მთავარი » საზოგადოება

გვეშინოდეს თუ არა ლეღვის?

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.07.2011 3 კომენტარი | 4,809 ნახვა

ლეღვილეღვის რძე წლევანდელი ზაფხულის მთავარ პრობლემად იქცა. ქვეყნის მასშტაბით 20-მდე ახალგაზრდა მკურნალობს ლეღვის ფოთლების ნახარშით მიღებულ დამწვრობას.ეფექტური გარუჯვის მიზნით ნახარშის გამოყენების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა და თინეიჯერებმა ის მალევე აიტაცეს. არც ერთ მათგანს არ უფიქრია, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყოლოდა ლეღვის ფოთლების ნახარშის გადავლების შემდეგ მზეზე დაწოლას. არადა, ერთი შეხედვით, მსგავსი შედეგის პროგნოზირება არც ისე რთული უნდა იყოს, რადგან ამ მცენარის ფოთლებთან უბრალო შეხებაც კი საკმაოდ არასასიამოვნოა და მისი ხელში გასრესისას დიდი რაოდენობით რძე გამოიყოფა, რომლის უსიამოვნო და ერთგვარად, წებოვანი შეგრძნება დიდხანს რჩება კანზე და რთული მოსაშორებელია. ასევეა თავად ნაყოფის რძის კანზე მოხვედრის შემთხვევაშიც. ექიმებისა და უკვე დამწვრობამიღების გაფრთხილების მიუხედავად, საავადმყოფოში ყოველდღიურად ხვდებიან თინეიჯერები მსგავსი დიაგნოზით. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, მოზარდს ურჩევნია თვითონ გამოსცადოს ახალი მეთოდი, ვიდრე უფროსებისა და სპეციალისტების რჩევას დაუჯეროს.

გონივრულად გამოყენების შემთხვევაში კი ლეღვს არა ერთი სარგებლის მოტანა შეუძლია. ლეღვი შეიცავს დიდი რაოდენობით B და C ვიტამინებს, ასევე პროვიტამინ A-ს, რკინას, კალიუმს, კალციუმს, მანგანუმს, ფოსფორს, ცხიმებს, ცილებს, მცირე ოდენობით – დარიშხანს. ყველაზე დიდი რაოდენობით კი შაქრებს. ლეღვის ნაყოფი იოლი მოსანელებელია და საკვებთან ერთად მისი მიღება ხელსაყრელ პირობებს ქმნის საჭმლის მოსანელებლად. მისი ნაყოფის თესლი კუჭ-ნაწლავში მოხვედრისას ერთგვარი ცოცხის როლს ასრულებს და გამოდევნის უვარგის პროდუქტებს. ლეღვის ასევე შეიცავს ფერმეტ ფიცინს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს სისხლძარღვოვანი თრომბოზების მკურნალობაზე.

ლეღვი გამოიყენება სისხლნაკლებობის დროსაც, ხელს უწყობს ძვლოვანი ქსოვილის გამაგრებას, აქვს ოფლმდენი მოქმედება, ოფლთან ერთად ორგანიზმიდან ჭარბ ცხიმებს, ტოქსინებსა და მარილებსაც გამოდევნის. ლეღვის მიღება არ შეიძლება შაქრიანი დიაბეტითა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მწვავე ანთებითი პათოლოგიებით დაავადებულთათვის.

ლეღვილეღვი საინტერესო და საგულისხმო კონტექსტშია მოხსენიებული ბიბლიაში. სახარებაში ვკითხულობთ: “და იხილა ლეღვი ერთი გზასა ზედა და მოვიდა მისა და არარაი პოვა მას შინა, გარნა ფურცელი ხოლო. და ჰრქუა მას: ნუღარა იყოფინ ნაყოფი შენგან საუკუნოდ. და განხმა ლეღვი იგი მეყსეულად” (მთ.21,19). ლეღვის ხის დაწყევლამდე, დაახლოებით, ნახევარი წლით ადრე ქრისტემ ასეთი იგავი მოყვა: “ლეღვი ვისმე ედგა ნერგი სავენახესა თვისსა. მოვიდა და ეძიებდა ნაყოფსა მისგან და არა იპოვა. და ჰრქუა ვენახის მოქმედსა მას: აჰა ესერა სამი წელი არს ვინაითგან მოვალ და ვეძიებ ნაყოფსა ლეღუსა ამას შინა და არა ვჰპოვებ. მოჰკუეთე ეგე, რაისათვის ქუეყანაცა დაუპყრიეს უქმად? ხოლო მან მიუგო და ჰრქუა: უფალო უტევე ეგე ამასცა წელსა, ვიდრემდე მოუთოხნო მას გარემო და სკორე დაუდვა” (ლკ 13,6 – 9). სახარების განმმარტებლები მიიჩნევენ, რომ ამ იგავში ვენახის პატრონი მამა ღმერთია, მევენახე კი ძე ღვთისა. ისინი საუბრობენ ძველი აღთქმისეული ისრაელის ბედზე, რომელიც ლეღვის ხის სახით გვევლინება. იესო სწორედ სამი წელი უქადაგებდა ებრაელებს. ძე ღვთისა სთხოვს მამას არ მოჭრას უნაყოფო ხე. ჯვარცმის წინ კი იესოს განაჩენი გამოაქვს ებრაელთა წინამძღოლისათვის ჯიუტი ურწმუნოების გამო. სხვა ერებს ჯერ არ ჰქონდათ ნაქადაგები მცნება მაცხოვრის შესახებ, მაგრამ ებრაელებს უკვე უნდა შეეცნოთ მესია. ქრისტეს მიერ ლეღვის ხის დაწყევლა შეიძლება გავიგოთ როგორც გაფრთხილება, რომ ლეღვის ხის ადგილზე ნებისმიერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი