მთავარი » ქრისტიანობა

გვირგვინების დადგმის, ჯვრისწერის შესრულების წესი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.10.2020 | 1,083 ნახვა

ანთებული სანთლებით ხელში, საქმრო და საცოლე ტაძრის შუაგულში გამოდიან და დგებიან ანალოღიის წინ, რომელზეც დასვენებულია ჯვარი, სახარება და გვირგვინები. მღვდელი ეკითხება მათ: თავისუფალია თუ არა მათი სურვილი გახდნენ რჯულიერი მეუღლეები, ხომ არ აღუთქვეს მათ მეუღლეობა რომელიმე სხვა ადამიანს. პასუხის მოსმენის შემდეგ იგი ევედრება უფალს აკურთხოს მათი ქორწინება და გარდამოუვლინოს მათ თავისი მადლი. შემდეგ დგება ქორწინების საიდუმლოს მთავარი მომენტი. მღვდელი იღებს გვირგვინს (რომელიც თავისი მოყვანილობით სამეფო გვირგვინს მოგვაგონებს), ჯვარისებურად გადასახავს მას საქმროს და ამბორის-საყოფად აძლევს მაცხოვრის ხატს, რომელიც გვირგვინის წინა მხარეს არის მიმაგრებული. ამასთან, იგი წარმოთქვამს შემდეგ სიტყვებს: „გვირგვინოსან იქმნების მონა ესე ღმრთისა (სახელი), და მხევალი ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. ამის შემდეგ იგი გვირგვინს ადგამს თავზე საქმროს. მეორე გვირგვინს, ასევე ჯვარისებურად გადასახავს საცოლეს და ამბორის-საყოფად აძლევს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს, რომელიც ასევე გვირგვინზე არის წინა მხრიდან მიმაგრებული და თავზე ადგამს საცოლეს იგივე სიტყვების წარმოთქმით: „გვირგვინოსან იქმნების მხევალი ესე ღმრთისა (სახელი), და მონა ღმრთისა (სახელი), სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. გვირგვინებს სიმბოლური მნიშვნელობა აქვთ – ისინი გამოხატავენ ადამიანის განდიდებას, როგორც ქმნილებათა გვირგვინისა, და მოასწავებენ მათ გამარჯვებას ვნებებზე; ასევე ისინი შეახსენებენ მეუღლეებს მათ მოვალეობას სულიერი და სხეულებრივი სიწმინდის დაცვაში.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ სხვადასხვა ეკლესიებში და სხვადასხვა ადგილებში შეიძლება მიღებული იყოს ორგვარი წესი: გვირგვინებს ან პირდაპირ ადგამენ თავზე საქმროს და საცოლეს, ანდა ისინი მათ თავს-ზემოთ უკავიათ მეჯვარეებს.

შემდეგ მღვდელი სამგზის წარმოთქვამს სიტყვებს: „უფალო ღმერთო ჩვენო, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან ყავ ესენი!“, და თითოეული წარმოთქმისას აკურთხებს ახლადდაქორწინებულთ.

შემდეგ იკითხება სამოციქულო და სახარება, რომლებიც ღაღადებენ ქორწინების მნიშვნელობაზე და მაცხოვრის მიერ ქორწინების კურთხევაზე გალილეის კანაში, და იგალობება საუფლო ლოცვა – „მამაო ჩვენო“.

„მამაო ჩვენო“-ს წარმოთქმის შემდეგ მოაქვთ თასი ღვინით, რომელიც აღნიშნავს მეუღლეთა საერთო ბედ-იღბალს, საერთო სიხარულითა და საერთო მწუხარებით, რაც ამიერიდან ახლადდაქორწინებულთ მოელით. ქმარი და ცოლი რიგ-რიგობით, სამგზის სვამენ ღვინოს თასიდან მას შემდეგ, რაც მღვდელი ლოცვას წაიკითხავს მასზე (ესეც ამ საიდუმლოს ერთ დროს ლიტურგიაში ჩართულობის კვალია. ახალჯვარდაწერილი წყვილი იმავე მსახურებაზე ეზიარებოდა ხოლმე). შეასმევს რა ერთი თასიდან ღვინოს, მღვდელი ახლადდაქორწინებულთა მარჯვენა ხელებს აერთებს, ოლარს აფარებს მათ და სამგზის შემოატარებს ანალოღიის გარშემო საქორწინო ტროპარების გალობით. ეს, წრეზე სიარული, აღნიშნავს მეუღლეთა მარადიულ ერთობლივ მსვლელობას ცხოვრებაში, რაც ახლა იწყება ქორწინების საკვრელებით ურთიერთდაკავშირებულ მეუღლეთათვის. ამ მსვლელობის დამთავრების შემდეგ მღვდელი გვირგვინებს მოხდის მეუღლეებს და დამამთავრებელ ლოცვებს კითხულობს, რომლებშიც ზეციურ და ქვეყნიურ სიკეთეთ ითხოვს ახლადშექმნილი ოჯახისათვის.

ჩამოლოცვის შემდეგ, რაც საიდუმლოს ასრულებს, მღვდელი, ჩვეულებისამებრ სამეუფო კართან მიიყვანს ახლადდაქორწინებულთ, სადაც ისინი ეამბორებიან სამეუფო კარზე გამოსახულ მაცხოვრისა და ღვთის დედის ხატებს (უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ერთადერთი დღე, როდესაც ქალს ნებადართული აქვს სოლეაზე ავიდეს და კანკელის (ღვთისმშობლის) ხატს ემთხვიოს). და ბოლოს, მღვდელი ჯვარს აძლევს ახალადაქორწინებულთ მთხვევისათვის.
მრავალჟამიერის გალობის შემდეგ ქორწინების საიდუმლოს აღსრულება დამთავრებულად ითვლება და ტაძარში მყოფი ყველა ახლობელი ულოცავს მეუღლეებს დაქორწინებას და ახალი ოჯახის შექმნას.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი