მთავარი » ქრისტიანობა

მოძღვრის პასუხები აქტუალურ კითხვებზე – გვპასუხობს დეკანოზი დავით ნოზაძე

სტატიის ავტორი: | თარიღი: 29.04.2015 15 კომენტარი | 4,613 ნახვა

“ამბიონის” მკითხველის კითხვებს პასუხობს გლდანის ლომისის წმ.გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი ნოზაძე:

მკითხველის კითხვა:

ძალიან ცუდად ვარ იმიტომ, რომ დიდი ცოდვა ჩავიდინე. მე და ჩემს შეყვარებულს ქორწინებამდე გვქონდა ურთიერთობა და ვმალავდით. გლდანის ლომისის წმ.გიორგის სახელობის ეკლესია ჯვარი ისე დავიწერეთ, მოძღვრისთვის სიმართლე არ მითქვამს. ჯვრისწერისას გვკითხა, ახლა ხდებით ცოლ-ქმარიო? და კი-თქო, მოვატყუეთ. თავს საშინლად ვგრძნობ. მინდა მივიდე, აღსარება ვუთხრა, მაგრამ ძალა არ მყოფნის. ვგრძნობ, დღითიდღე ვშორდები ეკლესიასა და უფალს და ძალიან მეშინია. სულის სიღრმეში მინდა ღმერთთან ყოფნა, მაგრამ ცოდვებს ვერ ვძლევ. ბევრი რამ დავუმალე მამაოს და ახლა ამ ყველაფრის თქმა ისე მეძნელება, რომ ვერ მივსულვარ ტაძარში. როგორ მოვიქცე კი ვიცი, აღარ უნდა გადავდო მოძღვართან საუბარი, მაგრამ რა ვქნა, რომ დღეები გადის და როცა შემეშინდება, მარტო მაშინ მახსენდება უფალიცა და აღსარებაც. დამლოცეთ, მამაო და რამე მირჩიეთ, გთხოვთ, მეშინია, რომ მალე ტაძარში მისვლის სურვილიც გამიქრება და შიშის გრძნობასაც დავკარგავ.

პასუხი:

ადამიანი მუდმივად სცოდავს ნებით (შეგნებით), ან უნებლიედ (შეუგნებლად). სირცხვილის გრძნობას თუ არ ვაჯობეთ და არ ვაღიარეთ ხმამაღლა ჩვენი შეცდომები, მაშინ ამას ბოროტი გამოიყენებს ჩვენს წინააღმდეგ. ამიტომ მიდით მოძღვართან, მოუყევით ყველაფერი და ვაჟკაცურად აიტანეთ მისი ”გულისწყრომა”.

მკითხველის კითხვა:

როგორც ვიცი, მშობლისადმი დაუმორჩილებლობა ცოდვაა. ეთვლება თუ არა შვილს ეს ცოდვად იმ შემთხვევაში, როცა მშობელს ესა თუ ის საქციელი მიაჩნია ზნეობრივად არასწორად და შესაბამისად, შვილს უკრძალავს ამის ჩადენას, მაგრამ ასეთი საქციელი არაფრით არ ეწინააღმდეგება ღვთის ნებასა და მცნებებს? მაგალითისთვის შემიძლია მოგიყვანოთ ერთ-ერთი ასეთი საქციელი: მამრობითი სქესის წარმომადგენელთან შეხვედრის დროს მისი გადაკოცნა.

პასუხი:

სამწუხაროდ, ადამიანებს ზნეობაზე სხვადასხვა შეხედულება აქვთ. რაც ერთისთვის უზნეობაა, სხვისთვის ჩვეულებრივი ამბავია. თუ ქუჩაში ხვდებით მეგობარს და მიესალმებით კოცნით, ამაში უზნეო, ალბათ, არაფერია, მაგრამ თუ მშობელს ეს არ მოსწონს, მის თვალწინ მაინც ნუ გააკეთებთ ამას. გაუფრთხილდით მშობელს.

მკითხველის კითხვა:

ერთხელ ჩემი ფეისბუქით ერთ-ერთ ქართულ მართლმადიდებლურ გვერდზე ვნახე იაღოველის კომენტარები, რომელიც ხალხის გადაბირებას ცდილობდა შელამაზებული სიტყვებით და ამბობდა, რომ მხოლოდ მათი რელიგია იყო ჭეშმარიტი. მას ზედმეტები მოუვიდა და ასაკოვანი ქალის გადაბირებას შეეცადა, მე კი სხვა (ბიჭის) სახელით მივწერე იაღოველს, ის გვერდი დაეტოვებინა და რომ მრცხვენოდა, ის ქართველი იყო. მე დავიცავი ჩვენი სარწმუნოება ჩემი სიტყვებით. ის ქალიც მე მომემხრო და დამლოცა… დამლოცა, როგორც სხვა. ამან ძალიან შემაწუხა და ახლაც ამაზე ვფიქრობ. სხვა დროსაც გამომიყენებია სხვა სახელი. მაინტერესებს, რამდენად მძიმე ცოდვაა ეს და უნდა მოვინანიო თუ არა მამაოსთან? ბოდიშს გიხდით თუ სულელურად გამომივიდა, მაგრამ მაწუხებს ჩემი საქციელი.

პასუხი:

იმ იაღოველისთვის, ალბათ, არავითარი მნიშვნელობა არ ექნებოდა თქვენი ნამდვილი სახელისა დ გვარის ცოდნას. ბევრი საერო მწერალი თუ პუბლიცისტი ბეჭდავდა თავის წერილებს ფსევდონიმით. მთავარია, ჩვენი აზრი და სიტყვა იყოს მართალი და ისინი მივმართოთ არა ადამიანის შეურაცხყოფისკენ, არამედ მის დასარწმუნებლად ჭეშმარიტებაში.

მკითხველის კითხვა:

შეიძლება თუ არა, რომ მამაოს კურთხევის გარეშე სოციალურ ქსელზე დავდო მართლმადიდებლური სურათები ეკლესიებისა და ხატები წმიდანთა გამოსახულებით?

პასუხი:

სოციალურ ქსელზე, ზოგადად, შეიძლება დაიდოს ტაძრებისა და ხატების სურათები, მაგრამ მაინც, ჯობს, მოძღვარს ჰკითხოთ, რაიმე უხერხულობა რომ არ შეიქმნას.

მკითხველის კითხვა:

ხშირად მიწევს ბინის შეცვლა, რადგან ქირით ვართ, სალოცავი კუთხე ყოველთვის ისე არაა მოწყობილი, როგორც შეეფერება. რამდენად მიუღებელია წმიდა ნივთების შენახვა ყუთში? ძალიან ბევრი მაქვს, ღმერთმაც ბევრი შემაძენინოს, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველას ვერ ვათავსებ. რომელი ხატებია აუცილებელი, რომ კედელზე იყოს განთავსებული?

პასუხი:

თუ სხვა გამოსავალი არ გაქვთ, შეიძლება ხატების შენახვა ყუთში სუფთად. აუცილებლად უნდა გვქონდეს წმიდა სამების, მაცხოვრისა და ღვთისმშობლის ხატები. დანარჩენები – შეძლებისდაგვარად.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

15 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი