მთავარი » კონკურსი

გურანდა ჟორჟოლიანი – “ჩემი სკოლა” – სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.12.2014 ერთი კომენტარი | 2,964 ნახვა

გავეცანი რა პროექტს “ჩემი სკოლა”, გადავწყვიტე მონაწილეობა მიმეღო ამ კონკურსში და გამეცნო საზოგადოებისთვის ჩემი საყვარელი სკოლის ისტორია. აი, სადამდე მიმიყვანა კვლევა-ძიებამ:

მე ვსწავლობ სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის X კლასში.

ჩემს სოფელს მაღლაკს დიდი ხნის ისტორია აქვს, ჯერ კიდევ ადრეულ საუკუნეებში მოიხსენიებოდა იგი, წერილობით წყაროებში კი მაღლაკი დავით აღმაშენებლის ეპოქიდან იხსენიება. სოფლის სახელწოდების შესახებ კი ლეგენდა ასე მოგვითხრობს: გურანდა ჟორჟოლიანი “ეს ამბავი დიდი ხნის წინ მოხდა. სოფელს ჯერ კიდევ არაფერი რქმევია. ამ ადგილის მკვიდრნი დიდ მუხასთან შეკრებილან – სოფლისთვის სახელი უნდა შეერჩიათ. უცებ, იქვე ახლოს, მდი ნარის პირიდან განწირული ყვირილი მოისმა, ვიღაც იხრჩობოდა. მისაშველებლად პირველი ახალგაზრდა ვაჟი მივიდა, რომელიც იქვე საქონელს აძოვებდა, ვაჟი დაუფიქრებლად შეიჭრა აბობოქრებულ მდინარეში და ტალღებს ულამაზესი ასული გამოსტაცა. ქალიშვილის მშვენიერებით მოხიბლულმა ვაჟმა მის მკლავებში გარინდულ გოგონას უნებურად ჩასჩურჩულა – უნდა გაკოცოო! წყალში არა და მაღლა კიო – უპასუხნია გოგონას და მაგრად მოუხვევია ვაჟისთვის ხელები. გოგონას პასუხი ნაპირზე შეკრებილ ხალხსაც გაუგონია, ერთხმად გადაუწყვეტიათ – ამიერიდან ამ სოფელს მაღლაკი ეწოდოსო!”

სკოლა, სოფლის ტაძარი, სამლოცველო, ქვეყნის მომავლის მტკიცე კედელი – აი, სწორედ ეს ფუნქცია იკისრა ჩვენმა სკოლამ 1934 წლიდან და შეურცხვენლად ატარა დღემდე.

სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა

ახლა ცოტა რამ სკოლის დაარსების ისტორიიდან: ქვედა მაღლაკში1918 წელს გაიხსნა პირველი დაწყებითი სასწავლებელი. სასწავლებლის დაარსებას წინ უძღოდა დიდი მოსამზადებელი სამუშაო. შეიქმნა სასწავლებლის დამაარსებელი კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით: იონა ჭყონია, ნიკიფორე და აკაკი ნიჟარაძეები, ტარასი ყუბანეიშვილი, ბესო კვერნაძე, პავლე ლექვინაძე, ლაზარე და ივანე ჟორჟოლიანები, ვასო ბიბილეიშვილი. კომიტეტმა მაღლაკელ გლეხკაცობაში შეგროვილი 17500 მანეთი შეიტანა ბანკში სკოლის ანგარიშზე. 1921 წელს სკოლა გადაკეთდა რვაწლიანი ,, შრომის სკოლად’’, დირექტორი იონა ჭყონია. რამდენიმე წლის შემდეგ ახალგაზრდობის სახელობის, 1934 წელს კი საშუალო სკოლად. სკოლის დირექტორად დაინიშნა კონონ ისიდორის ძე ჟორჟოლიანი. მოადგილედ კი – იონა ალექსის ძე ჭყონია. ამ პერიოდში მიმდინარეობდა მეორე მსოფლიო ომი, ომიდან ევაკუირებულ დაჭრილებს სკოლაში მკურნალობდნენ-სკოლის პირველ სართულზე ლაზარეთი იყო განთავსებული. სკოლის კურსდამთავრებულთა გარკვეულ ნაწილს მოუწია მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობა, რომელთა მეტი ნაწილი ვეღარ დაუბრუნდა საკუთარ ოჯახსა და სოფელს.

2009 წელს სტიქიამ სკოლის შენობა ისე დააზიანა, რომ შეუძლებელი გახდა სასწავლო პროცესის გაგრძელება. გავხდით ხიზნები საბავშვო ბაღის, სოფლის გამგეობისა და კულტურის სახლის შენობისა.

ჩვენდა საბედნიეროდ , მაშინ სკოლას ხელმძღვანელობდა და დღესაც ხელმძღვანელობს ქალბატონი მარინე ფხაკაძე, რომელმაც თავდადებით მიაღწია იმას, რომ დღეს გვაქვს ახალი თანამედროვე სკოლა, სადაც სწავლა-განათლებას ეუფლება 185 მოსწავლე.

ნოემბრის თვეში ჩვენ ვიზეიმეთ ჩვენი ჭაღარა სკოლის დაარსების 80 წლის იუბილე. გვყავდა უამრავი სტუმარი, ჩავატარეთ კონცერტი, გამოვუშვით სკოლის დირექტორების ალბომი და შევქმენით სტენდი.

სკოლის 80-წლის იუბილეზე მოწვეული გვყავდნენ ამაგდარი პედაგოგები, მათ წილად ხვდათ საიუბილეო ტორტის გაჭრა.
მე ვამაყობ, რომ ვარ მოსწავლე იმ სკოლისა, რომელსაც ჰყავს უნიჭიერესი თავმდაბალი, ბავშვის ბედნიერებისათვის მებრძოლი , პროფესიონალი პედაგოგიური კოლექტივი , ხელმძღვანლების: ქალბატონი მარინე ფხაკაძისა და მზია ჟორჟოლიანის სახით. მეამაყება ისიც, რომ ჩემი სკოლა ყოველთვის დგას მოწინავეთა რიგებში. ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციებში, ოლიმპიადებში, სამოქალაქო განათლების კლუბის, კულტურისა და ესთეტიკის ცენტრის, განათლების სამინისტროს მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა პროექტებში. ასევე სპორტულ შეჯიბრებებში, გვაქვს გარკვეული წარმატებები.

მე, როგორც მოსწავლეს, ძალიან მეამაყება, რომ ასეთ კეთილმოწყობილ სკოლაში ვსწავლობ, მაგრამ ბევრ რამეზე მაინც გვწყდება გული მე და ჩემს თანატოლებს.

ძალიან ბევრს გვინდოდა მიგვეღო მონაწილეობა “THE LONDON SCHOOL OF ENGLISH”- ის ოლიმპიადაში, მაგრამ თანხის უქონლობის გამო, ვერ შევძელით მონაწილეობა. სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა გამომდინარე აქედან, სასუველია, იყოს შესაძლებლობა, რომ სკოლის ბიუჯეტიდან დაფინანსდეს მოსწავლეების მონაწილეობა ფასიან ტურებში, ოლიმპიადებსა და კონკურსებში, ასევე – ექვსკურსიები.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებები ისწავლება მაღალ დონეზე, მაგრამ არა გვაქვს ლაბორატორიები, აღჭურვილი თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.

ასევე განახლებას მოითხოვს სკოლის ბიბლიოთეკა, მხატვრული და კლასიკური მწერლების ნაწარმოებებით.

არა გვაქვს სათვალისჩინო რესურსები სხვადასხვა საგნებისათვის ( ქართული, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, უცხო ენები და ა.შ.).

მოსწავლეებს ძალიან გვიყვარს სპორტი, მაგრამ გული გვწყდება, რომ გვაქვს მოძველებული სპორტული ინვენტარი, მოსაწესრიგებელია სპორტული ეზოში არსებული მოედანი.
თუ ამ პრობლემების მოგვარებაში ვინმე დაგვეხმარება, ჩვენი მოსწავლეობა იქნება უფრო შინაარსიანი, ხალი-სიანი და შთამბეჭდავი.

მე ვეცდები გავამართლო ჩემი პედაგოგების იმედები ( ჩემი ოჯახის წევრებიც ამ სკოლაში აღიზარდნენ ) და ღირსეული მოქალაქის სახით შევემატო ჩვენს მრავალჭირნახულ ქვეყანას.

გურანდა ჟორჟოლიანი
სოფ. მაღლაკის №1 საჯარო სკოლა

მე-10 კლასის მოსწავლე, 17 წლის


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ქეთევანი says:

    ამ სკოლის წარჩინებული მოსწავლე იყო ჩემი დედიკო – ნანული ილიას-ას ჭოლაძე. აგრეთვე, ამ სკოლაში სწავლობდა ჩემი ბიძა , ტუღუში ჭოლაძე.
    დედას მონათხრობიდან ,,დაუსწრებლად” ვიცნობდი ამ სკოლის უძლიერეს მათემატიკოსს ბაღათურიას( სახელი აღარ მახსოვს). მაქვს სურათი, როდესაც დედა მის მეგობრებთან ერთად, ინგუში ჭოლაძე და ნაზი დეისაძე, წყალტუბოში ქართული ენის ტურზე მონაწილეობდნენ. დედას მონაყოლიდან ვიცი, რომ სკოლა აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა სიმღერისა და ცეკვის ოლიმპიადებზე. ქორეოგრაფი იყო კვერნაძე( სახელი არ მახსოვს)

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი