მთავარი » კულტურა

გიორგი (გიგო) გაბაშვილი

სტატიის ავტორი: | თარიღი: 22.04.2012 ერთი კომენტარი | 7,135 ნახვა

ქართულ ფერწერაში რეალისტური მიმართულების ფუძემდებლის გიგო გაბაშვილის (1862-1936წწ.) შემოქმედებითი მემკვიდრეობა ორი ათასზე მეტ ტილოს ითვლის. გიგო გაბაშვილი გაბაშვილი მუშაობდა ზეთის საღებავებით, აკვარელით, აქვს კალმით ნახატებიც. ხელოვნების უსაზღვრო სიყვარულისა და იშვიათი შრომისმოყვარეობის მეოხებით მხატვარი შეუპოვრად სძლევდა ყოველგვარ დაბრკოლებას, სიძნელეს და ღირსეულად ასრულებდა თავის პატრიოტულ, მოქალაქეობრივ მოვალეობას სამშობლოს წინაშე. მან ერთ-ერთმა პირველმა დაამკვიდრა საბოლოოდ ევროპული მხატვრობის ფორმები ჩვენში, იდეურ-თემატიკურად გააფართოვა და რეალურ ცხოვრებას დაუკავშირა ქართული მხატვრობა.

მომავალმა ფერმწერმა 1880 წელს დაასრულა რეალური სასწავლებელი. ექვსი წლის შემდეგ კი შეძლო პეტერბურგს გამგზავრება და სამხატვრო აკადემიაში შესვლა. გ.გაბაშვილი აქ გატაცებით მეცადინეობდა სახელგანთქმულ ბატალისტის ვილევალდეს კლასში. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, 1891 წელს თბილისში მისი პირველი პერსონალური გამოფენა მოეწყო, სადაც წარმოდგენილი გახლდათ სურათები საქართველოს ცხოვრების თემებზე.

მხატვარი ღრმად ჩაწვდა მშობლიური ხალხის გულის სიღრმეს. მას იზიდავდა ქართველი ხალხის წარსული, სამშობლოსადმი თავდადებული სიყვარული, ჩვენი დედაქალაქის თავგადასავალი, მოსახლეობის ცხოვრება, ძველი თბილისი, მისი ფერები, რაც შესანიშნავად აღიბეჭდა გიგო გაბაშვილის შემოქმედებაში.

სამი მოქალაქე 1891-93წწ.-ში მან შექმნა შესანიშნავი ტილოები: “წვიმის შემდეგ”, “მოლა”, “სამი მოქალაქე” და სხვა.

1894 წელს გიგო გაბაშვილი გაემგზავრა შუა აზიაში და რამდენიმე თვის შემდეგ იქიდან ჩამოიტანა დაწერილი ეტიუდები, კალმით ჩანახატები, აკვარელები და სხვა. მხატვარმა შემდგომში ეს ეტიუდები გამოიყენა დიდი ტილოების დასაწერად ძველი სამარყანდის ცხოვრების თემებზე. მთელ მსოფლიოში ცნობილ ტილოებს შორის ყველაზე პოპულარულია “ბაზარი სამარყანდში”, რომელიც რამდენიმე ვარიანტადაა დაწერილი.

“ბაზარი სამარყანდში”, 1894 – 2006 წლის აპრილში გაიყიდა ნიუ-იორკის ქრისტის აუქციონზე 1 მილიონ 136 ათას დოლარად, არც მყიდველი და არც გამყიდველი ცნობილი არ არის.

ბაზარი სამარყანდში

მხატვარი ოსტატობის ასამაღლებლად (1894წ.) მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში შევიდა, სადაც შეხვდა სახელგანთქმულ ბატალისტს ფ.რუბოს, რომელთანაც ის თანაშემწედ მუშაობდა თბილისში (1884-85წწ.-ში). რუბოს წინაშე მხატვარი უკვე ჩამოყალიბებული მსოფლმხედველობით და გარკვეული მხატვრულ-ესთეტიკური მრწამსით წარმსდგარიყო.

გიგო გაბაშვილი 1898 მხატვარი მოგზაურობს იტალიასა და საბერძნეთში, სადაც ეცნობა მსოფლიო ხელოვნების უმშვენიერეს ნაწარმოებებს. იმავე წლის შემოდგომაზე გაბაშვილი დაბრუნდა სამშობლოში და კიდევ უფრო განიმსჭვალა თავისი ქვეყნის, ხალხის სიყვარულით. ამ პერიოდში მან შექმნა უამრავი მხატვრული ტილო ქართველი ხალხის ცხოვრების, ყოფისა და შრომის თემებზე. მათგან აღსანიშნავია: “ხევსურთა ღრეობა”, “ხევსურები დაზვერვაზე”, “მთვრალი ხევსურები”, “ხატობა” და ა.შ.

ამავე პერიოდში მან შეასრულა მშვენიერ ნაწარმოებთა სერია პორტრეტული ფერწერის დარგში. გამორჩეულია უცნობი თავადის, მოლას, გუდალის როლში მომღერალ ფილიმონ ქორიძის (რუბინშტეინის ოპერა “დემონი”), ნიკო ნიკოლაძის პორტრეტები. პორტრეტული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს 1910 წელს დაწერილი ჯგუფური პორტრეტი, რომელიც სამ გენერალს ი. ამილახვარს, ზ.ჭავჭავაძეს და მ. ამილახვარს გამოსახავს.

გიგო გაბაშვილი თბილისში ახლად დაარსებულ სამხატვრო აკადემიაში გიგო გაბაშვილი პროფესორად მიიწვიეს, სადაც პედაგოგიურ საქმიანობას სიცოცხლის უკანასკნელ დღეებამდე ეწეოდა. მკაცრ, მომთხოვნ პედაგოგს საოცრად უყვარდა თავისი მოსწავლეები, უზიარებდა მათ თავის ღრმა ცოდნასა და დიდ გამოცდილებას.

მხატვარი 1936 წლის 23 ოქტომებრს ბათუმში შემოქმედებით მივლინებაში ყოფნისას გარდაიცვალა. დასაფლავებულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. მხატვრის მაგიდის უჯრაში იპოვეს სიკვდილის წინადღით მისი ხელით დაწერილი პატარა ანდერძი: “უსაზღვრო სიყვარულით და ერთგულებით ვუძღვნი ჩემს ხალხს ჩემს მრავალწლის ნამოღვაწარს.”

გიგო გაბაშვილის უმდიდრესმა მემკვიდრეობამ უდიდესი როლი შეასრულა ქართულ სახვით ხელოვნებაში.

მოამზადა თეონა ნოზაძემ


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

1 კომენტარი »

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი