მთავარი » სხვადასხვა

გოგონა გვირილისფერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.02.2011 5 კომენტარი | 3,308 ნახვა

gvirilaმე ვარ გოგონა გვირილისფერი…

სულს სტკივა ეს ეპოქა, ეპოქა ნაცრისფერი წვიმების…

დრო გარბის ისე სწრაფად, რომ მიჭირს დაწევა და ვეღარ ვასწრებ არსებობას, მხოლოდ მივყვები ფეხდაფეხ დროს, მაგრამ სულს უნდა ჩამორჩენა, ჩარჩენა სადღაც სხვაგან, ხორცი კი გარბის, რომ დაეწიოს სხვებს…

მხრებს აწევს უამრავი წვრილმანი და საზრუნავი, სული ვეღარ ითქვამს სულს, არც ეს სხეული ყოფნის, არც – ეს დედამიწა და ვერც ეს ეპოქა დაუამებს ტკივილს…

სულს უნდა გაქცევა, საზღვრების დარღვევა და დაღლა თავისუფლებით.
სხეულსაც უნდა თავისუფლება, ოღონდ სხვანაირი, სულის მხილებების გარეშე მოპოვებული…

სულს ცა უნდა, სხეულს დედამიწა მხოლოდ…

სხეულს საკუთარი ტკივილიც აკრთობს, სულს კი სურს, მთელი სამყაროს ტკივილი რომ გაიზარდოს და ზეცაში გაიდგას ფესვი…

სხეულს შენ უყვარხარ, სულს კი შენც და შენთან ერთად მთელი მსოფლიოც.

მე ვარ სხეულიც და მე ვარ სულიც და აღარ მინდა ვიყო გახლეჩილი ორად… მინდა ვიყო ერთი მთლიანი, ჰარმონია ზეცის და მიწის.
მინდა მე მთლიანს მტკიოდეს ეს ეპოქა, ნაცრისფერი წვიმების გამო…

მინდა მტკიოდეს შენი სამყაროც, შენ მიერვე დახატული რომ კიდია ახლა კედელზე, რომლის წინაც ვდგავარ ახლა მე და ვფიქრობ… და მინდა შეღწევა მასში… ხელს ვახებ შენს ლურჯ ზეცას და აღარ მინდა ის იყოს ასე მარტივად ხელშესახები იმიტომ, რომ ამას სხვებიც მოახერხებენ.

ვუყურებ სურათს და მინდა, გავექცე ამ ეპოქას, თუნდაც სურათში, შენივე ხელით დახატული რომ კიდია ახლა კედელზე.

მინდა გავიქცე, რადგან ახლა ვგრძნობ, რომ მე თვითონაც შვილი ვარ ამ ეპოქისა, რომ მეც ისევე შევქმენი ის, როგორც სხვებმა, ვინც ახლა ცხოვრობს. ჩვენ, ყველას გვინდოდა ასეთი დრო და ასეთი სიზმრები და ისევ სულს სტკივა ეს შეგრძნება, სხეული კი – დუმს.

ჩემი თითები ისევ ეხება შენს ლურჯ ზეცას, სული კი შორდება თითქოს მასაც და სხეულსაც…

– იცი? ასე მგონია, ჩემს სურათს რაღაც დაემატა, რაღაც გვირილისფერი, – ამბობ შენ და შეშინებული მიმზერ, – შენ კი როგორ გაიცრიცე, თითქოს რაღაც დაგაკლდა…

– ამ ეპოქაში თითქოს უსულოდ დავრჩი, – ხმამაღლა ვფიქრობ და ვიღაც მოხუცი, ჩემს გვერდით მდგარი, თვალცრემლიანი მიყურებს, თითქოს და მეუბნება: ნაცრისფერ წვიმებს სული არ უნდათ, მხოლოდ სხეული და ჩვენ, ყველანი, ვკარგავთ რაღაცას, რასაც უნდა ავეყვანეთ მაღლა ზეცამდე!

– საკუთარ თავს როცა ფიქრი ავუკრძალეთ და ასე გავიმარტივეთ ცხოვრება, მაშინ დავკარგეთ ყველაფერი და ახლა გვიანი ხომ არ არის? – არ ვიცი ვინ თქვა ეს, სულს კი ეტკინა, რადგანაც იცის, რომ დასასრული თავისთავად დასაწყისია რაღაც სხვა გზისა…

რაღაცას ვხვდები და მინდა, ვიფიქრო ბევრი, იმდენი, სანამ საკუთარ სულს არ დავიბრუნებ.

მე ვარ გოგონა გვირილისფერი…

ნინო დიღმელაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი