Home » ცოდვები

ცოდვები

გვპასუხობს მოძღვარი

პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.

გავიხსენოთ მეზვერისა და ფარისევლის იგავი, აქ ფორმულა გვაქვს მოცემული, უნდა მივბაძოთ მეზვერეს, ქრიატიანობა არის საკუთარ თავზე მუშაობის პროცესი. სინანული უნდა გვქონდეს, მაგრამ მხოლოდ სინანული არაა საკმარისი, ეს საქმეში უნდა გამოიხატებოდეს, მეზვერესავით უნდა დავიმდაბლოთ თავი, შევეცადოთ ნაკლებად წარმოვაჩინოთ ჩვენი ცოდნა–განათლება, ნიჭი, სულ ბოლოს გამოვხატოთ საკუთარი აზრი. სწორი დამოკიდებულებაა საჭირო საკუთარ თავთან, უნდა ვაცნობიერებდეთ რომ ცოდვილები და უღირსები ვართ. მეზვერის ლოცვა გაითავისეთ და შინაგანად შეიგრძენით მეზვერის სულიერი მდგომარეობა.

აუცილებლად ეკლესიისა და მოძღვრის გარეშე სულიერი ხსნა არ იქნება არანაირ შემთხვევაში. ვთხოვ, კონკრეტულად ამ პიროვნებას, მოვიდეს უშუალოდ ჩემთან, ვაძლევ ლოცვა-კურთხევას, საკონტაქტო საშუალებით დაგვიკავშირდეს. ვპირდები, აუცილებლად მოვუსმენ და დავეხმარები. ეს ისეთი თემაა, ვერაფერს დავწერთ. ამ შემთხვევაში კონტაქტი თუ არ შედგა მოძღვარსა და აღმსარებელს შორის, არაფერი გამოვა.

რა თქმა უნდა, სცოდავს, თან სცოდავს სამი ასეთი ცოდვით:
პირველი – სიძვის ცოდვით, რადგან ცხოვრობს ადამიანთან, რომელსაც ოჯახი აქვს; მეორე – მრუშობის. იმ მამაკაცის მხრიდან მრუშობად ითვლება, რადგან ოჯახს ღალატობს და მესამე – არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ადამიანი ცხოვრობდეს ორ პიროვნებასთან. ეს თავისთავად საშინელებაა და არაქრისტიანული საქციელი. ჩვენი რჩევა ის იქნება, რომ ეს ადამიანი მივიდეს ეკლესიაში, აიყვანოს მოძღვარი, მოუთხროს დაწვრილებით თავისი ისტორია და ის მისცემს დარიგებას, თუ როგორ მოიქცეს.

აუცილებლად მიიღებს ღმერთი სინანულს. გარეგნული ფორმა მთავარი არ არის – ვტირივართ თუ არ ვტირივართ. არც ის არის მთავარი – ადამიანი ამას გამოხატავს თუ არ გამოხატავს. მთავარია რომ თქვენში სინანული გულწრფელად აღიძრა.

ერთადერთი რაც თქვენ გჭირდებათ ეს არის მოძღვარი, ეკლესიური ცხოვრება, მონანიება, აღსარება და ზიარება. თქვენ მისული ხართ იმ ზღვრამდე, რომ დაიწყოთ ეკლესიური ცხოვრება. ეს ნაბიჯი უნდა გადადგათ აუცილებლად. შემდეგ კი თავადვე იგრძნობთ აღსარებისა და ზიარების მადლს.

შეკვეთილი წირვა არის განსაკუთრებული სამადლობელი უფლისადმი. თუკი ასეთი განსაცდელის მუხედავად ადამიანს შესწევს ძალა, მადლობა, ქება აღუვლინოს შემოქმედს (იმისათვის, რომ არსებობს ღმრთისაგან ბოძებული მარადიული სიცოცხლე, რომელშიც თავადაც არის მიწვეული), რა თქმა უნდა, შეიძლება და ეს საუკეთესო საშუალებაა ღმერთთან, როგორც სულისა და სხეულის მკურნალთან მისაახლოებლად. შეუსმელი ბარძიმის დაუჯდომელი შეიძლება ილოცოთ ნებისმიერ ტაძარში. რაც შეეხება ამ სენთან ბრძოლას, ეს სასაუბროდ დიდი თემაა. საჟურნალო პასუხად კი იქნებ ის გამოდგეს, რომ ოჯახის ყოველმა წევრმა დაავადებულისადმი თავგანწირული სიყვარულით, თავისი თავის სრული უარყოფით შესაძლებელია დაძლიოს ეს განსაცდელი. (მღვდელი გიორგი წეროძე)

მეორედ მოსვლის დროს უფალი განიკითხავს ყველას მის მიერ გაკეთებული საქმის მიხედვით, სადაც ხილული იქნება როგორც კეთილი, ასევე ბოროტი ქმედება. ადამიანმა სიკეთე ფარულად უნდა აკეთოს, მას არ უნდა მიეცეს საიდუმლო ვაჭრობის სახე.

ბილწი აზრები ბოროტისაგან მომდინარეობს. ადამიანი რაც უფრო უახლოვდება უფალს, მით უფრო ძლიერდება მასში სულიერი ბრძოლები. გათავისუფლების ერთადერთი გზაა იესოს ლოცვა, ხშირი აღსარება, ზიარება და საერთოდ, ეკლესიური ცხოვრება. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არ შეიძლება, რადგან ბოროტი აზრები არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ თვით წმიდა მამებსაც აწუხებდათ.

მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს, “რამეთუ მოწყალე არს უფალი”. რატომ გგონია, ვერავინ გაგიგებს?! სწორედაც ეგ აზრია ეშმაკისგან. სიცოცხლეში ყველა ცოდვის მონანიება შეიძლება. უფლისათვის შეუძლებელი არაფერია. ამიტომ ღვთის რწმენაა მთავარი, რომ არ ჩავარდეთ სასოწარკვეთილებაში, რაც დიდი ცოდვაა. რაც შეეხება თქვენს საქართველოში არყოფნას, შეგიძლიათ ნახოთ ქრისტიანი, “ღვთის მოშიში” პიროვნება და მასთან თქვათ აღსარება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მიმართეთ მოძღვარს. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))

შენ უნდა ზრუნავდე საკუთარი სულის საცხონებლად და არა “ღმერთის გასახარად”, როგორც თავად ამბობ. მოვლენილი განსაცდელი არის იმისათვის, რომ დამდაბლდე. შენი თავი გაიხსენე, როცა სხვებზე ლაპარაკობ. “არ განიკითხო და არ განიკითხები”. შენ გაქვს თავისუფალი ნება და თავად იღებ გადაწყვეტილებას ცოდვის ჩადენისას, ამიტომ შენ იცოდი, რასაც აკეთებდი. უფალს შენი ცოდვებით ვერც შემატებ და ვერც დააკლებ ვერაფერს. უფალი უცვლელია, “სახიერი და კაცთმოყვარე”, ამიტომ შენი ფიქრები მხოლოდ ფიზიკური წარმოდგენებია. იქნებ ცდები ცოდვის სიმძიმის შეფასებისას?! უნდა დაასახელო, კონკრეტულად რა ცოდვაზე საუბრობ, მაშინ მიიღებ ზუსტ პასუხს. უმჯობესია მოძღვართან მისვლა. (მუხიანის წმ. მეფე მირიანისა და წმ. ნანა დედოფლის სახელობის ტაძრის არქიმანდრიტი – სერაფიმე (კიკონიშვილი))

მართმადიდებლური სწავლება ორ ძალას აღიარებს – ღვთისა და ეშმაკის. როდესაც უფლის სიყვარული არ არის ისეთი ძლიერი ჩვენს გულში, მის ადგილს ბოროტი იკავებს. ჭეშმარიტი მართმადიდებელი ქრისტიანი აღიარებს სულის უკვდავებას, მარხულობს და ეზიარება. ეკლესიური ცხოვრება გვეხმარება, განვდევნოთ ბოროტი.

ღვთის მფარველობის მოკლება, ღმერთთან დაშორება არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მას ვძულვართ. უფალი ზოგჯერ განსაცდელს შეგვამთხვევს, რათა გაციებული გულები გაგვითბოს და მისკენ მიგვაბრუნოს. ეს ყოველივე უფლის მადლით ხდება. მთავარია, რომ ჩვენ ვიპოვოთ ძალა საკუთარ თავში და მივყვეთ მის გზას.

ეშმაკი ადამიანს კი არ აფრთხილებს, როდის ჩავარდება ცოდვაში და მერე მოდის ეს ცოდვა, არამედ მოულოდნელად ხდება ყველაფერი. აქედან გამომდინარე, იგი ხდება ძილსა თუ ცხადში. ამიტომ არის განკანონება ისევ და ისევ მსუბუქი, თორემ ჩვენ, ადამიანები რასაც ვიმსახურებთ იმას რომ ვიღებდეთ უფლისგან, ალბათ, ძალიან ბევრი დავისჯებოდით. ჩვენდამი უფლის სიყვარულის გამოვლინებაა ის, რომ უფალი წმიდა მამების განკანონებაში მადლს გვაძლევს, რომ ჩვენ, შვილები დავსაჯოთ იმიტომ კი არა, რომ ისინი ჩვენ გვეჯავრება, არამედ იმიტომ დავსჯით, რომ გვსურს, უკეთესები იყვნენ, რაც ჩაიდინეს, აღარ გაიმეორონ. ეს სასჯელიც არ არის. ნებსით თუ უნებლიედ შეცოდებაა: ეს მე არ მინდა, მაგრამ მოხდა. პატიება უნდა ვითხოვო, მაგრამ ეს თუ ყოველ დღე ხდება, ე.ი რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელსაც დროზე უნდა ვუწამლოთ. აქედან გამომდინარე, ნურავინ იფიქრებს იმას, რომ ეს არ შეიძლება, ნებსით თუ უნებლიედ ცოდვაა. (დეკანოზი ალექსი ადამაშვილი, წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის მღვდელმსახური)

ცოდვად ყველაფერი შეიძლება ჩათვალო. გააჩნია, რა კუთხით შეხედავ. ამიტომ ძნელია ასე თქმა. თავის მორთვა ქრისტიანობაში არ შედის, თავის გალამაზება კი არ არის ცოდვა. თავის მოწონების მიზნით პარფიუმერიის გამოყენებაა ცოდვა. რაც შეეხება კოსმეტიკას, დასაშვებია, თუკი საექიმო ჩარევით გჭირდებათ. *

ამპარტავნება არის ყველაზე დიდი ცოდვა. ღმერთმა ადამიანი მის მსგავსად და ხატად შექმნა. ამიტომ როდესაც ვინმეს აკრიტიკებ, გახსოვდეს, ამით ღმერთს უარყოფ. ეს მარტო განკითხვის ცოდვა არაა, ეს ღვთის განკითხვა, ღვთის გმობაა. მაგრამ განკითხვა და მხილება არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში. შეიძლება ცუდ საქციელს ჩადიოდეს პიროვნება, რაზეც უნდა მიუთითო აუცილებლად. ზურგს უკან ამაზე საუბარი ცოდვაა. გახსოვდეთ, რომ განკითხვა არის დამღუპველი. ამიტომ უნდა ევედროთ ზეციურ მამას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, აგარიდოთ ეს ცოდვა. ღმერთმა დაგლოცოთ. *

ხორცით ხორცთან შეცოდოს ადამიანმა, ეს, რა თქმა უნდა, ცოდვაა, მაგრამ სულიერი მოფერება – არა. თუმცა არ უნდა აგერიოთ, თუკი ნებაა ორივესი, გიყვართ ერთმანეთი, მჭიდრო კავშირში ხართ სულიერად და ხორცილად, ეს უკვე უფლის ნებაა. მოფერება მხოლოდ გართობის, ხორციელი ტკბობისათვის არის ცოდვა. *

ლოცვით, მარხვით, აღარებით,სინანულითა და ზიარებით. თუ სიღრმისეული პასუხი გნებავთ, შეგიძლიათ პატერიკები წაიკითხოთ. (წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური იოანე კვანწიანი)

მკითხაობა, ჩვენი ბედის წინასწარ გამოცნობის სურვილი და ამის გამო ყველანაირი საშუალების გამოყენება, კერძოდ კი, ჭიქაში ჩახედვა, ცოდვაა. ამას უნდა გაურბოდეს ქრისტიანი, რადგანაც ამ შემთხვევაში მკითხავი “მაიმუნობს”, უარეს შემთხვევაში, ეშმაკი “წინასწარმეტყველებს”. ორივე შემთხვევა ადამიანისთვის საშიშია, მავნებელია, მაგრამ თუ სხვამ ჩემდაუნებურად, ჩემს დაუკითხავად რაღაც “იმაიმუნა” და მე ამას შევეწინააღმდეგე, არ მივიღე, ეს მე ცოდვად არ მეთვლება. გიმეორებთ, თუ არ მივიღე და არ მოვიწონე. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ტყუილი ყოველთვის ცოდვაა, მაგრამ არის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები. ტყუილსა და სიმართლის დამალვას შორის განსხვავებაა. თუ სიმართლე საიდუმლოცაა, მაშინ მისი დამალვა აუცილებელიც ხდება ხოლმე. მაგ.: ქრისტიანობის დევნის დროს, ან საქართველოში უცხო დამპყრობლის შემოსვლის დროს წმ.მოწამეები არ ამჟღავნებდნენ თავიანთი მოძმეების ადგილ-სამყოფელს, ან სხვა საიდუმლოს, რომელიც რწმენის ან სამშობლოს წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოეყენებინათ. ამის დასადასტურებლად შეგვიძლია წმ.თევდორე მღვდელი გავიხსენოთ. თუ ტყუილი ჩვევად გვექცა, შეიძლება მაშინაც მოვიტყუოთ, როცა არ გვინდა მოტყუება. ამიტომ თუ ტყუილის თქმა არ გვინდა და სიმართლის თქმაც არ შეგვიძლია, სჯობს, სულ გავჩუმდეთ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ცოდვა ისაა, კაცი ქალს რომ დაემსგავსება და ქალი – კაცს გარეგნულად. ეს შეჩვენებას ექვემდებარება. მაგრამ ის, რომ ადამიანი მოვა ეკლესიაში, გამოეკიდო და გააგდო, ეს არ არის სწორი ფორმა. მას უნდა აცადო, ის უნდა მიაჩვიო საღვთო საიდუმლოს, საღვთო მცნებას, დაითანხმო, ესაუბრო და თვითონ უნდა მიხვდეს არასწორ საქციელს. ძალდატანება არ შეიძლება. მე უფრო მეტად ის მიმაჩნია ცოდვად, კაცი რომ ქალს ემსგავსება, რადგან კაცები ჭირს დღეს საქართველოში. *

საერთოდ, ფიცი არ არის ქრისტიანული, არც – კაცური და არც – ადამიანური. პირველ რიგში, შენს თავს აყენებ შეურაცხყოფას, როცა ვინმესთან იფიცებ, მერე – ღვთის განგებასა და ნებას. გონებაში გგონია, რომ მას არ სჯერა შენი. სახარებაში წერია: შენი სიტყვა იყოს ჰო – ჰო და არა – არა. ამას დაგიჯერებენ თუ არა, ეს არ უნდა გადარდებდეს. ნება მისია. *

ამ შემთხვევაში უფრო ფართოდ შევხედოთ ამ საკითხს. არა მარტო მაიკლ ჯექსონის, არამედ მძიმე როკის მოსმენაც არ შეიძლება. ყველა იმ სიმღერის მოსმენა, რომელიც სატანურია და სატანასთანაა წილნაყარი, ბუნებრივია, არ შეიძლება. ეს ჩვენ სულს ავნებს. უფალს ცეკვითა და თამაშით არ უქადაგია. არც მოციქულები მოქცეულან ასე. ისინი ქადაგებდნენ ჯვარცმით, ფეხშიშველნი და მწყურვალნი. ყველაფერი აკლდათ. ქრისტიანმა კი ქრისტესგან უნდა აიღოს მაგალითი. თუ მაინც გინდათ მოუსმინოთ მუსიკას, მოუსმინეთ ქალაქურ სიმღერებს, საგალობლებს და ა.შ. (სამების საკათედრო ტაძრის დეკანოზი თეოდორე გოგოლაძე)

საერთოდ, ქრისტიანობაში ჰო უნდა იყოს ჰო და არა – არა. დაფიცება არასწორია, მაგრამ არც არაფერი დაგიშავებიათ. *

საერთოდ, როცა აღსარებას ვიბარებთ სასულიერო პირები და მე, პირადად, თავად ვუსვამ ადამიანებს კითხვებს, ვეკითხები, კაცი თუ ჰყავს მოკლული და რა თქმა უნდა, ჯვარი წერია ყველას, უმეტესობა შეიცხადებს ხოლმე, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ აბორტი კაცის მკვლელობაზე აღმატებული ცოდვაა. საკუთარი შვილისთვის ვქირაობთ ქილერს და ვაკვლევინებთ. შენ იმ ნაყოფს შვილად ვერ აღიქვამ და ვერ ხედავ. ეს არასწორია. როცა თომა მოციქულმა თქვა, სანამ უფალს ჩემი თვალით არ ვიხილავ, არ ვირწმუნებო, გამოეცხადა მას უფალი. თომა მოციქულმა დაიჩოქა მის წინაშე და აღიარა მაცხოვარი. მაშინ იესომ თომა მოციქულს უთხრა: შენ მიხილე და ისე იწამე და ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და ისე მირწმუნაო. სწორედ პარალელის გავლება შეიძლება ამ შემთხვევასთან , რადგან საკუთარ შვილს ისე ყელს არავინ გამოსჭრის. მაგრამ რადგან არ ხედავ, გგონია, რომ ეს ზედმეტია და ცხოვრების სამომავლო გეგმებში ხელს შეგიშლის. ეს არის უდიდესი და უმძიმესი, კაცის კვლაზე აღმატებული ცოდვა. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

აღსარება გახლავთ საიდუმლო, რომლის მეშვეობითაც ადამიანი ინანიებს თავის ცოდვებს. აღსარება არის სინანული. ადამიანი, რომელიც სინანულით აბარებს აღსარებას და ნანობს თავის ცოდვებს, რა თქმა უნდა, მიეტევება. (ქაშუეთის წმიდა გიორგის ტაძრის მოძღვარი დეკანოზი დავით დელიბაშვილი)

მოძღვარი შენი მეგობარია, შენი მამაა. რასაც საკუთარ მამას ვერ გაუმხელ, მოძღვარს უნდა უთხრა. თუ ასეთ ცოდვაში ხშირად ვარდებით, საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო. ყოველთვის არსებობს ლოცვები, რომ თავი აარიდო ცოდვას: ღვთისმშობელს შეევედრო, 50-ე, 90-ე ფსალმუნი ბრძანო. როდესაც უფალი ხედავს, რომ გსურს ცოდვისგან თავის დაღწევა, წყალობას მიიღებ და გათავისუფლდები ცოდვისგან. ამიტომ ხშირად უნდა ვილოცოთ. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)

არ შეიძლება. აღსარების ჟამს მოძღვარი გამოდის და კითხულობს ლოცვას თავისთვის და ასე იწყებს აღსარების მიღებას, სადაც წერია: თუ რაიმე დაფარო ჩემგან, სანაცვლოდ გიქმნების მრჩობლი ცოდვაო. მრჩობლი არის ორმაგი. ადამიანი, რომელიც დაფარავს ცოდვას, ის ორმაგად დააწვება მას კისერზე. გასაგებია, რომ ნანობ, სინანულში ხარ, მაგრამ მერწმუნე, სჯობს საკუთარი ამპარტავნება გადალახო და აუცილებლად უთხრა მოძღვარს. უფრო სირცხვილი არ იქნება, უფლის წინაშე რომ წარსდგები და უფალი ამაზე პასუხს მოგთხოვს?! არც ერთმა ადამიანმა არ იფიქროს, რომ თავისი ცოდვებით გააკვირვებს მოძღვარს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ეკლესიასთან სიახლოვეში. მიდი მოძღვართან, აღსარება თქვი და რასაც მოძღვარი გეტყვის, ისე მოიქეცი. ეს რომ ცუდია, არ არის სწორი და ღვთის საქმე, მემგონი თავადაც ხვდებით. სჯობს, ღვთის სათნო საქმით დაკავდე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

რატომ ფიქრობ, რომ არ შეგინდობს უფალი?! გასაგებია, განცდა “თვისთა ცოდვათა“ უნდა გქონდეს, ეს კარგია, მაგრამ გამუდმებით ამაზე ფიქრი და შიში უსაფუძვლოა. მოიქეცი ისე, რომ მსგავსი რამ აღარ გაიმეორო. ცოდვა, რომელიც გულს უმძიმებს ადამიანს, შეიძლება კიდევ აღიაროს და მერე ნელ-ნელა მოეხსნება ეს. მესმის, ვერ ივიწყებ, მაგრამ სანამ დაივიწყებ, შეგიძლია ყოველთვის თქვა აღსარებაში და უფალი გაპატიებს, რადგან შენი სინანული გულწრფელია. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ჩუკენობა მომაკვდინებელი ცოდვაა, აუცილებლად უნდა დაძლიოთ ეს. როცა თავს შეგახსენებთ, აიღეთ ლოცვის წიგნი და ბევრი ილოცეთ *

პირად ლოცვაში შენი სიტყვებით შეგიძლია მოიხსენიო. არანაირ კანონსა და ეკლესიაში არ დაიშვება მისი მოხსენიება. დედას შეუძლია მოწყალების გაცემით დაეხმაროს მის სულს. მეტს ვერაფერს გააკეთებთ. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

არავითარ შემთხვევაში, თუ ის ფსიქიკურად არ იყო შეშლილი. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

თუ ვიცით, რომ ნივთი მოპარულია და მაინც ვეძებთ, რა თქმა უნდა, მონაწილე ვხდებით ქურდობის, ამიტომ აღსარებაშიც უნდა ვთქვათ. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ხელით დაცემის შემდეგ სასჯელის ზომა და ფორმა უნდა განსაზღვროს მოძღვარმა. ეს ცოდვა ძილში დაცემაზე უფრო სერიოზული და მძიმეა. საზოგადოდ კი ისჯება რამოდენიმე დღით უზიარებლობით, მეტანიებითა და მოძღვრის მიერ დაწესებული ლოცვითი კანონით. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ჩვენ სიკეთე უნდა ვაკეთოთ შეძლებისდაგვარად და ყოველთვის უნდა ვებრძოლოთ ამპარტავნებას. ეს ორი პარალელური პროცესია. როდესაც რაიმე კარგ საქმეს გავაკეთებთ, მადლობა გადავუხადოთ ღმერთს იმისთვის, რომ მოგვცა სიკეთის ქმნის საშუალება. როგორც კი სიკეთეს საკუთარ თავს მივაწერთ, ფასი დაეკარგება.ყოველთვის უნდა ვმადლობდეთ ღმერთსა და ადამიანებს, რომლებიც ღებულობენ ჩვენს სიკეთეს. უნდა მივემსგავსოთ ისეთ მოსწავლეს, ვინც იმის გამო კი არ სწავლობს, სხვებს აჯობოს, თავი გამოიჩინოს და ქება დაიმსახუროს, არამედ იმიტომ, რომ ცოდნა მოიხმაროს საკუთარი თავისა და სხვების სასიკეთოდ. სარწმუნოებაში ეს ასე გამოიხატება – შენი ცოდნა და ენერგია გამოიყენე ღვთის სადიდებლად, სხვებისა და საკუთარი თავის საკეთილდღეოდ. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ადამიანი მუდმივად სცოდავს ნებით (შეგნებით), ან უნებლიედ (შეუგნებლად). სირცხვილის გრძნობას თუ არ ვაჯობეთ და არ ვაღიარეთ ხმამაღლა ჩვენი შეცდომები, მაშინ ამას ბოროტი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ მიდით მოძღვართან, მოუყევით ყველაფერი და ვაჟკაცურად აიტანეთ მისი “გულისწყრომა”. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

სამწუხაროდ, ადამიანებს ზნეობაზე სხვადასხვა შეხედულება აქვთ. რაც ერთისთვის უზნეობაა, სხვისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუ ქუჩაში ხვდებით მეგობარს და მიესალმებით კოცნით, ამაში უზნეო, ალბათ, არაფერია, მაგრამ თუ მშობელს ეს არ მოსწონს, მის თვალწინ მაინც ნუ გააკეთებთ ამას. გაუფრთხილდით მშობელს. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

იმ იაღოველისთვის, ალბათ, არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა თქვენი ნამდვილი სახელისა დ გვარის ცოდნას. ბევრი საერო მწერალი თუ პუბლიცისტი ბეჭდავდა თავის წერილებს ფსევდონიმით. მთავარია, ჩვენი აზრი და სიტყვა იყოს მართალი და ისინი მივმართოთ არა ადამიანის შეურაცხყოფისკენ, არამედ მის დასარწმუნებლად ჭეშმარიტებაში. (გლდანის ლომისის წმ. გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)

ყველა ადამიანს საკუთარი ცხოვრების ჯვარი, თავისებური სიმძიმე აქვს საზიდი. თქვენი ჯვარი ასეთი მეუღლის ატანაში გამოიხატება. მართალია რთულია, მაგრამ უნდა მოითმინოთ. დადგება დრო, ეს მოთმინება გამოიღებს ნაყოფს და თქვენი მეუღლე ფხიზელი თვალით შეხედავს ცხოვრებას. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

აუცილებლად უნდა გადალახოს ეს სირცხვილის გრძნობა ადამიანმა და აღიაროს ცოდვები. მოძღვრის კი არა, უმჯობესია, უფლის გრცხვენოდეს, როდესაც იმ ცოდვას სჩადიხარ. არ ვიცი, რა ცოდვაზეა საუბარი, მაგრამ რისიც გრცხვენია, იმ ცოდვას მიაქციე ყურადღება, რომ აღარ ჩაიდინო ღვთის წინაშე. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ცოდვები, რომლებიც ვაღიარეთ და მთელი გულით მოვინანიეთ, არ მოგვეკითხება, მაგრამ ზოგჯერ ცოდვა ცუდ კვალს ტოვებს ადამიანის ფსიქიკაზე და შესაძლოა, ამის გამო გაგვიჭირდეს სულიერი წარმატება. საერთოდ, ზოგიერთი, ძალიან პირადული ცოდვა უმჯობესია, რომ მხოლოდ აღსარებაში ითქვას და მეუღლემ მათ შესახებ არ იცოდეს, თუ, რა თქმა უნდა, დარწმუნებული არ ვართ, რომ მას ამის დატევა და გააზრება შეუძლია. ოჯახი დანგრევის საფრთხის წინაშე არ უნდა დავაყენოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ღმერთი ძალიან მოწყალეა, ის ყოველთვის პატიობს ადამიანს გულწრფელად მონანიებულს. ძალიან კარგია ის, რომ სინანული აღსარების შემდეგაც დარჩა, მაგრამ გააჩნია, რა დოზით. სულ ძველ ცოდვებზე ფიქრით მეორე უკიდურესობაში არ უნდა ჩავარდეთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ხსნა არის სინანულში. ზოგიერთ მძიმე ცოდვას აღსარება მთლიანად არ წარხოცავს, მთელი შეგნებული გონებით უნდა გახსოვდეთ და შენდობას ითხოვდეთ მათ გამო, მაგრამ უკიდურესობაშიც არ ჩავარდეთ და აბორტზე ფიქრით სხვა მნიშვნელოვან ცოდვებს ყურადღება არ მოაკლოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

სხვა გზა არ არსებობს, აუცილებლად უნდა მოინანიოთ აღსარებაში. გახსოვდეთ, რომ მოძღვარიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელსაც თქვენი გაგება შეუძლია. ნურც იმას იტყვით დარწმუნებით, რომ ამას აღარასდროს გაიმეორებთ. ნებისმიერი შეიძლება შეცდეს. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

როდესაც ჯვარდაწერილ კაცთან გაქვს ურთიერთობა, მრუშობ. ეს დიდ ცოდვად ითვლება. ჯერ მან უნდა აიყაროს ჯვარი, შემდეგ დაიწეროთ ჯვარი და ამის მერე გაქვთ უფლება, იყოთ მასთან. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშვეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)

პირველ რიგში, ღმერთს უნდა სთხოვოთ, რომ ამ ცოდვების დაძლევაში დაგეხმაროთ, მაგრამ, ამავდროულად, თქვენც უნდა იშრომოთ ამ ცოდვის დასამარცხებლად. უმჯობესია, მოძღვრამდე თავად მიხვიდეთ, გაესაუბროთ და ის უკვე შეძლებს, კონკრეტული რჩევები მოგცეთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ცეკვა და საკრავებზე დაკვრა ცოდვა არ არის, მაგრამ ყველაფერში ზომიერებაა საჭირო. ეს არ უნდა იყოს აღვირახსნილი. უნდა ვიცოდეთ, რა არის მნიშვნელოვანი და რა – მეორეხარისხოვანი. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

ძუძუთი კვებით დროს შეგიძლიათ არ იმარხულოთ, რადგან ამ დროს აუცილებელია ჯანსაღი კვება თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც. საერთოდ, მარხვა მხოლოდ ჭამაში არ გამოიხატება. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

გააჩნია ოცნებას. ჩვენ ყველანი რაღაც დოზით ვოცნებობთ ხოლმე. მთავარია ამან არ მიიღოს სისტემატური ხასიათი. უმჯობესია, ვიშრომოთ და ნაკლები ვიოცნებოთ. (წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა დავით ტატანაშვილი)

აბორტი, რა თქმა უნდა, დიდი ცოდვაა, მაგრამ თუ ადამიანს სინანული გააჩნია, შეიძლება მოინანიოს. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)

აღსარების საიდუმლოში პირდაპირ წერია – როკვა და ამას უარყოფს ეკლესია და არა ცეკვასა და სიმღერას, რითიც გავითქვით სახელი დიდი ტრადიციების მქონე ერმა. იოანე ნათლისმცემელს თავი რომ მოჰკვეთეს, სალომია იყო ასეთი, რომელმაც როკვის დროს ექსტაზში ჩააგდო მეფე და იქ მყოფნი. ეს არის მიუღებელი. ეკლესია უარყოფს ჯაზსა და როკს. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)

რასაკვირველია, ბოროტისგან მოდის. ამაში დიდი წვლილი ოჯახსაც მიუძღვის. ამიტომ ბავშვები უნდა გავზარდოთ ისე, რომ თვითდინებას მიჰყვნენ, მაგრამ, ამავდროულად, ყურადღება უნდა მიაქციო, რომ ცუდი საქმეები არ გააკეთონ. არ უნდა დააკომპლექსო ბავშვი, არც ის უნდა უთხრა, რომ ძალიან ლამაზია, რადგან ამპარტავნებაში არ ჩავარდეს. ამპარტავნება კი დიდი ცოდვაა. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)

დაუჯდომლის ლოცვა კურთხევის გარეშე არ შეიძლება. ვინაიდან თქვენთან მართმადიდებლური ეკლესია არ არის, შეგიძლიათ იკითხოთ. ევედრეთ წმ. იოანე ნათლისმცემელს აბორტის ცოდვის მიტევება. იოანე ნათლისმცემლის დღე არის სამშაბათი. კითხვა ნებისმიერ დროს შეიძლება, მაგრამ ამ დღეს უმჯობესია. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

აუცილებლად უნდა უთხრა მოძღვარს, მოინანიო და აღარ გაიმეორო. უფალი აუცილებლად შეგინდობს. ეს არის ეშმაკისგან მოწოდებული აზრი, რომ ისეთი აღარ იქნება შენ მიმართ, პირიქით. (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

აკეთებ 50 სრულ მეტანიას (თუ მსგეფსი არ არის) ხატების წინაშე სიტყვებით: “ღმერთო, განმწმინდე მე ცოდვილი და შემიწყალე სახელისა შენისათვის წმიდისა”. და კითხულობ ერის კაცის ძილში დაცემის ლოცვას, ამის შემდეგ ვამბობთ აღსარებაში. იმ დღეს არ ეხებით სიწმინდეებს მეორე დილამდე, ჯვარს, ხატებს. დაუჯდომელიც და დავითნიც არ იკითხება. თუ მედავითნეს დაემართა, იგი იმ დღეს ვერ წაიკითხავს (უმჯობესია, უთხრას მამაოს და როგორც აკურთხებს ის, ისე მოიქცეს). (თბილისის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი გიორგი სიდამონიძე)

ცათა სასუფეველი იიძულების და რომელმან არა აიძულოს, მან არა მიიტაცოს იგი, – ბრძანებს უფალი. თუ უნდა ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს ადამიანმა, უნდა აიძულოს საკუთარი თავი, შეასრულოს ყოველივე, რასაც მოძღვარი ეუბნება და ეკლესია ქადაგებს. არ შეიძლება მოხვიდე ეკლესიაში, ხატებთან იდგე, ლოცულობდე და გარეთ გასვლის შემდეგ საწინააღმდეგოდ მოიქცე. ეს არ არის სწორი, თვალთმაქცობაა. შეიძლება მოძღვარი მოატყუო, მაგრამ უფლის მოტყუებას ნუ ეცდები, სასჯელი რომ არ მიიღო. ჯობს, მაგ ცოდვას დროულად განერიდო. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)

ყველაზე მეტად ღამე იბრძვის ბოროტი, ამიტომაც არის შუაღამეს წაკითხული ლოცვა ყველაზე ძლიერი. გათავისუფლებული ხარ ყოველგვარი ფიქრებისგან, ემოციებისგან, ზრუნვისგან და ამ დროს გულით ლოცულობ. მიდით მოძღვართან და აღსარება უთხარით, ამის არც დაზარება შეიძლება და არც მორიდება. რაც უფრო მეტს აღიარებ, მით უფრო მეტად გათავისუფლდები ბოროტისაგან. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)

ეს ხშირი შემთხვევაა. ბოროტის ბრძოლაა და თქვენი გადასატანია, შეიძლება უფლის გამოცდაა. თქვენს მოძღვარს დაელაპარაკეთ და ის დაგარიგებთ, როგორ მოიქცეთ, მან უნდა გაარკვიოს, სათნოების რა დონეზე ხართ ორივე. ანგარებიანია ადამიანი. დაივიწყა სიყვარული, ამდენი ცოდვა იმიტომ ტრიალებს მის გარშემო. სიყვარულს უნდა გავუფრთხილდეთ. ბოროტი მძვინვარებს და ჩვენს სიკეთესა და სიყვარულს თავის სასარგებლოდ იყენებს. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზ ესიტაშვილი)

აუცილებლად უნდა მიხვიდე, შენდობა სთხოვო მოძღვარს და რა სასჯელსაც მოგცემს, მადლობით მიიღო. ასეთი რამ ხდება. ზოგჯერ გვავიწყდება კიდეც, მაგრამ განგებ ცოდვის დამალვა არ შეიძლება, ცოდვაა. გამოდის, რომ ცოდვას კიდევ ცოდვას ვუმატებთ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)

აუცილებლად მიდით მოძღვართან. არ შეიძლება ასე, ეს ამპარტავნებაში გადავარდნაა უკვე. აუხსენით ყველაფერი და ის დაგარიგებთ. მიუტევებელი ცოდვა არ არსებობს, თუ გულით მოინანიებ. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)

ძალიან დიდი ცოდვაა. (სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თამაზი ესიტაშვილი)

ზოგადად ფუჭი ოცნება ცოდვაა, თუმცა ამ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ კეთილი განზრახვითაც არის ეს გაკეთებული, მაგრამ ასეთ ოცნებას სჯობს, ადამიანმა ფიზიკურად გააკეთოს რაღაც. მაგალითად, მიხვიდეთ და ტრაპეზის მომზადებაში დაეხმაროთ, ან ეკლესიის მშენებლობაში მიიღოთ მონაწილეობა, ეს უფრო მეტი სიკეთე იქნება. (გლდანის წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავით დათუაშვილი)

უფალი აუცილებლად გაპატიებს, თუ გულით მოინანიებ. იგი ყოველთვის გვაძლევს საშუალებას, ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ. თუ მარტო კოცნა იყო, საგანგაშო არაფერია, უბრალოდ უნდა მოერიდო იმ ადამიანს. იმას არ ვამბობ, რომ შეიძულო, მხოლოდ თავი აარიდე მასთან ყველანაირ ურთიერთობას და თუ დარჩები მეუღლის ერთგული, ძალიან კარგი იქნება. (სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი – მამა დანიელ წულაია)

ეს მცირედმორწმუნეობის ნიშანია და ძალიან ჰგავს უფლის გამოცდას. გარდა ამისა, ამგვარი აზრები დამწყებ, არასერიოზულ და სარწმუნოებაში არამყარ ადამიანებს მოსდით. თუმცა არცთუ იშვიათად ამ ყველაფრის მიღმა შეიძლება ხიბლიც იმალებოდეს. (სიონის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური – მამა დავით თავაძე)

თვითმკვლელობა მიუტევებელი ცოდვაა, როდესაც ჯანმრთელი ადამიანი აკეთებს ამას. მაგრამ თუ ავადმყოფია, მასზე წესის აგება შეიძლება. თვითმკვლელობა სულიწმინდის გმობაა. (ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ღვთისო შალიკაშვილი)