მთავარი » ჯანმრთელობა

გულის მანკი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 15.10.2013 4 კომენტარი | 27,374 ნახვა

გულის მანკი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა, რომელიც შეიძლება უსიმპტომოდ განვითარდეს. „გულის თანდაყოლილი მანკები მეტად გავრცელებული გახლავთ. სხვადასხვა ავტორის მონაცემებით, ცოცხლადშობილთა 0,7-1,7%-ს გულის თანდაყოლილი მანკი აღენიშნება. გულის მანკი ამათგან მკურნალობის გარეშე 14-22% – სიცოცხლის პირველი კვირის, 19-17% – პირველი თვის, ხოლო 30-80% – პირველი წლის განმავლობაში კვდება. ამდენად, გულის მანკი ძალზე საყურადღებო დაავადება გახლავთ, რომელსაც დროული გამოვლენა და მკურნალობა სჭირდება,“ – აღნიშნა „ამბიონთან“ საუბრისას ექიმმა კარდიოლოგმა ნათია ნათელაშვილმა, რომელსაც დაავადების შესახებ ვესაუბრეთ:

“გულის მანკი არის თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადება, რომელსაც საფუძვლად უდევს გულის სარქვლოვანი აპარატის – სარქვლის აფრების, ფიბროზული რგოლის, ქორდების ან დვრილოვანი კუნთების – ანატომიური აგებულების ან ფუნქციის ცვლილება, რაც გულში ჰემოდინამიკის – სისხლის მიმოქცევის დარღვევას იწვევს.

გულის შეძენილი მანკების ყველაზე ხშირი მიზეზია რევმატიზმი, იშვიათად – გახანგრძლივებული სეფსისური ენდოკარდიტი, ათეროსკლეროზი, სიფილისი. გულის მანკების განვითარება შესაძლებელია გამოწვეული იყოს საკნებს შორის ხვრელის შევიწროებით ან სარქვლების ნაკლოვანებით.

გულის თანდაყოლილი მანკის ჩამოყალიბების კონკრეტული მიზეზის დასახელება შეუძლებელია, თუმცა შეიძლება გამოვყოთ ხელშემწყობი ფაქტორები, რომლებიც ნაყოფზე მუცლადყოფნის პერიოდში მოქმედებს. ასეთია, მაგალითად, ორსულობის პერიოდში გადატანილი სხვადასხვა ინფექცია, მაგალითად, წითელა, ჩუტყვავილა, ციტომეგალოვირუსული ინფექცია; გარდა ამისა, ნაყოფის გულის სტრუქტურული დეფექტი შეიძლება გამოიწვიოს რომელიმე ქიმიური ნივთიერებით მოწამვლამ, ზოგიერთი მედიკამენტის თვითნებურმა მიღებამ.“

როგორ უდგენენ ორსულებს მანკს და შესაძლებელია თუ არა მანკი გენატიკურად გადაეცეს?

გულის ექოსკოპიით ხდება ყველა მანკის დიაგნოსტირება, მათ შორის – ორსულებშიც. ასეთ შემთხვევაში მშობიარობის მეთოდი დამოკიდებულია მანკის სახეობაზე. უმეტასად მაინც საკეისრო კვეთას მიმართავენ. არსებობს მოსაზრება, რომ მანკი შეიძლება გენეტიკურად იყოს განპირობებული. თუმცა გულის მანკის მქონე მშობლებს არ არის აუცილებელი შვილიც იგივე პრობლემით ჰყავდეთ ავად.

გულის მანკი ექვემდებარება თუ არა მკურნალობას?

ოპერაციული ჩარევა შესაძლებელია თითქმის ყველა სახის მანკზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს სრულ განკურნებას, ვინაიდან ოპერაციული ჩარევის შემდეგ იმის მიხედვით, რითი შეიცვლება სარქველი, ანუ პროტეზირება გაკეთდება მექანიკური თუ ბიოლოგიური სარქვლით საჭიროა გარკვეული მედიკამენტების მიღება ხანგრძლივად. მაგრამ არის მანკები, რომლებსაც ქირურგებიც ხელს არ კიდებენ. ეს დამოკიდებულია მანკის გამოვლენის დროზე, ასევე აქვს თუ არა პაციენტს თანმხლები რაიმე დაავადება (მაგ.: შარქიანი დიაბეტი, თირკმლის უკმარისობა და ა.შ), რომელიც ოპერაციას გაართულებს.

რა ასაკიდანაა შესაძლებელი ოპერაციის ჩატარება?

თუ მძიმე მანკთან გვაქვს საქმე, ოპერაცია შეიძლება დაბადებისთანავე ჩატარდეს. ნაკლოვანების ტიპზეა დამოკიდებული შედეგიც. თუკი ოპერაციული ჩარევის შედეგად გულის სტრუქტურის აღდგენა სრულად მოხერხდა ანუ მივიღეთ სრულყოფილად მოფუნქციონირე ორგანო, ბავშვი ნორმალური ჯანმრთელობის, აბსოლუტურად ჩვეულებრივი შესაძლებლობის, სრულფასოვანი ადამიანი ხდება, რომელსაც თანატოლების მსგავსად შეუძლია სწავლა და ფიზიკური დატვირთვა.

თუმცა არსებობს განსაკუთრებით მძიმე მანკები, რომელთა კორექციას მხოლოდ იმიტომ აკეთებენ, რომ ბავშვს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ და ცხოვრების ხარისხი ცოტათი მაინც გავუუმჯობესოთ.
არსებობს ე.წ. “კეთილთვისებიანი“ ან „ჩუმი“ მანკები, რომლის არსებობაც შეიძლება პაციენტმა გვიან ასაკში შეიტყოს.

თუ ადამიანს აქვს სარქვლოვანი მანკი, სტენოზი ან ნაკლოვანება და ხდება ოპერაციული ჩარევა, სარქველი ბიოლოგუირი ან მექანიკური პროტეზით იცვლევა. ეს არ ნიშნავს იმას რომ პაციენტი სრულებით განკურნებულია, მას ენიშნება ხანგრძლივად მედიკამენტოზური მკურნალობა და აუცილებლად უნდა ჰქონდეს მუდმივი კავშირი მკურნალ კარდიოლოგთან.

გულის მანკის ოპერაციის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. პაციენტის მდგომარეობაზე და მანკის სახეობაზეა დამოკიდებული.

რა ხელშეწყობით სარგებლობენ პაციენტები სახელმწიფოს მხრიდან?

გულის მანკის ოპერაცია საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. სადაზღვეო კომპანიებიც დიდ დახმარებას უწევენ პაციენტებს თანაგადახდით, ანაზღაურდება – საფასურის 20-25%-ს პაციენტი იხდის.

ექიმის რჩევა:

აუცილებელია გულის მანკის მქონე პაციენტების განათლება – მათ ყველაფერი უნდა იცოდნენ დაავადების შესახებ. საჭიროა მჭიდრო კონტაქტი მკურნალ ექიმთან და რაც მთავარია, ექოკარდიოგრაფიის გაკეტება სისტემატურად, საჭიროების მიხედვით.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი