
პასუხის სანახავად დააკლიკეთ კითხვას.
წარმოიდგინეთ, რომ აპირებთ რაიმე ფიზიკური, სომატური დაავადების დაძლევას და ექიმთან სიმპტომებზე უნდა ილაპარაკოთ. თუ ამ დროს თქვენ არ იქნებით მაქსიმალურად მართალი, შედეგიც შესაბამისი იქნება. შეეცადეთ აღსარებას შეხედოთ, როგორც სულის განკურნების საქმეს და აღმოაჩინეთ, რომ ცოდვები, შეცდომები ხელს გიშლიან ცხოვრებაში. (მღვდელი გიორგი წეროძე)
ყველა ადამიანი პიროვნულად ინდივიდია და ყველაფერს თავის გადასახედიდან აფასებს. არიან პიროვნებები, რომელთაც აღსარების ჩაბარება შვებას ჰგვრის. ამით თავისუფლდებიან და ცოდვას უკვე გაურბიან. მაგრამ არიან ადამიანები, რომელთაც მონანიების შემდგომაც აწუხებთ მოძღვრისთვის გამხელილი ცოდვები. საერთოდ, ბოლომდე თუ არ გაიხსენი და არ თქვი, ეს ყოველთვის შეგაწუხებს. ამიტომ ხდება ერთი და იგივე ცოდვების განმეორება. საკუთარ თავსაც გავაწვალებთ და მოძღვარსაც. ადამიანმა უნდა შეაწუხოს სინდისი და თქვას ბოლომდე სათქმელი, რომ მიეტევოს უფლისგან. (სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი არჩილ ავანაშვილი)
აღსარება – ეს არის საკუთარი ცოდვების გამო სინანულის გამოხატვა. აღსარებისკენ ადამიანს უბიძგებს ორი სულიერი მდგომარეობა: სინანული და იმედი ცოდვების მიტევებისა. თუ პიროვნებას არა აქვს სინანული და იმედი, რომ ღმერთი მოძღვრის საშუალებით მიუტევებს ცოდვებს, მაშინ აღსარება იქნება მხოლოდ ცოდვების ხმამაღლა წარმოთქმა და სხვა – არაფერი. გქონდეთ რწმენა, რომ ღმერთი გაპატიებთ სინანულით განწმენდილ ცოდვებს. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
აღსარება ითქმება საკუთარი სიტყვებით. ჩამონათვალი ცოდვები შეგვიძლია გამოვიყენოთ ცოდვის გასახსენებლად, ან იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი სიტყვებით ვერ ვხსნით და გამოვხატავთ ამა თუ იმ შეცოდებას. აღსარება ითქმება ზეპირადაც და წერილობითაც. (გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე)
სირცხვილის გრძნობა უნდა დაძლიო, მიხვიდე მოძღვართან და თქვა აღსარება. როცა ადამიანი სცილდება ეკლესიას, იცლება იმ მადლისგან, რაც სულს ასაზრდოებს. როდესაც ეს გამოგელევა, შემდეგ სულიერი შიმშილი იწყება, როგორც უძღები შვილის კვირიაკეში არის. უძღებ შვილს რაც ეკუთვნოდა, მამამ ყველაფერი გაატანა, მაგრამ მან არასწორი ცხოვრებით იცხოვრა, ისევდაისევ განშორდა ეკლესიას, არ ივსებოდა მადლით და რომ გამოელია, დაემსგავსა პიროვნებას, რომელიც ღორების საკვებით იკვებება. ასე რომ, უნდა დათრგუნოს ადამიანმა საკუთარი თავი და მივიდეს ეკლესიაში, რადგან უფალთან სიახლოვეში იყოს. (წმიდა გიორგის სახელობის ქაშუეთის ეკლესიის დეკანოზი ალექსი ადამაშვილი)
საქართველოში თუ ჩამოდიხართ ხოლმე, მაშინ რომ თქვათ აღსარება და ეზიაროთ, კარგი იქნება. (წმ. სამების ეკლესიის დეკანოზი იოანე გივიშვილი-ამილახვარი)






ახალი კომენტარები