მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ წმ. ანდრიას (I) ხსენების დღეს

სტატიის ავტორი: | თარიღი: 11.05.2011 | 6,358 ნახვა

12 მაისს “ქართული უნივერსიტეტი” წმ. ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილ მცირე კონფერენციას გამართავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია იესო ქრისტეს პირველი მოციქულის, წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს 12 მაისს აღნიშნავს.

უფალმა წმიდა მოციქული საქართველოში ღვთისმშობლის ნაცვლად გამოგზავნა ქართველი ერის მოსაქცევად.

ანდრია პირველწოდებულიღვთისმშობელმა წმ. ანდრიას თავისი ხელთუქმნელი ხატი გადასცა, რომელზეც იგი ყრმა იესოთი იყო გამოსახული.

თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ერისთვის წმიდანის ხსენების დღე და როგორ აღნიშნავს ქრისტიანი მრევლი ამ დღესასწაულს, ამის შესახებ “ამბიონს” ესაუბრა წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური მამა კონსტანტინე გიორგაძე:

“წმიდა დიდი მოციქული, ანდრია პირველწოდებული ბეთსაიდაში დაიბადა. მოციქულთაგან ის პირველი შეუდგა ქრისტეს, ამიტომ ეწოდა პირველწოდებული. მას სიყრმიდანვე უყვარდა უფალი და აქედან გამომდინარე, ეძებდა ჭეშმარიტ სწავლებას. იგი იყო მოწაფე იოანე ნათლისმცემლისა.

იესოს გამოჩენისას იოანე ნათლისმცემელმა ანდრიასა და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: “აჰა, ტარიგი ღვთისა”. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ მაცხოვარს და აღარ მოსცილებიან. ანდრიამ ძმასაც ახარა მესიის პოვნა და იესოსთან მიიყვანა. ისინი მეთევზეები იყვნენ. გალილეას ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მათ მოუწოდა: მოვედით და შემომიდექით და გყვნეთ მე მესათხევლე კაცთაო, რის შემდეგაც ისინი მაცხოვარს აღარასოდეს განშორებიან.

ჩვენ ვიცით, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. სწორედ ღვთისმშობელს ხვდა წილად საქართველოს მოქცევა, მაგრამ რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, უფალმა უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო და საქართველოში ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ეს ხატი ხელთუქმნელი გახლდათ იმიტომ, რომ ღვთისმშობელმა ფიცარი მოითხოვა და სახეზე მიიდო, რის შემდეგაც ფიცარზე წმიდა ქალწული გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმინდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლშემდგარი აკურთხა.

წმიდა ანდრია საქართველოში აჭარის მხრიდან შემოვიდა. ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, სადაც მოციქულმა ხატი დააბრძანა, იქ მშვენიერი წყარო აღმოცენდა, ამ სასწაულმა მრავალ გულსასტიკ წარმართსაც კი გაუნათა გონება და უამრავი ადამიანი მოინათლა. ნეტარმა მოციქულმა მთელი საქართველო მოიარა და ბორჯომის ხეობის სოფელ აწყურში დაასვენა ხელთუქმნელი ხატი, თვითონ კი იერუსალიმში დაბრუნდა. იერუსალიმიდან ნეტარი ანდრია სიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად დაბრუნდა საქართველოში, ეს ორი უკანასკნელი საქართველოშია დაკრძალული; სიმონ კანანელი აფხაზეთში, კერძოდ, კომანში, ხოლო მატათა კი – აჭარაში (გონიოში).

უფლის რჩეული თავისი მქადაგებლური მოღვაწეობის დროს მრავალ ჭირსა და განსაცდელს ითმენდა. უფალმა მისი მეოხებით მრავალი სასწაული აღასრულა. უკანასკნელად ქალაქ პატრებში (საბერძნეთი) იქადაგა. აქ ქალაქის თავს ამცნო ღვთის სიტყვა, მაგრამ ამაოდ. უღმერთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდა ანდრია სიხარულით შეხვდა ამ განაჩენს. ჯვარცმულმა მოციქულმა ადიდა უფალი და სიტყვებით: “უფალო იესო ქრისტე, შეივედრე სული ჩემი”, – განუტევა სული. ქალაქის თავის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას.

რამდენიმე საუკუნის შემდეგ, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს, წმიდა ანდრია პირველწოდებულის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

წმიდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე სახელმწიფოებრივი ზეიმის დონეზეა აყვანილი. ეს გახლავთ ოფიციალურად უქმე დღე და საქართველოს ყველა ტაძარში აღესრულება საზეიმო ლიტურგია. დღესასწაული განსაკუთრებულია ქართველი მრევლისთვის, რამეთუ ანდრია პირველწოდებული ჭეშმარიტად მათი მოციქულია.

ღმერთმა დაგლოცოთ, მრავალს დაგასწროთ და გაგახაროთ მოციქულებრივი მადლის ძალით!”

საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე:

“მოგეხსენებათ, საქართველოს მართლმადიდებლური სამოციქულო ეკლესია “სამოციქულოდ” იმიტომ იწოდება, რომ იგი დაფუძნებულია მოციქულების – ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის მიერ.

სამწუხაროდ, XIX საუკუნეში, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა, რუსეთის საერო და სასულიერო ხელისუფლება ცდილობდა, რომ ქართველ ხალხში გაექრო ის რწმენა, რომ ჩვენი ეკლესია იყო ავტოკეფალური და მოციქულების მიერ დაარსებული.

მართალია, 1917 წელს აღდგა საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ მოვიდნენ ბოლშევიკები და დაიწყო მძაფრი, აგრესიული ათეიზმის ხანა და სამოციქულო ეკლესიის სტატუსი შეიცვალა “საქართველოს ეკლესიის” სახელწოდებით. საქართველოს სამოციქულო ეკლესია მოიხსენიებოდა “საქართველოს ეკლესიად”.
ახალი საოკუპაციო ხელისუფლება ცდილობდა და, გარკვეულწილად, წარმატებასაც მიაღწია ეკლესიისა და ხალხის ერთმანეთისაგან დაშორებაში.

“საქართველოს სამოციქულო ეკლესია” – ეს ტერმინი ხელმეორედ დააბრუნა მეცნიერულ და ეკლესიურ მიმოქცევაში უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, როდესაც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების ცნობის საკითხი დადგა კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მიერ. სწორედ მაშინ იმ მტკიცებულებებს, წყაროებს, რომლებიც საქართველოში ანდრია პირველწოდებულის მოციქულებრივ საქმიანობას უკავშირდებოდა, განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭა.

როდესაც უწმინდესისა და უნეტარესის სურვილი გაცხადდა, რომ გახსნილიყო საერო უნივერსიტეტი საპატრიარქოს ეგიდით თბილისში, მაშინ გამოიკვეთა რამდენიმე ვარიანტი, თუ რა უნდა დარქმეოდა ამ უნივერსიტეტს. საბოლოოდ, უწმინდესის სურვილისამებრ, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელი ეწოდა. წმიდა ანდრია დაიფარავდა და გახდებოდა მფარველი ამ ახლად დაფუძნებული უნივერსიტეტისა. ამავე დროს, მისი მოციქულებრივი საქმიანობის შესახებ შეიტყობდნენ სტუდენტები და საზოგადოებაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებდა, რომ ეს “ქართული უნივერსიტეტი”, რომელიც პატრიარქის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა, არის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობისა.

12 მაისს წმ. ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღესთან დაკავშირებით აღევლინება პარაკლისი სამების საკათედრო ტაძარში და ჩვენ გვექნება მცირე კონფერენცია წმ. ანდრია პირველწოდებულისადმი მიძღვნილი.”

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი