მთავარი » კულტურა

გოდერძი ჩოხელის სევდიანი გზა…

სტატიის ავტორი: | თარიღი: 19.05.2011 3 კომენტარი | 14,269 ნახვა

“სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი, მერე, აბა, რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა…”

გ. ჩოხელი

გოდერძი ჩოხელიმწერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი – სამივე მათგანი ერთიანდება მაგიურ სახელში გოდერძი ჩოხელი. ადამიანი, რომლის ნაწარმოებები და ფილმები ერთ მთლიანობას ქმნის და ზნეობის, ადამიანობის, სიკეთისა და მშვენიერების ნიმუშს წარმოადგენს. ამბობენ, ყველაფერი გენიალური უბრალოაო… სწორედ ასეთი უბრალოებით შესძლო მან თითოეულ მკითხველსა თუ მაყურებელში დაეტოვებინა კვალი, რომელიც ხელახლა მიგაბრუნებს მის შემოქმედებასთან.

გოდერძი ჩოხელი 1954 წლის 2 ოქტომბერს დუშეთის რაიონის სოფელ ჩოხში დაიბადა. 1972 წელს თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა კინომცოდნეობის ფაკულტეტზე, მოგვიანებით კი კინოსარეჟისოროზე გადავიდა და ლანა ღოღობერიძის მოწაფე გახდა.

როგორც თავად იხსენებდა, კინოთი მაშინვე მოიწამლა, როცა პირველად მესამეკლასელმა ნახა მშობლიურ სოფელში და ეკრანიდან თავისი სახელი გაიგონა – გოდერძი, შვილო! მაშინ არ იცოდა, რომ უბრალოდ ჯარისკაცის მამა თავის შვილს ეძახდა. კინოს სიყვარულმა თეატრალურ ინსტიტუტში მიიყვანა გამოცდაზე, სადაც რუსული ფილმი უნდა გაერჩია. მან კი რუსული არ იცოდა, ცარიელი ფურცლების ჩაბარების შერცხვა და ლექსი დაწერა ირემზე, რომელიც ბარში ჩამოვიდა და დაჭრეს, არწივი და შვლის ნუკრიც შეურია, ყველა მათგანში კი, რა თქმა უნდა, საკუთარი თავი იგულისხმა. სწორედ ამ ლექსმა გადაწყვიტა მისი ბედი. ქალაქში უმალ გავრცელდა ამბავი, რომ მთიდან პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულა და გამოცდაზე ფილმის გარჩევას ლექსად წერსო. თეატრალური ინსტიტუტის მაშინდელმა რექტორმა უთხრა: მიგიღებთ, ოღონდ ქალაქმა არ გაგაფუჭოსო.

ჩოხელი
ქალაქმა ვერ გააფუჭა გოდერძი ჩოხელი. მის მოთხრობებში, ლექსებსა თუ ფილმებში ბოლომდე შემორჩა სამშობლოს, ბუნების, ადამიანის სიყვარული. ამიტომ წარმატებამაც არ დააყოვნა. პირველი გრან-პრი საკურსო ნამუშევარმა “ადგილის დედამ” მოუტანა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე. მოგვიანებით იყო “ვერცხლის ნიმფა” ფილმისათვის “ცოდვის შვილები” 1991 წელს. იმავე წელს მიიღო იაპონიის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი, პრიზები საუკეთესო სცენარისა და რეჟისურისათვის – თბილისის “ოქროს არწივის” ფესტივალზე 1992 წელს. გრან-პრი ანაპის ფესტივალზე “კინოშოკი” – ფილმისათვის “სამოთხის გვრიტები”(1997 წელი). ამავე ფესტივალზე 1998 წელს “ლუკას სახარებამ” აიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის.

მისი პირველი წიგნი “წერილი ნაძვებს” 1980 წელს გამოიცა. მას მოჰყვა “ბინდისფერი ხეობა”, “ადამიანთა სევდა”, “შემინახე, დედაო მიწავ” და ა.შ. ყველა ფილმი თუ მოთხრობა მშობლიურ გუდამაყარს ეძღვნება და მისდამი უდიდესი სიყვარულითაა გაჟღენთილი. მის ნაწარმოებებში ერთდროულად იგრძნობა სევდა და სიცოცხლის სიყვარული. როგორც თვითონ წერდა, “სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.”

გოდერძი ჩოხელის პირადი არქივი, წიგნები, პრიზები, ფოტოები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც ფართო საზოგადოებას ჯერ არ უნახავს, ყველა მათაგნმა დღეს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მოიყარა თავი.

ნინი წიკლაური (გამოფენის ორგანიზატორი): “ვფიქრობ, არ არის აუცილებელი ასეთი გამოფენა დავამთხვიოთ რაიმე თარიღს, რადგან ასეთი რამ არასდროს არ ყოფილა, ყველაფერი ასე ერთად თავმოყრილი. ბევრმა არც იცის ამ პრიზების შესახებ. საზოგადოებას და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობას აქ შეეძლება უკეთ ნახოს და გაიცნოს თითოეული მათგანი.”

გოდერძი ჩოხელი დღეს მისმა მეგობრებმა და კოლეგებმა გაიხსენეს.

ჩოხელიზაზა აბზიანიძე (მწერალი, პროფესორი): “არიან მწერლები, რომელთა წიგნებიც იმავე დღეს კვდება, როცა მწერალი მიდის ამქვეყნიდან. გოდერძის წასვლამ კი მაშინვე აგრძნობინა ქართველ მკითხველს, რომ რაღაც აუნაზღაურებელი დაკარგა. მას ჰქონდა სრულიად განსხვავებული მსოფლაღქმა, რომელიც იშვიათად ახასიათებს ქართველ ადამიანს. ის ძალიან სიღრმისეულად, ტკივილიანად ხედავდა ადამიანს და სწორედ ამ ხედვამ გამოძერწა მისი შემოქმედება.”

გამოფენის ორგანიზატრებს დიდი დახმარება გაუწია გოდერძი ჩოხელის ოჯახმა.

ნინო მელაშვილი -ჩოხელი: “ძალიან მიხარია, რომ დღეს ასეთი ფორმით გაიხსენეს გოდერძი. ჩვენთან ხშირად მოდიან ოჯახში და გვთხოვენ, ვაჩვენოთ სხვადასხვა პრიზები თუ ფოტოები, მაგრამ ჩვენ სახლში არ არის ამის შესაძლებლობა. გოდერძის შემოქმედება არაა ჩვენი ოჯახის საკუთრება. ეს საქართველოს საკუთრებაა და ვფიქრობ, სახელმწიფოსგან უნდა არსებობდეს რაღაც მექანიზმი, რომ შევძლოთ მისი შენარჩუნება. თუნდაც თარგმანის მხრივ მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს გარკვეული ხელშეწყობა. იაპონურ ენაზე ითარგმნა მისი “დავიწყების მდინარე”, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოგვიტანა ავტორმა. იაპონელმა ქართველოლოგმა გოდერძის ნაწარმოები ჟურნალ “შუაღამისას” თხოვნით თარგმნა და იაპონელმა მკითხველმა ძალიან კარგად მიიღო ნაწარმოები. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი გოდერძის შემოქმედების დასაფასებლად.”

გოდერძი ჩოხელი უკვე ოთხი წელია, რაც “სულეთის ქვეყანაში” გადავიდა, მაგრამ მისი შემოქმედება ოდნავადაც არ კარგავს აქტუალურობას. პირიქით, მის მიერ დატოვებული ნაწარმოებები თუ ფილმები თანდათან უფრო დასაფასებელი ხდება. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი სწორედ ისე დარჩა, როგორც თავად წერდა ლექსში:

მე კი დავრჩები ქვეყანას
ჭრელ-ჭრული ყვავილივითა,
თავ-თმაზე შემოსაწნავად,
ნეფიონთ გვირგვინივითა,
სიკვდილ-სიცოცხლის შემკვრელად
ოქროს საამო მძივითა,
დავრჩები გასახსენებლად
ლამაზი სიკვდილივითა.

სალომე ლილუაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

3 კომენტარი »

  • ლიკა says:

    სალომე,მომწონს შენი სტატია… მიყვარს უზომოდ გოდერძი ჩოხელიც და მისი შემოქმედებაც… ახლა ამ არაჩვეულებრივი მოღვაწის ერთი ფრაზა მახსენდება, რომელსაც ხშირდ ვუმეორებ ხოლმე ჩემს საყვარელ ადამიანს: “მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის”… ღმერთმა ქნას ქართველ ხალხს ბოლომდე შეეთვისებინოს მისი შემოქმედება,შენ ი ბევრ და დიდ წარმატებებს გისურვებ…

  • სალომე says:

    დიდი მადლობა :)

  • ლია says:

    didi madloba dzalian kargi statia.mravali goderdzi saqartveloshi…..

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.