მთავარი » ქრისტიანობა

გილოცავთ ქრისტეს შობას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 06.01.2015 7 კომენტარი | 27,006 ნახვა

7 იანვარს მართლმადიდებელი მრევლი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამ დღეს ყველა მოქმედ ტაძარში საშობაო ლიტურგია აღევლინება.

ქრისტეშობა შობის ღამესთან დაკავშირებით არსებობს ტრადიცია. ამ ღამეს ფანჯარასთან ანთებენ სანთელს და ამით მოვიხმობთ ყოვლადწმიდა ქალწულს, მოვიხმობთ ქრისტეს, რათა იგი იშვას ჩვენს სახლებში და არა მარტო ჩვენს სახლებში, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენს გულებში.

მამა კონსტანტინე გიორგაძე (წმ.იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური): “მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანულ თანამედროვეობაში ორი კალენდარი არსებობს: იულიანური და გრიგორიანული (საეკლესიო და საერო). იულიანური კალენდარი შეიქმნა იულიუს კეისრის მეფობის დროს, ორმოცდაათი წლით ადრე ქრისტეს შობამდე. გრიგორიანული კალენდარი კი – ჩვენი წელთაღრიცხვით xvI საუკუნეში კათოლიკე პაპის, გრიგოლის მიერ. თვითონ კალენდარი არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც რაიმე სიწმინდე, ან პირიქით, მაგრამ რადგან ქრისტეს შობის დროს იულიანური კალენდარი მოქმედებდა, აქედან გამომდინარე, ეს კალენდარი მიესადაგა უფლის შობასა და მის შემდგომ პერიოდსაც დღემდე, ამიტომ ის ეკლესიის მიერ ითვლება მისაღებად და წმინდად. ასე, მაგალითად: როდესაც ქვა სადმე მინდორში დევს, იგი უბრალო ქვაა, მაგრამ თუ ამ ქვას ეკლესიის კედლის ასაშენებლად გამოიყენებენ, ის უკვე წმინდაა. ზემოთქმულიდან გამომდინარე, მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს შობას აღნიშნავს ძველი, ანუ იულიანური კალენდრით, 25 დეკემბერს, რომელიც საერო (გრიგორეანული) კალენდრით 7 იანვარს ესადაგება, ე.ი. საერო კალენდრის, ანუ ახალი სტილის 7 იანვარი იგივეა, რაც ძველი სტილის, ანუ საეკლესიო კალენდრის 25 დეკემბერი.

მთელი ძველი აღთქმის პერიოდში უფალი უგზავნიდა ებრაელებს წინასწარმეტყველებს, რომლებიც ადამიანებს მაცხოვრის დასახვედრად და ახალი აღთქმისთვის ამზადებდნენ. ოთხი დიდი და თორმეტი მცირე წინასწარმეტყველი იქნა მოვლენილი იუდეველებთან. უფალმა თავიდანვე, სასუფევლიდან ადამის გამოძევების დროს აღუთქვა მათ, რომ მოავლენდა ძეს კაცისას, რომელიც გამოგვიხსნიდა სიკვდილისა და ცოდვის ტყვეობიდან.

ავგუსტუს ოქტავიუსის მეფობის დროს რომის იმპერიაში საყოველთაო აღწერა გამოცხადდა. ებრაელებს წესად ჰქონდათ, რომ ამ დროს მშობლიურ ადგილებს უნდა დაბრუნებოდნენ თავიანთი ტომისა და გვარის მიხედვით. წმინდა ქალწული მარიამი მოდგმით დავითის ტომიდან და ბეთლემიდან იყო, ასევე, იოსებიც, ამიტომ სულიწმინდის მადლით მიდგომილი ქალწული და მოხუცი დამწინდველი იოსები ბეთლემში ჩავიდნენ. არც ერთ სასტუმროში მათთვის ადგილი არ აღმოჩნდა და იძულებულები გახდნენ ქალაქის განაპირას, გამოქვაბულისათვის შეეფარებინათ თავი, რომელსაც ავდრის დროს ცხოველების სადგომად იყენებდნენ.

დეკემბრის სუსხიან ღამეს იშვა განკაცებული ღმერთი. ღმერთი, რომელსაც მთელი ხილული თუ უხილავი სამყარო ვერ იტევს. წმინდა ქალწულმა კი დაიტია და შვა, შვა უმტკივნეულოდ. უფალს არ სჭირდებოდა ხორციელი შობა და განკაცება, მაგრამ ნახეთ მისი უზომო სიყვარული მისივე გაჩენილი ადამიანისადმი! რა საოცრებაა, როგორი სასწაულია, როგორი საკვირველი თავმდაბლობაა?! ქვეყნიერების მეფე და შემოქმედი ბოლო მდაბიოსავით გამოქვაბულში იშვა და ბაგაში მიიწვინა. აი, უდიდესი მაგალითი ამპარტავნებისა და სიამაყის დასათრგუნად.

იმ ადგილას, სადაც ქრისტე იშვა, მახლობელი სოფლებიდან მოსული მწყემსები აძოვებდნენ საქონელს. მათ სადღეღამისო მორიგეობა ჰქონდათ. პირველად, ურიცხვი ანგელოზების გალობით, სწორედ ამ მწყემსებს ეხარათ სანატრელი სიტყვები:

“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”. ეს იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი და ღმერთი ისევ შერიგდნენ, რაც საუკუნო სიკვდილიდან გამოხსნასა და ნეტარებას მოასწავებდა. მანამდე ხომ სასუფევლის კარები ყველასთვის დახშული იყო?! მათ ის ვარსკვლავიც იხილეს, რომელიც მოგვებს მოუძღოდათ. მოგვები უბრალო ადამიანები არ იყვნენ, ისინი თავიანთი ქვეყნების მეფეები გახლდნენ. მოგვებმა ახალშობილ მაცხოვარს ძღვენი მიართვეს: ოქრო-როგორც მეფეს, გუნდრუკი-როგორც ღმერთს და მური- როგორც კაცს, ანუ ადამიანს.

ქრისტეს შობით ახალი ერა დაიწყო. ეს ის ერაა, რომლისთვისაც მთელი ძველი აღთქმა ემზადებოდა. ძველი დრო გაჩერდა და ახალი დაიწყო. აპოკრიფულ წყაროებში ასეთი რამ არის მოთხრობილი: როცა წმინდა მარიამი მშობიარობდა, მოხუცი იოსები ბებიაქალის საძებნელად გარეთ გამოვიდა. ამ დროს მან იხილა, რომ წამიერად ყველაფერი გაჩერდა: გაჩერდა წყალი, ცხოველი, ფრინველი და ადამიანიც და უცებ ყველაფერმა ისევ დაიწყო მოძრაობა, ანუ დამთავრდა ძველი დრო და ახალ ერას დაუთმო გზა.

მაცხოვრის შობით აღსრულდა უფლის დანაპირები, რომელიც ესაია წინასწარმეტყველმა გააჟღერა: ”აჰა, მიუდგეს ქალწული და შვას ძე და სახელი მისი ემმანუელ,” რაც თარგმანებით ნიშნავს: ”ჩვენთან არს ღმერთი.”

ქრისტიანის ცხოვრებაში ყველა ეკლესიური მოვლენა ქრისტეს აღდგომას და მის ამაღლებას უკავშირდება. ყველაფერი ამისთვის ხდება. ეს არის მწვერვალი ადამიანის გადარჩენისა, ქრისტესთან ერთად აღდგომისა და ამაღლებისა. რეალურად სწორედ ქრისტეს შობით დაიწყო აღსრულება ჩვენი გადარჩენისა.

არ მგონია, თუ ვინმე ისე ზეიმობდა ქრისტეს შობას, როგორც ქართველები ოდითგანვე. მთელი ერი ერთმანეთთან კარდაკარ დადიოდა და ახარებდა იმ სიტყვებს, რომელიც ანგელოზებმა მწყემსებს უგალობეს. დღესაც, ალბათ, უნდა აღვადგინოთ ეს დიდებული ტრადიცია, ისევ ძველებურად შევიყვაროთ მოყვასი და, როგორც გვჩვეოდა ხოლმე, ამ ბოლო ჟამის პერიოდშიც კი ძველებურად შევუდგეთ ტრადიციას და ქრისტესა და უწმინდესის კურთხევით სარკმელში ანთებული სანთლით ჩვენს კერასთანაც მოვიწვიოთ უფალი.

ღმერთმა დაგლოცოთ და მანვე ინებოს, რომ წლევანდელი ქრისტეს შობისთანა იშვას ბედნიერი, გაბრწყინებული და ისევ ქრისტეს დროშის ქვეშ გაერთიანებული საქართველო.”

ქეთი ჭელიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

7 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი