მთავარი » ქრისტიანობა

გილოცავთ ამაღლებას!

სტატიის ავტორი: | თარიღი: 20.05.2015 4 კომენტარი | 13,852 ნახვა

აღდგომიდან მე-40 დღეს, მეექვსე კვირის ხუთშაბათს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ამაღლებას ზეიმობს. ამაღლებაწმიდა სახარების მიხედვით, ბრწყინვალე აღდგომიდან 40 დღის განმავლობაში ქრისტე თავის მოწაფეებს ეცხადებოდა და ღვთის სასუფევლის შესახებ მოუთხრობდა. იოანე ოქროპირის სიტყვით, იგი მოწაფეებს ასწავლიდა “სასუფევლის საიდუმლოებებს”, რაც მაცხოვრის აღდგომამდე მათთვის გაუგებარი და მიუწვდომელი იყო. მოუწოდებდა დარჩენილიყვნენ იერუსალიმში “სულიწმიდის მოფენამდე”.

აღდგომიდან მეორმოცე დღეს ქრისტე მოწაფეთა თვალწინ ამაღლდა ზეცად.

ამაღლების დღესასწაული IV-V საუკუნეებში საყოველთაო გახდა ქრისტიანული ეკლესიისათვის. დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა ამაღლების რიტუალური წესები, რომელთაგან ზოგი იოანე დამასკელს მიეკუთვნება.

აღდგომიდან მე-40 დღეს გალილეიდან იერუსალიმში დაბრუნებული მოწაფეები ერთ სახლში შეიკრიბნენ. აქ მათ მაცხოვარი გამოეცხადათ, რომელმაც შეკრებილთ აღუთქვა, რომ მალე მოუვლენდა სულიწმიდას და უბრძანა, არ გაშორებოდნენ იერუსალიმს.

საუბრობდა რა მოწაფეებთან, ქრისტემ გამოიყვანა ისინი ბეთანიის მიმართულებით, ელეონის მთაზე, შემდეგ ხელები ცისკენ აღაპყრო და აკურთხა შეკრებილნი. კურთხევისას თანდათან დასცილდა მათ და ზეცად ამაღლება იწყო, მცირე ხანში კი ღრუბლებში გაუჩინარდა.

ვიდრე მოწაფეები ცას შეჰყურებდნენ, ეჩვენა მათ თეთრად მოსილი ორი კაცი, რომელთაც უთხრეს: “კაცნო, გალილეველნო, რაისა სდგათ და ჰხედავთ ზეცად. ესე იესო რომელი, ამაღლდა თქვენგან ზეცად, ეგრეთვე მოვიდეს, ვითარცა იხილეთ აღმავალი ზეცად” (საქ. მოც. 1, 11). მოწაფეები სიხარულით დაბრუნდნენ იერუსალიმში. სულიწმიდის მომლოდინენი განუწყვეტლივ ლოცვაში იყვნენ, ადიდებდნენ და მადლობდნენ ღმერთს.

ქართულ საეკლესიო მხატვრობაში ქრისტეს ამაღლების მხატვრული კომპოზიცია კარგადაა შემონახული დავით გარეჯის უდაბნოს მონასტრის ამაღლების ეკლესიაში (X ს.) და ზემო კრიხის (ამბროლაურის რაიონი) ეკლესიაში (XI ს.).

ანა შეშაბერიძე

სახარება მარკოზისაგან (16, 9-20)

“9. ხოლო (მას ჟამსა შინა) აღ-რაი-დგა (იესუ) განთიად პირველსა მას შაბათსა, ეჩუენა პირველად მარიამს მაგდალენელსა, რომლისაგან განსრულ იყვნეს შვიდნი ეშმაკნი. 10. იგი წარვიდა და უთხრა მის თანა მყოფთა მათ, რომელნი იგლოვდეს და ტიროდეს. 11. და მათ რაი ესმა, რამეთუ ცხოველ არს და ეჩუენა, მათ არა ჰრწმენა. 12. ხოლო ამისა შემდგომად ორთა მათგანთა სლვასა შინა გამოეცხადა სხვითა ხატითა, მი-რაი-ვიდოდეს დაბასა. 13. და იგინი მოვიდეს და უთხრეს სხუათა მათ, და არცა მათი ჰრწმენა. 14. უკუანაისკნელ მსხდომარეთა ათერთმეტთა მათ ეჩუენა და აყუედრა ურწმუნოებაი მათი და გულ-ფიცხელობაი, რამეთუ რომელთა იგი იხილეს აღდგომილი, მათი არა ჰრწმენა. 15. და ჰრქუა მათ: წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაი ესე ყოველსა დაბადებულსა. 16. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს. 17. ხოლო სასწაული მორწმუნეთა მათ ესე შეუდგეს: სახელითა ჩემითა ეშმაკთა განასხმიდენ, ენათა ახალთა იტყოდიან, 18. გუელთა შეიპყრობდენ; დაღათუ სასიკუდინე რაიმე სუან, არარაი ავნოს მათ; სნეულთა ზედა ხელსა დასდებდენ, და განცოცხლდებოდიან. 19. ხოლო უფალი შემდგომად სიტყუათა ამათ მათდა მიმართ ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯუენით ღმრთისა. 20. ხოლო იგინი გამოვიდეს და ქადაგებდეს ყოველსა ქუეყანასა უფლისა შეწევნითა და სიტყვისა ამის დამტკიცებითა მის მიერ, რომელნი-იგი შეუდგეს მას სასწაულნი”.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

4 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი