მთავარი » ქრისტიანობა

ღირსი შიო დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის მამათა მონასტერი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 09.05.2017 | 12,349 ნახვა

სარკინეთი ძამის ხეობა შიდა ქართლში, ქარელის რაიონში, ერთ-ერთი ულამაზესი და სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილია. X საუკუნეში აქ ყოფილა რეზიდენცია ძამის მთავრის ადარნასესი, რომელსაც მონაწილეობა მიუღია საქართველოს სამთავროების გაერთიანებისთვის ბრძოლაში. თამარ მეფის დროს ძამის ხეობა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სახელმწიფოს პოლიტიკურ-კულტურულ ცხოვრებაში. XIII-XIV საუკუნეებში ეს ხეობა მონღოლებმა ააოხრეს. XV საუკუნეში იწყება მისი აღდგენა და განახლება ზაზა ფანასკერტელის მიერ. რამდენიმე საუკუნე ეს ადგილი წირვა-ლოცვის ღვთაებრივ მადლს მოწყვეტილი იყო. 1996 წლის 21 ოქტომბრიდან წმინდა სინოდის განჩინებით ურბნისისა და რუისის ეპარქიის მმართველად დაინიშნა მეუფე იობი (აქიაშვილი). მეუფე იობის დამსახურებაა ურბნისის და რუისის ეპარქიაში საეკლესიო ცხოვრების აღორძინება. ეპარქიაში შემავალ თითქმის ყველა სოფელში აღადგინეს ძველი და ააშენეს ახალი ეკლესიები. დაფუძნდა მამათა და დედათა მონასტრები, სასულიერო სასწავლებლები. მათგან აღსანიშნავია, კლდეში გამოკვეთილი ღირსი შიო დიდი საკვირველთმოქმედის სახელობის სარკინეთის მამათა მონასტერი. XIV საუკუნის შემდეგ ეს გახლავთ პირველი კლდეში ნაკვეთი ტაძარი: რომლის სიმაღლე 7,5 მეტრს, სიგრძე 13 მეტრს, ხოლო სიგანე 6 მეტრს შეადგენს. ტაძარში მოხვედრა 5 მ-იანი დერეფნის გავლითაა შესაძლებელი. დღეს აქ მამათა მონასტერი ფუნქციონირებს, დაახლოებით ცხრამდე ბერი ცხოვრობს მონასტერში, სრულდება ყოველდღიურად ტიბიკონი. მამა ანუბი მონასტერს აქვს თავისი მეურნეობა და არსებობს ყველანაირი პირობა იმისა, რომ „ადამიანმა იცხოვროს ღვთის სადიდებლად და საკუთარი სულის საცხონებლად“.

ინტერნეტჟურნალი „ამბიონი“ ესაუბრა მღვდელ-მონაზონ ანუბის (მენაღარიშვილს), რომელიც გახლავთ სარკინეთის მამათა მონასტრის წინამძღვარი.

– მამაო, გვიამბეთ მონასტრის მშენებლობის შესახებ…

– ეს არის სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მამათა მონასტერი და პარალელურად გახლავთ მეუფე იობის რეზიდენცია. 2008 წელს მეუფე იობის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ კლდეში გამოკვეთილიყო ტაძარი. მონასტერი მდებარეობს ქარელის რაიონის სოფელ ელბაქიანთკარში. მოგესენებათ, რომ ჩვენს წინაპრებს კლდეებში ტაძრების კვეთის საუკუნოვანი ტრადიცია ჰქონდათ, ამის ბევრი ანალოგია ვარძიაში, გარეჯში, უფლისციხეში და სხვ. თუმცა, როგორც ამბობენ ისტორიკოსები, დაახლოებით XIV საუკუნიდან ასეთი რამ აღარ გაკეთებულა. ამიტომ მეუფეს გაუჩნდა სურვილი რომ ჩვენ ჩვენი წინაპრების დაწყებული საქმე გაგვეგრძელებინა და მისი ლოცვა-კურთხევით დაიწყო კლდეში ტაძრისკვეთა. სარკინეთის მოხატულობა დაახლოებით ორ წელიწადში გაკეთდა გამოქვაბული და ჩამოისხა ტაძარი. მეცნიერები ამ ზომის ტაძრის მშენებლობას არ თანხმდებოდნენ, რადგან ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ კლდე ჩამოწოლილიყო თუმცა ჩვენ პირველ რიგში მეუფის ლოცვა-კურთხევას და რწმენას მივენდეთ და სწორედ რწმენის ნაყოფია ეს ტაძარი.

– კლდეში გამოქვაბულს აქვს ასეთი თვისება, რომ შიგნით ყოველთვის არის მუდმივად ერთი ტემპერატურა. აქ როგორი ტემპერატურაა?

– ტაძარი ამ მხრივაც გამორჩეულია, რადგან თითქმის ყოველთვის ტემპერატურა 11 გრადუსამდე აღწევს შესაბამისად ზაფხულში მუდმივად გრილა ხოლო ზამთარში სითბოს საჭიროება ნაკლებადაა.

-როდის დაიწყო და რამდენ ხანს გაგრძელდა მშენებლობა?

– ტაძრის კვეთა დაიწყო 2008 წელს, თუმცა შემდეგ რიგი მიზეზების გამო პერიოდულად ჩერდებოდა, საბოლოო ჯამში თითქმის ორწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ 2011 წლის 20 ოქტომბერს ტაძარი იკურთხა. აქვე მინდა ხაზი გავუსვა არქიმანდრიტ საბას (ჟღენტის) უზარმაზარ წვლილს ამ ტაძრის აშენებაში. უნდა აღინიშნოს ისიც რომ ეკლესია გალესილია კირითა და კვერცხით, ჩვენი წინაპრების საუკუნოვანი ტრადიციების შესაბამისად.

-მამაო, ვინ ხატავს ტაძარს?

– თითქმის ერთი წელია რაც დავიწყეთ ტაძრის მოხატვა, ღვთის შეწევნითა და ჩვენი ვარაუდით გვაქვს სურვილი რომ იგი წელს სრულიად მოიხატოს. ტაძარს ხატავს პროფესიონალი ხატმწერი ვასილ ზანდუკელი.

– ასეთი ტაძრის აშენება დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუ გეხმარებოდათ ვინმე?

– პირველ რიგში, გავუსვამ ხაზს მიტროპოლიტ იობის უზარმაზარ წვლილს რომელიც არაფერს იშურებდა იმისთვის რომ ეს ისტორიული საქმე აღსრულებულიყო, თავიდან ბოლომდე ეს ტაძარი არის ერთიანობის ნაყოფი შრომითაც და ფინანსურადაც. მშენებლობისას ძალიან დიდი გაჭირვება იყო, არ გვქონდა არანაირი მატერიალური რესურსი, მაგრამ იმ ერთობის სულმა რაც იყო თითოეულ ჩვენგანში გააკეთა ეს ყველაფერი. ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ კეთილ საქმეში, იწერებოდა მოსახსენებლები, გროვდებოდა თანხა, ვისაც როგორ შეეძლო ისე ეხმარებოდა მონასტერს. ამ ადამიანების ერთობამ ჩვენ ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია.

– აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ტაძარს კლდეშივე აქვს გარსშემოსავლელი, რას გვეტყვით ამის შესახებ?

სარკინეთი
– ზოგადად, ნებისმიერ ტაძარს სჭირდება ლიტანიობისთვის გარსშემოსავლელი, მაგრამ რადგან კლდე არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ დაგვერტყა წრე, ამიტომ გამოქვაბულშივე გაკეთდა კორიდორები, რომლებიც გვეხმარება რომ ტაძარს დავარტყათ წრე.

– მამაო, მრევლი აქაური მოსახლეობაა?

– დღესდღეობით სოფელში რამდენიმე ოსური ოჯახიღაა დარჩენილი, თუმცა ისინი არ გამოირჩევიან რწმენით და ჩვენთან სიახლოვით. თუმცა გვაქვს მეზობლური ურთიერთობა, ვეხმარებით ერთმანეთს შეძლებისდაგვარად. მონასტერს ჰყავს მრევლი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან. სარკინეთს ასევე სტუმრობს მომლოცველები და ტურისტები. ძალიან ბევრ ადამიანს იზიდავს და აინტერესებს ის რაც გაკეთდა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს არის საქართველოს თანამედროვე ისტორია და ჩვენი წინაპრების საქმის გაგრძელება.

– წირვა-ლოცვა რამდენი ხანია რაც აღევლინება?

– ტაძარში დღიდან გახსნისა ყოველდღიურად აღესრულება მონასტრული ტიბიკონი, ტარდება ყველა მსახურება, მათ შორის წირვაც.

– მამაო, რა ეტაპზეა ამჟამად სამშენებლო სამუშაოები?

– მონასტერში მუდმივად მიმდინარეობს სამშენებლო და კეთილმოწყობითი სამუშაოები, ამჟამად სრულდება გალავნის მშენებლობა, თუმცა ტაძარი საჭიროებს ეზოს კეთილმოწყობას. წინ უამრავი გეგმა გვაქვს და ვცდილობთ ეს გეგმები რეალობად ვაქციოთ.

მოამზადა ლელა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი