მთავარი » ეკლესია-მონასტრები

გრემი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.04.2010 3 კომენტარი | 10,112 ნახვა

გრემის მონასტერიგრემის “მთავარანგელოზი” ანუ მთავარანგელოზთა სახელობის მონასტერი მდებარეობს ყვარლის რაიონის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ტაძარი აგებულია 1565 წელს, კახთა მეფის, ლევანის მიერ. ეკლესიის მოხატვა დაუსრულებიათ 1577 წელს.

ისტორიულ წყაროებში ვახუშტი ბაგრატიონს კარგი ცნობა აქვს გრემზე. იგი წერს: “საბუი-გრემის… წყალზედ (იგულისხმება ახანდელი მდ. ინწობა) არს გრემი, რომელი ქმნეს ქალაქად ქრისტესა ჩუივ და განდგომილებისა კახთ მეპატრონეთა და მყოფობდნენ მუნ. აწცა არს შენობა და ეკლესია შეუმუსრავი. ოდეს მოაოხრა შააბაზ, მიერით არს დაბა და არღარა ქალაქი. აქა არს ეკლესია გუმბათიანი, კეთილშენი, მთავარანგელოზთა და არს ესე მეფე ლევან დაფლული მას შინა”.

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია ე.წ. ქართული კვადრატული აგურით, კირის ხსნარზე, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც.

ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ.

ეკლესიის გეგმა კვადრატს მიახლოებულია. მისი შიდა განლაგება საერთო თვალსაზრისით ტიპურია ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლისათვის, მაგრამ განსაკუთრებულია თავისი შემართული პროპორციებით, შიგნით შესული დაძაბულობას გრძნობს. ყველა ხაზი ზევით გარბის და ამ ტენდენციას აძლიერებს სიგანესთან შედარებით შესამჩნევი სიმაღლე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ორ პილონზე. საკურთხევლის აღმოსავლეთ ნაწილის ცენტრალური ადგილი უკავია, რომლის გვერდებზე სამკვეთლო და სადიაკვნო აქვს მოწყობილი, რომლებიც თითო კარით უკავშირდებიან ტაძრის ცენტრალურ ნაწილს. ეკლესია კრამიტითაა დახურული. გათხრებით აღმოჩენილი მრავალრიცხოვანი მოჭიქული კრამიტების მიხედვით არ არის გამორიცხული, რომ თავის დროზე ეკლესია მოჭიქული კრამიტით ყოფილიყო დაფარული. ასევე გამოყენებული იქნებოდა მოჭიქული შორენკეცებიც.

გრემის სამრეკლომთავარანგელოზთა ანსამბლი კომპლექსური ძეგლია, სადაც მცირე ტერიტორიაზე ქალაქის მნიშვნელოვანი პოლიტიკური, ადმინისტრაციული, რელიგიური, სამეურნეო და თავდაცვითი ნაგებობებია წარმოდგენილი, ისე რომ ძეგლის განხილვა შეიძლება როგორც ქალაქის პოლიტიკურ-რელიგიური ცენტრისა, გრემის ნაქალაქარის წარმოდგენა დღეს შეუძლებელია კლდოვანი ქედის დაბოლოებაზე გალავანშემორტყმული ეკლესიისა და სამრეკლოს გარეშე, რომელსაც ხალხი “მთავარანგელოზს” ეძახის, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელზე აგებული ტაძრის მიხედვით. პირველ ყოვლისა, თვალში საცემია ანსამბლისათვის მოხერხებულად შერჩეული ადგილი, რომელიც გარემოსაგან გამოყოფილი, აზიდულა ზევით და გრემს დაპატრონებია. ანსამბლი მაღალი ტყიანი მასივისაგან განშტოებული კლდოვანი ქედის დაბოლოებაზეა გაშენებული. აქ მშენებლობის დაწყებამდე ქედი გადაუჭრიათ და ეკლესიის ადგილი ხელოვნურად გამოუყვიათ გარემოსაგან, რითაც მისი გამაგრება უცდიათ, ადგილისათვის მაღალი ბორცვის სახე მიუციათ.

გრემის მთავარანგელოზთა ტაძარი ერთ-ერთი იმ ნაგებობათაგანია, რომელიც ბრწყინვალედაა ლანდშაფტში ჩაწერილი. ყოველი გამვლელი, სპეციალისტი თუ არასპეციალისტი, აღტაცებაში მოდის ამ კომპოზიციით, რომელსაც ქმნის მთასთან შერწყმული ანსამბლი.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი