მთავარი » ახალი ამბები

“მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”

სტატიის ავტორი: | თარიღი: 25.05.2010 2 კომენტარი | 3,593 ნახვა

გრიგოლ რობაქიძეგრიგოლ რობაქიძის დაბადებიდან 130 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში 24 მაისს ჩატარდა ღია ლექცია “გრიგოლ რობაქიძე – ცხოვრება და შემოქმედება”. ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის მკვლევარმა პროფესორმა დალი ჩიკვილაძემ და გრიგოლ რობაქირის შემოქმედების მკვლევარმა და პროფესორმა რუსუდან გახარიამ ჩაატარეს ღია ლექცია გრიგოლ რობაქიძის ცხოვრებისა და შემოქმედების დეტალების შესახებ. ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი “დრო და ადამიანები”, რომელიც ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, მოღვაწის შემოქმედებას ეძღვნება. ღია ლექციის ორგანიზატორი იყო – გრიგოლ რობაქიძის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების საორგანიზაციო კომიტეტი.

ორიოდე სიტყვა გრიგოლ რიბაქიძის ბიოგრაფიასა და მის შემოქმედებაზე:

“ჩემი ნატვრაა: როცა მე ამსოფლად აღარ ვიქნები, მოდიოდეს ვინმე ქართველი დედა ყოველ წელს მცხეთას, წიფობის, ჩემი დაბადების თვეში, სანთელს აანთებდეს და პაწა სალოცავის წინ და ლოცვით ახსენებდეს ჩემს სახელს, მეტს არასა ვთხოვ საქართველოს”.

გრიგოლ რობაქიძემ ქართულ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრა, როგორც პოეტმა, მოაზროვნემ, პუბლიცისტმა და უპირველეს ყოვლისა, ფილოსოფოსმა, თანამედროვე ქართული და გერმანული ფსიქოლოგიური რომანის ერთ-ერთ ფუძემდებლად.

გრიგოლ რობაქიძე დაიბადა 1882 წელს სვირში, იმერეთში. მაშინდელ ქუთაისის გუბერნიაში. ქუთაისის გიმნაზიის დასრულების შემდეგ ჯერ ტარტუს უნივერსიტეტში (ესტონეთი) სწავლობდა, შემდეგ კი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაასრულა ლაიპციგის უნივერსიტეტი (გერმანია).

გერმანიიდან 1908 წელს დაბრუნდა და მალე ქართველ სიმბოლისტთა ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერი გახდა. 1915 წელს იგი გახდა “ცისფერყანწელების” ერთ-ერთი დამფუძნებელი. ამ ლიტერატურულმა დაჯგუფებამ, რომელშიც გაერთიანდნენ იმ დროისთვის პროგრესული სიმბოლისტი მწერლები და პოეტები, მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული სიტყვა-კაზმული მწერლობის შემდგომ განვითარებაში. 1917 წელს რობაქიძის აქტიური მონაწილეობით დაარსდა საქართველოს მწერალთა კავშირი.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის წლებში (1918-1921) რობაქიძე აქტიურად მონაწილეობდა დამოუკიდებელი საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და ლიტერატურულ ცხოვრებაში. მაგალითად, 1919 წელს იგი იყო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად წარგზავნილი საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრი.

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის შემდეგ. (1921 წლის თებერვალ-მარტი) გრიგოლ რობაქიძე აქტიურად ჩაება საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რისთვისაც მუდმივად განიცდიდა დევნას ბოლშევიკურ-კომუნისტური იდეოლოგიის წარმომადგენელთა მხრიდან.

იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც წინ აღუდგა საბჭოურ დიქტატორულ რეჟიმს და 1931 წელს გერმანიას შეაფარა თავი და გარდაცვალებამდე იყო პოლიტიკური ემიგრანტი.. 1946 წლამდე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა გერმანიაში, ხოლო 1946 წლიდან-შვეიცარიაში. იგი იყო ქართული პოლიტიკური ემიგრაციის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოღვაწე. 1942 წელს მისი უშუალო მოღვაწეობით ემიგრაციაში დაარსდა ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი და იყო ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი. აგრეთვე რობაქიძე იყო ანტიბოლშევიკ ერთა ლიგის თვალსაჩინო მოღვაწე.

რობაქიძის პროზაზე უდიდესი გავლენა იქონია ფრიდრიხ ნიცშეს ნაშრომებმა. მის შემოქმედებას სხვა და სხვა დროს უმაღლესი შეფასება მისცეს შტეფან ცვაიგმა, რომენ როლანმა, ნიკოს კაზანძაკისმა და მსოფლიო ლიტერატურის სხვა გამოჩენილმა წარმომადგენლებმა. საერთაშორისო აღიარება მოიპოვა მისმა რომანებმა: “გველის პერანგი”, “დემონი და მითოსი”, “ჩაკლული სული”, “გრაალის მცველნი”, “მეგი- ქართველი ასული” და სხვა. ასევე დიდი პოპულარობა მოიპოვა გერმანულ და სხვა ენებზე რამდენიმეგზის გამოცემულმა მისმა კრებულმა “კავკასიური ნოველები”.

გრიგოლ რობაქიძე არჩეული იყო ევროპის რამდენიმე ლიტერატურული საზოგადოების წევრად. აღსანიშნავია, რომ 1960-იანი წლების დამდეგს გადაწყვეტილი იყო მისი წარდგენა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიაზე, რასაც ხელი შეუშალა მწერლის გარდაცვალებამ.

მწერალი 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა ქალაქ ჟენევაში და იქვე დაიკრძალა. 1976 წელს ქართველი ემიგრანტების ნინო და კალისტრატე სალიების თაოსნობით საფრანგეთში, ლევილის სასაფლაოზე გადაასვენეს. მისი ბინა პოლიციამ დალუქა, არქივი კი ლიკვიდაციას შვეიცარიელი მეგობრების ძალისხმევით გადაურჩა.
გრიგოლ რობაქიძე საქართველოში დასავლური აზროვნების შემომტანად იყო აღიარებული, დასავლეთში კი აღმოსავლური ეგზოტიკისა.

იგი არის სიმბოლო თავისუფალი აზრისა და ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლისა.

ლიკა ალადაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი