მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ სამებობას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 21.06.2021 ერთი კომენტარი | 13,075 ნახვა

სამებობის დღესასწაული სათავეს პირველივე საუკუნეებიდან იღებს. დღესასწაულის შესახებ “ამბიონი” თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სულიერ მოძღვარს იაკობ ჩიჩილიძეს ესაუბრა:

სამებობა“სულთმოფენობის დღესასწაული, იგივე სამებობა აღესრულება აღდგომიდან 50-ე დღეს. შემდგომი ორშაბათი ეკლესიის მიერ დაწესებულია განსაკუთრებული სადიდებლის – სამადლობელის აღსავლენად ყოვლადწმიდა სამების მეორე ჰიპოსტასის (პირის) – სულიწმიდისადმი, რომლის მადლიც ხილულად გარდამოვიდა მოციქულებზე, დაბეჭდა ახალი მარადიული აღთქმა ღმერთსა და ადამიანებს შორის და ამით მოგვიწოდა მორწმუნეებს ყოვლადწმიდა სამების სადიდებლად, რის გამოც ეს ორშაბათი იწოდება კიდეც სულის ორშაბათად.

ღმერთი ძის მიერ ღმერთ მამისგან ღმერთ სული წმიდის მადლისმიერმა გარდამოსვლამ მოციქულთა და მათ მემკვიდრეთა მიერ მსოფლიოში ყოვლადწმიდა სამების შესახებ მადლისმიერი ცოდნა განავრცო.

“ღმერთი სიყვარული არს,” – გვასწავლის წმიდა იოანე მოციქული თავის პირველ ეპისტოლეში, საუბრობს რა საღმთო არსის უმაღლეს თვისებაზე. მოციქულების ერთ-ერთი უწარჩინებულესი მოწაფე, IV საუკუნის ეკლესიის მამა წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ქრისტიანებს ასწავლიდა, რომ როცა წარმართები მათ შეეკითხებოდნენ, თუ რა სწამდათ, რას სცემდნენ პატივსა და თაყვანს, შეეძლოთ თამამად ეთქვათ: ჩვენ გვწამს და თაყვანს ვცემთ დაუსაბამო სიყვარულს. წმიდა გრიგოლი მიიჩნევდა, რომ სამპიროვანი ღვთის – მამისა და ძის და სულიწმიდის შესახებ სწავლების ჭეშმარიტების გააზრებას წარმართები უკეთესად შეძლებდნენ, თუკი ქრისტიანები მათ მიანიშნებდნენ იმაზე, რომ ღმერთი სიყვარული არს.

ბიბლიური სწავლება – “ღმერთი სიყვარული არს” არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ უფალი არ გახლავთ ერთპიროვანი. რადგან ერთპიროვანი ღვთის შესახებ სწავლება არ შეიძლება იყოს სწავლება მაცხოვარზე, როგორც დაუსაბამო სიყვარულზე იმიტომ, რომ თუკი ღმერთი იქნებოდა ერთპიროვანი და ამავე დროს – სიყვარული, მაშასადამე, იგი იქნებოდა ერთი პიროვნების მიერ საკუთარი თავის სიყვარული, რაც შეიძლება იწოდებოდეს არა სიყვარულად, არამედ – ეგოიზმად, რაც არა თუ უმაღლესი სათნოება, არამედ ამარტავნებაა – უდიდესი ვნება და მიზეზი ყოველგვარი ცოდვისა. ღმერთი სიყვარულია: მამას დაუსაბამოდ უყვარს ძე და სულიწმიდა, ძეს დაუსაბამოდ უყვარს მამა და სულიწმიდა, სულიწმიდას დაუსაბამოდ უყვარს მამა და ძე.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთს ეწოდება მამა არა იმიტომ, რომ მან სამყარო შექმნა, არამედ იმიტომ, რომ მას ჰყავს ძე, ანუ ღმერთი მამა ძე ღმერთის გამო იწოდება მამად. ძე რომ არ ჰყავდეს, არ იქნებოდა მამა. მამობა მისი დაუსაბამო პიროვნული თვისებაა. იაკობ მოციქული თავის ეპისტოლეში გვასწავლის, რომ მაცხოვარში არ არის ცვალებადობა, არცა აჩრდილი ცვალებადობისა. თუ ზეციური მამა არ იყო მამა და შემდეგ გახდა, ე. ი. ცვალებადობას დაემორჩილა, რისი თქმაც მკრეხელობაა. ეკლესიას, მოციქულთა რწმენის შესაბამისად, სწამს, რომ ზეციური მამა გახლავთ მარადიული მამა მარადიული ძისა. ძეობა ძე ღმერთის პიროვნული თვისებაა, რადგან იგი დაუსაბამოდ არის შობილი მამისგან. სულიწმიდის პიროვნული თვისებაა მამისაგან გამომავლობა. მხოლოდ ეს პიროვნული, განმასხვავებელი თვისებები გააჩნიათ მამას, ძესა და სულიწმიდას, დანარჩენი ყველა თვისება მათ ერთი აქვთ, რადგან ერთია მათი ბუნება – ღმრთეება. დიდება ერთ არსსა, ცხოველსმყოფელსა და განუყოფელსა სამებასა!

ერთია სამების არსი, ერთია მამის, ძისა და სულიწმიდის ყოველი არსობრივი თვისება, მათ შორის, ღმერთობა, უფლობა, სიბრძნე, ნება და ძალა. დაუსაბამო სიყვარულმა, ღმერთმა, სამებამ, ჭეშმარიტად არსებულმა და მყოფმა არარაობას – არ არსებულს მიანიჭა არსებობა, ანუ არაფრისგან, მხოლოდ თავისი ყოვლისშემძლე ნებითა და ძალით შექმნა უხილავი და ხილული სამყარო, რათა ისინიც გამხდარიყვნენ, საღმრთო მადლით, თანაზიარნი დაუსაბამო ღვთაებრივი სიყვარულისა.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღმერთი შემოქმედად სამყაროს შექმნამდეც იწოდება. იგი მარადიულად შემოქმედია. შემოქმედი შემოქმედია, რადგანაც მას აქვს თვისება და ძალა შემოქმედებისა, თუნდაც არ არსებობდეს მისი შემოქმედება. ამის საპირისპიროდ უნდა ვიცოდეთ, რომ მარადიულ მამად არ იწოდება ის, ვისაც არ ჰყავს ერთარსი მარადიული ძე.

IV საუკუნის მწვალებლები – არიანელები ამბობდნენ, რომ თუ ორივე – მამაცა და ძეც მარადიულია, მაშინ ძმები ყოფილანო. მწვალებლებს ყოფითი დროისა და სივრცეში შემოსაზღვრული ადამიანური ცხოვრების მაგალითზე დაყრდნობით სურდათ, დაპირისპირებოდნენ და დაერღვიათ უსაზღვრო და ზედროული სამპიროვანი ღვთის შესახებ საეკლესიო სწავლება.

ათანასე დიდი პასუხობს მათ მცდარ არგუმენტზე შემდეგი სიტყვებით: უგუნურებაა, როდესაც პიროვნება ღმერთის შიდა ცხოვრებას ადამიანების ვნებად შობას უდარებს.

ღმერთზე მსჯელობისას შესაძლოა ადამიანი მოიყვანო მაგალითად, თუმცა არა დროისა და სივრცის კატეგორიებში. ღმერთი დროსა და სივრცეზე მაღლაა.

რატომ არ არის ქმნილება მსგავსი უფლისა? იმიტომ, რომ ის ქმნილებაა. იგი არაა შობილი ერთარსი შემოქმედისაგან. თუმცა რაკი შემოქმედის ქმნილებაა, მასში მოცემულია ღვთის, მისი შემოქმედის თვისებათა ანარეკლი და ამ ხატების უმაღლესი მწვერვალი გახლავთ ადამიანი, რომლის სულშიც ერთ-ერთი უპირატესობით წარმოჩნდა ღვთის თვისებები.

ზოგადად, ქმნილება ღვთის თვისებათა ანარეკლს შეიცავს, ამიტომ მასზე დაკვირვებით ღმერთამდე ამაღლება ჩვენ გარკვეულ დონემდე შეგვიძლია.

ათანასე დიდის სიტყვებს დავუბრუნდები. ერეტიკოსს ეუბნება წმიდა ათანასე: უგუნურო, ძმები ისინი კი არ არიან, ვინც დაუსაბამოა, არამედ ისინი, ვისაც მამა ჰყავთ საერთო. მიჩვენე მამისა და ძის საერთო მამა და დაგეთანხმები, რომ ისინი ძმები არიანო.

მსგავსი არგუმენტები დღესაც პრობლემატური გახლავთ საეკლესიო სწავლებაში ჩაუხედავებისთვის. მაგალითად, არსებობს რასელისტთა სექტა, რომელიც უარყოფს მამისა და ძის ერთარსობას. ქმნილებას უწოდებენ ძეს.

აგრეთვე, ისლამის რელიგიის სახელმძღვანელოში – ყურანში წერია, რომ თუ მამას ეყოლებოდა მარადიული ძე, მაშინ მას ძმაც ეყოლებოდაო.

იოანეს სახარება იწყება სიტყვებით: “პირველითგან იყო სიტყვა.” რატომ უწოდა მაცხოვარს, ძე ღმერთს “სიტყვა” იოანე მოციქულმა? ერთი მხრივ, იმიტომ, რომ ღმერთ მამისგან ღმერთ ძის დაუსაბამო შობა ვინმეს ხორციელ შობად არ წარმოედგინა, მეორე მხრივ კი იმიტომ, რომ ვითარცა სიტყვა გონისგან შობილი და მისგან განუყოფელი განაცხადებს გონს, მსგავსადვე განუყოფელად და ერთარსობრივად განაცხადებს ძე მამას. ძეში ცხადდება მამა. იოანეს სახარების მე-14 თავში უფალი ეუბნება მოციქულ ფილიპეს: ვინც მე მიხილა, მამა იხილა, როგორღა ითხოვ, გვიჩვენე მამაო?! ანუ ვინც მე რწმენით მიმიღო, მირწმუნა, მან მამა ირწმუნაო.

ყოვლადწმიდა სამების შესახებ მართლმადიდებლური მოძღვრების დამტეობისამებრ სიღრმისეული წვდომის მსურველებს ვურჩევ, შეისწავლონ პროფესორ ე. ჭელიძის მიერ ქართულად ნათარგმნი წმიდა იოანე დამასკელის შრომა “მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა”. მსურველებს ამ შრომის ნახვა შეუძლიათ ინტერნეტშიც.

რაც არ უნდა მოხდეს, სამწუხარო თუ სამხიარულო, არ უნდა დავივიწყოთ უფალისაკენ სწრაფვა და ღვთისადმი მადლიერება.

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი