მთავარი » სხვადასხვა

გლობალიზაცია და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.02.2011 2 კომენტარი | 21,431 ნახვა

globalizacionკულტურა წარმოიშვა ჯერ კიდევ პირველყოფილ ეპოქებში, როცა ტექნიკური პროგრესი შრომის პრიმიტიული საშუალებებით იყო შემოფარგლული. მას თავისი განსაკუთრებული და უნიკალური დანიშნულება გააჩნია. ამრიგად, ადამიანის სულიერი ფასეულობებისთვის როგორც წარსულში, ისე დღეს სრულიად უნიკალური მნიშვნელობა აქვს. ხელოვნების ქმნილებები ყველა ხალხს მოეპოვება თავის ქვეყანაში. მაგრამ საჭიროა ადამიანი, რომელიც შეძლებს ამ ქმნილებათა დაფასებას, თავისი წინაპრების კულტურის გაფრთხილებასა და თაობიდან თაობისთვის გადაცემას.

ხშირად ისმის კითხვა, გლობალიზაცია კულტურისათვის უბედურების მომტანია თუ სიკეთის? რა მომავალი აქვს კულტურას გლობალიზებულ საზოგადოებაში? თუმცა, ალბათ, თავად საკითხის ამგვარად დასმა, – კულტურის გლობალიზაცია ბოროტებაა თუ სიკეთე, – არაკორექტულია, ვინაიდან გლობალიზაცია უკვე მოქმედი პროცესია, რომელიც ჩვენთვის ჯერ უცნობი კანონებით ვითარდება და პასუხის ძიება კითხვაზე: ,,ვინაა დამნაშავე?” – ვერ უშველის კულტურას, თვით გლობალიზაციასა და კაცობრიობას.

ბუნებრივი გარემო დიდ გავლენას ახდენს საუკუნეთა განმავლობაში მცხოვრები ხალხის მენტალიტეტზე, კულტურის თავისებურებებზე, ტრადიციებზე, ფოლკლორზე. აღნიშნული შეხედულების დამტკიცება ადვილად შესაძლებელია ბუნებრივი გარემოსა და მასში მცხოვრები ხალხის კულტურის თავისებურებათა განხილვის შედეგად. ცნობილი ქართველი ფილოსოფოსი ზურაბ კაკაბაძე წერს: ,,ბუნება რამდენადმე სხვადასხვაგვარია საქართველოს ფარგლებს შიგნით, ამის შესაბამისად, რამდენადმე სხვადასხვაგვარია სიმღერები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. როცა კახეთში ჩახჩახა მზით განათებულსა და მკვეთრად გამოკვეთილს, ცისაკენ ამაყად მზირალს, მხრებმაღალსა და ძვალმაგარ კავკასიონის მთებს შევყურებ, ასე მგონია, კახურ მრავალ-ჟამიერს ვისმენ, ხოლო იმერეთში ,,დაბინდულ ქლიავისფერი” მთების ხილვისას რამდენადმე სხვადასხვაგვარი მელოდია მომესმის – ნაკლებად მკვეთრი და ,,ჩახჩახა”, ნაკლებ შემართული, რიხიანი და ომახიანი, უფრო რბილი, ნიუანსობრივი, ნახევარ ტონებში ნათქვამი, ლირიული… ერთობ საგრძნობი და ხელშეუხებელია გურული ლანდშაფტისა და სიმღერების ურთიერთშესაბამისობა: მწვანედ აქოჩრილ, ხუჭუჭა მთებსა და გორაკებზე მკვირცხლად ,,მორბენალი”, მიხვეულ – მოხვეული ბილიკები და ნაკადულები შესანიშნავ ვიზუალურ ფონს ქმნიან კრიმანჭულიანი სიმღერებისათვის. იგივე შეიძლება ითქვას კახურ ,,მრავალჟამიერზე”, რაც გაშლილი ალაზნის ველისა და ამაყად აღმართული კავკასიონის მთების წიაღში შეიძლება დაბადებულიყო. მეგრულ-კოლხური ნაზი სიმღერები სუბტროპიკული რბილი ბუნების წიაღში აღმოცენდნენ. ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ფოლკლორის, ხელოვნების ურთიერთმიმართების საკითხი ასევე მტკიცდება სვანური ,,ლილეოს,” იმერული ,,საპოვნელასა” და სხვა შემთხვევებშიც. საბოლოო ჯამში თითოეული სიმღერა ერთი მთლიანი ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია ბუნებისა და მის წიაღში საუკუნეთა მანძილზე მცხოვრები ხალხისა. ერის ფსიქოლოგიაზე, კულტურაზე გავლენას ახდენს ბუნებრივი გარემო.’’

ერების, კულტურების ხელოვნური შერწყმით, მათი გაქრობისაკენ სწრაფვით გლობალიზაციური პროცესების მმართველი მთავრობების საქმიანობამ კაცობრიობა შეიძლება მძიმე პრობლემების წინაშე დააყენოს. ამის სიმპტომები დღევანდელობაში მრავლადაა ტერორიზმის, ლოკალური კონფლიქტებისა და სხვათა სახით. ასეთ საშიშროებაზე ამახვილებს ყურადღებას უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რომელიც ახალი 2009 წლის წინა დღეებში წარმოთქმულ ქადაგებაში ამბობს: „ჩვენ ვცხოვრობთ საშიშ დროში, მსოფლიო გლობალიზაციის დროში. მე აგიხსნით იმას, თუ რა არის გლობალიზაცია. გლობალიზაციის დროს არსებობს სუბიექტი და ობიექტი… მაგრამ ჩვენ, ქართველმა ერმა უნდა ვიცოდეთ, რისი დათმობის უფლებაც არა გვაქვს – ყოველივე ის წმიდა, რაც ჩვენს მამა–პაპას ჩვენთვის დაუტოვებია.“

მართლაც, ეროვნული თვითმყოფადობა არის ის, რისი დაკარგვის უფლებაც არც ერთ ქართველს არ აქვს. „მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში სახელმწიფოთა პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები უწინდელ მნიშვნელობას კარგავს, რასაც თან სდევს ხალხებისა და კულტურების ასიმილირების რთული პროცესი, ამიტომ ეროვნული იდენტიფიკაციის უმთავრეს ფაქტორად კულტურული არეალიღა რჩება, მითუმეტეს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის, როგორიც საქართველოა. როგორც მისი უწმიდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი ილია მეორე თავის ერთ–ერთ ეპისტოლეში აღნიშნავს:

,,საქართველო მხოლოდ მაშინ გადარჩება და დაიმკვიდრებს ღირსეულ ადგილს მსოფლიოში, თუ ის, თავის ტრადიციებზე დაყრდნობით, შექმნის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მიღწევებზე დაფუძნებულ ქართულ სახელმწიფოს.

ამ ორივე პირობის შესრულება მეტად მნიშვნელოვანია ჩვენი არსებობისა და შემდგომი განვითარებისათვის. თუნდაც ერთ-ერთი მათგანის მოკლება უმძიმესი შედეგის მომტანი იქნება ქვეყნისათვის.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება, რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას.

კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაშიც.

გლობალიზაციის პროცესი ბუნებრივად იწვევს იმ ხალხებისა და კულტურების ასიმილაციასა და ზოგჯერ სრულ გაქრობასაც, რომელნიც ვერ გამოიმუშავებენ სათანადო იმუნიტეტს, მაგრამ ეს არ არის ახალი მოვლენა.

ისტორიულად ცნობილი ყველა დიდი იმპერია ცდილობდა განეხორციელებინა გლობალიზაციის ერთგვარი პროცესი. დღეს კი ამან საყოველთაო ხასიათი მიიღო. ჩვენ არ უნდა შეგვეშინდეს ინტეგრაციისა, რადგან წარსულის დიდი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, რომ საუკუნეთა მანძილზე ქართული კულტურა არაერთი უძლიერესი იმპერიის გავლენას განიცდიდა, მაგრამ ღვთის განგებითა და ჩვენი წინაპართა ძალისხმევით არასდროს დაგვიკარგავს თვითმყოფადობა.

ეს დღესაც უნდა შევძლოთ.’’ (თბილისი, 2006 წ, სააღდგომო ეპისტოლე.)

დღეს მსოფლიოს ყველა ეთნოკულტურა დგას უდიდესი გამოცდის წინაშე, რათა როგორმე შეძლონ და არ დაკარგონ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა.
ერთი რამ ცხადია: ჩვენ, ქართველმა ერმა, უნდა გადავლახოთ ჩვენ წინაშე მდგარი მსოფლიო ერთიან სივრცეში უნიფიცირების უდიდესი საფრთხე, უნდა მოვარგოთ გასაღები შექმნილ საერთაშორისო მდგომარეობას და უნდა შევძლოთ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნება. უნდა ვისწავლოთ გამორჩევა ძირითადისა მეორე ხარისხოვანისაგან. ჩვენი ერის წინაშე მდგარი უმთავრესი საფრთხე მსოფლიო გლობალიზაციის პირობებში ჩვენი ეროვნული თვითშეგნების დაკარგვაში მდგომარეობს. ამასთან, ქართველმა ერმა კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თავად გლობალიზაცია არ შეიძლება იყოს ქართველი ერის არც მტერი და არც მოყვარე, რამეთუ იგი წარმოადგენს მსოფლიოში არსებული ნებისმიერი ერის მსოფლიოს ერთიან სივრცეში ინფორმაციული, სავაჭრო, ფინანსური, ეკონომიკური ინტეგრირების ობიექტურად აღძრულ პროცესს. გლობალიზაცია არის ცივილიზაციის განვითარების შედეგი და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც აქტიურად გამოხატული მოვლენა, თავისი არსებობის სულ რაღაც ათ–თხუთმეტ წელიწადს ითვლის, დღეს უკვე წარმოადგენს იმ საერთაშორისო გარემოს, რომლის წინაშეც (მიუხედავად იმისა, აქვს ამის სურვილი ვინმეს თუ არა) მაინც მოუწევს მსოფლიოს ყველა ერსა და ეთნოსს გამოცდის ჩაბარება თავისი ეთნოკულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე. ის ერი, რომელიც ვერ ჩააბარებს აღნიშნულ გამოცდას, დაკარგავს თავის თავს. ხოლო ვინც შეძლებს ისე მოახდინოს თავისი ეროვნული სხეულის ინტეგრირება მსოფლიოს ერთიან ინფორმაციულ, სავაჭრო, ეკონომიკურ თუ ფინანსურ სივრცეში, რომ თავისი ეროვნული თვითმყოფადობა არ დაკარგოს, გამოვა გამარჯვებული.

ჩვენ ვალდებული ვართ, დავიცვათ ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობა და ამ ბრძოლაში ჩვენი მიზანი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი – გამარჯვება.
იმის გასაცნობიერებლად, თუ რა არის საჭირო, რათა ქართველი ერი შექმნილი ურთულესი მდგომარეობიდან გამოვიდეს, კვლავ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის სიტყვები გვასწავლის: ,,აუცილებლად რაღაც ისეთი იდეა უნდა გვქონდეს ერს, ხელისუფლებას, ეკლესიას, რომელსაც გაჰყვება ჩვენი ერი, რომელსაც ხელში აიტაცებს, როგორც ძვირფას საუნჯეს და ამით შეაბიჯებს მომავალში’’ (2004 წლის 28 ნოემბრის ქადაგება). სწორედ მშობელი ერისა და სამშობლოსადმი ერთგულება არის ის ერთადერთი იარაღი, რომელსაც შეუძლია ერის, ეკლესიისა და ხელისუფლების გაერთიანება.

არ შეიძლება გლობალიზაციის პროცესის დადებითად, ან უარყოფითად შეფასება, რადგან ის შეიცავს როგორც პოზიტიურ, ასევე ნეგატიურ თვისებებსაც. ერთის მხრივ, აცხადებენ, რომ გლობალიზაცია მიმართულია გაერთგვაროვნებისაკენ და ცხოვრების წესის სტანდარტიზაციისაკენ, რაც თავისთავად გულისხმობს კულტურათა ორიგინალობის გაქრობას. მეორე მხრივ, არსებობენ საზოგადოებები, რომელთათვისაც გლობალიზაცია წარმოადგენს განვითარებისა და მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრების კარგ საშუალებას. ძირითადად ეს ეხებათ მცირე კულტურებს. ამდენად, აუცილებელია განიხილოს სხვადსხვა საზოგადოების დამოკიდებულება და რეაქცია გლობალიზაციისადმი, რადგან იგი ხელს შეგვიწყობს, უკეთ გავაანალიზოთ პროცესის არსი, შეძლებისდაგავარად მკვეთრად გამოვყოთ საქართველოსათვის, თუ რა შეიძლება აღმოჩნდეს დადებითი და რა – უარყოფითი, რადგან ის, რაც მისაღებია ერთისათვის, მიუღებელია მეორესთვის. სხვათა გამოცდილების გაანალიზება და შესწავლა საშუალებას მოგვცემს, ჩამოვაყალიბოთ გლობალიზაციისადმი საკუთარი მიდგომა.

ზოგადად კი, გლობალიზაცია არის პროცესი, რომელიც მსოფლიოს დავიწროებას ახდენს. დედამიწას ,,პატარა დიდი სოფელი” შეიძლება ეწოდოს. ეს არის ერთიანი ,,მსოფლიო.” მსოფლიო საზოგადოება წარმოადგენს არა მეგასაზოგადოებას, რომელიც თავის თავში აერთიანებს და აქრობს ყველა ნაციონალურ საზოგადოებას, არამედ მრავალფეროვნებით გამორჩეულ და ინტეგრაციას დაუქვემდებარებელ მსოფლიო ჰორიზონტს, რომელიც იღება მაშინვე, როცა ის იქმნება და ამასთან, ინარჩუნებს კომუნიკაციისა და მოქმედების თავისუფლებას.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი