გიორგი ღვინჯილიას ხატწერა
ინტერნეტჟურნალი “ამბიონი” პერიოდულად გაცნობთ ხატმწერებს და მათ ნამუშევრებს. გაგაცნობთ 19 წლის ახალგაზრდა ხატმწერს – გიორგი ღვინჯილიას. გიორგის ხატწერა 200-მდე ხატს ითვლის, იგი შეკვეთებსაც იღებს. გიორგის მიერ დაწერილი ხატები სხვადასხვა ტაძრებშია დაბრძანებული – ბათუმში – წმ. ეკატერინეს სახელობის ტაძარში, სვანეთში – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში და სხვ. ამ ეტაპზე მუშაობს ჯვარცმის ხატზე, რომელიც წმინდა თორმეტი მოციქულის სახელობის მშენებარე ტაძრისთვისაა განკუთვნილი.
მოგვიყევით გიმნაზიაში ყოფნის წლებზე…
– წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის გიმნაზიაში 2007 წელს მივედი და 2015 წლამდე იქ ვცხოვრობდი. უპირველეს ყოვლისა, მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრის (შიოლაშვილი) და იღუმენია სიდონიას (დარჩია). ეს ადამიანები არიან საოცრად კეთილშობილები, ღვთისმიერნი. დიდ სიყვარულს ავლენენ გიმნაზიაში მყოფი თითოეული ბავშვისადმი. უამრავ კეთილ საქმეს აკეთებენ თითოეული ბავშვისა და ბევრი უმწეო ადამიანის კეთილდღეობისათვის. ამ ადამიანების წყალობით ცხოვრებისეული სკოლა გავიარე.
სად შეისწავლეთ ხატწერა?
– წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდში საგაკვეთილო პროცესისა და გახანგრძლივებული მეცადინეობის გარდა ფუნქციონირებს შემდეგი წრეები: ინგლისური ენის, ხატწერის, აკადემიური ხატვის, მოდელირების, გობელენის, კერვის, ქსოვის, მინანქრის, თექის, ჭადრაკის, კალათბურთის, ვიოლინოს, ფორტეპიანოს, სოლფეჯიოს, გალობის, ხალხური სიმღერებისა და ცეკვის, ხალხურ ინსტრუმენტებზე დაკვრის, ინფორმატიკისა და ხაზვის.
რა სირთულეები ახლავს ხატწერას?
არ შემიძლია არ ვახსენო ჩემი ხატვის მასწავლებელი – ნატალია ჭკუასელი და ოთარ დარჩია. ხატწერა გიმნაზიაში შევისწავლე, დედა თეკლამ (ბურჯანაძე) შემასწავლა. თეკლა უსაყვარლესი ადამიანია, კეთილი და მოსიყვარულე.
– ხატწერის შესწავლა ძალიან რთულია, მაგრამ ამავდროულად, დიდი სიხარულის მატარებელი. ხატწერის შესასწავლად დღე და ღამე ვმუშაობდი. უფლის შემწეობით შევძელი მეკეთებინა ეს საქმე მის სადიდებლად. ყოველი დღე ბედნიერი და დიდი ზეიმია, რადგან შემიძლია გამოვსახო და ვეთაყვანო ჩვენი ტკბილი მაცხოვრის, ჩვენი დედა ღვთისმშობლის, დედათა და მამათა სახეებს. ჩემი პირველი ხატი იყო მაცხოვრის ხატი.
რას ნიშნავს თქვენთვის ხატწერა?
– ხატწერა ჩემი ცხოვრებისეული წესის განუყოფელი ნაწილია. ხატვის პროცესი ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა. ხატწერას ლოცვით და უფლისადმი შემწეობით, გალობის ფონზე ვიწყებთ, შემდეგ ვიჭერ ფუნჯს ხელში და ვიწყებთ ხატვას. საოცარია, რომ ხატვისას დროის შეგრძნება დაკარგული მაქვს. შეიძლება ისე დაღამდეს, რომ ვერც მივხვდე. ხატვის პროცესს ბრძოლებიც ახლავს თან, ასევე ძალიან დიდი სულიერი სიხარული.
მოამზადა ტყებუჩავა ანამ
სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები
კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.