მთავარი » საეკლესიო ხელოვნება

გვიანი შუა საუკუნეების არქიტექტურა – XIV-XVIII საუკუნეები

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.03.2011 6 კომენტარი | 5,543 ნახვა

ამ ხანის ხუროთმოძღვრების ნიმუშს განეკუთვნება:

skolaგ ე რ გ ე ტ ი ს ს ა მ ე ბ ა – ხევში, ყაზბეგის მახლობლად, თერგის მარცხენა სანაპიროზე. იგი განმარტოებით დგას მაღალ მთაზე (გვერდით მხოლოდ სამრეკლოა), მის გარშემო უზარმაზარი ციცაბო კლდოვანი მთებია, უკან კი – მყინვარწვერი. ხშირად მას ღრუბლები ფარავს. ეს ხევის ერთადერთი გუმბათიანი ეკლესიაა და ყველაზე სახელგანთქმული სალოცავი, რომელიც მუდამ დიდ როლს თამაშობდა ამ კუთხის მკვიდრთა ცხოვრებაში.

სამების გეგმა სავსებით ტრადიციულია – ეს ჯვაროვან-გუმბათოვანი ეკლესიაა ორი თავისუფლად მდგომი გუმბათქვეშ ბოძითა და ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც არ სცილდება გარეთა სწორკუთხედის ფარგლებს. წინა დროის ეკლესიებთან შედარებით პროპორციები “ფართო” და “ჯმუხია”, კედელთა სიბრტყეები არაფრით არ არის დანაწევრებული. ჩუქურთმები სარკმელების გარშემოა თავმოყრილი. სტილისტიკური ნიშნებით ეკლესია XIVს-ით თარიღდება.

gremiXVI ს-ის უმნიშვნელოვანესი ძეგლია
გ რ ე მ ი ს ნ ა ქ ა ლ ა ქ ა რ ი, რომელიც ალაზანს გადაღმა მდებარეობს, მდ. ინწობის ნაპირზე. მაშინ კახეთის საეფოს დედაქალაქი იყო. XVII ს-ის დასაწყისში იგი შაჰ-აბასმა დაარბია. ამით დამთავრდა მისი, როგორც ქალაქის არსებობა.

ქალაქის უმთავრესი ხუროთმოძღვრული დომინანტი იყო მთის ქედის ერთ-ერთ ტერასაზე აღმართული
მ თ ა ვ ა რ ა ნ გ ე ლ ო ზ თ ა ე კ ლ ე ს ი ა და მეფის კოშკისებრი ს ა ს ა ხ ლ ე მის გვერდით. გეგმის მხრივ ტრადიციული აგურის ეკლესია გამოირჩევა კახეთისათვის დამახასიათებელი ძლიერ აზიდული, მსუბუქი პროპორციებით.

როგორც აგურის ყველა სხვა ეკლესია, გრემის ტაძარიც მოკლებულია ჩუქურთმებს. მისი ფასადები დამუშავებულია ისრული მოხაზულობის თაღოვანი ჩაღრმავებებით, რომლებიც იმ დროს გავრცელებული იყო აგურის ეკლესიათა ფასადზე.

მთავარანგელოზთა ეკლესიისა და სამეფო კოშკის მდებარეობა ქალაქის თავზე, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას, მარჯვედაა შერჩეული. ორივე შენობის სილუეტი მეტად ჰარმონიულია.

თავის დროზე გრემი მდიდარი და ლამაზი ქალაქი იყო. XVII –XVIII საუკუნეთა მემატიანენი და პოეტები აღფრთოვანებით აღგვიწერენ გრემის სასახლეებსა და ბაღებს, მეფისა და დიდებულების ბრწყინვალე ნადიმებსა და დღესასწაულებს.

დღეს მიწის ზედაპირზე დარჩენილია მხოლოდ რამდენიმე ეკლესია, რომლებიც თავისი ვერტიკალებით შუა საუკუნეების ქართულ ქალაქთა დამახასიათებელ სილუეტს ქმნიდნენ.

gremiXVII ს-ის ნიმუში – ა ნ ა ნ უ რ ი ს ციხე, რომელიც თბილისის ჩრდილოეთით 66 კმ. მანძილზე მდებარეობს არაგვის ხეობაში, მდინარის მარჯვენა ნაპირზე.

ანანური ფერდზე მდებარეობს და ტყიანი მთებითაა გარშემორტყმული. მძლავრი გალავნის შიგნით მოთავსებულია ორი გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო, წყალსაცავი და წყარო. თვით გალავანში რამდენიმე კოშკია ჩართული. მათ შორის მთავარია დასავლეთის კედელის შუაში, მთელი ანსამბლის უმაღლეს წერტილში მდებარე შვიდსართულიანი კოშკი, ე.წ. შ ე უ პ ო ვ ა რ ი, მაგრამ მთავარი ნაგებობა მაინც დიდი ეკლესიაა, დათარიღებული 1689 წლით.

დიდი ეკლესია თლილი ქვითაა მოპირკეთებული და მდიდრული მორთულობა აქვს. სწორედ ამის წყალობით აქ უფრო ადვილია წინა ხანასთან შედარებით მომხდარი ცვლილებების შესახებ მსჯელობა. პირველადვე თვალში გვხვდება ტაძრის ქვედა კორპუსის სიმძიმე და მასიურობა, რაც მით უფრო საგრძნობია, რომ მასები ისე მკაფიოდ არაა დიფერენცირებული, როგორც საერთოდ არის ქართულ ტაძრებში: აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასდების შუა ნაწილები, ე.ი. ჯვრის მკლავები მცირედ გამოიყოფა კუთხის ნაწილებისგან, თითქოს უშუალოდ აგრძელებს მათი სახურავების ფერდს.

თუ X-XIII საუკუნეთა ძეგლებში დეკორაციული თაღებით ფასადთა დანაწევრება ყოველთვის შეთანხმებული იყო კედლების საერთო მოხაზულობასა და მასების რიტმთან, ახლა დანაწევრება აღარ შეესაბამება მასების აღნაგობას: საკმარისია შევხედოთ აღმოსავლეთის ფასადს, მის შუა თაღოვან არეას და ორ სწორკუთხა არეს მარცხნივ და მარჯვნივ და შევადაროთ ისინი ფასადის საერთო მოხაზულობას: მათ შორის თანხმობა არ არის. ყოველი ფასადის შუაში თავმოყრილი ჩუქურთმები და ფიგურული რელიეფები ტექნიკურად კარგადაა შესრულებული, თუმცა უმასშტაბოა, ყოველთვის ვერ არის ერთმანეთთან დაკავშირებული, მოკლებულია შესრულების არტისტიზმს, რომელიც წინანდელ ხუროთმოძღვრების დეკორს ახასიათებდა.

მაგრამ ანანურში კიდევ ერთი თავსიებურებაა დამახასიათებელი: ფასადებზე – ისე, როგორც დიდი ხნის წინათ იყო, XI ს-ის ნახევრამდე – კვლავ მომრავლდა რელიეფური ფიგურები – ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებები. ყველა სიმბოლურ-სარწმუნოებრივი შინაარსისაა.

სამხრეთის ფასადის შუა სარკმლების გარშემო დახვავებული რელიეფები – ვაზის ხე, ირმები და სხვა ცხოველები მის გვერდით, მტრედები, ჯვრით დათრგუნვილი გველეშაპები, ჯაჭვით დაბმული ლომები – მოწმობს, რომ აქ მარტო ქრისტიანული სიმბოლიკა კი არ არის, არამედ უფრო ადრინდელი თემებიც, რომელთა ძირები ძველი აღმოსავლეთის წინაქრისტიანულ რწმენასა და გადმოცემებშია. ამ თემებმა, რომლებსაც საუკუნეთა მანძილზე ქართული ხალხური ხელოვნება ინახავდა, ახლა მონუმენტურ ხელოვნებაში შეაღწია და ხალხური შემოქმედების, ფოლკლორის ბეჭედი დაასვა მას არა მარტო შინაარსის მხირვ, არამედ – შესრულების თავისებურებითაც.
ეს ამ გვიანი ხანის ხელოვნების ერთი საინტერესო ფაქტორთაგანია.

რა თქმა უნდა, ანანურისა და სხვა იმდროინდელი ტაძრების მრავალრიცხოვანი რელიეფები არ არის შეკრული ერთ მთლიან საღვთისმეტყველო პროგრამად, როგორც ეს XI ს-ის ნიკორწმინდაშია. უფრო მეტიც – შესაძლებელია ცალკეულ სიმბოლოთა აზრი ოსტატებსა და მორწმუნეთ აღარც კი ესმოდათ, მაგრამ საკმარისი იყო იმის რწმენა, რომ მათ, ტრადიციის თანახმად, რაღაც სარწმუნოებრივ-ჯადოსნური მნიშვნელობა და ძალა ჰქონდათ.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

6 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი