მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ მარიამობას – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 27.08.2023 | 1,869 ნახვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

,,ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – მარიამობას! განსაკუთრებით ვულოცავ იმათ, ვინც ატარებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელს – მარიამებს!

დღეს თითქოს სამგლოვიარო დღე უნდა ყოფილიყო, რადგან ვიხსენებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გარდაცვალებას – მიძინებას, მაგრამ ჩვენ ვხარობთ! ვხარობთ იმიტომ, რომ ღვთისმშობელმა დედამ დაგვიტოვა ნუგეშად სიტყვები: ,,მე თქვენთან ვარ ყოველთა დღეთა!”

ისევე, როგორც უფალი, დედა ღვთისმშობელიც ჩვენთანაა და ჩვენ თაყვანს ვცემთ მას და ვმადლობთ!

ყველას არ ესმის ის ძალა და მადლი, რომელიც გარდამოდის საქართველოზე; მავანმა არ იცის, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი განსაკუთრებით იფარავს ჩვენს ქვეყანას და საქართველო არის მისი წილხვედრი… ჩვენ აქ უნდა ვიპოვოთ საკუთარი ადგილი, ეს არის ჩვენი კურთხეული და დალოცვილი მიწა!

…არც ერთი ერი, არც ერთი ქვეყანა ისე არ სცემს თაყვანს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, როგორც საქართველო. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ, როცა მოციქულები ტრაპეზზე იკრიბებოდნენ, ორ სავარძელს თავისუფალს ტოვებდნენ, ერთს – მაცხოვრისთვის და მეორეს – ღვთისმშობლისთვის. მოციქულებს სწამდათ, რომ მაცხოვარი და დედა ღვთისმშობელი უხილავად მათთან იყვნენ.

აი, ამ საოცარ ზღუდეში, ამ მფარველობის ქვეშ ვიმყოფებით! ამიტომ ნუ შეგეშინდებათ! იქონიეთ იმედი!

არსებობს ასეთი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც ეწოდება: „მე ვარ თქვენ თანა და ვერვინ შემძლებელ არს წინააღდგომად თქვენდა“. ყველამ უნდა იცოდეს, დიდმა თუ პატარამ, რომ ღვთისმშობელი დაიცავს ჩვენ ერს და არავის აპატიებს მის შევიწროებას! ისტორიულად ჩვენ ამაში მრავალგზის დავრწმუნდით.

დღევანდელი დღის ტროპარში ვკითხულობთ: „შობასა ქალწულება დაიმარხე და მიცვალებასა სოფელი არა დაუტევე…“ ეს იმას ნიშნავს, რომ დედა ღვთისამ არც გარდაცვალების მერე დატოვა ქვეყანა და განსაკუთრებით თავისი წილხვედრი საქართველო!

მინდა, გაგახსენოთ ასევე შობის ხატის იკონოგრაფია. უძველესი დროიდან, ხშირ შემთხვევაში, შობის ხატი ასე გამოისახებოდა: ბაგაში წევს მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე და იქვე ახლოს ზის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მაგრამ შვილს კი არ უყურებს, არამედ მობრუნებული სხვაგან იცქირება.

რას ნიშნავს ეს? განა შეიძლება, რომ დედა არ უყურებდეს თავის ახალშობილ ჩვილს?

ასე იმიტომაა გამოსახული, რომ ძველმა ხატმწერებმა ამით გადმოგვცეს ქალწულება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა – „შობასა ქალწულება დაიმარხე“… ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა შვა უფალი ჩვენი იესო ქრისტე, მაგრამ ის დარჩა მარად ქალწულად, რომელმაც მიცვალებასა სოფელი არა დაუტევა! და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!

დალოცვილი და გახარებული იყავით. ღმერთმა დალოცოს ჩვენი წინაპრები! მათი ლოცვით, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა დაგვიცვას და დაგვიფაროს ხილული და უხილავი მტრებისაგან!

ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი! უფალმა ყველაზე დიდი ჯილდო მოგვცა ქართველებს – სიყვარული და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის!”

ამონარიდი 2010 წლის ქადაგებიდან
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №28, 2010 წ.




სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი