მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეს!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 24.03.2019 ერთი კომენტარი | 8,519 ნახვა

25 მარტს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ავტოკეფალიის აღდგენას აღნიშნავს.

საპატრიარქო 1917 წელს, ძველი სტილით 25 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ სვეტიცხოველში საგანგებო კრებაზე საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო.

რა უძღვოდა წინ ავტოკეფალიის გაუქმებას და როგორ აღადგინეს იგი ამ თემის შესახებ “ამბიონს” ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ელდარ ბუბულაშვილი ესაუბრა:

“მას შემდეგ, რაც საქართველო გაქრისტიანდა მისი ეკლესია ანტიოქიის ტახტს, მის მამათმთავარს დაემორჩილა, რაც მე-5 საუკუნემდე გაგრძელდა. 468 წელს წმ. მეფის, ვახტანგ გორგასლის ღვაწლით ქართულმა ეკლესიამ ანტიოქიის პატრიარქისგან ავტოკეფალია მიიღო და დამოუკიდებელი გახდა. ეს იყო უდიდესი ფაქტი ჩვენი ერის ისტორიაში, რომელსაც ეროვნული კულტურის – მწერლობის, არქიტექტურის, ფერწერის არნახული აღმავლობა მოჰყვა.

XI საუკუნეში ანტიოქიის ეკლესიამ მწვავედ დააყენა იბერიის ეკლესიის დამოუკიდებლობის საკითხი. ათონის მთაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ.

ანტიოქიის პატრიარქთან, თევდოსისთან ივერთა მონასტერში მოღვაწე ქართველი მამები დაასმინეს: “არა უწყით, რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი”.

1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მრავალსაუკუნეობრივმა სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ოდესღაც დიდი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას.

1801 წლის აქტის შემდეგ საქართველოს მთავარმართებელი უხეშად ერეოდა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაში. გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება.

1811 წლის 10 ივნისს ალექსანდრე I სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ანტონ II-ს სწერს: “საქართველოს სამეფოს რუსეთის სახელმწიფოსთან შემოერთების შემდეგ საქართველოს ეკლესიაც უნდა გაერთიანებულიყო უწმიდესის სინოდის გამგეობაში. ახალ მართვა-გამგეობასთან მოუთავსებელი იქნებოდა საქართველოში კათოლიკოსის ყოფნა. გითხოვთ თქვენ საქართველოს ეკლესიის საქმეების განმგებლობისაგან, უწმიდესის სინოდის წევრობისა და კათოლიკოსის სახელის შენარჩუნებით”. ასე გაუქმდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და ანტონ II რუსეთში გადაასახლეს.

დაიწყო მძიმე წლები ქართული ეკლესიის ისტორიაში. საქართველოს ეკლესიას რუსეთის სინოდი ხელმძღვანელობდა ეგზარქოსის მეშვეობით. 1811-1817 წლებში ამ მოვალეობას ასრულებდა ვარლამ ერისთავი. მის შემდეგ ყველა ეგზარქოსი რუსი იყო.

ეგზარქოსები ძარცვავდნენ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის უიშვიათეს ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ. მოიშალა საეკლესიო კათედრები. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები რუსულით შეიცვალა . სულ რაღაც ორიოდე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე აშენებდა.

საქართველოში იმპერატორ ნიკოლოზ I-ის ჩამოსვლის წინ ეგზარქოსმა ევგენიმ, „სანიტარული წესრიგის“ საბაბით, თეთრად შეალესინა სვეტიცხოვლის, ალავერდის, ერთაწმიდის უნიკალური ფრესკები. პავლე ლებედევმა სემინარიის რექტორ ჩუდეცკისთან ერთად გაძარცვა ხახულის ღვთისმშობლის ხატი, მიიტაცა ოქროსა და ვერცხლის ხატები, საეკლესიო ნივთები. ეგზარქოსმა ჩუდეცკის მკვლელობის გამო სიონის ტაძრის ამბიონიდან დაწყევლა ქართველი ერი, დიმიტრი ყიფიანმა საჯაროდ ამხილა ეგზარქოსი და უთხრა, რომ უფლება არ ჰქონდა, დარჩენილიყო იმ ერის სულიერ მამად, რომელიც ანათემაზე გადასცა. ამ მხილების გამო მხცოვანი მამულიშვილი სტავროპოლში გადაასახლეს და განთავისუფლების წინა დღეს მოკლეს.

XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის მესვეურებმა ქართველ სამღვდელოებასთან ერთად დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ნაწილი, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ეახლა და ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა. მეფის მთავრობამ დანიშნა სხდომა, სადაც მოხსენებით გამოვიდნენ: ეპისკოპოსები – კირიონი, ლეონიდე, პროფესორები: ალ. ცაგარელი, ალ.ხახანაშვილი, ნიკო მარი. ქართველებმა დაასაბუთეს, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება ეწინააღმდეგებოდა მსოფლიო ეკლესიის კრებების კანონებს.

1917 წლის 12 (25) მარტს ქართველმა სამღვდელოებამ საგანგებო კრებაზე მიიღო შემდეგი შინაარსის დოკუმენტი: 1917 წლის 12 (25) მარტიდან გრძელდება საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. დროებით, კათოლიკოსის არჩევამდე, ეკლესიის გამგედ ინიშნება გურია-ოდიშის ეპისკოპოსი ლეონიდე. საქართველოს ეკლესიის მმართველობა ევალება აღმასრულებელ კომიტეტს, რომელშიც შედიან როგორც სასულიერო, ისე საერო პირები.

იმავე წლის სექტემბერში ქართულმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს ხვდა,რომელიც მარტყოფის მონასტერში მოკლეს.

ღვთის ნებით, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია მსოფლიოს ყველა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიარა, თუმცა არ არსებობდა ამის წერილობითი დასტური, რომლის უქონლობის გამოც ჩვენი წინაპრები ხშირად იბრძოდნენ საქართველოს ეკლესიის დამოუკიდებლობის დასამტკიცებლად.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა. ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმიდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს საქართველოს უწმიდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების, საქართველოს უწმიდესი ეკლესიის მეთაურის საპატრიარქოს ტიტულის ცნობისა და ბოძების სიგელები, რაც უდიდესი გამარჯვება იყო.

როგორც უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ აღნიშნა, ეს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება გახლდათ.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

  • ალექსანდრე says:

    საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის ამგვარ, მოკლე აღწერაში სასურველი იქნებოდა ხსენებულიყო, რომ 1917 წლის შემდეგ 1990 წლამდე ჩვენი ეკლესიის ავტოკეფალია მხოლოდ რუსეთის ეკლესიას ჰქონდა ნაღიარები ოფიციალურად.
    თუ შეიძლება ამ საკითხზე მოგვაწოდოთ ინფორმაცია ეს სიმართლეს შეესაბამება თუ არა.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი

"იყავი უმეცარი სიბრძნეში და ნუ მოაჩვენებ თავს ბრძნად, როდესაც უგუნური ხარ", - წმ. ისააკ ასური.