერად წასვლა არ არის პირდაპირი შედეგი აკადემიური განათლებისა. ბერად მიდიან რწმენით, მორჩილებით, თავმდაბლობითა და სიყვარულით ანთებული ადამიანები, ასეთები კი შეიძლება განათლებულებიც იყვნენ და გაუნათლებლებიც. სულიერება არ არის დამოკიდებული მხოლოდ სასულიერო განათლებაზე და პირიქით, სასულიერო განათლება არ არის გარანტი სულიერების ქონისა. ეს ყველაფერი, ანუ სულიერება და მასთან მყოფი სათნოებები ერთმანეთთან არის კავშირში და მხოლოდ განათლების გამოყოფა მათგან და მხოლოდ მასზე იმედის დამყარება არასწორია. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
11. დამლოცეთ, მამაო! მამაო გარდამეცვალა და აღსარების ჩასაბარებლად მივედი სხვა მამაოსთან იმავე ტაძარში. მამაოს ვუთხარი აღსარების ჩაბარება რომ მინდოდა. მამაომ მკითხა ლოცვებს თუ ვკითხულობდი მარხვაში. დიახ-თქო, ვუპასუხე. მაშინ გაძლევ კურთხევას, ეზიარეო და აღსარება არ ჩაიბარა. ეს ზიარება უღირსად ჩამეთვლება აღსარების გარეშე რომ ვეზიარე?
საერთოდ, ბავშვი რომ იბადება და იზრდება, მას მშობელი რასაც მისცემს, იმას შეჭამს. ასე არის სულიერად გამოუწვრთნელი ადამიანიც. რაც მოძღვარმა გითხრა, ის გააკეთე, ამიტომ ეს ყოველთვის მოძღვრისა და მშობლის კისერზეა. თუ მოძღვარმა დააშავა, მას მოეკითხება და არა – შენ. *
12. მამაო, დამლოცეთ. მყავს მოძღვარი, რომელიც ცნობილია და ჰყავს საკმაოდ დიდი მრევლი, ამიტომ ხშირად ვერ ვახერხებ ხოლმე აღსარების ჩაბარებას. ყოველთვის ძალიან დიდი რიგია აღსარების ჩაბარების დროს და ლოცვის შემდეგ 3-4 საათი მიწევს ლოდინი. თან მინდა, რომ ხშირად ჩავაბარო აღსარება, მაგრამ დიდხანს ლოდინის გამო ვეღარ ვჩერდები ხოლმე. არ ვიცი რა ვქნა, ვფიქრობ, სხვა მოძღვართან ხომ არ წავიდე, ვისაც ძალიან ბევრი მრევლი არ ეყოლება. თან დალაპარაკებითაც ვერასდროს ვერ ველაპარაკები, ყოველთვის ხალხთან ერთადაა და ვერ მივდივარ ხოლმე. იქნებ მირჩიოთ რამე. რა ვქნა ?
ღმერთმა დაგლოცოთ. მოცლილ მღვდელს სადაც ნახავ, იქ მიდი. შეიძლება ადამიანს ისეთი რამ შეგემთხვას, მოძღვარი ვერ ნახო, მაგრამ ვისაც ენდობი, იმას უნდა ჩააბარო. მოძღვარი არის საყოველთაო და ერთი. მერე დააკომპლექტეს, რაც არასწორად მიმაჩნია. მოძღვრისთვის ყველა მისი სულიერი შვილია. მაგალითად, მოძღვარი რომ გარდაგეცვალოს, ხომ უნდა აირჩიო ახალი. ამიტომ ვინც შენს სულს ახლოს დაუდგება, სულს და გონებას შეეწყობა, მასთან უნდა იყო სულიერ შვილად. *
13. გამარჯობა. ძალიან მაინტერესებს ერთი საკითხი. როგორც ვიცი, მართლმადიდებლური ეკლესია და განსაკუთრებით წმიდა სინოდი არის ერთი სხეული, ერთი სული. აქედან გამომდინარე, მაქვს ასეთი კითხვა: რატომ უკრძალავს ზოგიერთი მღვდელი თავის მრევლს მამა გიორგის (ბასილაძე) წიგნების კითხვას, მასთან ურთიერთობას, ხოლო ზოგიერთი – არა? ასევე მაინტერესებს, რატომ ეწინააღმდება ამ ადამიანს სინოდის ერთი ნაწილი, ნაწილი კი – აღიარებს? უფრო მეტიც, თავად უწმინდესი პატრიარქი მამა გიორგის არ სდევნის. მაშ, რა ხდება და რასთან გვაქვს საქმე, ან როგორ აიხსნება ზოგიერთი მოძღვრის ქმედება და დამოკიდებულება? ძალიან გთხოვთ, ამომწურავად და გასაგებად მიპასუხოთ და ისიც ამიხსნათ (როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს), მამა გიორგის კონკრეტულად რომელი სწავლება ეწინააღმდეგება ეკლესიურ სწავლებას? დიდი მადლობა.
თუ სინოდი, ან სინოდის რომელიმე წევრი კრძალავს ამა თუ იმ ღვთისმსახურის ქადაგებისთვის ყურის გდებას, ან მასთან გასაუბრებას, უნდა მიმართოთ სინოდს და არა – უბრალო მღვდელს. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
14. როგორც გავიგე, მონასტერში მისულ პიროვნებას დროდადრო უტარებენ გამოცდას, მაგალითად, ამოწმებენ მის თავმდაბლობას, მოთმინებას, მორჩილებას და ა.შ. მაინტერესებს, კერძოდ, რა სახის გამოცდას უტარებენ მონასტერში მისულს? გთხოვთ შეძლებისდაგვარად ვრცლად მესაუბრეთ.
მე, როგორც თეთრი სამღვდელოების წარმომადგენელი, ამაზე კომპეტენტურ პასუხს ვერ გაგცემთ. ეს უნდა კითხოთ მონასტრის საძმოს. მაგრამ გეტყვით, რომ მორჩილი რამდენიმე წელი გადის მორჩილებას. მორჩილება ყოველგვარ მსხვერპლშეწირვაზე უმაღლესია. ამ პერიოდში იგი ეცნობა მონასტრის ყოფა-ცხოვრებას, ტიპიკონს, რის შემდეგაც მას უფრო უადვილდება მონაზვნური ღვაწლის დაწყება. მათი გამოცდა გამოიხატება საქმის კეთებაში. ისინი მონაწილეობენ სხვადასხვა საქმიანობაში. მაგ.: სამზარეულოში, პურის ცხობაში, საქონლის მოვლაში და ა.შ. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)
15. გამარჯობა, ძალიან განვიცდი, რა გავაკეთო არ ვიცი, მყავს მოძღვარი, თითქოს ყველაფერს ვაკეთებ, ვლოცულობ, ვმარხულობ, აღსარებას ვაბარებ და ვეზიარები, მაგრამ ვგრძნობ, ეშმაკი მყავს მაგრად ჩაბღაუჭებული. ამ ბოლო ორ კვირაში ლოცვასაც ვერ ვუდებ გულს, კი ვლოცულობ, მაგრამ ზოგჯერ უგულოდ, რა ვქნა? დამეხმარეთ, გთხოვთ, მინდა ვემსახურო ღმერთს და მისი ერთგული ვიყო. დავემდურე უფალს ჩემს უიღბლობაში. ვიცი, რომ ყველაფერი მისი ნებით ხდება და მაინც ზოგჯერ გული მევსება წყენით, ვერც სამსახურს ვშოულობ, ასე მგონია, ჩემზე ხელი აიღო. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი საეკლესიო მაღაზიაში. მინდა გავეცნო ბევრ ლიტერატურას და შევიგრძნო უფალი. დამეხმარეთ, ამიხსენით, როგორ ვიცხოვრო სწორად უფლის წინაშე? მადლობა ყურადღებისთვის.
ურწმუნოებაში ჩავარდნილი ადამიანი ვერაფერს იშოვის. ადამიანს არ შეიძლება დაემდუროს ადამიანი და რას ჰქვია “ღმერთს დავემდურე?!” სჯობს მოიქცე და სინანულში ჩავარდე ყველაფერი კარგად იქნება. თუკი რწმენისკენ სიყვარულით ხარ მიმართული, რაც არ უნდა მოხდეს შენ თავს, სარწმუნოებით შეხედავ და ღმერთს მადლობას ეტყვი, კი არ დაემდურები. წმიდა მამები, ავადმყოფობას რომ არ მოუვლენდა ღმერთი, ამბობდნენ: დავავიწყდით უფალსო. *
16. მაინტერესებს მამა ვიტალი სიდორენკო და ბერი პაისი მთაწმინდელი თუ არიან წმიდანებად შერაცხულნი?
სიდორენკო და ბერი პაისი მთაწმინდელი წმიდანებად არ არიან შერაცხულნი. მინდა დავამატო, რომ რა აჟიტირებაც ხდება ამ ადამიანების გარშემო, ეკლესიისა და სარწმუნოების ფარგლებს სცილდება. ერთ მაგალითს მოვიყვან: მოსე ებრაელთა წინამძღვარი იყო. მას ებრაელები აღქმულ მიწაზე უნდა გაეყვანა. მოსეს საფლავი თვით იესომ დაფარა იმიტომ, რომ არ გაეღმერთებინათ ის და დღეს ამ ადამიანების საფლავთან მიმართებაში ზუსტად ანალოგიური რამ ხდება. საერთოდ, ეკლესია უგულებელყოფილია. როცა შედიან, პირდაპირ მათ საფლავებთან მიდიან. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)
17. დამლოცეთ, მამაო. მყავს სულიერი მოძღვარი, მაგრამ ყველა ცოდვას ვერ ვუმხელ, მრცხვენია და როგორ მოვიქცე? წინასწარ გიხდით მადლობას.
სულიერი მოძღვარი ის ადამიანია, რომელსაც შენთვის ყველაზე ძვირფასსაც ჩააბარებ, რაც უფალმა მოგანიჭა, სულსაც გაიღებ და სიცოცხლესაც. მე, პირადად, მქონია შემთხვევა, როცა ასეთი ცოდვა გაუმხელია ჩემს სულიერ შვილს და შემდგომ შვება უგრძვნია. უკვე შემიძლია მასთან მუშაობა და მიხარია. როცა ადამიანს ძალუძს, აღიაროს ცოდვა, თუნდაც საშინელება, მასზე ღვთის მადლია. თუ ვერ ამბობ, ან ბევრი შრომა გაკლია იმისათვის, რომ ამას მიაღწიო, ან თუ რამე გაბრკოლებს, თუნდაც მოძღვართან ურთიერთობა, სჯობს, გადახედო შენს ნავსაყუდელს და სხვაგან მოძებნო ის. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
18. დამლოცეთ, მამაო. გთხოვთ მითხრათ, მამაოებსაც ჰყავთ მოძღვარი? როგორ ხდება მათი აღსარება და ზიარება?
რა თქმა უნდა, ჩვენც გვყავს მოძღვარი. მამები აღსარებას ვაბარებთ ერთმანეთს, შენდობის ლოცვას ვუკითხავთ და ვეზიარებით. ჩვენც ადამიანები ვართ, ჩვენც ამ მიწიერ ცხოვრებაში გვიხდება ურთიერთობა ერთან, ეკლესიის მრევლთან, არამართლმადიდებლებთან, ადამიანებთან, ვისთან ურთიერთობაც არც კი გვსიამოვნებს, მაგრამ გვიწევს ცხოვრების წესიდან გამომდინარე. ყოველ ნაბიჯზე ჩვენც შეიძლება ვცოდოთ ნებსით თუ უნებლიედ. ამას ვაღიარებთ ერთმანეთში და ვცდილობთ, აღარ გავიმეოროთ. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
19. დამლოცეთ, მამაო. რამდენიმე წლის წინ ჩემს მოძღვარს ვაკურთხებინე პატარა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც კანონიკური არ ყოფილა. მამაომ, ალბათ, ვერ დაინახა ბევრ ხატებს შორის და აკურთხა. მოგვიანებით ჩემი მეგობრის მოძღვარმა გვითხრა, რომ ეს არ არის კანონიკური და რა უნდა ვქნა? ვუთხრა ჩემს მამაოს?
ყველა მოძღვარი აკვირდება ხატს და ისე აკურთხებს. თუ მას მხედველობის პრობლემა აქვს, ეს სხვა საკითხია, მაგრამ მაინც უნდა დაკვირვებოდა, რომელ ხატს აკურთხებდა. *
20. ძალიან ცოდვიანი ვარ, მამაო, მაგრამ ჩემს მამაოსთან მრცხვენია და ვერ ვამბობ ბოლომდე ყველაფერს, რამდენჯერ ტაძარში ვყოფილვარ და მამაო რომ დამინახავს, არა ჩემი მოძღვარი, ისე მდომებია მისვლა და ყველაფრის მოყოლა გულახდილად,იმიტომ, რომ მისი არ შემრცხვებოდა, მინდა, ერთხელ და სამუდამოდ გულიდან ამოვიღო ყველაფერი და გავთავისუფლდე.
უნდა იცოდეთ, რომ ადამიანში ყოველთვის მოქმედებს ორი ძალა – დადებითი და უარყოფითი, სიკეთე და სიძულვილი. თქვენ როდესაც მიდიხართ მოძღვართან და გინდათ აღიაროთ ყველაფერი, ამ დროს ეშმაკი გებრძვით და გაიძულებთ, დამალოთ ცოდვები. როგორმე უნდა შეებრძოლოთ ეშმაკს და საკუთარ მოძღვარს უთხრათ აღსარება. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)
21. ძალიან მიჭირს ჩემს მოძღვართან მისვლა და აღსარების ჩაბარება, იმ ეკლესიაში, სადაც უკვე წლებია დავდივარ, თავს ცუდად ვგრძნობ, თითქოს სხვა ტაძარში უკეთ ვუსმენ წირვას. მირჩიეთ, რა ვქნა?
მოძღვრის კურთხევით შეგიძლიათ გადახვიდეთ იმ ტაძარში, სადაც უფრო მეტად მოგწონთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)
22. დამლოცეთ, მამაო! როცა ფიქრობ, რომ შენი სულიერი მოძღვარი ღვთის საწინააღმდეგო კურთხევას გაძლევს, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს? უნდა შევასრულოთ თუ არა იგი?
თუ ნამდვილად ასეა, არ უნდა შესრულდეს კურთხევა. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)
23. 6 წლის წინ მყავდა მოძღვარი, ვმარხულობდი, ვეზიარებოდი, ასე გაგრძელდა წელიწადნახევარი, შემდეგ გავთხოვდი, მოძღვარიც გაგზავნეს საზღვარგარეთ, მას მერე აღარც მიმარხულია, ტაძარშიც აღარ დავდივარ ხშირად. შვილი დამყავს, ვაზიარებ კიდეც, მაგრამ მიუხედავად დიდი სურვილისა, მე ვეღარ მივდივარ მოძღვართან, რაღაც ძალა უკან მხევს. მირჩიეთ, რა გავაკეთო, რომ ეს ცოდვა დავძლიო?
მოძღვრის ყოლა აუცილებელია. თუ თქვენი მოძღვრისგან კურთხევას ვერ მიიღებთ, რადგან საქართველოში არ იმყოფება, უნდა სძლიოთ საკუთარ თავს და მიხვიდეთ სხვა მამაოსთან, რომ ყველანაირი ქრისტიანული წესის შესრულებაზე გქონდეთ კურთხევა. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
24. მინდა მყავდეს მოძღვარი, რომელიც დამარიგებს. ეკლესიაში მისვლას ვერასოდეს ვახერხებდი, ყოველთვის რაღაც მბოჭავდა. ვერც ამჯერად ვახერხებ მისვლას, რადგან ფეხმძიმედ ვარ და წოლითი რეჟიმი მაქვს. როგორ მოვიქცე?
თუ ფიზიკურად არ შეგიძლიათ ტაძარში მისვლა და მონათლული ხართ, შესაძლოა თქვენი ოჯახის წევრი მივიდეს, სთხოვოს მოძღვარს და მოძღვარი თავად მოვა თქვენთან. აღსარებასაც ჩაიბარებს და გაზიარებთ კიდეც. როცა მოილოგინებთ, შემდეგ ვალდებულიც კი ხართ, მიხვიდეთ ტაძარში და მადლობა უთხრათ უფალს. (წმ. მეფე დავით აღმაშენებლის ტაძრის მღვდელმსახური იოსებ გეუკაშვილი)
25. ვცხოვრობ ნაზარეთში. მორწმუნე გახლავართ და დავდივარ ხარების ეკლესიაში. ძალიან ბევრი სასწაულის მოწმე ვარ, მაგრამ სულიერად ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. მოძღვართან არ მაქვს ახლო ურთიერთობა, რადგან ქრისტიანულ ეკლესიაში ყველა მოძღვარი არაბია. ენის გამო მათთან ვერ ვსაუბრობ. იქნებ დამეხმაროთ.
როგორმე ჩააბარეთ აღსარება, თუნდაც ქართულად და მოძღვარი შენდობას გეტყვით. ღმერთი უსმენს გულს და არა – ენას. (ხაშურის რაიონის სოფელ ცხრამუხას წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მიქაელ ელიაძე)
26. მე და ჩემს მეუღლეს გვყავს 2 შვილი, მესამეს გაჩენისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებთ. ჩვენი მოძღვარი ამის გამო არ გვაზიარებს, იგი ცოტა მკაცრია. ვიფიქრეთ სხვა მოძღვართან მისვლა, რადგანაც ვიცი, ზოგი მოძღვარი აზიარებს ცოლ-ქმარს, თუ ისინი თავს იცავენ. რამდენად მისაღებია მოძღვრის გამოცვლა ამ შემთხვევაში და თუ იქნება ჭეშმარიტი ზიარება ამგვარი ცოდვილისათვის?
მოძღვარმა იცის, თქვენი ოჯახის მატერიალური თუ სულიერი მდგომარეობა და შეიძლება თვლის საჭიროდ მესამე შვილის გაჩენას. აქედან გამომდინარე, დასაშვებია, რომ ასეთი ლოცვა-კურთხევა იყოს მისგან. თუმცა, თუ ზოგადი პრინციპებით მივუდგებით ამ საკითხს, თუ დისკომფორტს ქმნის და ვერ ასაბუთებთ ცოლ-ქმარი იმას, თუ რატომ არ გინდათ ბავშვის გაჩენა და მოძღვარი არ გაზიარებთ ამის გამო, ამ შემთხვევაში შეგიძლიათ განიხილოთ მოძღვრის შეცვლა. სასურველია შედგეს საფუძვლიანი საუბარი თქვენს მოძღვართან და როცა გაირკვევეა ბოლომდე სიტუაცია, მერე გადაწყვიტეთ, როგორ მოიქცეთ. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)
27. მყავს მოძღვარი, მაგრამ სიარულს ხშირად ვერ ვახერხებ. ის მამაო ჩემს სოფელში ცხოვრობს, მამაჩემი იცნობს და წინააღმდეგია, არ უნდა, რომ მასთან ვიარო. თან ჩემშიც ეპარება ეჭვი, ჰგონია, რომ ვცანცარებ და საერთოდ არ დავდივარ ეკლესიაში, მაგრამ ცდება. სახლში სულ სხვანაირი ვარ და გარეთ – სულ სხვა. ძალიან გთხოვთ, მირჩიეთ რამე. როგორ მოვიქცე? არც მინდა ვაწყენინო.
მამას მართლაც არ უნდა აწყენინო. მისი ნდობა უნდა მოიპოვო. ნდობა სიყვარულისა და მეგობრობის საწინდარია. ითხოვე უფლისგან და გზას გამოგიჩენს, თუ როგორ უნდა მოიქცე. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)
28. მირჩიეთ, რა უნდა ვქნა იმ შემთხვევაში, თუ ძალიან მიჭირს სასულიერო პირებთან ურთიერთობა და აღსარების თქმა. ორჯერ ვთქვი აღსარება და ორივეჯერ ისეთი შეშინებული ვარ, რომ ასე მგონია, ნახევარი სიცოცხლე იქ დავტოვე. შეიძლება თუ არა მოძღვრის გარეშე დილა-საღამოს ლოცვების კითხვა? ასევე, პატრიარქის კურთხევისამებრ, ახალი აღთქმის ერთი თავის წაკითხვა ყოველ დღე და ფსალმუნების?
რა თქმა უნდა, დილა-საღამოს ლოცვების კითხვა შეიძლება, მაგრამ როგორც ზღვაში გემი არ შეიძლება არსებობდეს საჭის გარეშე, რადგან ის შეიძლება ტალღებმა დაამტვრიონ, დაანგრიონ და ჩაიძიროს, ასევეა ადამიანი სულიერი მოძღვრის გარეშე. სულიერი მოძღვარი არის მისი მესაჭე, რომ წარმართოს მისი სულიერი ცხოვრება სწორი გზით. აქედან გამომდინარე, მოძღვრის გარეშე ეკლესიური ცხოვრება არ გამოვა. თუ ვსაუბრობთ ეკლესიურ ცხოვრებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს ჰყავს თავისი სულიერი მოძღვარი, რომელსაც ის უნდა აბარებდეს სისტემატურად აღსარებას, ითვალისწინებდეს მის ლოცვა-კურთხევას და ეზიარებოდეს. რაც შეეხება ამ მდგომარეობას, თუ მოძღვართან მისვლის დროს კომპლექსი გაგიჩნდათ და ამის გამო ვეღარ მიხვედით მასთან, არსებობს ასეთი გამოსავალი: ღვთის წყალობით, საქართველოს ეკლესიებში არის უამრავი მოძღვარი. თუ დაესწრებით მათ წირვა-ლოცვებს, მოუსმენთ მათ ქადაგებას და თქვენ სულთან ახლოს მოვა ეს პიროვნება თავისი ქცევით, ხასიათითა და სხვა თვისებებით, მაშინ უნდა მიხვიდეთ მასთან, სთხოვოთ, რომ გახდეთ მისი სულიერი შვილი და შემდეგ, ღვთის წყალობით, ყველაფერი კარგად გამოვა. (დეკანოზი დავით დათუაშვილი – გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი)
ახალი კომენტარები