მთავარი » კულტურა

გოდერძი ჩოხელის ფილმი „ლუკას სახარება“

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2022 | 2,963 ნახვა

ყველამ ვიცით, თუ რამდენად რთული იყო საქართველოს ცხოვრება კომუნისტური რეჟიმის პირობებში. საბჭოური ეპოქის თავისებურებებს არაერთი მოთხრობა თუ ფილმი მიეძღვნა. წინამდებარე მეთოდურ სტატიაში საუბარი იქნება ერთ ფილმზე, რომლის მიზანია კიდევ ერთხელ დაგვანახოს კომუნისტური რეჟიმის ნამდვილი სახე.

ვფიქრობ, ქართულის მასწავლებლებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ამ ფილმის ნახვა და საგაკვეთილო სივრცეში გამოყენება ისეთ საპროგრამო მოთხრობასთან, როგორიცაა „კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა“. როგორც ვიცით, ამ მოთხრობაში ირონიისა და იუმორის მეშვეობით აღწერილია ადამიანების ბედი საბჭოთა საქართველოში.

კადრი ფილმიდან

ფილმი „ლუკას სახარება“ გადაღებულია 1997 წელს, რომელშიც აღწერილია ერთი სოფლელი ბუჭუნას, ლუკას, საკმაოდ მძიმე ისტორია. იგი დედით და მამით ობოლია, მისი ერთადერთი იმედი და მარჩენალი მხოლოდ ბებიაა. ფილმში მთავარ როლს ასრულებს გოდერძი ჩოხელის შვილი, ლუკა ჩოხელი.

ერთხელ გოდერძის ჰკითხეს: „ასეთი მძიმე როლისთვის როგორ გაიმეტე შვილიო? – აბა, სხვის შვილს ხომ ვერ გავიმეტებდიო,”- უპასუხა.

ფილმში აღწერილია ავტორიტარი, დესპოტი დირექტორი, რომელიც სიმკაცრით გამოირჩევა, როგორც ბავშვების, ასევე მასწავლებლების მიმართ. მას შემდეგ, რაც გაიგებს რომ ქიმიის მასწავლებელი სიცხის გამო არ იყო სკოლაში, ამბობს, „სიცხეს მივცემთ მაგას ჩვენ“. დირექტორი ყოველდღე ზარის დარეკვამდე სკოლის ეზოში დააყენებდა მოსწავლეებს და უმოწმებდა ჩანთას, ჩაცმულობას და ვაი, მას, თუ რომელიმე წესს დაარღვევდა, როზგით ისჯებოდა. მას შეეძლო მოსწავლეები უბრალო მიზეზის გამო დაესაჯა. ერთი მოსწავლე იმის გამო დასაჯა, რომ არ ეცვა სკოლის ფორმა, რადგან დედამ გაურეცხა და ვერ მოასწრო გაშრობა. ამის გამო ბავშვი კოჭებში 10 როზგით დასაჯეს.

ერთხელაც დირექტორმა ერთ მოსწავლეს ყველი და პური აღმოუჩინა, მან როგორც ყველაზე დისციპლინურმა ადამიანმა, უთხრა: „რა არის ეს, საყველპუროდ დადიხარ აქ?“. ამის გამო მოსწავლე საშინლად გაროზგეს კოჭებში.

უმძიმესი კადრი ფილმიდან

ფილმის მთავარი გმირი კი 2-ჯერ გახდა ულმობელი დირექტორის „მსხვერპლი“, ერთხელ როცა სახარება უპოვა, სასტიკად გაკიცხა, „ქრისტეს მონა“ უწოდა და 30 როზგით დასაჯა ამხანაგების თვალწინ. მან ლუკას წაართვა სახარება, ის მისთვის ძალიან ძვირფასი იყო, რადგან მამამისის სახსოვარი იყო. ლუკამ სთხოვა დირექტორს წიგნის დაბრუნება, მაგრამ მისგან სასტიკი უარი მიიღო. წადი ახლა, თორემ „აქედან დამეკარგე, თორემ მე ვიცი რა სახსოვარსაც მოგცემ“ და სკოლაში ბებიის მოყვანა სთხოვა.

ლუკა მეორედ ძალიან სასტიკად დაისაჯა იმის გამო, რომ გაბედა და აღდგომას სკოლაში წითელი კვერცხები მოიტანა უბით. ულმობელი დირექტორი საკუთარი ხელით გააკრავს ღვთის მორწმუნე ლუკას ჯვარზე. თანაკლასელები ლუკას სკოლის ეზოს შემოატარებენ და თან იძახიან „ქრისტე აღსდგა“. მართლაც, ძალიან მძიმე კადრია, თუ როგორი ნატანჯი და ემოციური სახე აქვს ფილმის მთავარ გმირს. მისი დასჯა გრძელდება მანამ, სანამ არ დაეცემა. ამ ფაქტის შემდეგ მას სკოლიდანაც გარიცხავენ. როცა ის სახლში ბრუნდება, ესმის ქალების ტირილი: „საცოდაობაა, აღარც დედა, აღარც მამა…“. ლუკა ცხოვრებაში ერთადერთ იმედსა და მარჩენალს, ბებიას, კარგავს.

ძალიან საინტერესო და ამაღელვებელია ფილმის დასასრული, რადგან ობოლ ლუკას სკოლიდანაც აგდებენ და გამზრდელი ბებიაც უკვდება, მაგრამ ამ მომენტში მანამდე გაჭირვების გამო გაყიდული საყვარელი ხარი – ნიკორა უბრუნდება და ბედნიერი ბიჭი ხართან ერთად ახალი ცხოვრების დაწყებას აპირებს: „ორივენი ვიმუშავებთ და ყველაფერი კარგად იქნებაო“. საოცარი იყო, გოდერძიმ იმედისა და სიძლიერის სიმბოლოდ ფილმში ხარი რომ გამოიყვანა და არც იცოდა, თურმე, ლუკას სახარების სიმბოლო სწორედ ხარი რომ ყოფილა.

1998 წელს ამ ფილმმა მიიღო პრიზი საუკეთესო სცენარისათვის, დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე „კინოშოკი“ (ანაპა).

ამრიგად, ამ ფილმის, როგორც სასკოლო რესურსის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოსწავლეებმა დაინახონ „კომუნისტური იდეოლოგის სახე“ და ამ რეჟიმის მორჩილი საზოგადოების ბედი. ასეთ ადამიანებს სისტემის შიში არ აძლევს საშუალებას თანაუგრძნონ და დაიცვან პატარა, ბედის ანაბარა დარჩენილი ბიჭი.

და მაინც, ერთი არაბული ანდაზისა არ იყოს „ „ადამიანები თავიანთ დროს უფრო ჰგვანან, ვიდრე საკუთარ მამებს“.

გამოყენებული წყარო:

  1. სტატიის ავტორი –  ირმა ხარშილაძე “არც კი ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, ეს ჯვარი რომ ვიტვირთე”. 2.https://www.kvirispalitra.ge/public/52866-qarc-ki-vici-stsorad-moviqeci-thu-ara-es-jvari-rom-vitvirtheq.html?all=1&add_new=0&reply=0

სტატიის ავტორი  – ანა ტყებუჩავა

     

      

    




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი