მთავარი » ქრისტიანობა

გეთსიმანია

სტატიის ავტორი: | თარიღი: 02.10.2018 | 1,647 ნახვა

არქიმანდრიტი დიონისე გვიმრაძე (დმანისის სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი): მაცხოვრის სამ მოციქულთან ერთად გეთსიმანიაში მისვლა და იქ ლოცვა ბევრი მნიშვნელოვანი ასპექტის მომცველია. ეკლესია ყოველივეს თავმოყრა და გადმოცემა კი ვრცელ ნაშრომს მოითხოვს. ამიტომ შევეცადოთ, რამდენიმე მნიშვნელოვან განმარტებაზე გავამახვილოთ ყურადღება.

. . .
რატომ წაიყვანა მაცხოვარმა გეთსიმანიის ბაღში მხოლოდ ის სამი მოციქული, რომელნიც თაბორის მთაზე იახლა თან? იმიტომ, რომ მათ უკვე იცოდნენ ქრისტეს ღვთაებრიობის შესახებ. ახლა მისი უძლურება უნდა ენახათ. სხვა მოციქულები, თუკი მოძღვრის ღვთაებრიობის მისაღებად არ იყვნენ მზად, მით უმეტეს _ მისი უძლურებისა. თუკი მოძღვარში საკვირველი სიდიადის დანახვამ ღვთაებრიობამდე ვერ აამაღლა ისინი, მასში უძლურების დანახვა მისადმი რწმენის დაკარგვის საშიშროებას ქმნიდა.

რა აუცილებელი იყო მათი წაყვანა? ვინმეს ხომ უნდა განეცხადებინა ქრისტეს ლოცვის ამბავი, რადგან ამის შემდეგ მაცხოვარი შეიპყრეს და ვეღარ შევიტყობდით ამ ყოველივეს.
. . .
გეთსიმანიის მთავარი მოვლენა მაცხოვრის ლოცვაა. ლოცვის დაწყებამდე იგი მოციქულებს მიმართავს: “შეწუხებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკუდიდმდე” (მათ.26:38). შემდეგ ლოცვას იწყებს, საიდანაც კარგად ჩანს, რომ მას ემძიმება იმ გზის გავლა, რომელიც უნდა გაეარა. ეს კი დიდ გაკვირვებას იწვევს. რამ განაპირობა მისი ამგვარი შიში და ძრწოლა? ეშმაკის მცდელობამ? მაგრამ ეშმაკმა მას პირველი გამოცდისას ვერაფერი დააკლო და ნუთუ ახლა შეეძლო ყოვლად უცოდველი ქრისტეს ცდუნება? განა რას შესთავაზებდა ახალს, რომ ეცდუნებინა იგი? ეშმაკის ყოველგვარი ცდუნება ხომ უკუაგდო ქრისტემ სიტყვებით: “წარვედ ჩემგან მართლუკუნ, სატანა… და მაშინ დაუტევა იგი ეშმაკმან” (მათ4:10-11).

ქრისტეს ლოცვის სიტყვებიდან ისიც კარგად ჩანს, რომ მან იცის მოსალოდნელი ჯვარცმის შესახებ: ,,მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე;” (მათ.26:39). იგი ხომ ღმერთია, მომავალი იცის, ეშმაკი ვერ ვნებს. მაშ, რაღა აძრწუნებს მას? შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს სწორედ მოახლოებული ჯვარცმის ტკივილია. მართლაც, ვინ არ შეძრწუნდება იმ საშინელი ტანჯვის მოახლოებით? თუმც თუ გავიხსენებებთ მის შემდგომ განწყობილებებს, აღმოჩნდება, რომ დიდ სულგრძელებას და სიმამაცეს იჩენს. მაშინ რა ხდება, რა განაპირობებს მის ამგვარ სულიერ ტკივილს? ცხადია, იმ წუთებში იგი ფიზიკურ ტკივილს არ უნდა უჩიოდა. სწორედაც, რომ სულიერი ტკივილი ჰქონდა მას.

მაცხოვრის სულიერ ტკივილს ადამიანი ვერასდროს გაიზიარებს, მაგრამ სულიერი ტკივილის მიზეზთა დადგენა შესაძლებელია.
პირველი მიზეზი, რომელზეც ყურადღება უნდა გამახვილდეს, მთელი კაცობრიობის ცოდვათა გამო გამოწვეული ტკივილია. მას ხომ მთელი სამყაროს ცოდვა საკუთარ თავზე უნდა ეტვირთვა. უწმინდეს არსებას ცოდვა და ბიწიერება უნდა გადაფარვოდა და ამგვარად უნდა მისულიყო ჯვრამდე. ,,მისი მომავალი ვნებებისა და სიკვდილის ფიალა შეზავებული აღვსილი იყო კაცთა მოდგმის ცოდვებით, სჯულის წყევითა და ზეციური მრისხანებით” გადმოგვცემს ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი. მაგრამ განა სწორედ ამისთვის არ მოევლინა, რომ გამოეხსნა კაცობრიობა? მაშინ რა, თვითონვე ცდილობს ამ სასმისისთვის თავის არიდებას? რასაკვირველია, არა. კიდევ არსებობს ტკივილის დამამძიმებელი მიზეზები.

მეორე მიზეზი ისევ კაცობრიობას უკავშირდება, მაგრამ არა – მთლიანს. იმ წუთებში ყველაზე მეტად განიცდის დაცემულ კაცთა გამო ტკივილს, რადგან მათთვის მოსული და განხორციელებული, მათთვის მსახური და სიკეთის მქმნელი, მათთვის დამაშვრალი და მქადაგებელი, უარყოფილ იქნა და ახლა მისი ამ სიკეთის გამო უნდა შეიპყრან საკუთარი მოწაფის გაცემის დახმარებით და ჯვარზე გააკრან უამრავი ადამიანის მონაწილეობით. განა არ შეძრწუნდებოდა სამ წელიწად-ნახევრის მსახურების შემდეგ ამ წუთის მოახლოებით? იქნებ ამიტომ ითხოვდა სასუმელის არიდებას, რომ არ უნდოდა მის წვალებაში ვინმეს ბრალი დასდებოდა და ამით საბოლოოდ სული წარეწყმიდათ? რადგან ბოლოს ხომ ეუბნება მოციქულებს: ,, დაიძინეთ ამიერითგან და განისუენეთ. აჰა ესერა მოახლოებულ არს ჟამი, და ძე კაცისაი მიეცემის ხელთა ცოდვილთასა. აღდეგით, წარვიდეთ ამიერ. აჰა ესერა მოიწია მიმცემელი ჩემი” (მათ.26:45).

თუმცა მარტო ამას არ მოიცავს ქრისტეს ტანჯვის მიზეზი. აღნიშნული ორი მიზეზი მისი კაცობრიობასთან მიმართებით გამოწვეული ტკივილია. არსებობს უფრო ღრმა – მესამე მიზეზი, რის გამოც იგი სასუმელის არიდებას ითხოვს. ეს უკვე მისი შინაგანი ბუნების გამოძახილია. ორი ბუნების მქონე ქრისტე დიდი განსაცდელის წინაშე დგას. მასში ბუნებრიობა უნდა დაირღვეს. ღვთაებრიობა ადამიანურობას უნდა განეშოროს. მისი ძლევამოსილობა უსუსურობით უნდა შეიცვალოს. ღმერთმა უნდა დატოვოს იგი, რათა ადამიანურმა ბუნებამ თავისი უსუსურობით დათრგუნოს ეშმაკის, როგორც წმ. ირინეოს ლიონელი ამბობს: ,,ღვთის სიტყვა სატანას ადამიანური ბუნებით ამარცხებს”.

ეს არის მისი მწუხარების უმთავრესი მიზეზი. როდესაც მორწმუნე ადამიანი ღვთის მადლს კარგავს, მაშინ ყველაზე უბედურია იგი. ხოლო როდესაც საკუთარ ბუნებრივ მდგომარეობას უმაღლეს სიწმინდეს მოაკლებ და მის გარეშე დარჩები, რაღა ითქმის?
ქრისტე უნდა მოკვდეს, მაგრამ იგი რომ მოკვდეს მადლის გარეშე უნდა დარჩეს, სხვაგვარად ვერ მოკვდება. მადლის გარეშე დარჩენა კი უდიდესი ტკივილია და მისთვის არაბუნებრივია. ამაზე მიანიშნებს ჯვარზე წარმოთქმული მისი სიტყვები: ,,ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაისათვის დამიტევებ მე?” (მათ.27:46). ის, რომ ღმერთმა გეთსიმანიაშიც დატოვა, ანგელოზის მოვლინებითაც წარმოჩინდება: ,,და ეჩუენა მას ანგელოზი ზეცით, განაძლიერებდა მას” (ლუკ.22:43). რად უნდა ანგელოზი მას, ვისშიც ღმერთია?! რადგან მას ეს ვნება მთლიანად მხოლოდ ადამიანურობით უნდა ეტარებინა, თავისი წმიდა მდგომარეობით ყოველივეს მარტივად გადაიტანდა.

ამიტომ, მარტო ჯვარცმა გეთსიმანიის გარეშე არასრულფასოვნად წარმოაჩენს მის ვნებას. ჯვარზე სისხლი ჭრილობებმა გამოიწვია, ხოლო ზეთისხილის მთაზე – შინაგანმა სულიერმა ტკივილებმა: ,,და იქმნა ოფლი მისი, ვითარცა ცუარი სისხლისაი გარდამომავალი ქუეყანასა ზედა” (ლუკ.22:44).
ძნელია ითქვას, როგორ და რამდენად მოხდა ქრისტეში ადამიანობისა და ღვთაებრიობის დაშორება, მაგრამ ის კი უნდა აღინიშნოს, რომ ქრისტეს ადამიანური ბუნება ღვთის პიროვნებად ყოფნას ყოველთვის განაგრძობს.

. . .

ამ უდიდესი განსაცდელის დროს ხაზგასასმელია ქრისტეს კაცობრივი ბუნების მიმართება ღვთაებრივ ბუნებასთან. ჩვენ ვიცით, რომ ქრისტე სრული ღმერთი და სრული ადამიანია. ხოლო ღვთაებრივი განგებულება და ნება, როგორც უწმინდესი და უმაღლესი, ყოველთვის აღესრულება მისი კაცობრივი ბუნებით. გეთსიმანიაში კი ღმერთის ნების აღსრულება თითქოს უძნელდება. ამის მიზეზზე ჩვენ ზემოთ ვისაუბრეთ. ახლა ის ავღნიშნოთ, რომ ქრისტეში მიმდინარე ამ შინაგანი ბრძოლით მისი კაცობრივი ბუნების რეალობას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. ღმერთში არ არის გაორება და ბრძოლა. იგი უცვალებელია როგორც არსით, ასევე თვისებით, ამიტომ ვერ შებრკოლდება თავისი ნების აღსრულებაში.

ხოლო ქრისტეს კაცობრივი ბუნება შეძრწუნებულია მომავალი სასუმელით. ეს შეძრწუნება კი ამ შემთხვევაში სწორედ მისი ნების ღვთაებრივ ნებასთან თანხმობიდან მომდინარეობს. მან იცის გონებით, რომ ღმერთს კაცობრიობის გამოხსნა სხვაგვარადაც – ჯვარცმის გარეშეც შეუძლია, ამიტომ ადამიანური უძლურებით თითქოს ამ ტკივილის არიდებას ცდილობს: ,,მამაო ჩემო, უკუეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ” (მათ26:39). ღმერთი პასუხს არ სცემს. ამიტომ მისი ადამიანური ნება ხვდება, რომ ღმერთს მისი თხოვნისამებრ არ ესათნოება და მეორედ მიმართავს უკვე სხვაგვარად: ,,მამაო ჩემო, უკუეთუ ვერ შესაძლებელ არს სასუმელი ესე თანაწარსლვად ჩემდა, რაითამცა არა შევსუა იგი, იყავნ ნებაი შენი” (მათ.26:42). არც ამჯერად ისმის პასუხი, ნიშნად იმისა, რომ ჯერ კიდევ მიდის მასში საკუთარ თავთან ჭიდილი, ხოლო მესამე მიმართვა მთლიანი მინდობაა ღმერთისადმი, საკუთარი უძლურების ყოველგვარი გამოძახილის გარეშე, რასაც ღმერთისგან მოჰყვება ნიშანი ანგელოზის მოვლინების სახით. აი, ამგვარად გვმართებს თითოეულ ქრისტიანს ჩვენი უსუსურობისა და უძლურების ფონზე გამოვლენილი ნებისმიერ სურვილის მიუხედავად დიდი ძალდატანების შედეგად უფლის ნებისადმი დამორჩილების უდიდესი სურვილით აღვივსოთ. მას ერთი სურვილი ჰქონდა- ღვთის ნებისაკენ სწრაფვა. ამასთანავე, მას ღმერთთან განშორების სურვილი არ აქვს. აი, ეს არის მასში თითქოსდა გაორების მიზეზი- მუდმივად ღვთის ნების აღსრულების ნება და მუდმივად ღმერთთან თანამყოფობა. ამ შემთხვევაში ღმერთთან თანამყოფობის სისავსეს გარკვეული ჩრდილი ადგებოდა. მაგრამ მან ეს დანაკლისი ღვთის ნების სრული მორჩილებით მიიღო.

,,სული გულმოდგინე არს, ხოლო ხორცი უძლურ” (მათ.26:41)

ეს სიტყვები მიმართულია გეთსიმანიაში მყოფი ქრისტეს სამი გამორჩეული მოწაფისადმი. თუმცა აღნიშნული მდგომარეობა არც ჩვენთვის არის უცნობი. მაგრამ ეს გარკვეულ წილად ქრისტეს განცდილი მდგომარეობის გამოხატულებაც არის, ვინაიდან მისი კაცობრივი სხეული იმდენად გახდა მის სულში მიმდინარე ბრძოლის მონაწილე, რომ ოფლი სისხლის სახით გარდამოვიდა. მისი სულიც გულმოდგინეა, მაგრამ ამ გულმოდგინებას მისი ყოვლადპატიოსანი სხეულით შემოსვა გარკვეულ სიმძიმეს სძენს ღვთის ნების აღსრულებისას.


სტატიაზე ვრცელდება "ამბიონის" საავტორო უფლებები


კომენტარების შინაარსზე პასუხს არ აგებს "ამბიონის" რედაქცია. გთხოვთ, უცენზურო და კანონის საწინააღმდეგო შინაარსის შემცველი კომენტარების დაწერისგან თავი შეიკავოთ.

კომენტარის დატოვება

დაწერეთ თქვენი კომენტარი. თქვენ შეგიძლიათ გამოიწეროთ ეს კომენტარები RSS არხის საშუალებით

გთხოვთ იყოთ თემასთან ახლოს, სპამ კომენტარები დაიბლოკება სისტემის მიერ.

შეგიძლიათ გამოიყენოთ შემდეგი ტეგები:

<a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong> 

კომენტირებისას შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი Gravatar-ი