მთავარი » ქრისტიანობა

გიორგობა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.11.2018 7 კომენტარი | 43,764 ნახვა

ეკლესია წმიდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს : 23 აპრილს (6 მაისს) – წმიდანის აღსრულების დღეს და 10 (23) ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.

გიორგობა გიორგობის დღესასწაულის და წმიდა გიორგის ღვაწლის შესახებ “ამბიონს” სიონის ტაძრის დეკანოზი მამა გიორგი სანამაშვილი ესაუბრა.

მამა გიორგი: “წმიდა მთავარმოწამე გიორგი მოღვაწეობდა იმპერატორ დიოკლეტიანეს დროს, მესამე საუკუნის ბოლოს და მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში.

წმიდა გიორგის ეპოქა შეეჯახება ორ დიდ სარწმუნოებას, კერძოდ, კერპთაყვანისცემლობას და მართლმადიდებლობას, რა დროსაც მოწამეს უხდება აღიაროს საჯაროდ ქრისტე, რომლის გამოც არაერთ განსაცდელს შეამთხვევენ მას.

დიდმოწამე გიორგი რომის არმიაში წარჩინებული მხედართმთავარია, დიდი ავტორიტეტის და გავლენის მქონე. დიოკლიტიანე მას დამატებით სამეფოს ნახევარს სთავაზობს, ოღონდ გიორგიმ დათმოს მისი სარწმუნოება – ქრისტე.

რისთვისაც მოწამე, გიორგი პასუხობს: “ჩვემთვის ცხოვრებაა ქრისტე და სიკვდილი შესაძინელ”. ანუ მოწამემ უშიშრად აღიარა ჭეშმარიტება და თქვა, რომ ქრისტიანობა მისი ცხოვრების წესია, რომ უნდა განაშოროს იგი ქრისტეს სარწმუნოებას, როგორც ამას პავლე მოციქული ამბობს: “რამ განმაშოროს ქრისტეს ჭირმან, ანუ იწროებამან, შიშმან ანუ დევნულებამან,”და ახოვანმა მოღვაწემ თავი მიუშვირა ჯალათის მახვილს.

არაერთი წამების მოწმე გახდა წმიდანი, ხან ურმის თვალზე დააკრეს, ხან გავარვარებულ კირის ღუმელში მოათავსეს, ხან რკინის ჩექმები ჩააცვეს, რომელშიც წვერწამახვილებული ლურსმნები იყო დამაგრებული, რათა დაჩხვლეტოდა ფეხები და ისე არბენინეს. მაგრამ ყოველი წამების დროს წმინდანს თავად ქრისტე აძლიერებდა და სასწაულებრივად განკურნავდა.

დიოკლეტიანეს უმთავრესმა ქურუმმა გრძნეულმა ხერხს მიმართა და მეფე დიოკლეტიანეს სთხოვა ებრძანებინა წმინდანისათვის მკვდრის გაცოცხლება, წმიდანმა კი ქრისტესადმი ლოცვით აღადგინა მკვდარი.

მოგეხსენებათ, რომ წმიდა გიორგის მთელი მსოფლიო სცემს თაყვანს მაგრამ წლის განმავლობაში 23 ნოემბერს და 6 მაისს (თარიღები ნაჩვენებია ახალი სტილით) მხოლოდ საქართველოს მართლამდიდებლური ეკლესია აღნიშნავს.
ეს მეტყველებს იმაზეც, რომ საქართველოში წმინდანს განსაკუთრებით სცემენ თაყვანს.

23 ნოემბერს მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესია წმიდანის ბორბალზე წამებას აღნიშნავს, 6 მაისს კი მისი თავის კვეთას მხოლოდ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს. საქართველოში რომ განსაკუთრებულად დიდ პატივს მიაგებენ წმინდანს ეს XVIII საუკუნის ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვებიდანაც ჩანს. “არა არს საქართველოში არცა მთანი და არცა მაღალნი ბორცვნი სადაცა არ იყოს ტაძარნი ანუ ნიშანი წმიდისა გივარგისანი”.

გვიამბეთ ამბავი წმიდა გიორგის შეწევნის შესახებ…

წმიდანის წამების შემდეგ, როდესაც მან სული უფალს შეავედრა, ერთ ქალაქში, რომელსაც ლასია ეწოდებოდა, მეფობდა სელინოსი, რომელიც იყო უკეთური, კერპთმსახური, ულმობელი ქრისტიანების მიმართ. მეფე სელინოსს მშვენიერი ასული ჰყავდა.

ქალაქს პატარა ტბა ჰქონდა. ტბის მახლობლად ურჩხული ბინადრობდა, მეფემ მოიწვია ქალაქის მთავრები და ხალხთან კრება გამართა. გადაწყვიტეს, ყოველწელიწადს თითო ოჯახიდან ასული მიეცათ ურჩხულისათვის და ასეც მოხდა. მრავალმა ადამიანმა გაიმეტა მისი ერთადერთი ასული ურჩხულისათვის, რომ მას ქალაქი არ დაენგრია. ბოლოს მეფის ასულზეც მიდგა ჯერი და როდესაც შეწუხებულმა მეფემ ტირილით გააცილა ტბისკენ მისი მშვენიერი ასული, რათა ურჩხული დაუფლებოდა მას, ტბიდან თეთრი ცხენოსანი ჭაბუკი გამოვიდა ლამაზად აღკაზმული მხედარი, რომელსაც თოკით შეკრული ურჩხული წყლიდან გამოყვა და ჭაბუკმა თოკი ასულს გაუწოდა რათა დამარცხებული ურჩხული თავად ასულს მიეყვანა ქალაქში, ხალხის საჩვენებლად და ჭაბუკი გაუჩინარდა. როდესაც მეფემ დაინახა ქალიშვილი დამარცხებულ ურჩხულთან ერთად გაოცებამ შეიპყრო იგი და მთელი ქალაქი. ხოლო როდესაც დაიწყეს ძებნა იმ ახოვანი ჭაბუკისა, რომელსაც ეს დიდი გმირობა ჩაედინა, მაშინ ერთ-ერთ ქრისტიანული ტაძრის ფრესკაზე ამოიცნეს ის ჭაბუკი, წმიდა გიორგი.

სად ინახება წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები?

წმიდა გიორგის წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქალაქში არის შემონახული, მაგრამ მუხლის ნაწილი წლების განმავლობაში ინახებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში, ხოლო როდესაც წმინდა სამების საკათედრო ტაძარი იკურთხა, მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის ლოცვა-კურთხევით მუხლის ნაწილი სამებაში იქნა დაბრძანებული. საგულისხმოა წმინდა გიორგის უკანასკნელი ლოცვა ქრისტესადმი, იგივე თხოვნა და ანდერძი, სადაც ის მაცხოვარს თხოვს: “შემხებელი ჩემს ნაწილზე, სარწმუნოებით განკურნე და თითოეული ნაწილი ძვლისა ჩემისანი ჰკურნავდეს სარწმუნოებით შემხებელ სნეულს”. და ეს მართლაც, რომ ასე ხდება. მრავალი ადამიანი განკურნებულა წმინდანის ნაწილთა შეხებით.

ყველას გილოცავთ მთავარმოწამე გიორგის უდიდეს დღესასწაულს, ღმერთმა წმიდა გიორგის მეოხებით დაიცვას და დაიფაროს სრულიად საქართველო ამინ!

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

  • ნინა says:

    წმიდა გიორგის სიკვდილისწინა ლოცვა-ვედრება ღმრთისადმი

    უფალო ღმერთო ჩემო, რომელი ხარ შემოქმედი ყოველთა საუკუნეთაი, რომლისა მიმართ მოვივლტოდე სიყრმით ჩემითგან, რომელი უწინარეს თხოვისა მისცემ ნიჭთა შენთა მოყუარეთა შენთა, ყოვლად ძლიერო და სახიერო და კეთილო ქრისტეანეთა სასოებაო და უტყველო მონათა შენთაგანთა აღთქმაო, რომლისა-ეგე დიდებაი გამოუთქმელ არს და სუფევაი დაუსრულებელ, შენ, უფალო, ისმინე ჩემი, რომელმან მომმადლე მე ღვაწლსა ამას წამებისასა ვიდრე აღსასრულამდე სრულყოფაი და ტანჯვათა შინა მოთმინებაი. აწცა, სახიერო, შეიწყნარე სული ჩემი და იხსენ იგი ეშმაკთა მათგან განმკითხველთა, რომელნი არიან ჰაერთა შინა, და სათნოთა შენთა თანა შემრაცხე მე და შეუნდვე წარმართთა ამათ, რაოდენიცა რაი ძლიერი ყვეს ჩემდა მომართ და ნეტართა მათ მონათა შენთა, რომელნი-იგი სახელისა შენისათვის იწამნეს, და განანათლენ ესენი ცნობითა ჭეშმარიტებისა შენისაითა, რამეთუ ყოველთა კაცთა გნებავს ცხორებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაი.

    მოხედე, უფალო, სიმდაბლესა ზედა ჩემსა და მომმადლე თხოვაი ესე ჩემი, რომელსა ვითხოვ შენგან, რამეთუ ვინაითგან მრავალნი ვლიან, რათა მიიღონ ძვალთა ჩემთაგან, ამისთვის შეუვრდები მოწყალებასა შენსა. მოეც, უფალო, მადლი ძვალთა ჩემთა, რათა ყოველი კაცი, რომელი სარწმუნოებით იხილვიდეს და შეიმთხვევდეს, მოაქვნდეს მას მადლი და კურთხევაი და შენდობაი ცოდვათაი. და უკეთუ ვინმე ჩვენებასა იხილვიდეს ანუ დგეს საშჯელსა შინა საშინელსა და მოიხსენოს სიმდაბლე ესე ჩემი, ყავ განთავისუფლებაი მისი, თვინიერ ჭირისა და განსაცდელისა. და რაჟამს მოიღრუბლოს ცათა სეტყვად ქვეყანისა და მოიხსენონ მუნ მდგომარეთა წამებაი ესე ჩემი, ნუ მივალნ ადგილსა მას ჰაერი მავნებელი, არამედ ცვარი მშვიდობისაი იყავნ საკურნებელად მათა. უფალო, ღმერთო, მოეც მადლი, რომელი იხსენებდეს წამებასა ღვაწლისა ჩემისასა და ნუ იყოფინ შეკრვაი სულთა და ხორცთა მათთაი, ნუცაღა კეთროვანებაი ასოთა მათთა, ანუ თუ სხვაი რაიმე წყლულებაი, რომელი იყოს მტერისა მიერ, არამედ მიუტევენ შეცოდებანი მათნი და განკურნენ სალმობანი მათნი, ვითარცა სახიერმან და კაცთმოყვარემან ღმერთმან, რამეთუ შენ მხოლომან უწყი, ვითარმედ ხორც და სისხლ არიან და შენ თავადმან იცნი ალაგნი კაცთანი და შენ უწყი, უფალო, მაცთური მათი მტერი და სიბოროტე მისი, რომელი-იგი შემუსრე ქვეშე ფერხთა მათთა ადრე. და ნუ იყოფინ ბრალი და ბიწი ყოველი, რომელი იკითხვიდეს, გინა ისმენდეს წამებასა ჩემსა. გარდამოუვლინე, უფალო, შეწევნაი მვედრებელთა შენთა და მიეც მათ შიში შენი და სურვილი წმიდათა შენთა სიყვარულისაი, რათა აღასრულებდენ სახსენებელსა მათსა და მიემსგავსნენ სარწმუნოებასა მათსა, რათა ღირს იქმნენ მათ თანა ცხორებასა ზეცისასა და სუფევასა საუკუნესა, რამეთუ შენი არს სუფევაი, ძალი და დიდებაი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

  • მანანა says:

    გიორგობას გილოცავთ ჩემო საყვარლებო!!!წმინდა გიორგის მადლი, წყალობა,შეწევნა არ მოგვკლებოდეს!!!-,,დიდება უფალს!!!წყალობა ჩვენ!!!”

  • თათია says:

    ყველას გილოცავთ დაგვიანებით გიორგობას, მისი მადლი და წყალობა არ მოგკლებოდეთ. უფალმა შეგიწიროთ

  • lela says:

    იხსენი და გადანარჩინე წმინდა გიორგი ამ უფსკრულიდან და ჯოჯოხეთიდან ამ წუთში რომ მჭირს.გევედრები გადამარჩინე და მიწყალობე მშვიდობიანი კერა

  • გიორგი says:

    წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევაშემოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი (+303).

    ხსენების დღეა 10 (23) ნოემბერი – ბორბალზე წამების დღე და 23 აპრილი (ახალი სტილით 6 მაისი) – თავისკვეთის დღე.

    23 აპრილს (ახალი სტილით 6 მაისი) პარასკევს, დილის 7 საათზე წმინდა დიდმოწამე გიორგის იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.

    ტროპარი: ტყვეთა განმათავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლო, ღვაწლით შემოსილო, დიდო მოწამეო გიორგი, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის.

    ტროპარი: ნათელ-ჰყავ შვიდ-წილ სამყარო ახოვნად, ღუაწლნი რა თავს ისხენ, დიდო მოწამეთა მთავარო მხნეო გიორგი; ამისთვის გევედრებით: გვიხსენ ჭირთაგან და მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა.

    ტროპარი: იღუაწე შენ ფრიად ქრისტესთვის და სარწმუნოებისა მისისა, და ვნებანი იგი ფიცხელნი დაითმინენ, და ამხილე მძლავრთა უღმრთოებასა, ხოლო მსხვერპლად ღმრთისა კეთილშეწყნარებულად შეიწირე; ამისთვისცა გვირგვინი ძლევისა მიიღე და აწ მეოხებითა შენითა, წმინდაო მოწამეო გიორგი, მოგვანიჭებ ყოველთა ცოდვათა მოტევებასა.

    კონდაკი: მოიმუშაკე ღმრთისა მიერ და გამოსჩნდი მუშაკად პატიოსნად ღმრთის-მსახურებისა გიორგი, და სათნოებათა მჭელეული შეუკრიბე თავსა შენსა, რამეთუ ცრემლით სთესე და სიხარულით მოიმკე, სისხლი დასთხიე და მოღვაწებითა ქრისტე შეიძინე, და აწ მეოხებითა შენითა იხსნი სიკუდილისაგან სულთა ჩუენთა.

    http://www.orthodoxy.ge/lotsvani/troparebi/anbani/gani

    http://www.orthodoxy.ge/lotsvani/troparebi/tarigi/aprili.htm

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.