მთავარი » ქრისტიანობა

გოგნის წმიდა გიორგი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 05.05.2014 12 კომენტარი | 23,005 ნახვა

6 მაისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს ზეიმობს.გოგნის წმიდა გიორგი ეს დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით იმერეთში, კერძოდ კი თერჯოლის რაიონის სოფელ გოგნში აღინიშნება, სადაც წმიდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს.

წმიდა გიორგის ცხოვრება

წმიდა გიორგი კაბადოკიაში მესამე საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა. საღმრთო წიგნები და ჭეშმარიტი სარწმუნოება დედამ შეასწავლა. მეფე დიოკლეტიანეს მოღვაწეობის პერიოდში ქვეყანაში კერპთაყვანისმცემლობა აღორძინდა და მეფის ბრძანებით ქრისტიანთა დევნა და სიკვდილით დასჯა დაიწყო. სწორედ ამ დროს წარსდგა დიოკლეტიანეს წინაშე წმიდა გიორგი და ქრისტიანობა იქადაგა. განრისხებულმა მეფემ მისი დასჯა გადაწყვიტა. მან ჯერ წმიდანის ლახვრით განგმირვა მოინდომა, მაგრამ ქრისტეს მხედრის ხორცთან შეხებისას ლახვარი სანთელივით მოიდრიკა. ამის შემდეგ დიოკლეტიანემ ის ურმის თვალზე დააკვრევინა და მახვილებდაგებულ დაღმართზე გაატარა, თუმცა წმიდანი მეყსეულად განიკურნა. მეფის ბრძანებით ქრისტეს მხედარი ახლად დამბალ კირშიც ჩააგდეს, სადაც სამი დღე დაჰყო. წმიდანს ვერც ლურსმნებგაყრილი ფეხსაცმლითა და შოლტით ვერაფერი დააკლეს და ყველა განსაცდელს უვნებელი გადაურჩა. ამ სასწაულმა მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს რჯულზე. ბოლოს წმიდანს მიცვალებულის გაცოცხლება მოსთხოვეს, რაც მან მართლაც შესძლო ლოცვით. განრისხებულმა დიოკლეტიანემ წმიდანის სიკვდილით დასჯა ბრძანა. ბრძანების აღსრულებამდე მან ლოცვისათვის დრო ითხოვა და უფალს შეევედრა: “იხსენი ყოველგვარი განსაცდელისაგან, უფალო ღმერთო, ვინც მოიხსენოს ჩემი წამების ღვაწლი, მიეცი მადლი, მიუტევე მათ ყოველგვარი შეცოდებანი და განკურნენ მათი სნეულებანი, რადგან მხოლოდ შენ იცი მათი მაცდური მტრის სივერაგე, რომელიც ფეხქვეშ შემუსრე და რომლებიც წაიკითხავენ, ან მოისმენენ ჩემს წამებას, განწმიდე ბიწიერებისაგან”. ამის შემდეგ ჯალათმა აღასრულა ბრძანება. ასე დასრულდა წმიდანის წამება 303 წელს.

გოგნის კარუგდებელი

გოგნის მთაზე მდებარე წმიდა გიორგის სალოცავი VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ. წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიასახელწოდება შემთხვევითი არაა. ლეგენდის მიხედვით, სოფელში ერთი დავრდომილი მოხუცი ცხოვრობდა, რომელსაც წმიდა გიორგი გამოეცხადა. წმიდანმა მას უთხრა, რომ მოფრინდებოდა ჩიტი, რომელიც ერთ-ერთი ქვისაკენ გაუძღვებოდა. დავრდომილი მართლაც წამოდგა და გაჰყვა ჩიტს, რომელმაც ეს ქვა აპოვნინა. მოხუცმა ქვა იმ ადგილზე მიიტანა, სადაც ჩიტი დაიღუპა. სწორედ ამ ადგილზე ააშენეს სალოცავი, თუმცა მოგვიანებით დაანგრიეს და ქვები კლდიდან გადაყარეს. სანამ დაანგრევდნენ, სალოცავს კარი ჰქონდა, რომელიც მუდამ ჩამოგდებული ხვდებოდათ. დაუდარაჯდნენ სოფლის მაცხოვრებლები და ნახეს, რომ შუაღამისას კარი თავისით ვარდებოდა. ამიტომაც უწოდეს კარუგდებელი. მოგვიანებით სოფლის ხუთმა მკვიდრმა ქვები კლდიდან ამოიტანა და ახალი, ოდნავ უფრო დიდი სალოცავი ააშენეს. როცა წმიდა ადგილს მონადირე უახლოვდებოდა, იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა.

შესაწირიგიორგობის აღსანიშნად მორწმუნეები წინა ღამით იწყებენ სალოცავზე ასვლას. დღის განმავლობაში სხვადასხვა რაიონიდან მომლოცველთა ნაკადი არ წყდება. ყოველ 6 მაისს წმიდა ადგილს ათასობით მორწმუნე სტუმრობს. ბევრ მათგანს წმიდანის სახელზე შესაწირი მოჰყავს.

უკვე მეორე წელია, მორწმუნეები გოგნს განსაკუთრებული სიხარულითა და ინტერესით სტუმრობენ. შესაწირიპატრიარქის ლოცვა- კურთხევით ძველი სალოცავის ახლოს ახალი ტაძრის მშენებლობა დაიწყო. გაკეთდა სალოცავთან მისასვლელი სამანქანო გზაც, რაც მომლოცველებს წმიდა ადგილთან მიახლებას უადვილებს. მშენებლობა ძირითადად შემოწირულობებით მიმდინარეობს, რისთვისაც სპეციალური ფონდი შეიქმნა. ტაძრის აშენებაში ადგილობრივი მაცხოვრებლებიც აქტიურად მონაწილეობენ. უკვე აშენდა კელია. სალოცავს ამჟამად მამა იოანე (რევიშვილი) უძღვება. სულ რამდენიმე წელიწადში მორწმუნეებს უკვე შეეძლებათ ახალ ტაძარში ილოცონ წმიდანის სახელზე.

გოგნის წმიდა გიორგი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს!

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

12 კომენტარი »

  • მარიამი says:

    წმინდა გიორგის ლოცვა და მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს ამინ!

  • დავითი says:

    დიდი მადლობა ,,ამბიონს”, გაიხარეთ! რამდენი ჩემთვის უცნობი და საინტერესო ინფორმაცია მივიღე თქვენგან, მაგალითად წინამდებარე სტატიაც გამოდგება.
    ყოველდღე მოუთმენლად ველი თქვენ სტატიებს. ჩემს მეგობრებს ვურჩიე თქვენ საიტზე შემოსვლა და ისინიც თქვენი აქტიური მკითხველები გახდნენ.
    მე შემიძლია გითხრათ, თუ ასე გააგრძელებთ ძალიან პოპულარულები გახდებით!
    ღმერთმა კეთილად გვისმინოს.

  • დავით სრულად ვეთანხმები თქვენ აზრს და ვიმედოვნებ რომ ახლო მომავალში საქართველოში #1 საზოგადოებრივ-რელიგიური ჟურნალი გახდება ამბიონი.

  • ნატო says:

    მადლობა ,,ამბიონს.წარმატებებს გისურვებს და ღმერთის წყალობას.

  • წმიდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს სახელობის კავშირი says:

    მადლობას გიხდი, რათა ხარ ის ქრისტიანი, რომელსაც ტაძრის მშენებლობა უხარია.ამასთან მინდა რამდენიმე შესწორება შევიტანო შენს წერილში.
    1. სალოცავი აღადგინა არა ხუთმა, არამედ ცხრა ადამიანმა, რამდენიმე უკვე გარდაცვლილია, ღმერთმა მოიხსენოს მათი სულები.
    2. შენ ამბობ: ,,იარაღს რამდენიმე მეტრით ქვემოთ ტოვებდა და ახლომახლო ტერიტორიაზე ნადირს არასოდეს კლავდა”. ეგ ნამდვილია. მაგრამ როცა წმიდა მთას აფეთქებენ და გარემო ბუნებას ანადგურებენ, შენი სიტყვების ფონზე ეს რას ნიშნავს, გთხოვ განმარტო.
    3. თუ იცი, ძველი სალოცავის აღმშენებლობის ხელმძღვანელთან რა დამოკიდებულება აქვთ ახალი ტაძრის მშენებლებს,უფრო ზუსტად წმიდა მთის აფეთქების მომხრეებს? გაარკვიე, და თუ აღმოაჩენ რომ მხოლოდ ცილს სწამებენ, თითქოს ის ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგია, მაშინ გთხოვ, მასაც შეეკითხე და გაერკვიე.
    პირადად შენ გისურვებ წარმატებებს ყოველ კეთილ საქმეში.
    ინფორმაციისთვის შეგიძლია დაგვიკავშირდე 890 30 55 33

  • სალომე says:

    სალოცავის აღმდგენი რომ ხუთი ადამიანი იყო, ეს სოფლის მაცხოვრებლებმა მიამბეს და მათზე დაყრდნობით დავწერე….რაც შეეხება მონადირეების ტრადიციას, ესეც გადმოცემით იციან აქაურებმა და სწორედ მათ მიამბეს…

  • დათო .. says:

    წმიდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს სახელობის კავშირი, ძალიან კარგია შესწორებები რომ შეგაქვთ სტატიაში, მაგრამ:
    1. როგორც მივხვდი, ეს სტატია არავის, არც დადანაშაულებას და არც გამართლებას არ ისახავს მიზნად.
    2. გეტყობათ კარგად იცნობთ ამ თემას და უნდა გითხრათ, რომ არავინ არავის არ ადანაშაულებს და მთავარია, რომ ამ ტძრის მშენებლობა პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობს და მგონი არ გვაქვს უფლება ჩავერიოთ საპატრიარქოს კომპეტენციაში.
    3. თუ თქვენ კარგად გესმით თუ რა უნდა გაკეთდეს ტაძრის ასაშენებლად და რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ამ მასშტაბის ტაძრის მშენებლობა ვერ მოხდებოდა რომ არ განხორციელებულიყო ის სამუშაოები, რომელიც ჩატარდა ცოტა ხნის წინ სოფელ გოგნში. შესაბამისად ტექნიკურ სამუშაოების ჩატარების ფორმაში ვინმეს დადანაშაულება ცოტა ზედმეტი ხომ არ არის?
    იქნებ იკითხოთ თუ რატომ მოხდა მთის აფეთქება და ჰქონდა თუ არა ამას კონკრეტული მიზეზები.

  • დავითი says:

    აბსოლუტურად გეთანხმებით დათო!

    მაპატიეთ და სალომეს და ,,ამბიონის” დადანაშაულება, მარტივად რომ ვთქვათ სასაცილოა.
    და ერთიც, ამ სტატიის მიზანი და ფორმატი ჟურნალისტური გამოძიება ნამდვილად არ არის და ამიტომ ეს პრეტენზიებიც მათ მიმართ უსაფუძვლოა.

  • წმიდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს სახელობის კავშირი says:

    სალომე რომელმა გოგნელმა გიამბო, რომ ამშენებელი მხოლოდ ხუთი კაცია. მე თავად ვარ გოგნელი და ვიცი, რომ ყველა გოგნელი იცნობს ცხრავე კაცს.არც ერთი მათგანისთვის არც უკითხავთ, ისე დაიწყეს სალოცავის მიმდებარე ტერიტორიის აფეთქება.გეთანხმებით, რომ ჩვენს წინაპრებს თოფიც არ შეჰქონდა სალოცავის ტერიტორიაზე, ახლა კი აფეთქებებმა შესძრა წმიდა მთა.ჩვენს საუბარზე კომენტარს აკეთებს ვინმე დავითი, რომელიც აღნიშნავს, რომ საპატრიარქოს კომპეტენციაში არ უნდა ჩავერიოთ და თავად ხომ არ ცდილობს მისი უწმინდესობის ავტორიტეტით დანაშაულისა და წმიდა მთის შეურაცხყოფის დაფარვას, რადგან აფეთქებები პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეუძლებელია რომ ყოფილიყო.მისი უწმინდესობა ხეების დარგვისაკენ მოგვიწოდებს და არა აფეთქებისაკენ.დავითის კომენტარიდან სჩანს, რომ კარგად იცნობს იქ ჩატარებულ ტექნიკურ სამუშაოებს, იქნებ აგვიხსნას, რომელი კონკრეტული მიზეზით მართლდება წმიდა მთის აფეთქება.იქნებ ისიც აგვიხსნას, თუ რა შუაში იყო 2008 წელს ტაძრიდან რამდენიმე მეტრის დაშორებით აფეთქებების წარმოება და ბუნების განადგურება, ეს ადგილი ხომ არაა კავშირში მშენებლობის ახლანდელ ადგილთან.ჩვენი ორგანიზაცია მიესალმება ტაძრის მშენებლობას, მაგრამ არა სიწმინდის შეურაცხყოფისა და ეროვნული სიმდიდრის განადგურების ხარჯზე.

    • zura says:

      რატომ ხარ ესე დაძაბული? ვინ გაანადგურა ბუნება გოგნელი ვარო იძახი და პირიქით უნდა გიხაროდეს ასეთი გრანდიოზული ტადრის მშენებლობას, მივესალმები ტაძრის მშენებლობასო და სამშენებლო მასალას ვინ აიტანდა ხელით? რას პანიკიორობთ გადაჩეხეს საირმეში ჩინელებმა ხე ტყე მაგაზე რატო არაპერს ამბოფ? თუ საირმე და დანარჩენი საქართველოს ტყე და მიწა არაა ჩვენი წმინდა ადილები?

      • გიორგი says:

        გეთანხმები, დღეს ვიყავი ასული გოგნის წმინდა გიორგის სალოცავში და ვნახე ახალი ტაძრის მშენებლობა, აღტაცებული დავრჩი, ძალიან მომეწონა. მადლობა ყველას ვინც მონაწილეობას ღებულობას ამ ტაძრის მშენებლობაში.

  • zura says:

    davit misasvleli samanqano gza rom ar gaeketebinad shen azidavdi samsheneblo masalebs xelit? ukanonobaze laparakob da wminda mtis apetqebaze kargad daupiqrdi. sakutari tvalit maq yvelaperi nanaxi da iq ulamazesi tadzari ashendeba shegewiot wminda giorgis madli

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი