მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს იღუმენი დანიელი (წულაია)

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.11.2015 4 კომენტარი | 3,312 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს სამების საკათედრო ტაძრის იღუმენი დანიელი (წულაია):

მკითხველის კითხვა:

სამება როდესაც აღსარებას ვაბარებთ და ცოდვებს ფურცელზე ვწერთ, აუცილებელია მათი დაწვრილებით დაწერა? მაგალითად, როდესაც ვწერთ “ტყუილის თქმა“, მხოლოდ ეს კმარა, თუ უნდა დავწეროთ, ვის და რა მოვატყუეთ?

პასუხი:

როდესაც აღსარებას აბარებ, გულით უნდა განიცდიდე იმ ცოდვას, რაც ჩაიდინე. პირველ რიგში, ჩვენ უფალთან ვაბარებთ აღსარებას, შემდეგ მივდივართ მოძღვართან, ტაძარში შენდობა რომ მივიღოთ. ფურცელზე კი იმიტომ ვწერთ, რომ არ დაგვავიწყდეს.

მკითხველის კითხვა:

მამაო, ერთი დიდი პრობლემა მაქვს. ვარ 20 წლის. მე და ჩემმა მეუღლემ ერთი წლის წინ ჩუმად დავიწერეთ ჯვარი, თუმცა ჩემი მხრიდან ბებიამ იცოდა ყველაფერი. ჩვენ ღვთის წინაშე ცოლ-ქმარი ვართ, მაგრამ დღემდე ოჯახი არ შეგვიქმნია. ჯვრის დაწერამდე გვქონდა ურთიერთობა და ამის გამო გადავწყვიტეთ შეუღლება. ჩემი ოჯახი ძალიან ტრადიციულია და ეს რომ გამიგონ, არ მაპატიებენ. ოჯახს ვერ ვქმნით უსახსრობის გამო. ჩემი მეუღლე ძალიან მშრომელია, რაც სკოლა დავამთავრეთ, მას მერე მუშაობს. სახლში ჰყავს მამინაცვალი, რომელთანაც არ აქვს კარგი ურთიერთობა და ამიტომ არ სურს, რომ მასთან ერთად მაცხოვროს. მე კიდევ ასე ყოფნა აღარ შემიძლია. ამის გამო ჯანმრთელობა საშინელ მდგომარეობაში მაქვს. მირჩიეთ რამე…

პასუხი:

რა თქმა უნდა, ცუდია, როდესაც ასე ცხოვრობთ და არ გაქვთ პირობები. უფალი მოწყალეა და მას უნდა, რომ ადამიანებში სუფევდეს მშვიდობა და სიყვარული. მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ და ერთმანეთს არ ღალატობდეთ. იმედი მაქვს, რომ შეეცდებით, იშრომებთ და ბინასაც შეიძენთ, რათა შეძლოთ ერთად ცხოვრება. ჯვრისწერამდე ურთიერთობას, რა თქმა უნდა, ჯობს, ჯვრისწერის შემდგომ, მაგრამ თუ ეს მოხდა და წარსულს მიეკუთვნება, ამისთვის შენდობა უნდა ითხოვოთ ღვთის წინაშე.

მკითხველის კითხვა:

როდის იკითხება სინანულის კანონი: “ვითარცა ხმელსა ზედა უფსკრულსა ზღვისასა მრავალი ისრაილ, მდევრისა მის ფარაოისა დაფლისა მხილველი, ღმრთისა მიმართ ძლევისა გალობისა მხმობელი ვღაღადებთ: “მიწყალე მე, ღმერთო, მიწყალე მე”?

პასუხი:

სინანულის კანონი ტიპიკონის (საეკლესიო განრიგი) მიხედვით, დიდ მარხვებში იკითხება. თუ გინდა, შეგიძლია ისე წაიკითხო, ამით არაფერი დაშავდება. თუმცა ჯობს, მოძღვრისგან აიღოთ კურთხევა.

მკითხველის კითხვა:

მაინტერესებს, შეიძლება თუ არა ფსალმუნებისა და შვიდგზის ლოცვების კითხვა მოძღვრის კურთხევის გარეშე?

პასუხი:

ლოცვის წაკითხვა ყოველთვის შეიძლება და ყველას შეუძლია. სასურველია, რომ ადამიანს ჰყავდეს მოძღვარი და მისგან აიღოს კურთხევა. კითხოს, რომელი ლოცვა წაიკითხოს. თუმცა კურთხევის გარეშეც შეგიძლია წაიკითხო.

მკითხველის კითხვა:

ვარ ორსული და მაინტერესებს, რომ ვეზიარო, როგორ უნდა მოვემზადო? საჭიროა თუ არა აღსარების ჩაბარება?

პასუხი:

აღსარების ჩაბარება აუცილებელია, მის გარეშე ზიარება არ შეიძლება. ზიარებას წინ აუცილებლად უნდა უსწრებდეს აღსარება, სინანული, თუ მარხვის დღეებია, თავისთავად – მარხვაც, მაგრამ ფეხმძიმეებისთვის არის გარკვეული შეღავათები.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

  • ქეთი says:

    თუ ცოდვას მოინანიებ და შემდეგ ისევ იგივეს შესცოდავ,აუცილებელია მეორედ მოძღვართან აღიარება თუ არაა საჭირო და უბრალოდ იმის ხელახლა გამოსწორება ვცადოთ ჩვენით?

  • მოძღვარი says:

    რა თქმა უნდა საჭიროა აღიარება, რადგან მოძღვარი ამ დროს თქვენი მკურნალია და არა თქვენი ცოდვის შემფასებელი. და საერთოდ მოძღვართან ძალიან გახსნილები და გულწრფელები უნდა ვიყოთ, რომ მან სწორი სულიერი დიაგნოზი დასვას და ეფექტური სულიერი მკურნალობა ჩაატაროს.
    ასე, რომ გირჩევთ მოძღვართან ამ ცოდვასთან დაკავშირებით აუცილებლად ისაუბროთ.

  • მარიამი says:

    მაინტერესებს სანთლის მნიშვნელობა, რატომ ვანთებთ სანთელს სახარებაზე ან სხვა დროს როდესაც ვლოცულობთ, რადანიშნულება აქვს

  • shorena says:

    მასწავლედ გთხოვდ აღსარება ფურცელზე როგორ დავწერო ძალიან მერიდება და ვერაფერს ვამბობ მამაოსთან აღსარებაზე ვიბნევი და მავიწყდება ყველაფერი ფურცელზე როგორდავწერო ჩემი ცოდვები მასწავლედ

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.