მთავარი » დღესასწაულები

გილოცავთ მარიამობას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 28.08.2020 5 კომენტარი | 24,786 ნახვა

მარიამობა ყოვლადწმინდა მარიამის მიძინების დღესასწაულს ორკვირიანი მარხვა უძღვის წინ. ამ დღესასწაულს მორწმუნე ადამიანები სულიერად გაწმენდილები უნდა შეხვდნენ. მარხვა ცოდვებისგან თავის შეკავებას ნიშნავს. ყველა მარხვა იოლი შესანახია, თუ ადამიანი რწმენაშია.

მარიამობის დღესასწაული ღამისთევით აღინიშნება ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში. საერთოდ, ეკლესიაში მსახურება ღამისთევით უნდა ტარდებოდეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, ასევე იმ წმინდანის ხსენების დღეს, რომელი წმინდანის სახელობისაც არის ტაძარი. დანარჩენ დღეებში ღამისთევა აუცილებელი არ არის.

მარიამობის დღესასწაულს ყველა განსხვავებულად აღნიშნავს. როგორც წესი, ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღესასწაულისთვის მარხვით ემზადებიან, შემდეგ კი საღვთო ლიტურღიას ესწრებიან და ეზიარებიან.

არაეკლესიური ადამიანები ამ დღეს სხვადასხვაგვარად ხვდებიან, დღესასწაულის მიმართ პატივისცემას თავისებურად გამოხატავენ. რეგიონებში ზოგან მარიამობას დღეობა ჰქვია, ზოგან დღესასწაული და ხალხი ეკლესიაში შესაწირით მიდის.

არის თუ არა ხალხური ტრადიციები ქრისტიანული, ამ თემაზე “ამბიონს” თბილისის მაცხოვრის შობის სახელობის ზედა ბეთლემის ტაძრის იღუმენი მამა კირიონი (ზურაბ ზეინკლიშვილი) ესაუბრა.

“ტრადიციები არის ქრისტიანული და ხალხური. ტრადიციები მახინჯდება იქ, სადაც არ არის მოძღვარი, რათა მან ასწავლოს ადამიანს, თუ როგორ უნდა მოიქცეს.

როცა ეკლესიებს დევნიდნენ, ხალხს ქრისტიანული დღესასწაული მეხსიერებაში ჰქონდა შემორჩენილი და თავისებურად აღნიშნავდა. დროთა განმავლობაში ეს რიტუალები გაუფერულდა და თავის საწყისს ძალიან დაშორდა. ადამიანმა იცის, რომ ამა თუ იმ დღეს არის დღესასწაული, მაგრამ არ იცის, თუ როგორ უნდა აღნიშნოს. წარმართობას უბრუნდება და სისხლიან მსხვერპლს წირავს სალოცავში. საკლავი იკვლება და ადამიანებს ჰგონიათ, რომ ამით დიდი ქრისტიანული ვალი მოიხადეს. არადა, ეს ასე არ არის. უფალს ადამიანის სული და გული სჭირდება. მსხვერპლშეწირვა საჭირო არ არის, მით უფრო ქრისტეს შემდეგ, როდესაც მან თავისი თავი შეწირა მსხვერპლად და ადამიანები გამოიხსნა. ქრისტიანობაში სისხლიანი მსხვერპლი სასტიკად აკრძალულია. მოციქულებს კანონში უწერიათ: ვისაც ჰგონია, რომ საკლავის სისხლით გამოიხსნის საკუთარ ან წინაპართა ცოდვებს, დაწყევლი იქნეს.

თუ ადამიანს რამის შეწირვა სურს, სჯობს, ცოცხლად შესწიროს და არ დაკლას. მთავარი კი სინანული და ლოცვაა. ადამიანი ეკლესიაში უნდა შევიდეს, წრფელი გულით ილოცოს და უფალს თავისი ცოდვების შენდობა სთხოვოს. ვინც ამას გულით ითხოვს, უფალი მას ყველაფერში დაეხმარება. ამქვეყნად ქრისტიანის ფუნქცია მარადიული ცხოვრებისათვის მზადებაა. ადამიანი, რომელიც ცოდვების მიტევებაზე ფიქრობს, ის უფლის შვილია”.

თეა სულაბერიძე


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

5 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი