მთავარი » პოპულარული

გიორგი ბუნდოვანის ფილმების პრემიერა შედგა

სტატიის ავტორი: | თარიღი: 13.04.2010 2 კომენტარი | 2,074 ნახვა

გიორგი ბუნდოვანიგიორგი ბუნდოვანისა და მისი მეგობრებისათვის 8 აპრილი გადამწყვეტი იყო, რადგან პრემიერა შედგა. ამ დღეს ლიტერატურული საიტის – www.lib.ge-სა და “არტ კლუბის” ორგანიზატორობით რუსთაველის #28-ში პოეტის ფილმების ჩვენება მოეწყო. ამ ბარში ყოველ ხუთშაბათს მწერლებსა და მსახიობებს იწვევენ და სხვადასხვა სახის ღონისძიებას მართავენ. საღამო გიორგი კეკელიძემ წაიყვანა. წარმოდგენილი იქნა 8 ფილმი: “წვიმის კაცები”, “ექზგუმირებული სიბერე”, “ლოცვის ფუგა”, “მიმიკა”, “ფეხთა არია”, “ჩარჩოები და პლასტიკა”, “ფსევდო ნეკროფილი”, “კედელი”. მონაწილეობდნენ: გიორგი ბუნდოვანის მეუღლე, პოეტი მარიკა ჟორჟოლიანი; ლიტერატურული კრიტიკოსი, მხატვარი, პოეტი და მწერალი – მარსიანი და მულტიმედია არტისტი, პოეტი, დიზაინერი და კულინარი – მიხეილ გისტი. ასევე, ფოტოგრაფი – ირინა ხუციშვილი და პოლიტოლოგი და ფილოსოფოსი – ელიზბარ ელიზბარაშვილი, რომლებიც, გარკვეული მიზეზების გამო, საღამოს არ ესწრებოდნენ. მცირე შესვენებების დროს ბატონი გიორგი საკუთარ ლექსებს კითხულობდა. ინტერნეტ-ჟურნალი “ამბიონი” ბატონ გიორგი ბუნდოვანს ესაუბრა.

გიორგი ბუნდოვანი: “ფილმების გადაღება მე წამოვიწყე. 2006 წელს ჯგუფი შევკარი, მაგრამ ისე მოხდა, რომ იდეის მომწოდებლები თავად მსახიობები გახდნენ. წინასწარ არც ერთი სცენარი არ დაგვიწერია. ყველაფერი იმპროვიზაციულად კეთდებოდა. შევიკრიბებოდით, სადმე ერთად წავიდოდით და იქ გადაღება ყოველგვარი გათვლების გარეშე ხდებოდა. მუსიკით გაფორმება და მონტაჟი მთლიანად მე მეკუთვნის.
ფილმების გადაღება იმის გამო გადავწყვიტე, რომ ჩავთვალე, ლექსებით ბოლომდე ვერ გადმოვცემ იმას, რასაც განვიცდი. არ მოველოდი, რომ დღეს საერთოდ ხალხი მოვიდოდა და ადეკვატურად შეაფასებდა ამ ყველაფერს, მაგრამ დარბაზს ვაკვირდებოდი და დამსწრეები ისმენდნენ, რამაც განმაცვიფრა. რაც მთავარია, მათ გაუძლეს, რადგან, როგორც ნახეთ, ფილმები ძალიან დამთრგუნველია და მძიმე. თავიდანვე გამოვაცხადე, რომ ყველა ადამიანში არის ეს რაღაც ანომალიური თვისებები. ვინც დარჩა, მათ, შესაძლებელია, თავიანთი “მეც” დაინახეს. ცოტა ხალხი რომ შეგროვდა, ეს, პრინციპში, მისაღებიცაა, რადგან მთელ მსოფლიოში: რუსეთში, ევროპასა და ამერიკაში მსგავსი და ცნობილი რეჟისორები ძალიან მცირე აუდიტორიის ინტერესს იმსახურებენ და ასეთ ფილმებს კამერულად უშვებენ. პირველი ნაბიჯები დაბალი რეზოლუციის მიმდინარეობაში ასე გადავდგი. ფილმები გამიზნულად საკუთარი მობილური ტელეფონით, გაფუჭებული ხარისხითა და დაბალი ტექნოლოგიით არის გადაღებული, რაც თავისებურ ეფექტს ქმნის. ეს ორი მიზეზის გამო გადავწყვიტე: ერთი, რომ დამაინტერესა და მეორე – არც მქონდა საშუალება, მაღალი ხარისხის მხატვრული ფილმი შემექმნა.

მუსიკა აღმოსავლურია. ასევე, გამოყენებულია ცნობილი მსახიობების “ზაუმ” ნამუშევრები, რომლებშიც ბგერებითა და ხმებით გამოიხატება მათი გრძნობები.

ჩემი სურვილია, ამ ფილმებით ხალხმა გამიცნოს, ანუ გაიგოს, სინამდვილეში ვინ ვარ. მათი მეშვეობით გამოვხატე ის, რის გადმოცემასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვახერხებ. აფიშაზე ასე ეწერა: გიორგი ბუნდოვანის კინო-პოეტური ხედვა. ჩემთვის ყველა ეს ფილმი ლექსია. რაც ვერ დავწერე, ის გადავიღე. მე ყველაფერში პოეზიას ვხედავ.

მთავარი ის კი არ გახლდათ, რამდენი ადამიანი მოვიდოდა, არამედ ის, თუ რა ენერგეტიკას მივიღებდი. მძაფრი შეგრძნებების ადამიანი ვარ. ერთ პიროვნებაშიც კი მტრული განწყობილება რომ შემენიშნა, შეიძლება შინაგანად აბსოლუტურად დავნგრეულიყავი. ვიგრძენი, რომ ხალხს აინტერესებდა, თუ არ აინტერესებდა, მაინც უყურებდა, რადგან ფილმები მისთვის ახალი, უცხო და ყოველდღიურობიდან გაქცევა იყო. რადგან ეს დავინახე, მოდით, დადებითი ვთქვათ. სწორედ ამიტომ, ალბათ, მე და ჩემი მეგობრები ამ საქმეს გავაგრძელებთ. სულ 22 ფილმია, აქ მხოლოდ 8 ვაჩვენეთ.

გიორგი კეკელიძის შემოთავაზებით, ეს ფილმები მის საიტზე, ანუ ლიბ.ჯე-ზე აიტვირთება და მათი ხილვის საშუალება კიდევ უფრო მეტ ადამიანს ექნება”.

თათია ნავროზაშვილი


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

2 კომენტარი »

  • გიორგი ბუნდოვანი says:

    ძალიან კარგია, მომეწონა და დიდი მადლობა, თათია!! საშურ საქმეს ემსახურებით ნამდვილად, რომ მსგავს კულტურულ ღონისძიებებს აშუქებთ!!

    მხოლოდ ერთი შესწორება: — “…ასევე, გამოყენებულია ცნობილი მსახიობების “ზაუმ” ნამუშევრები…” — მსახიობების არა, არტისტების, ამ შემტხვევაში!! (ანუ სიტყვა-არტისტი, მხოლოდ მსახიობს არ ნიშნავს, არამედ პოეტსაც და ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენელსაც…”)

  • გიორგი ბუნდოვანი says:

    პარასკევს, 23 აპრილს, სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ეწყობა ერთ დღიანი წიგნის ფესტივალი და – “ცოცხალი ბიბლიოთეკა” ! მეც ვიღებ მონაწილეობას, როგორც ერთ-ერი ცოცხალი წიგნი…
    გთხოვთ დაესწროთ…

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი